„ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გაურკვეველი კონტრაქტები აღარ დაიდება“

„ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გაურკვეველი კონტრაქტები აღარ დაიდება“

ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს შესვლას ახალი ინვესტიციები და ენერგეტიკულ ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენა მოჰყვება. საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის რეალური კანდიდატია, რომელიც ერთიანი ენერგოსივრცის შექმნაზე მუშაობს.

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ამბობს, რომ საპარლამენტო რატიფიკაციის შემდეგ, როცა საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდება, ენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივი ლიბერალიზაცია და კონკურენციის ახალი წესების დამკვიდრებაა მოსალოდნელი.

ხომ არ გართულდება რუსეთთან ურთიერთობა და რა დადებითი და უარყოფითი პროცესები მოჰყვება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებას?

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას მინუსები თითქმის არ გააჩნია. მინუსები, რომლებიც ჩვენთვის შეიძლება ყოფილიყო იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობამ, უკვე გათვალისწინებულია. მაგალითად, როდესაც შენ გაქვს თავისუფალი საშუალება, რომ მილსადენში გაატარო გაზი, მაშინ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნებს არ უნდა გადაახდევინო არაფერი. ჩვენ ასეთი მილსადენი გვაქვს ორი-რუსეთიდან რომ მიდის სომხეთში და აზერბაიჯანიდან რომ მიდის თურქეთში და შემდეგ ევროპაში უნდა წავიდეს. მართალია, ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების წევრებად დღეს არ ითვლებიან არც რუსეთი და არც თურქეთი, მაგრამ ხომ შეიძლება ისინი ამ გაერთიანების წევრებად მომავალში გადაიქცნენ?! გამოდის, რომ ჩვენ უსასყიდლოდ უნდა გავუტაროთ გაზი?! ამ ხელშეკრულებაში კი ეს ხარვეზი გათვალისწინებულია და ჩვენზე არ იმოქმედებს დირექტივის ეს ნაწილი.

„ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლისას ჩვენ მოგვიწევს დირექტივების, ანუ კანონის ძალის მქონე დოკუმენტების შესრულება. ჩვენ ამ დირექტივების სინქრონიზაცია უნდა მოვახდინოთ, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების, ენერგოეფექტურობის კუთხით. არის, ასევე, ენერგიის განახლებადი წყაროების ხელშემწყობი დირექტივაც. მთლიანობაში, დირექტივები 20-ზე მეტია, რომელიც საქართველომ 2017 წლის 31 დეკემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ინვესტიციების შემოსვლასაც ხელს შეუწყობს, რადგან, როცა ევროპის ენერგეტიკული ოჯახის წევრი ხდები, ინვესტორებს აღარ უჩნდებათ შიში, რომ მათი ინვესტიციები შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. გარდა ამისა, სატრანზიტო ფუნქციითაც დაიტვირთება საქართველო, რადგან ევროპაში უნდა გავიდეს გაზი, შახდენიზის მეორე ფაზა, რომელიც 2019 წელს ამოქმედდება“, - აღნიშნა რევაზ არველაძემ და განმარტა, რომ რუსეთთან საშიშროებას არ ელის, რადგან ეს ყველაფერი რუსეთის გვერდის ავლით ხდება. უბრალოდ, რუსეთს შეიძლება ეწყინოს, რომ საქართველოში კარგი პროცესები მიმდინარეობს.

ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანება მოასწავებს თუ არა საქართველოს სრულ ენერგოდამოუკიდებლობას, ამ საკითხს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, სავარაუდოდ, ჩვენი ქვეყანა სრულად ენერგოდამოუკიდებელი ვერასდროს გახდება. მართალია, საქართველოს აქვს თავისი ჰიდროენერგეტიკული რესურსები, რომლის სწორად და დროულად ამოქმედებას შეუძლია, საქართველო ელექტროენერგეტიკულად წინ წასწიოს, მაგრამ ბუნებრივი გაზი არ გაგვაჩნია და სრულად შემოდის იმპორტით. ღმერთმა ქნას, თუ აღმოვაჩენთ და მოვიპოვებთ ნავთობპროდუქტებს - ბენზინს, დიზელს, მაშინ სხვა ამბავია. ამ ეტაპზე კი ეს რესურსები სრულად შემოგვაქვს იმპორტით.

აქედან გამომდინარე, ევროპულ ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლა ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ, თუ საფრთხე დაემუქრება ისეთი ენერგიაშემცველების მოწოდებას საქართველოსთვის, როგორიცაა ბუნებრივი გაზი, ბენზინი, დიზელი და სხვა, მაშინ ევროპული გაერთიანებაც და აშშ-ც ამ მიმართულებით დახმარებას აღმოგვიჩენს. მით უმეტეს, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მჭიდრო ურთიერთობაა ენერგეტიკის საკითხებში.

თუ რომელი ქვეყნიდან ელის ინვესტიციებს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს შესვლის შემდეგ, ენერგეტიკოსი აცხადებს, რომ ინვესტიციებს ნებისმიერი ქვეყნიდან უნდა ველოდოთ.

