„26 მაისის შემდეგ დემონსტრანტებს პოლიტიკური ნიშნით მასობრივად აკავებენ“

„26 მაისის შემდეგ დემონსტრანტებს პოლიტიკური ნიშნით მასობრივად აკავებენ“

ხელისუფლებას მეგობრული რჩევა–დარიგებანი „მგლის თავზე სახარებად“ ჩაესმის. 26 მაისის დარბევის შემდეგ, საპროტესტო აქციაში მონაწილეებს მასობრივად აკავებენ. „ვარდების რევოლუციის“ რვა წლისთავზე, ქვეყანას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არ აქვს და რიგითი მოქალაქის დაცვის არანაირი მექანიზმები არ არსებობს. ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, სწორედ დღევანდელ „ქართულ დემოკრატიულ რეალობაზე“ არის ნათქვამი. 

საზოგადოებრივი დამცველი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცველად გთავზობთ:

„2011 წლის 26 მაისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მასიურად გრძელდება დემონსტრანტების პოლიტიკური ნიშნით დაკავება.

დაპატიმრება ძირითადად ხორციელდება იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 353-ე, 236-ე, 260-ე მუხლებით. (პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინაააღმდეგობის გაწევა, იარაღის უკანონო ტარება და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა).

საყურადღებოა, რომ აღნიშნულ ფაქტებს აქვს მასიური ხასიათი, ხოლო სასამართლოს მოქმედება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ მხარეს.

მივიქცევთ საზოგადოების ყურადრებას იმ გარემოებაზე, რომ დაკავებულების მიმართ, როგორც წესი, ხორციელდება ფიზიკური, მორალური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც გამოიხატება დაკავებულების ცემა-წამებაში, საკვებისა და წყლის გარეშე დატოვებაში, უსაფუძვლოდ კარცერის ტიპის საკანში მოთავსებაში, აღარაფერს ვიტყვით დამცველთან (ადვოკატებთან) შეხვედრების ხელოვნურად ხელის შეშლაში.

ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს სახალხო დამცველს, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, შეისწავლონ დაპატიმრებული მოქალაქეების დაკავების საფუძვლიანობა, საპყრობილეებში არსებული პირობები და გაატარონ ქმედითი ღონისძიებები სამართლიანობის აღსადგენად“.

თავის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას თბილისში დემონსტრაციის დაშლისას პოლიციელების მხრიდან ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის ბრალდებების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციას ასევე მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ საერთაშორისო ნორმების შესაბამისად საკუთარი უფლებების გამოყენება ყველა დაკავებულს შეუძლია. კერძოდ, საუბარია სამედიცინი დახმარების, იურიდიული კონსულტაციის, მათი დაკავებისა და ადგილსამყოფელის შესახებ ახლობლების ინფორმირების უფლებებზე.

Amnesty International ასევე აცხადებს, რომ დაკავებულების სასამართლო სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს.

ამასთან, ორგანიზაცია შეშფოთებულია იმით, რომ ამ დრომდე არ მიმდინარეობს სამართალდამცველების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება 2007 და 2009 წლებში.

ამდენად, Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შემდეგი ზომები გაატაროს:

"დააჩქაროს გადამეტებული ძალის გამოყენებისა და ძალადობის ბრალდებების, ასევე ამ გარემოებებში გარდაცვალების შემთხვევების დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიება, მისცეს პასუხისგებაში ის პირები, ვინც ამ ქმედებებში არიან ეჭვმიტანილნი და უზრუნველყოს მანიფესტაციები მსხვერპლთა სამართლიანი სასამართლო გარჩევა და ზარალის ანაზღაურება.

"ყუარდღება მიაქციოს, რომ ყველა დაკავებულმა შეძლოს ადვოკატთან კონსულტირება, მიუწვდებოდეს ხელი საკვებ პროდუქტებზე და სამედიცინო დახმარებაზე, რომ მათ ახლობლებს ან მათ მიერვე შერჩეულ მესამე პირებს მიაწოდონ ინფორმაცია მათი ადგილსამყოფელისა და არსებული მდგომარეობის შესახებ.

"ყურადღება მიაქციოს, რომ დაკავებული პირების სასამართლო საერთაშორისო სამართლის შესაბამისად წარიმართოს".

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლისას დატრიალებული პროცესების გამოძიებისკენ ხელისუფლებას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა:

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეთა მისწრაფებების მშვიდობიანად გამოხატვის უფლებებს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, პატივი უნდა სცენ. და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიძიოს მომხდარი ინციდენტები, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა,“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა.

ასევე ბრიტანელმა მინისტრმა ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონმა მოუწოდა სააკაშვილის ხელისუფლებას „სრულყოფილად“ გამოიძიოს 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლისას განვითარებული მოვლენები:

„მე დამამწუხრა იმის გაგონებამ, რომ თბილისის ქუჩებში ძალადობას ჰქონდა ადგილი,“ – აღნიშნა მინისტმა გავრცელებულ განცხადებაში. „იმ დროს, როდესაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს ადგილი სამართლებრივი პროტესტისთვის და დემონსტრაციებისთვის, არ შეიძლება არსებობდეს ადგილი ძალადობისთვის“. „ვიმედოვნებ, რომ ყველა უარს იტყვის ასეთ ქმედებებზე. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას სრულყოფილად გამოიძიოს განვითარებული მოვლენებ“.

ხელისუფლებას ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიებისკენ ევროკავშირიც მოუწოდებს. ევროკავშირის კომისიის პრესპიკერის ნატაშა ბათლერის თქმით, ბრიუსელი შეშფოთებულია თბილისში განვითარებული მოვლენებით და აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ძალადობა არ გამოიყენოს პოლიტიკური მიზნების მიღწევისას.

„ვაღიარებთ, რომ კანონისა და წესრიგის შენარჩუნება აუცილებელია, მაგრამ, როგორც საქართველოს ხელისუფლებას ვუთხარით, ეს უნდა გაკეთდეს შესაფერისი ფორმებით, შესაბამისად ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გამოიძიოს ძალის გადამეტების ფაქტები“, - აცხადებს ბათლერი.