[გერა მამულაშვილი]
თბილისს სრულიად სომხების კათოლიკოსი გარეგინ მეორე ეწვევა. ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს იქნება სომეხთა კათალიკოსის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში. 1894 წლიდან, როდესაც ხრიმიან აირიკი ჯავახეთს ესტუმრა, არც ერთი ერევნელი სულიერი ლიდერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არ ყოფილა. გარეგინ მეორე თბილისში გასული წლის ივნისში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მაშინ ვიზიტი ჯერ - ნოემბრამდე, შემდეგ კი კიდევ რამდენჯერმე გადაიდო.
ამ ვიზიტმა მედიაში დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც სააგენტო „Азг“-ი იუწყება, „კათოლიკოსის ვიზიტის დღის წესრიგი ძალიან დატვირთულია“.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარეგინ მეორეს 11 ივნისს შეხვდება. შემდეგ სომეხი კათალიკოსი პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართავს აუდიენციას. დღის მეორე ნახევარში გარეგინ მეორე თბილისში ჯოჯივანკის პანთეონს ეწვევა, 12 ივნისს კი ავლაბრის ეკლესიაში ლიტურგიას აღავლენს.
13 ივნისს ილია მეორე და გარეგინ მეორე ჯავახეთს ეწვევიან, შემდეგ კი - ახალციხეს, ახალქალაქს, ნინოწმინდისა და წალკის რაიონებს.
სააგენტო „Азг“-სთან საუბრისას გარეგინ მეორემ იმედი გამოთქვა, რომ „ძალისხმევა წარმატებული იქნება არა მხოლოდ საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის რეგისტრაციის კუთხით, არამედ საქართველოში არსებული სომხური ეკლესიების დაბრუნების საკითხშიც“.
ამასთან, სომხეთის კათოლიკოსის თქმით, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართულმა ეპარქიამ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში არსებული 6 ეკლესიის დაბრუნების მოთხოვნა წარუდგინა, რათა ისინი მოქმედი გახდნენ და ეპარქიას ემსახურონ, ამჟამად ეპარქია პასუხს ელის:
„თბილისში ვიზიტის ფარგლებში ჩანიშნული შეხვედრების დროს ჩვენ დავაყენებთ საკითხებს, რომელიც ქართულ ეპარქიას აღელვებს, მათ შორის - ეკლესიების დაბრუნების საკითხს“.
სომხური მედია წერს, რომ გარეგინ მეორე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში „სომხურ და ქართულ მხარეებს შორის სადავო ეკლესიების, ასევე საქართველოში სომხური ეკლესიის იურიდიული სტატუსის განსაზღვრის საკითხს დააყენებს“.
ამ ინფორმაციას თბილისში მოზომილი პასუხი უკვე გასცეს:
„სადავო ეკლესიების შესახებ ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. როდესაც დელეგაცია ჩამოვა და მოლაპარაკებები დაიწყება, განსახილველი საკითხებიც იქ გამოჩნდება. რაც შეეხება იურიდიული სტატუსის განსაზღვრას, ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა. საქართველოს საპატრიარქოს არაფერი აქვს საწინააღმდეგო, რომ როგორც სომხურ, ისე კათოლიკურ, იუდეურ ეკლესიებს საკუთარი სტატუსი გააჩნდეთ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა გერასიმემ.
თავის მხრივ, ჯავახეთში მცხოვრებმა სომხებმა კათოლიკოს გარეგინ მეორეს საქართველოში ვიზიტის წინ პეტიციით მიმართეს, რომელშიც მოუწოდებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრისას, სომხური მოსახლეობის პრობლემების საკითხი დააყენოს.
„მოგიწოდებთ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და სახელმწიფო პირებთან შეხვედრაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ვააგან ჩახალიანის საკითხი დააყენოთ", - ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ბორჯომიდან და წალკიდან 1200-ზე მეტი სომეხი აწერს ხელს.
ჩახალიანი 2008 წელს დააკავეს. მას იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვის, მასობრივ არეულობებში მონაწილეობის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, პოლიციისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის ბრალდებით თავისუფლების 10 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი.
თუმცა, სომხურ ანალიტიკურ ცენტრ „Митк“-ის ექსპერტის ვაგე სარგსიანის განცხადებით, სომხეთის კათოლიკოსის ქართველ სომხებთან ჯავახკში დაგეგმილი შეხვედრა პრობლემის გადაჭრის საშუალებად და არა მიზნად უნდა იქნას განხილული:
„ამას განსაკუთრებით აღვნიშნავ, რამდენადაც შეიმჩნევა ტენდენცია, კათოლიკოსის ვიზიტი რაღაც განსაკუთრებულ მიზნად განიხილებოდეს. ეს მოვლენა იქიდან გამომდინარეობს, რომ კათოლიკოსის ვიზიტი ასწლიანი შესვენების შემდეგ ხორციელდება. რეალურად კი ეს არქიერეული ვიზიტია, რომელიც მთლიანად პრობლემის გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული“.
ამასთან, სარგსიანმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს და ჯავახკის სომხების მოლოდინები იმ მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, რომელთა დაყენება მათ პერიოდულად დღემდე უწევთ.