„უცხოური კომპანიები უთუოდ დაინტერესდებიან იმით, რომ საქართველოში ჰქონდეთ ბიზნესი ენერგეტიკის სფეროში. ჩემი აზრით, ძირითადად მაინც ჰიდროელექტროსადგურების მიმათ გამოხატავენ ინტერესს, რომლის დიდი პოტენციალი გაგვაჩნია. შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 30 მილიარდი კილოვატსაათის დარჩენილი პოტენციალი აუთვისებელია. 30 მილიარდი კილოვატსაათი კი დაახლოებით 6 ათასი მეგავატია, ანუ სადღაც 10-12 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. ცხადია, გამოჩნდებიან დიდი ფულის მქონე ქვეყნები და კომპანიები. ასეთი ქვეყნების რიცხვს, პირველ რიგში, მიეკუთვნება ჩინეთი, ასევეა, ინდოეთიც. თქვენ იცით, რომ ინდურ კომპანიას აქვს აღებული ხუდონჰესი. ასევე, ინტერესდებიან სამხრეთ კორეული კომპანიები. ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლო ათწელეულში საქართველოს ამ სექტორის მიმართ დიდი დაინტერესება ჰქონდათ გერმანულ კომპანიებს. შეერთებული შტატების კომპანიები კი შემოსულნი იყვნენ ნავთობის ძებნა-ძიების მიმართულებით. ეს ისეთი სფეროა, რომ ნებისმიერი ძლიერი კომპანია შეიძლება დაინტერესდეს აქ შემოსვლით“.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლა

მხოლოდ დადებითს მოუტანს საქართველოს, რადგან ჩვენ ან უნდა ვიყოთ მიბმულნი მარტო რუსეთთან, ან მარტო ევროპასთან. ცხადია, ბევრად უკეთესია, ევროპასთან ვიყოთ მიბმულნი. ნინო ჩხობაძის განმარტებით, მსოფლიოში დახურული ენერგეტიკული სივრცეები უკვე არ არსებობს, რადგან ყველა სივრცე ღია, გამჭვირვალეა და ერთმანეთთან ხდება ელექტროენერგიის გადადინება თუ ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა. ჩვენ კი მძიმე შედეგი მოგვიტანა რუსულმა მიდგომამ ენერგეტიკასთან დაკავშირებით. რუსული მიდგომის არსი ის იყო, რომ შეიძლებოდა ყველანაირი იგნორირება გაგვეკეთებინა გარემოსთვის, ოღონდ ენერგია მიგვეღო.

„ცხადია, ასეთი არასწორი მიდგომა ენერგეტიკულ გაერთიანებას არ აქვს. გარემო უნდა შენარჩუნდეს და ნაკლები ზიანი მივაყენოთ მას. დღემდე არ ვიცით, როგორია ჩვენი ენერგეტიკული ბალანსი. არ ვიცით, რამდენია შეშის წილი, ელექტროენერგიის, თუ გაზის წილი თითოეულ რეგიონთან მიმართებით. არც ის ვიცით, რამდენია მზის ენერგიის პოტენციალი. თუკი კანადას შეუძლია მზის ენერგია გამოიყენოს, რატომ არ შეიძლება ეს ენერგია საქართველომაც გამოიყენოს?! ენერგეტიკულ გაერთიანებას სულ სხვა მიდგომა აქვს წიღისეულის, ნავთობის, გაზის, წყლის რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით. უარყოფითი ამაში არის ერთი, ალბათ, ბევრ ენერგეტიკოსს ეწყინება, მაგრამ, როგორც კი ჩვენ ენერგეტიკულ გაერთიანებაში შევალთ, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გაურკვეველი კონტრაქტები აღარ იქნება. ევროკავშირი კატეგორიულად მოითხოვს, არ დაიდოს თითოეულ ჰესთან დაკავშირებით კონტრაქტები, არამედ უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა კანონმდებლობაში და ვიცოდეთ, რა შეიძლება და რა არა“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე და შეკითხვის საპასუხოდ, რა ცვლილებებია მოსალოდნელი ხუდონთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ ყველა დიდი ჰესი, რაც კი უნდა აშენებულიყო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის მარაგის გათვალისწინებით, მთელი თავისი სიმძლავრეებით, წინა საუკუნის 70-იანი წლებში უკვე აშენდა.

ამდენად, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ავაშენებთ კიდევ ახალ ჰესებს, ეს ბლეფია, რადგან წყალი არ გვეყოფა და არ გვეყოფა რესურსი, რომელიც უნდა მივიღოთ ამ ჰესებიდან. საბოლოო ჯამში, ჩვენ შეგვრჩება ბეტონის ფილები, რადგან არ ვითვალისწინებთ იმ რეალიებს, რაც ახასიათებს საქართველოს. ზუსტად ამისგან უნდა დაგვიცვას ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს წევრობამ. ამიერიდან ჩვენ ვეღარ დავდებთ ხელშეკრულებას გაურკვეველ საინვესტიციო ჯგუფთან, ობშორულ კომპანიებთან. ჩვენს ბაზარზე მხოლოდ ოფიციალურად, ღიად დარეგისტრირებული კომპანიები შემოვლენ, რაც გამჭვირვალეს გახდის ჩვენს მთელ ენერგეტიკულ ბაზარს.

„გამჭვირვალეობა შეიძლება ბევრმა უარყოფითად აღიქვას, რადგან ჩვენ მანამდე ძალიან ბევრ კერძო კონტრაქტში აღმოვაჩენდით ხოლმე ისეთ რაღაცებს, რაც არ უნდა ყოფილიყო“.