[გიორგი ბექაური]
თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 7-8 თვეში საქართველოში ხორცის ფასი გაორმაგდა, მაშინ უტოპიურად სულაც არ ჟღერს ოპოზიციონერ დეპუტატთა განცხადება, რომ მალე 1 კგ საქონლის ხორცის 40 ლარამდე გაძვირდება. თუ უძრავი ქონება, საწვავი და შაქარი უაზრობამდე გაძვირდა და აღარც იაფდება, ხორცი გამონაკლისი რატომ უნდა იყოს?
ოპოზიციონერი დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, თუ საქართველოს პარლამენტი საქონლის ხორცით მომარაგებასთან დაკავშირებული მონოპოლიის ხელშემწყობ კანონმდებლობას არ შეცვლის, დედაქალაქში ხორცის ფასი 40 ლარამდე გაიზრდება.
როგორც გუშინ საბურთალოს ბაზარში მისულმა ჯონდო ბაღათურიამ განაცხადა, საქონლის ხორცი კორუმპირებულმა კლანებმა ხელოვნურად გააძვირეს, რადგან პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომწოდებლებს ავალდებულებს ხორცი დედაქალაქის სავაჭრო ქსელში მხოლოდ თბილისთან ახლოს მდებარე ორი სასაკლაოდან შემოიტანონ.
„არ შეიძლება პარლამენტმა დააწესოს ისეთი მონოპოლიური სისტემა, რომელიც ხორცის მომწოდებლებს კაბალურ სიტუაციაში აყენებს და მოსახლეობას აზარალებს.
ეს ბიზნესი, რა თქმა უნდა, რომელიმე კორუმპირებულ ჩინოვნიკს ეკუთვნის, რომელიც პარლამენტის მიღებული კანონით ხელს ითბობს. თუ ეს კანონმდებლობა არ შეიცვლება დედაქალაქში საქონლის ხორცის ფასი 40 ლარამდე გაიზრდება, რაც მოსახლეობას შიმშილობის ზღვარზე მიიყვანს და სოციალური აფეთქება გარდაუვალი იქნება.
საქართველოს პარლამენტმა მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და აამოქმედოს ძველი კანონი, რომლის საფუძველზეც ხორცის მომწოდებლებს საშუალება მიეცემათ, თბილისი ხარისხიანი ხორცით მოამარაგონ, რაც აღმოფხვრის თბილისის სავაჭრო ქსელებში დეფიციტს და ფასებიც დაბლა დაიწევს“, - განაცხადა ბაღათურიამ.
ერთი წლის წინ 1 კილოგრამი ხორცი აგრარულ ბაზრებში 8 ლარი ღირდა. ამჯერად, ყველაზე უმდაბლესი ხარისხის ხორცი 14 ლარიდან იწყება და 18 ლარამდე ადის. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ამ პროდუქტის ღირებულება ევროზონის ფასებს მიუახლოვდა. მაგალითად, ბელგიაში 1 კილოგრამი ღორის ხორცი 18 ლარი ღირს, ხოლო ძროხის ხორცი - 22 ლარი.
მეხორცეები პირდაპირ მიუთითებენ, რომ არა ცეზარ ჩოჩელის ბიზნესი, ხორცის ღირებულება მაქსიმუმ 9-10 ლარი იქნებოდა. მათი თქმით, გაძვირებულმა პროდუქტმა მოთხოვნაც შეამცირა.
„ხორცი ისევ ჩვენ, რომ შემოგვქონდეს, მისი ფასი 10 ლარს არ გასცდებოდა. ხალხი ვეღარ ყიდულობს, ზოგი ჩხუბობს, ჩვენ გვაბრალებენ რატომ გააძვირეთო. შეხედეთ, ხორცის სექციებში აღარავინ დადის. ხალხს თან ეშინია, თან იძულებულია იმპორტირებული გაყინული ხორცი იყიდოს“, - ამბობენ დეზერტირების ბაზარში.
«რამდენიმე დღე საერთოდ შეგვეზღუდა საქმიანობა, ნატახტარის საწარმოში მისულებს მოულოდნელად გაძვირებული საქონელი დაგვახვედრეს და გვაიძულეს, სწორედ მათივე ობიექტში გვეყიდა. თითო საქონელზე 300 ლარი მაინც გვეხარჯება, ეს ყველაზე დაბალი ხარჯია. დაკვლისას თითო კილოზე 1 ლარს გვართმევენ.
არ ვიცი, ეს გაძვირება რამდენად უკავშირდება გაყინულ ხორცს, ფაქტი კია, რომ მომხმარებელს იძულებულს ხდიან, ხორცის გაყინული ნაწარმი მაინც შეიძინოს, რომელიც 8-9 ლარი ღირს. 18 ლარად ხორცის შეძენა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის შეუძლებელია. ამიტომ სხვა გზა არ დარჩებათ. ჩვენი მყიდველი ამ სეგმენტში გადაინაცვლებს და ამ ცვლილებას უკვე ვგრძნობთ“, - ამბობენ გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრეები.