„ქობულეთის ბეღლად არის ეს ადგილი წოდებული და ახლა გაუდაბურებულ ნაგავსაყრელად უნდა აქციონ?!“

„ქობულეთის ბეღლად არის ეს ადგილი წოდებული და ახლა გაუდაბურებულ ნაგავსაყრელად უნდა აქციონ?!“

ნაგავსაყრელის წინააღმდეგ ქობულეთელებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე გადაწყდა საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელსაც კომუნიკაცია ექნება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - ზურაბ პატარიძესთან. თავად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და წინასაარჩევნო დაპირებაც გაიმეორა, რომ, თუკი მოსახლეობა წინააღმდეგი იქნება, ნაგავსაყრელის ასაშენებლად ალტერნატიული ადგილი მოიძებნება. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ზურაბ პატარიძე თავის სიტყვას შეასრულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ. 

ქობულეთის საკრებულოს წევრი, ადგილობრივი მკვიდრი ხვიჩა გამარჯობაძე For.ge-სთან აცხადებს, რომ ქობულეთელები საეჭვოდ მიიჩნევენ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ყველა განცხადებას. უფრო მეტიც, მათ ახსოვთ წინა მინისტრის განცხადებები, საჯარო მოხელეების უპასუხისმგებლობა, რომლებმაც ქობულეთელთა არც ერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. იგივე ხდება დღესაც, როცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ახალმა მინისტრმა - რამაზ ბოლქვაძემაც იგივე განცხადება გააკეთა, რომ ნაგავსაყრელი ყველა შემთხვევაში მოეწყობა. 

„მოსახლეობასთან შეხვედრა მქონდა, მეც იმავე სოფელში ვცხოვრობ. ვიცი, რა განწყობაა ხალხში. ვერც ერთ იქ მაცხოვრებელს ვერ ნახავთ, რომელიც ნაგავსაყრელის მომხრეა. ეს ლოგიკურიცაა, განა შეიძლება, ხუთი სოფლის შუაში, სახნავ-სათეს მიწაზე ხალხს მიუტანო მყარი ნარჩენები და ეზოში დაუყარო?! თანაც, მათ მიერ გამოცხადებულ 500-მეტრიან სანიტარულ ზონაში მოხვდა ცეცხლაურის მეორე საჯარო სკოლა და 28-30 ეკომიგრანტის ოჯახი, რომლებიც თავის დროზე ქობულეთის ზემო სოფლებიდან ჩამოასახლეს. მათთვის კომპენსაციაც არ არსებობს. გამოდის, ამ ადამიანებმა ისევ ნაგავსაყრელთან უნდა იცხოვრონ. მხოლოდ ორი ოჯახი დაექვემდებარა კომპენსაციას და გადასახლებას. მაინტერესებს, რატომ უნდა დაგვემატოს თურქული ქალაქების ნაგავი? ეკოლოგიური საკითხი რომც არ გვაღელვებდეს, ეს უბრალოდ ჩვენი ერის თავმოყვარეობის ამბავია. ახლა „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორს ეძებენ, ანუ იმ კაცს, რომელმაც საზეიმოდ გვაცნობა, რომ ნაგავსაყრელი თურქულ მხარესაც მოემსახურებოდა, თითქოს ეს პოზიტიური საქციელი იყო. ამან მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი აგრესია გამოიწვია. ეს ფაქტორი რომც არ იყოს და ნაგავსაყრელი მხოლოდ აჭარას რომ მოემსახუროს, მოსახლეობა მაინც წინააღმდეგია. რატომ არ შეიძლება ალტერნატიული ადგილების მოძიება? რატომ უნდა ვაქციოთ უდაბურ ადგილად ნოყიერი საძოვრები, სახნავ-სათესი მიწები, რომლითაც ერთი დაბა და ხუთი სოფელი სულდგმულობს?! ფაქტობრივად, ამ ტერიტორიით არსებობს ის სოფლები და ახლა ამ სოფლებს ვართმევთ ლუკმა-პურს, წყალს და, პირდაპირი მნიშვნელობით, ვართმევთ მიწას. ეს შიდა მიგრაციასა და სოფლების კიდევ უფრო დაცლას გამოიწვევს“, - აღნიშნა ხვიჩა გამარჯობაძემ. 

მანვე განმარტა, რომ უკვე ამზადებს პეტიციას, 1500 ხელმოწერა მზად აქვს, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის, სახალხო დამცველის, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შევა. ხვიჩა გამარჯობაძე ეჭვობს, რომ მავნე კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი და მოსახლეობის უბედურების ხარჯზე ვიღაც მატერიალური კეთილდღეობის მოწყობას ცდილობს. ეს კი ორმაგად დიდი ბოროტებაა, რადგან ქართულ სოფლებს ისედაც დაცლა ემუქრება, ურბანიზაცია მიმდინარეობს და ყველა სოფლიდან ქალაქისკენ გარბიან. ნაცვლად იმისა, რომ ხალხი დაასაქმონ, ტრადიციული მესიმინდეობა აღადგინონ, ქობულეთელებს საკუთარი ტერიტორიიდან ყრიან. 

„საუკუნეზე მეტია, ამ მიწებს სახნავ-სათესად ვიყენებთ. ქობულეთის ბეღლად არის ეს ადგილი წოდებული და ახლა 33 ჰექტარი გაუდაბურებულ ადგილად უნდა აქციონ. მთლიანობაში, საუბარია 300 ჰექტარზე. მაინტერესებს, 33 ჰექტრის იქით დარჩენილ 267 ჰექტარზე მოსახლეობამ რა უნდა გააკეთოს? ამით ხომ მთავრობა ხალხს ეუბნება, ნაგვის გვერდით მოიყვანე სიმინდი და სხვა სარჩო-საბადობელი. თანაც, გაფრთხილებაა ხელისუფლებისგან დაბეჭდილ ბუკლეტებში, რომ ამ რადიუსში წყაროს წყალი არ დაილევა. ე.ი. მცენარე წყლიან მიწაზე არ ამოდის?“ 

ამასთან, ქობულეთის საკრებულოს წევრს კითხვები უჩნდება „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელის - ირაკლი ცეცხლაძის მიმართ, რომლის სახელსაც უკავშირდება ხუთი მილიონი ლარის მითვისება. მისი თქმით, ეს საქმე „ნაციონალების“ დროს დაიწყო, შეიქმნა ფირმა „ჰიგიენა 2009“, რომელსაც ადგილობრივი მშენებლობა უნდა ეწარმოებინა. ამ კომპანიის ბალანსზე იყო როგორც სამშენებლო, ისე საკომპენსაციო ხარჯები. კომპენსაციის სახით მილიონი ევრო უნდა მიეცათ იმ მოსახლეობისთვის, რომელიც 33 ჰექტრის რადიუსში მოხვდებოდა. დაახლოებით 8 ლარის ოდენობით კომპენსაცია უწევდათ ერთ კვადრატულ მეტრზე, ამ დროს კი მოსახლებას რეალურად მისცეს 4,80 ლარი. ამიტომ თავიდან ბოლომდე გამოსაძიებელია ეს საქმე.