ავტობიზნესის გამოცოცხლების ყველა გზა დახშულია

ავტობიზნესის გამოცოცხლების ყველა გზა დახშულია

ავტომობილების რეექსპორტი წლიდან წლამდე ეცემა და უკვე მინიმალურ დონეზე დავიდა. მარტო ბოლო ერთ წელიწადში 4 ათასით ნაკლები მანქანა გაიგზავნა მეზობელ ქვეყნებში. თუკი ვარდნა ასეთი ტემპით გაგრძელდება, სულ მალე ბიზნესის ეს მიმართულება გაჩერდება. ახალი წლიდან დიდი პრობლემებია შიდა ბაზარზეც.

რუსთავის ავტობაზრობა „ავტოპაპა“ ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც 2010-17 წლების ავტომობილების ექსპორტ-იმპორტის მონაცემებს მოიცავს. აღმოჩნდა, რომ 2016 წელს, ექსპორტზე საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების მხოლოდ 15% გავიდა. რუსთავის ავტობაზრობის მონაცემებით, შარშან საქართველოში 95 412 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. აქედან, ექსპორტ-რეექსპორტზე მხოლოდ 16 590 ავტომობილი გაიგზავნა მაშინ, როცა 2015 წელს ექსპორტზე 20 323 ავტომობილი იყო გასული. კლება თითქმის 4 ათასია. მანქანების ექსპორტ-რეექსპორტის შემცირებით, 2016 წელს ქვეყანამ დაახლოებით 13 მილიონი დოლარი იზარალა.

საქართველოდან ავტომობილები, ძირითადად, სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის. ახალი წლიდან მოყოლებული აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში აზერბაიჯანში 65 ერთეული ავტომობილი გავიდა. ეს თითქმის 3-ჯერ აღემატება წინა წლის იანვრის მაჩვენებელს. 2016 წელს, ამავე თვეში, საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტზე მხოლოდ 24 ავტომობილი გაიგზავნა.

იმპორტიორების ნაწილი არ მალავს, რომ გამოსავალს ვერ პოულობს. ისინი თვიდან თვემდე ამცირებენ იმპორტის მოცულობას, მაგრამ ჩიხიდან ვერ გამოდიან. ამის გამო ბევრმა ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მსაგავსი პრობლემა, ძირითადად, კერძო პირებს ან მცირე კომპანიებს აქვთ, მაგრამ რეალიზაციის პრობლემები არც შედარებით დიდი ორგანიზაციებისთვის არის უცხო.

„ვი ბაი კომპანში“ აცხადებენ, რომ ავტობიზნესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს:

„შიდა ბაზარზე ჩვენ არანაირიალტერნატივა არ გვაქვს. რეექსპორტიც დიდი ხანია შეჩერდა. ქვეყანაში ავტობიზნესი აღარ არის და რის იმედად უნდა ვიყოთ? სავარაუდოდ, კომპანიის პროფილის შეცვლა მოგვიწევს, მაგრამ ჯერ გონზე უნდა მოვიდეთ. არ გვაქვს გადაწყვეტილი, რა შეიძლება გავაკეთოთ მომავალში. ფაქტია, რომ ავტობიზნესში დარჩენა არ ღირს“, - აცხადებენ კომპანიაში.

ფაქტია, რომ ავტობაზარს ახალ სატარიფო პოლიტიკასთან შეგუება ძალიან უჭირს. იმპორტიორების ვარაუდით, გაურკვევლობა დაახლოებით ზაფხულამდე გასტანს. მანამდე ბიზნესისთვის რთული პერიოდია შენარჩუნდება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ბაზარზე ისედაც არასახარბიელო ვითარება იყო, მაგრამ სიტუაცია დამატებით გაართულა აქციზის ახალი განაკვეთების ამოქმედებამ.

„რეალურად ავტომობილების განბაჟებისას აქციზის ზრდა იწვევს ავტომობილების, საშუალოდ, 30%-ით გაძვირებას. ამ შემთხვევაში საუბარია მარცხენასაჭიან მანქანებზე, თორემ მარჯვენასაჭიანები ჩვეულებრივი მყიდველისთვის უკვე მიუწვდომელია. პირველ რიგში, გაძვირდა ყველაზე პოპულარული - 7-15 წლის ავტომობილები. მათზე დიდ მოთხოვნას ხელმისაწვდომი ფასი განაპირობებდა.

მანქანა, რომელიც, საშუალოდ, 3 ათასი დოლარი ღირს, ახალი სააქციზო ტარიფების პირობებში, დაახლოებით, 1000 დოლარით მაინც ძვირდება. ოფიციალური მონაცემებით, იმპორტირებული ავტომობილების 95% არის 7-20 წლამდე სატრანსპორტო საშუალებები.

კიდევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ეხება მარცხენასაჭიან ავტომობილებს. მარჯვენასაჭიანი მანქანების შეძენის მსურველს კი სამმაგი განბაჟების ტარიფის გადახდა მოუწევს, რაც ძალიან ზრდის საბოლოო ღირებულებას და მათი ჩამოყვანაც აზრს დაკარგავს“, - აცხადებს „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.