„მათე მოტორსის“ მფლობელის დაპატიმრების სკანდალური ვერსიები
რატომ დააპატიმრეს ბიზნესმენი გელა ბარკალაია და ვისი ინტერესები გადაკვეთა ,,მათე მოტორსის'' დამფუძნებელმა? - ,,ვერსია'' უკვე წერდა, რომ ბარკალაია 4 მარტს, სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის საფუძველზე დააკავეს. კერძოდ, 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც წამებას გულისხმობს და 157-ე მუხლით, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფაა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბარკალაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დაკავებული ბიზნესმენი ბრალს არ აღიარებს და მომხდარს ბიზნესინტერესებით ხსნის.
,,ვერსია'' შეეცადა, გელა ბარკალაიას ამ პოზიციაზე დაყრდნობით, სწორედ ბიზნესინტერესების გამო დაპატიმრების ვერსია გადაგვემოწმებინა. იმის გამო, რომ ბრალდებულიცა და მისი ადვოკატიც ჯერ-ჯერობით პრესასთან კონტაქტისგან თავს იკავებენ, ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მასალებში რამდენიმე საეჭვო ფაქტი მაინც აღმოვაჩინეთ. კერძოდ, 2014 წლის სექტემბერში, გაზეთ ,,ქრონიკა+''-ში გამოქვეყნებულია გელა ბარკალაიას ინტერვიუ, სადაც იგი იაპონური კომპანია ,,ტოიოტას'' კავკასიური მიმართულების კურატორის, ანდრეი მურავსკისა და ,,ტოიოტა კავკასიის'' ხელმძღვანელის, იუჯი ვაგატას ბურუსით მოცულ საქმიანობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ ,,მათე მოტორსთან'' მიღწეული შეთანხმება ჩაშალეს და უპირატესობა ,,თეგეტა მოტორსს'' მიანიჭეს, რასაც მათ შორის კონფლიქტი მოჰყვა და ამ საკითხზე დავას სასამართლოში აპირებს:
,,იაპონელებს ჰქონდათ კონკრეტული მოთხოვნები, რომელთა შესრულება საკმაოდ დიდ ფინანსურ კაპიტალს მოითხოვდა. კერძოდ, მურავსკის სიტყვებით, ჯერ უნდა ამოქმედებულიყო „ტოიოტას'' ცენტრი ქუთაისში და მხოლოდ ამის მერე მომეცემოდა უფლება, მსგავსი თბილისშიც გამეხსნა, თან თბილისში აუცილებლად აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას ითხოვდნენ. მეორე და უმკაცრესი მოთხოვნით, მე მეკრძალებოდა მათ მიერ გადმოცემული მანქანების მესამე ქვეყნებში გაყიდვა. სრულიად შემთხვევით, ერთმა ჩემმა მეგობარმა გაიგო, რომ ეს ჩემი იაპონელი ,,მეგობრები'', თურმე, ორმაგ თამაშს ეწეოდნენ. ჩემთან შეხვედრების პარალელურად, მოლაპარაკებას აწარმოებდნენ „თეგეტა მოტორსთან'' და პრაქტიკულად, ,,ტოიოტა კავკასიის'' დილერობაც, უკვე გადაცემული ჰქონდათ. თუ ჩემთან შეთანხმების პირველი აუცილებელი პირობა ქუთაისის ფილიალის გახსნა იყო, ამ შემთხვევაში, ეს პირობა გაუქმდა. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, „თეგეტა მოტორსმა'' ,,ტოიოტას'' ცენტრი საბურთალოს სასაფლაოს გვერდით ააშენა, მაგრამ რაც მთავარია, მანქანების მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვის ნაცვლად, „თეგეტა მოტორსის'' საშუალებით, „ტოიოტა კავკასია'' პროდუქციას ყიდის რუსეთში, ირანში, დუბაისა და თქვენ წარმოიდგინეთ, ბელგიაშიც კი''.
