მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიარა და ძალაუფლების გადაცემაც ასე თუ ისე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თავდაცვის სამინისტრო და მთლიანად შეიარაღებული ძალები მაინც რჩება პოლიტიკოსთა ქმედებების სამიზნედ.
პრემიერ-მინისტრის მიერ რამდენჯერმე თავდაცვის მინისტრის გაკრიტიკებამ (რაც შეიძლებოდა უფრო რბილი ფორმითაც მომხდარიყო) ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს საშუალება მისცა, თავდაცვის მინისტრი - არც მეტი, არც ნაკლები - ლაჩრად მოეხსენიებინა, ხოლო პრეზიდენტმა, რომელიც ამასთანავე, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად ითვლება, განაცხადა, რომ სწყინს, როცა თავდაცვის მინისტრს მუდმივად თავზე აწუწავენ...
შეიძლება პოლიტიკოსები მიჩვეული არიან ერთმანეთის არაკორექტულად მოხსენიებას, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ თავდაცვის მინისტრის უკან სამ ათეულ ათასამდე სამხედრო მოსამსახურე დგას და ის, ვინც დღეს თავდაცვის მინისტრის პატივს ლახავს, ნებსით თუ უნებლიეთ, უდიდეს შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.
მარტო ის რად ღირდა, რომ პრეზიდენტმა გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტი საჯილდაო ქვად აქცია, ახლა კი, როგორც ჩანს, თავდაცვის მინისტრის ჯერი დგება.
პოლიტიკურ თამაშებს, ვისი წამოწყებულიც უნდა იყოს ის, საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს ქართულ არმიასთან, რადგან იგი განვლილ წლებში ისედაც დაზარალდა არაკვალიფიციური თუ უბრალოდ, დამნაშავე ზოგიერთი თავდაცვის მინისტრისა და მაღალჩინოსანი სამხედრო მოხელის ხელში, რომლებიც ამ თანამდებობებზე არა პროფესიონალიზმისა და გამოცდილების, არამედ პარტიული და გუნდური ერთგულების ნიშნით ინიშნებოდნენ.