უშველის თუ არა ადგილობრივ ბაზარს ხორცის კვოტები?

უშველის თუ არა ადგილობრივ ბაზარს ხორცის კვოტები?

ქვეყნიდან მსხვილფეხა პირუტყვის მასობრივად გაყვანამ დიდი პრობლემა წარმოშვა და ამიტომაც გაჩნდა იდეა, რომ ხორცის ექსპორტზე გარკვეული კვოტა, ანუ ზედა ზღვარი დაწესდეს. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ ქვეყანა ადგილობრივი ნაწარმისგან მთლიანად არ დაიცალოს და ბოლომდე იმპორტირებულ ხორცზე დამოკიდებული არ გახდეს.

„მომავლის ფერმერის“ წარმომადგენელი მიხეილ ჭიჭაყუა აღნიშნავს, რომ საქონლის ხორცის ექსპორტზე გარკვეული კვოტის დაწესება იგეგმება, თუმცა დამატებითი დეტალები მისთვის უცნობია.

„როდესაც ვსაუბრობთ კვოტაზე, აქ საუბარი უნდა იყოს არა იმაზე, თურქეთს რამდენი უნდა, არამედ იმაზე ჩვენ რამდენის გატანა გვინდა. ამ შემთხვევაში ჩვენ დარგი უნდა შევინარჩუნოთ, ანუ უნდა დაწესდეს ზედა ზღვარი“, - აცხადებს ჭიჭაყუა.

მისი მტკიცებით, ქვეყანამ ჯერ უნდა განსაზღვროს საქონლის ხორცის რა რეზერვი აქვს და შემდეგ დაიწყოს კვოტირებაზე და ექსპორტზე საუბარი.

„ეს თუ არ მოხდა, მაშინ ჩვენთან საქონლის ხორცი 2-3-ჯერ უფრო ძვირი გახდება, ვიდრე თურქეთში“, - ამბობს ჭიჭაყუა. მისი თქმით, ასეთ დროს საქონლის ადგილობრივ ხორცს ინდოეთიდან შემოტანილი გაყინული ხორცი ჩაანაცვლებს.

თურქეთში და სხვა მოსაზღვრე ქვეყნებში ხორცის ფასი ძალიან მაღალია, ექსპორტზე გატანის სურვილიც აქედან გამომდინარეობს. საქართველოს წელიწადში 38 000 ტონა საქონლის ხორცი სჭირდება. აქედან ქვეყანა დაახლოებით, 18 000 ტონას აწარმოებს, ხოლო 20 000 ტონის ექსპორტს ახორციელებს.

„ახლა ჩვენ უფრო მეტი გაგვაქვს, ვიდრე ვაწარმოებთ. რომ არ გაგვეტანა, საქონლის ხორცის დეფიციტი აღარ იქნებოდა“, - განუცხადა „კომერსანტს“ ჭიჭაყუამ.

მისი განცხადებით, დღეს ხორცის გატანა გაორმაგებულია, რადგან მეზობელ ქვეყნებში 1 კილოგრამ საქონლის ხორცს ძვირად ყიდიან. მაგალითად, თურქეთში 1 კილოგრამი საქონლის ხორცის ფასი 25 ლარამდე ღირს.

სანამ ხორცის ექსპორტზე კვოტა დაწესდება, მანამდე ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტია და შესაბამისად, პროდუქტიც საგრძნობლად არის გაძვირებული. მოვაჭრეები ამის მიზეზად თურქეთში ექსპორტის ზრდას ასახელებენ და ადასტურებენ, რომ სასაკლაოებიდან ხორცის გადინებამ პროდუქტის დეფიციტი წარმოქმნა.

„რამდენადაც ვიცი, წინა თვეებში ხორცი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდი რაოდენობით გავიდა. სასაკლაოებმაც „ასაღები ფასი“ 12 ლარი გახადეს, როგორც თურქებზე ყიდდნენ. ახლა თურქები აღარ არიან, მაგრამ ფასი არ შეცვლილა. ერთხელ გაძვირებული პროდუქტის გაიაფება არც ისე იოლია, მით უმეტეს, რომ ყველგან დეფიციტია. შესაძლოა, ამაზე მეტად არ გაძვირდეს, მაგრამ ფასი დაბლა არ დაიწევს“, - აცხადებს მოვაჭრე ნიკო დიღმელაშვილი.

დიდუბის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრეები შიშობენ, რომ შესაძლოა, მომხმარებელს ხორცის ყიდვა კიდევ უფრო გაუჭირდეს.

„ხალხი საქონლისა და ღორის ხორცს ადრეც იშვითად ყიდულობდა, ახლა კიდევ უფრო გაუჭირდებათ. დახლებს ეს უკვე დაეტყო. ჩვენთან ფასი 2 ლარით არის გაზრდილი. ხარისხიანი ხორცის ფასი 15 ლარია, მაღაზიებში 20 ლარსაც აღწევს.

ბოლო დრომდე ღორისა და საქონლის ხორცს ერთნაირ ფასში ვყიდდით. ახლა ღორის ხორცი ოდნავ იაფია, თუმცა გაძვირება ამ პროდუქტსაც შეეხო. ძალიან ცუდი რეალიზაციაა. თანაც უკვე მარხვის პერიოდია. ამიტომაც მომხმარებელი საგრძნობლად მოგვაკლდება“, - ამბობს მოვაჭრე გიორგი თხელიძე.