რატომ დააკავეს საკრებულოს თავმჯდომარე და ტენდერთან დაკავშირებული რა სკანდალური ინფორმაცია მიაწოდეს „ვერსიას“
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ გელა კობალაძემ ქრთამი აიღო შპს ,,პირამიდას'' საქართველოს ფილიალის წარმომადგენლებისგან. ამ კომპანიას ოზურგეთის ქუჩების რეაბილიტაცია და მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა განეხორციელებინა, რაც არ შეასრულა. ბრალის დამტკიცების შემდეგ, სავარაუდოდ, გელა კობალაძეს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2015-2016 წლებში, ოზურგეთის მერიამ შპს „პირამიდას“ საქართველოს ფილიალთან ხელშეკრულებები გააფორმა, რათა კომპანიას ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია და მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოები განეხორციელებინა. კომპანიამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოები ვერ დაასრულა, რის გამოც დღის წესრიგში ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი დადგა: ,,ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე, შპს „პირამიდას“ საქართველოს ფილიალის ტექნიკურ მენეჯერს შეხვდა და თავისი თანამდებობის გამოყენებით, ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებასა და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მისაღები, დაახლოებით, 150 000 ლარის ჩარიცხვას დაპირდა. სანაცვლოდ, კობალაძემ ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო კიდეც ფულადი თანხა - 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს''.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, ,,ბურჯანაძე-დემოკრატების'' წარმომადგენელმა თამარ ნადირიძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრსა და სამართალდამცავებს მიმართა, სადაც აცხადებდა: ,,ძველი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე, დაყრილია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის საამშენებლო ნარჩენები და სამეურნეო ნაგავი, რომელთა საერთო მოცულობა, სავარაუდოდ, 3 000 კბ/მ-ს აღემატება. ამავე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლის მიხედვითაც უნდა ჩაისხას ჯებირის საძირკველი და გაკეთდეს დამცავი ნაგებობა. სატენდერო დოკუმენტაციით, ჯებირის კედელსა და დაზიანებულ გზას შორის არსებული სიცარიელის შევსება, ახალი კედლის საძირკვლის უკანა მხარეს უნდა მოხდეს 780 კბ/მ ქვიშა-ხრეშოვანი გრუნტით, შემდეგში ეს სიცარიელე კედლის უკანა 4 300 ქვიშა-ხრეშოვანი გრუნტით უნდა შეივსოს, რისთვისაც ჯამში, 5 080 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშია გათვალისწინებული. დღეს არსებული ფასებით, 1 კბ/მ ქვიშა-ხრეშის მინიმალური ფასი ადგილზე მიტანით, 18-20 ლარია. ქვიშა-ხრეშიანი გრუნტით სიცარიელების შევსება, ნაპირსამაგრი სამუშაოებისას მნიშვნელოვანია, რადგან ის არამარტო სიცარიელეს ავსებს, არამედ გზიდან გაჟონილი და ასევე მდინარის მიმართულებით გამავალი გრუნტის წყლების შეუფერხებელ გატარებასაც უზრუნველყოფს, რომელიც ჯებირიდან მდინარეში, ჯებირის კედელში დატანებული სადრენაჟე მილებით უნდა ჩავიდეს.
იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე არსებულ სამშენებლო ნაგავს ქვიშა-ხრეშის ნაცვლად გამოიყენებენ, ამას ცუდი ეფექტი ექნება, რადგან შეუძლებელია ნაგვის სრულფასოვანი დატკეპნა და შესაბამის კონდიციამდე მიყვანა, ამასთან, დატკეპნილი ნაგავი ჩამდინარე გრუნტის წყლებს ვერ გაატარებს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ჯებირის მდგრადობასა და ექსპლოატაციის ვადასაც. აღარაფერს ვამბობთ იმ მოსალოდნელ საფრთხეზე, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი ბინების მოსახლეობას ემუქრება. ნაგვის სამშენებლო მიზნებისათვის გამოყენების ვარაუდის საფუძველს ის გარემოება გვაძლევს, რომ მისი გატანა ნაკლები ხარჯი დაუჯდება მუნიციპალიტეტს, ვიდრე ქვიშა-ხრეშის ადგილზე შემოზიდვა''.