სამი წლის წინ, გელა ბარკალაია ,,ქრონიკა+''-თან ინტერვიუში, ასევე, აცხადებდა, რომ ანდრეი მურავსკიმ და ,,ტოიოტა კავკასიის'' წარმომადგენელმა იუჯი ვაგატამ, ,,მათე მოტორსთან'' შეთანხმება დაარღვიეს, თუმცა კომპანიას საქმიანობა უკვე დაწყებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, იაპონელებმა იმ კომპანიასთან ურთიერთობა ამჯობინეს, რომელსაც რამდენიმე მილიონლარიანი დავალიანება გააჩნდა და ეს კომპანია ,,თეგეტა მოტორსი'' იყო. ბატონი გელა ინტერვიუში იმასაც აცხადებს, რომ ,,საქმის გარჩევა'' კონფლიქტამდე მივიდა: ,,იაპონიაში არის ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის გარეთ წარმომადგენლობების საქმიანობას კურირებს. გავაგზავნეთ წერილი იაპონიაში და საქმეში გარკვევა ვთხოვეთ. პასუხი რამდენიმე დღეში მივიღეთ, სადაც პირობას გვაძლევდნენ, რომ იუჯი ვაგატა უმოკლეს ვადაში შეგვხვდებოდა და ყველა კითხვაზე გვიპასუხებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ორ დღეში „ტოიოტა კავკასიიდან'' დაგვირეკეს და ისევ „რედისონში'' შეხვედრა დაგვითქვეს. ვაგატას ახლდა იურისტი და ბიზნესგანვითარების ხელმძღვანელი. დავსვი კონკრეტული შეკითხვები, კერძოდ: თუ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ „თეგეტა მოტორსთან” თანამშრომლობა, რატომ აგრძელებდნენ ჩემთან ურთიერთობას, რატომ მახარჯინებდნენ დროს და ფულს და რა კონკრეტული კრიტერიუმით ამჯობინეს ჩემს ფირმას „თეგეტა მოტორსი'', რომელსაც ათეულობით მილიონი საბანკო დავალიანება აქვს? პასუხი იყო გამაოგნებელი: ეს ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა, ასე ჩავთვალე საჭიროდ. იძულებული გავხდი გვერდზე გადამედო ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და ამ პატივცემულ ვაგატა-სანს ვუთხარი, რომ ჩვენში მისნაირ ადამიანებს ეძახიან ნაძირალას და რომ არის ერთი ჩვეულებრივი თაღლითი. იმისათვის, რომ სრულად გადმომეცა ჩემი მისდამი დამოკიდებულება, დაახლოებით ორი საათი დამჭირდა. ამ ხნის მანძილზე, არც მას და არც მის გაფითრებულ თანამგზავრებს, ხმა არ ამოუღიათ; საუბრის ბოლოს, შექმნილი უხერხული ვითარებიდან გამოსავალი შევთავაზე: „ტოიოტა კავკასიას'' საქართველოში უკვე ჰყავდა დილერი „ტოიოტა თბილისის'' სახით. ვუთხარი, თუ ეს დილერი მომაწვდიდა ავტომანქანებს და მისი მეშვეობით ითანამშრომლებდნენ ჩემთან, მზად ვიყავი წყენა დამევიწყა, თუმცა იქვე დავამატე, ალბათ არც ამაზე დამთანხმდებით, რადგან ამის უფლებას უკვე „თეგეტა მოტორსი'' არ მოგცემთ-მეთქი.''
,,ვერსია'' ,,მათე მოტორსს'' დაუკავშირდა და სცადა გადაემოწმებინა ინფორმაცია, შეიტანა თუ არა სარჩელი სასამართლოში გელა ბარკალაიამ, ,,ტოიტა კავკასიის'' წინააღმდეგ. კომპანიაში ,,ვერსიას'' განუცხადეს, რომ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. მათი თქმით, შესაძლოა, ,,მათე მოტორსი'' არაფერ შუაშია და გელა ბარკალაიამ სასამართლოს ისე მიმართა, როგორც ფიზიკურმა პირმა, თუმცა ამის შესახებ კომპანიაში არაფერი იციან.
,,თეგეტა მოტორსის'' წარმომადგენლებმა კი შვილობილ კომპანიაში, ,,ტოიტა ცენტრი - თეგეტა'' გადაგვამისამართეს, სადაც კომპანიის იურისტებმა განგვიცხადეს, რომ ინფორმაცია, მიმართა თუ არა გელა ბარკალაიამ 2014 წელს სასამართლოს ,,ტოიტას'' წინააღმდეგ, საჯარო არ არის და შესაბამისად, პასუხს ვერ გაგვცემენ. ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს არც გელა ბარკალაიას ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი და განმარტავს, რომ ,,ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინტერვიუსა და კომენტარებისგან თავს იკავებს''. იგი ბარკალაიას სისხლის სამართლის კონკრეტული საქმეზე იცავს, ამიტომ რა მოხდა 2014 წელს და მიმართა თუ არა ბარკალაიამ სასამართლოს, მისთვის უცნობია.
