«რეზონანსი» სოსო ცინცაძეს ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები. როგორც ცინცაძე ამბობს, ის შემოდგომამდე არაფერს ელის. მაგრამ თუ ოპოზიცია შემოდგომითაც ვერ მოიფიქრებს ახალ სტრატეგიას, ეს ოპოზიციის პოლიტიკური კრახის მიზეზი გახდება.
ამ და სხვა საკითხებზე სოსო ცინცაძის პასუხებს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
სოსო ცინცაძე: ერთადერთი პარტია, რომელსაც 26 მაისის მოვლენებით არც არაფერი შეემატა და არც არაფერი მოაკლდა, არის »ლეიბორისტული მოძრაობა». «ლეიბორისტები» კვლავ განაგრძობენ» ბრწყინვალე მარტოობაში» ყოფნას. ელექტორატის მიხედვითაც არ შეცვლილა ამ პარტიის მდგომარეობა.
რაც შეეხება დანარჩენ პატიებს, ყველას რაღაც დააკლდა, მაგრამ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს გაუჩნდა რაღაც პერსპექტივა, თუ გამოიყენებს. ეს არის «ოპოზიციური რვიანი».
იმაზე საუბარი, რომ «რვიანს» რაღაც შეემატა, ამ ეტაპზე ნაადრევია. უბრალოდ იყო ორი სტრატეგია, ერთი მოლაპარაკების და მეორე რევოლიციური. როდესაც აქციის სტრატეგია დამარცხდა და რევოლუციონერებმა კრახი განიცადეს, ამ ვითარებაში მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის მომხრე ძალებს უკეთესი შანსი გაუჩნდა. მხოლოდ შანსი. თუ როგორ გამოიყენებენ ამას, ეს ძნელი სათქმელია.
ჩემი აზრით, «რვიანის» ბოლო გადაწყვეტილება ცოტა სარისკო ნაბიჯია. ანუ საზოგადოების ჩართულობა ცოტა სარისკოა. ის, რომ პოლიტიკა ხალხმა უნდა აკეთოს, ამ მიდგომას «რბილ პოპულიზმს» ვუწოდებდი. როგორც ჩანს, პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ საშინაო დავალების შესრულების პროცესში არიან. პარტიები აანალიზებენ, თუ რა შეიცვალა 26 მაისის შემდგომ... ხელისუფლება როგორ სტრატეგიას განავითარებს. ამ კურსის ძიებაა.
ის, რომ «ახალი მემარჯვენეები» მკვეთრად გაემიჯნენ »რვიანს», ეს უკვე პირველი ბზარია. იმიტომ, რომ «რვიანში» («მემარჯვენეების» გამოკლებით) არ გამორიცხავენ ქუჩის აქციებს. ყოველ შემთხვევაში, სამშაბათს ეს თეზისი დაფიქსირდა, მაგრამ »ახალი მემარჯვენეები» ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფენ ქუჩის აქციებს.
«რეზონანსი»: როგორ ფიქრობთ, რატომ გამორიცხავენ »მემარჯვენეები» აქციებს?
ს.ც.: იმიტომ, რომ ქუჩის აქციებით ხელისუფლებას აბსოლუტურად ვერაფერს დააკლებ.
«რ»: მაგრამ ხომ შეიძლება ქუჩის აქციებით ხლისუფლების შეცვლა კი არ მოინდომონ, არამედ რომელიმე კონკრეტული საკითხის დათმობა მოსთხოვონ ხელისუფლებას?
ს.ც.: ის უკვე აქცია აღარ არის, ის დემონსტრაციაა. 50-60ათასი ადამიანი რომ მშვიდობიან დემონსტრაციას გამართავს და გაივლის ქუჩაში ისე, როგორც ეს საფრანგეთში ხდება, ამით იმის დემონსტრირებას მოახდენს ოპოზიცია, რომ აჩვენებს ხელისუფლებას, თუ რამდენი მხარდამჭერი ჰყავს. მე მგონი «ახალმა მემარჯვენეებმა» სწორი დასკვნა გამოიტანეს, როდესაც ისინი მკვეთრ ქუჩის აქციებზე უარს ამბობენ. ერთადერთი გზა რჩება - ეს არის არჩევნები.
«რ»: გასაგებია ოპოზიციის ალტერნატივას რაშიც ხედავთ,მაგრამ რა ალტერნატივა აქვს ხელისუფლებას?