თამარ ნადირიძე სამართალდამცავ ორგანოებს პრევენციული ღონისძიებების გატარებას სთხოვდა, რათა ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებისას, შესაძლო კორუფციული გარიგებები თავიდან აეცილებინათ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ივნისის #1381 განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის ნაპირდამცავი ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, 1 500 000 ლარი გამოიყო. მთავრობის განკარგულებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის 31-ე პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს უფლება მისცეს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განეხორციელებინათ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, ამ სამუშაოების შესყიდვის შესახებ, ტენდერი 2015 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა. ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, თამარ ნადირიძის ინფორმაციით, ტენდერით შესასრულებელი სამუშაოების საწყისი ფასი 3 135 500 ლარი იყო. შესყიდვაზე ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი - 2 508 350 ლარი, შპს ,,ლიტომის წარმომადგენლობა საქართველომ'' წარადგინა. თუმცა თამარ ნადირიძის განცხადებით, ეს კომპანია დისკვალიფიცირებულია, ამავე ტენდერში მონაწილე შპს ,,პირამიდა - ფ.რ. საქართველოს ფილიალის'' საჩივრის საფუძველზე. შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,პირამიდა'' და სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულება სწორედ მასთან გაფორმდა. ამ კომპანიამ ტენდერში 2 508 400 ლარი წარადგინა.
,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ პრემიერისა და სხვა უწყებებისთვის ოფიციალური წერილის გარდა, თამარ ნადირიძე ამ კონკრეტულ ტენდერს ერთგვარ მონიტორინგსაც უწევდა. 2016 წლის თებერვალში, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე და ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გარიგებაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ, გელა კობალაძემ თამარ ნადირაძე კაბინეტში დაიბარა და შპს ,,პირამიდას'' მენეჯერს, სერგი ცინცაძეს შეახვედრა. ნადირიძის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში სამუშაო შეხვედრის ნაცვლად, ,,ქუჩური გარჩევა'' გაიმართა და კიდევ ერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რათა შპს ,,პირამიდასა'' და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ურთიერთობები შეესწავლა. ამ განცხადებას, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, გელა კობალაძის პრესკონფერენცია მოჰყვა, სადაც მან დეპუტატის ბრალდებებს აბსურდული უწოდა და განაცხადა: ,,ჩვენ სისტემატურად ვამოწმებთ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხსაც ვაკონტროლებთ. რაც შეეხება შპს ,,პირამიდას'', ამ კომპანიას საქართველოს მასშტაბით აქვს მოგებული ტენდერები. აღშფოთებული ვარ თამარ ნადირიძის განცხადების გამო, თითქოს, ჩემს კაბინეტში ,,ქუჩური გარჩევა'' გაიმართა. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, წარმოადგინოს ქალბატონმა თამარმა ამის დამამტკიცებელი ფაქტი''.
გელა კობალაძე შარშან კატეგორიულად უარყოფდა მისი კოლეგა დეპუტატის ბრალდებას, მაგრამ ფაქტია, რომ სუს-მა სწორედ ამ ბრალდების გამო დააკავა. ,,ვერსია'' ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს, თამარ ნადირიძეს დაუკავშირდა:
,,სამი წელია, ქალაქი ოზურგეთი დიდ კორუფციულ სქემაშია ჩართული. ძალიან ცუდი ფაქტია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს, მაგრამ იმედი მაქვს, სამართალდამცავი ორგანოები ამ საქმეს ბოლომდე გამოიძიებენ და შპს ,,პირამიდას'' საქმიანობითაც დაინტერესდებიან. ფაქტობრივად, ამ კომპანიას ტენდერით გათვალისწინებული 3 მილიონი ლარიდან, 150 000 ლარი ასათვისებელი აქვს, ხოლო 1 მილიონ ლარზე მეტის სამუშაოები, ჯერ ისევ შესასრულებელია. თუ შპს ,,პირამიდას'' სერიოზული ლობი არ ჰყავს, დამოუკიდებლად ამგვარ ნაბიჯს ვერ გადადგამდა, ამიტომაც მიმაჩნია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის გარდა, სამართალდამცავებმა ამ კომპანიის საქმიანობაც უნდა შეისწავლონ''.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის გელა კობალაძის გარდა, შესაძლოა, ქალაქის მერის, ბეგლარ სიორიძის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ,,ვერსიამ'' ეს ინფორმაცია ქალაქ ოზურგეთის მერიაში გადაამოწმა, სადაც გვითხრეს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა დადგება თუ არა ოზურგეთის მერის პასუხისმგებლობის საკითხი, ინფორმაციას არ ფლობენ.