ვინაიდან ამ თემაზე ინფორმაცია ვერც ერთი მხრიდან ვერ მივიღეთ, 2014 წლის სექტემბერში, ,,ქრონიკა +''-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუსა და სხვადასხვა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, მაინც შევეცადეთ, გელა ბარკალაიას დაკავების რამდენიმე ვერსია ჩამოგვეყალიბებინა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გელა ბარკალაიას ერთ-ერთმა ქალბატონმა უჩივლა, რომელიც ,,მათე მოტორსის'' ყოფილი თანამშრომელი იყო. ანონიმური წყარო, რომელსაც ერთ-ერთი სააგენტო დაუკავშირდა, აცხადებს, რომ ბარკალაიამ ამ ქალბატონს ,,მათე მოტორსში'' მუშაობა 2012 წლიდან დააწყებინა და გვერდიდან არ იშორებდა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს წყაროს ნაამბობიდან:
,,ერთ წელს, გელას სტუმრები ჰყავდა დუბაიდან, რომლებიც გოგირდის აბანოში წაიყვანა, თან ეს ქალბატონიც ახლდა. რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ გაკეთდა რაღაც ჩანაწერი, რომლითაც ქალბატონი გელას აშანტაჟებდა. დაახლოებით ორი წლის წინ, ოჯახის წევრებთან ერთად, ეს ქალი საქართველოდან წავიდა და გელა მასთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებდა. როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, მისი ადგილსამყოფელი დაადგინა - გაარკვია, რომ რუსეთში ცხოვრობდა... რაღაც ჰქონდა გელაზე ისეთი და ალბათ, ეს ჩანაწერი იყო, რომელიც მან პოლიციაში წარადგინა, თუმცა რა იყო გადაღებული ამ ვიდეოზე და რა ურთიერთობა ჰქონდათ, ზუსტად ვერ გეტყვით''.
პირველი ვერსია - არასასურველი კონკურენტის ჩამოშორება
სამწუხაროდ, ბიზნესში რამდენიმე აკრძალული მეთოდი არსებობს, რომელსაც კეთილსინდისიერი მეწარმეები არასდროს იყენებენ და ბიზნესთეორიის თითქმის ყველა სახელმძღვანელოშია აღწერილი. კონკურენტების ჩაძირვის მიზნით, მეწარმეები მათთვის საინტერესო კომპანიაში საკუთარ აგენტებს გზავნიან და ყველაზე ხშირად ,,აგენტებად'' სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონებს არჩევენ... თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქალბატონი, რომელიც ბარკალაიას აშანტაჟებდა, ,,მათე მოტორსში'' 2012 წლიდან მუშაობდა, რატომ არის გამორიცხული, რომ ბარკალაიასთან იგი სწორედ კონკურენტებს ანდა სპეცსამსახურებს შეეგზავნათ. აქვე გაურკვეველია, რა პოზიცია ეკავა ამ ქალბატონს კომპანიაში და რა სახის ინფორმაციას ფლობდა. თუ გავითვალისწინებთ წყაროს ინფორმაციას, რომ ბარკალაია მას ,,გვერდიდან არ იშორებდა'', შესაძლებელია, იგი საკმაოდ დიდი ინფორმაციის მფლობელიც გახლდათ და საინტერესოც ყოფილიყო კონკურენტებისთვის.