ს.ც.: ხელისუფლება ახლა მეთვალყურის როლშია. აკვირდება რა ხდება ოპოზიციაში. დღესდღეობით ოპოზიციაში სიტუაცია აჭრილია. მაგალითად, ოპოზიციის სამშაბათის შეხვედრამ კითხვები უფრო მეტი დაბადა, ვიდრე არსებულ კითხვებს უპასუხა. რომ თქვეს, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისათვის, მაგრამ ქუჩის აქციებსაც არ გამორიცხავენ, ეს არ არის სწორი, იმიტომ, რომ პოლიტიკას არ უყვარს მაქოსებური დიპლომატია, ეს კლასიკური დიპლომატიაა, მაგრამ, როდესაც შიდა პოლიტიკურ სიტუაციებზეა საუბარი, აქ მათემატიკური სიზუსტეა საჭირო. თანაც 26 მაისის შემდგომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში იგრძნობა პოპულისტურ-დილეტანტური პერსონების გააქტიურება.
«რ»: ვის გულისხმობთ?
ს.ც.: არ გვინდა დაკონკრეტება. თვითონ მიხვდებიან. სიმართლე გითხრათ მე ამის მეშინია. მეშინია იმიტომ, რომ ძალასა და ენრგიას შორის დიდი განსხვავებაა. ის ენერგიული პერსონები, დავით აქუბარდიას ეთერით ცეცხლს რომ ანთებენ, ეს მხოლოდ ენერგიაა. მათ უკან ძალა არ დგას და ეს უკვე ცუდია. პოლიტიკაში ძალა არის თუნდაც ის, თუ რამდენ ადამინს გამოიყვან მშვიდობიან დემონსტრაციაზე, ხოლო არჩევნების დროს რამდენ ხმას მოუტან შენ პარტიას. პოლიტიკა სხვა ძალას არ ცნობს.
დროა საჭირო, რომ ეს ყველაფერი დალაგდეს. შემოდგომამდე უფრო ნათელი სიტუაცია გვექნება. შემოდგომისთვის ემზადება ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. საკითხი იმაში დგას, თუ ვინ რა ეფექტით გამოიყენებს შემოდგომამდე დარჩენილ პერიოდს და ვინ უფრო სწორ დასკვნებს გამოიტანს.
აღსანიშნავია ისიც, რომ რესურსი არათანაბარია. დასკვნების გასაკეთებლად ხელისუფლებას ყოველთვის მეტი რესურსი გააჩნია, თუ ჭკუით გამოიყენებს. ინტელექტუალური რესურსია ძალიან მნიშვნელოვანი. ოპოზიციაში არიან ინტელექტუალური ლიდერები, მაგრამ ხალხის მასა პოლიტიკური განათლებისა და კულტურის ძალზე დაბალ დონეს ავლენს. ამიტომ ოპოზიციური ლიდერები მოუხმობელნი არიან, ანუ პოპულარულები არ არიან მასაში.
«რ»: რა უნდა გააკეთონ, რომ პოპულარობა მოიპოვონ ხალხში?
ს.ც.: ან ისინი უნდა დავიდნენ მასის დონემდე, იგივე აქუბარდიას ტელევიზიის მაყურებლის დონემდე, რაც ადვილი გასაკეთებელია, მაგრამ წამგებიანია; ან უნდა დაელოდონ როდის ამაღლდება მასა მათ დონემდე. რა გზასაც ადგანან ოპოზიციური ლიდერები, ეს სწორი გზაა, მაგრამ დღეს ეს სიტუაციურად წამგებიანია.
ხანგრძლივ გათვლაში სწორ გზას ადგანან. მასამდე დასვლა არასწორია, რადგან ამ დროს მარგინალიზმამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება, რაც პოლიტიკურ კრახს ნიშნავს.
«რ»: როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? როგორია თქვენი პოლიტიკური ხედვა?
ს.ც.: შემოდგომამდე მე არაფერს ველი. შემოდგომამდე არც აქციები იქნება და არც სხვა რაიმე სერიოზული ნაბიჯები. რასაკვირველია იქნება ე.წ. ქოთქოთი ოპოზიციურ არხებზე. ასევე იქნება ამ ქოთქოთზე არაადეკვატური პასუხები სახელისუფლებო არხებზე, მაგრამ რეალური ცვლილებები არ იქნება.
«რ»: შემოდგომაზე რა ცვლილებებს ელით?
ს.ც.: შემოდგომაზე ოპოზიციამ რაღაცა უნდა მოიმოქმედოს. რა-არ ვიცი. თუ ის ასე ვერ მოიქცევა, ეს უკვე მისი კრახი იქნება. იმიტომ, რომ საზოგადოება, ელექტორატი ოპოზიციისგან ელოდება რაღაც ახალ მოწოდებას. ელექტორატს ქუჩის აქციების გაგონება აღარ უნდა.