„ეს მოთხოვნები ყველასთვის კარგადაა ცნობილი. კათოლიკოსის ვიზიტის დღის წესრიგის მიხედვით, უკვე შეგვიძლია, ერთი სამწუხარო რამ დავასკვნათ: სომხებისთვის ერთი სადავო ეკლესიის - ახალციხეში არსებული წმინდა ნშანას ტაძრის პრობლემა, რომელიც ჯავახკების სიმბოლოა, გადაწყვეტილი არ იქნება. გვრჩება მოლოდინი, რომ სხვა პრობლემებში მაინც გარკვეული ძვრები იქნება.
ადგილობრივი სომხები არსებული პრობლემებიდან ერთი-ორის გადაჭრას მაინც ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ თუ კათოლიკოსი სომხეთში მხოლოდ ამ პრობლემების მოგვარების იმედით დაბრუნდება, ეს ვიზიტი გარკვეულწილად გაიგივდება თანამდებობის პირთა მიერ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციელებულ იმ ვიზიტებთან, რომლებიც ინერტული იყო და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა“, - განაცხადა სარგსიანმა და დასძინა: „გარეგინ მეორეს ჯავახკში ვიზიტის დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია“.
კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, სრულიად სომხების კათოლიკოს გარეგინ მეორის თბილისში ვიზიტის ფარგლებში განსახილველ თემებს შორის კულუარული საკითხებიც იქნება.
„ლაპარაკი იქნება რამდენიმე სადავო ეკლესიაზე, საქართველოში სომხური ეკლესიის სტატუსზე, სომხური დიასპორის მდგომარეობაზე, მაგრამ, ალბათ, იარესებებს რიგი საკითხები, რომლებიც კულუარული განხილვის თემა იქნება.
მაგალითად, ჩემთვის ძალიან მწვავე თემაა ის, რომ (თუმცა არ ვიცი რამდენად შეეხება ამ სკაითხს ორი ქვეყნის კათოლიკოსები) 1993 წლის მერე აფხაზეთში ფუნქციონირებადი სომხური ეკლესია თბილისში მყოფ ეჩმიადინის წარმომადგენელს კი აღარ ექვემდებარება, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფ ეჩმიადინის წარმომადგენელს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რატომ ხდება ეს? ამ ქმედებით სომხური ეკლესიის ნაწილი გამოსულია საქართველოს იურიდიული ფარგლებიდან. ასე რომ, ეს ძალიან საინტერესო თემაა“, - განუცხადა მამუკა არეშიძემ „ჯი-ეიჩ-ენს“.
მისივე განმარტებით, გარეგინის მეორის საქართველოში ვიზიტი მაინც იმ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რასაც ბოლო დროს ქართულ-სომხური პოლიტიკური ელიტების განსაკუთრებული დაახლოება ჰქვია.
„ეს ძალიან საინტრერესო ფაქტია“, - აღნიშნა არეშიძემ.
„პრესაგე.ტვ–სთან“ საუბრისას ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სომხეთის პატრიარქი თბილისში არ ჩამოვიდოდა, ურთიერთობების მკვდარი წერტილიდან დაძვრის შანსები რომ არ იყოს. მისივე თქმით, ჩახალიანის საკითხი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს.
„ქართული საზოგადოება იმ დონეზე მომწიფდა, ჩათვალოს, რომ სომხური ეკლესიაც იგივე ქართული ეკლესიაა, რადგან ჩვენი ერთიანი კულტურის და არქიტექტურის ნაწილია. როგორც მართლმადიდებლებმა ტაძრები და ეკლესიები დავიბრუნეთ, ასევე უნდა მოხდეს სომხებთან მიმართებაშიც.
ისევე, როგორც ქართული მხარის პრეტენზიებსაც აქვს საფუძველი. ტაძრების ბედი სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული იყო. ხან მართლმადიდებლური იყო, ხან სომხური– გრიგორიანული და ა.შ. ამ თვალსაზრისით, ცალსახა მდგომარეობა არ ყოფილა.
დღეს, როდესაც ქართულ სახელმწიფოს ვაშენებთ და ჩვენს სომეხ მოქალაქეებზეა საუბარი, კეთილი ვინებოთ და დავფიქრდეთ, რა სჯობია, დავუთმოთ და მეტი ინტეგრაცია მოვახდინოთ, თუ მუდმივად გარიყულები გვყავდნენ და ვაგრძნობინოთ, რომ ეს მათი სახელმწიფო არ არის. წუწაობის და გრამობით აწონვის დრო არ არის, ვისი მეტი იყო და ვისი - ნაკლები.
რაც შეეხება სტატუსს, მას სახელმწიფო ანიჭებს და არა ეკლესია. ბუნებრივია, ეს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებია და იურიდიული სტატუსი ენდა მიენიჭოთ. არ მესმის, დღემდე რატომ ვჯიუტობთ ამ საკითხში. ამით მხოლოდ ვაღრმავებთ მათ არაინტეგრირებულობას საქართველოს სინამდვილეში. რაც უფრო ჩართულები იქნებიან და მეტად იქნება დაცული მათი უფლებები, მეტი ნდობა ექნებათ ქვეყნის მიმართ. მეტად გაიღებენ შრომას და ნიჭს ქართული სახელმწიფოსთვის.
რაც შეეხება ჩახალიანის საკითხს, ჯავახელებს მისი საკითხის დაყენების უფლება აქვთ, მაგრამ ეს ერთია და გადაწყვეტა - მეორე. პოლიტიკისები ამა თუ იმ გადაწყვეტილებას სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ. ამნისტიის ცნება სწორედ ამისთვის არსებობს. ყველაფერი პოლიტიკის სასწორზე იწონება“.