ანონიმური წყაროს ინფორმაციას თუ ვენდობით, ქალბატონი გელა ბარკალაიას იმ ვიდეოკადრებით აშანტაჟებდა, რომელიც გოგირდის აბანოში გადაიღეს. მივყვეთ მოვლენებს: სტუმრები, რომლებიც ბარკალაიას დუბაიდან ეწვივნენ, მასპინძელმა გოგირდის აბანოში წაიყვანა, სადაც ეს ქალბატონიც ახლდა. ჩნდება კითხვა, ვინ გადაიღო კადრები და რა არის იმ ვიდეოფირზე ასახული? აბანოში, პიკანტურ გარემოში, ეს ქალბატონი ვიდეოს ფარულად ვერ გადაიღებდა. მას კამერა ან ტანსაცმელზე უნდა ჰქონოდა მიმაგრებული ანდა იმ ოთახში დამონტაჟებული, სადაც სტუმრები იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, ან ქალბატონი კადრებს ბარკალაიას ნებართვით იღებდა და შემდეგ მის წინააღმდეგვე გამოიყენა, ანდა წინასწარ აცნობა შეხვედრის ადგილი ვიღაცას, ვინც შეხვედრის დეტალებით იყო დაინტერესებული - ამ შემთხვევაში, კონკურენტი კომპანია, ან სპეცსამსახური. გამორიცხული არ არის, არაფორმალურ გარემოში, სტუმარ-მასპინძელს სავარაუდო ან უკვე შემდგარ თანამშრომლობაზე ესაუბრა. მართალია, ანონიმურმა წყარომ იმ ფირის შინაარსი არ იცის, მაგრამ რაც უნდა იყოს მასზე აღბეჭდილი - ინტიმური სცენა თუ ორი პარტნიორის ხელშეკრულების დეტალების განხილვა, ფაქტია, ბარკალაიას სწორედ ამ ფირით აშანტაჟებდნენ.
მტკიცება, უკავშირდება თუ არა, ქალბატონის საჩივარი და ვიდეოკადრები ,,მათე მოტორსსა'' და ,,ტოიოტა კავკასიას'' შორის დავას, საჯარო ინფორმაციის არ არსებობის გამო, რთულია, თუმცა ფაქტი ის არის, რომ ხელშეკრულება, რომელზეც ბიზნესმენი საუბრობს, საკმაოდ სარფიანია და მათი მოულოდნელი გადაწყვეტილებაც, არჩევანი გააკეთონ ,,თეგეტა მოტორსის'' სასარგებლოდ, ბარკალაიას ფინანსურ ზიანს აყენებს.
აქვე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქალბატონმა 2014 წელს პროკურატურაში საჩივარი შეიტანა და გაუჩინარდა. როგორც ანონიმური წყარო აცხადებს, გელა ბარკალაია მას 3 წელი ეძებდა და რუსეთში მიაგნო, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. საინტერესოა იცნობდა თუ არა ეს ქალბატონი ,,ტოიოტას'' კავკასიური მიმართულების კურატორს, ანდრეი მურავსკის და ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი მასთან, ანდა ვინ უზრუნველყო საქართველოდან მისი გაყვანა და მისცა თუ არა უსაფრთხოების გარანტია, მითუმეტეს საკმაოდ დიდი კაპიტალის მქონე ბიზნესმენს მისი პოვნა არ გაუჭირდებოდა. ასევე უცნობია, რას ითხოვდა ქალბატონი შანტაჟისას?!
თავად ის ფაქტი, რომ ქალბატონმა პროკურატურაში საჩივარი 2014 წელს შეიტანა, ხოლო იგი მხოლოდ 3 წლის შემდეგ - 2017 წელს დააკავეს, ეჭვის საფუძველს ნამდვილად ტოვებს.
მეორე ვერსია - დაპირისპირება თბილისის მერიასთან
,,ვერსია'' შეეცადა, ყველა ვერსია გელა ბარკალაიას ადვოკატთან გადაემოწმებინა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ზურაბ როსტიაშვილი ინტერვიუზე უარს აცხადებს. თუმცა მანამდე, დაახლოებით, ათიოდე დღის წინ, ზურაბ როსტიაშვილმა ,,ბიზნესკონტრაქტთან'' საუბრისას განაცხადა, რომ ბარკალაიას დაკავება თბილისის მერიის ინტერესებს უკავშირდება. ადვოკატის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ბარკალაია მერიაში 12-ჯერ დაიბარეს. მერიის წარმომადგენლები ბარკალაიას „მათე მოტორსის“ ტერიტორიისა და შენობის დათმობას სთხოვდნენ. რამდენად სარწმუნოა ეს ვერსია ვერ გეტყვით, თუმცა შეგახსენებთ, რომ ბარკალაია ჯერ კიდევ 2009 წელს, ნაციონალებმა ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს. მაშინაც ამბობდნენ, რომ დაკავების რეალური მიზეზი ,,მათე მოტორსის'' ტერიტორიისა და შენობის დათმობა იყო. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს არც თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და აცხადებს: ,,ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ!''