ხელოვნურად გამოწვეული ინფლაციის მოთოკვა ვეღარ ხერხდება

ხელოვნურად გამოწვეული ინფლაციის მოთოკვა ვეღარ ხერხდება

ინფლაცია მიზნობრივს უკვე ძალიან გადასცდა. ეს ნიშნავს, რომ ერვნული ბანკი თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ლარი მკვეთრად მყარდება, ფასები მაინც მაღლა იწევს.

2017 წლის თებერვალში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,7%, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5,5% შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმციით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

მოცემულ პერიოდში სწორედ ამ ჯგუფზე 5,5%-იანი მატება დაფიქსირდა, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე (14,2%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6,4%) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (6,3%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5,2%);

ალკოჰოლური სასმელებისა, თამბაქოს ჯგუფში ფასები 16,3%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები განსაკუთრებით მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (35,1 პროცენტი).

თებერვალის ინფლაციის მაჩვენებლის მატება ნიშნავს, რომ მომავალ კვირას ეროვნულ ბანკს მოუწევს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, - ასე ფიქრობს პროფესორი დავით ასლნიშვილი, რომელიც აქციზის გაზრდით გამოწვეულ საყოველთაო გაძვირებაზე საუბრობს.

„აქციზის ეფექტი იქნებოდა შედარებით ნაკლები, 2016 წლის თებერვალთან შედარებით ფულის მასა 28%-ით რომ არ იყოს გაზრდილი. ფულის მასის ზრდა პირდაპირ უკავშირდება რეფინანსირების სესხებს, რომლის მოცულობა 2016 წლის თებერვალში 700 მლნ ლარი იყო, ხოლო 2017 წლის თებერვალში – 1,5 მლრდ ლარი, ე.ი. ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა.

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ რეფინანსირების სესხი არის კომერციული ბანკების სესხი ეროვნული ბანკისგან, რომელსაც ისინი იღებენ მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის დასაფარავად, ხოლო პროცენტის გადამხდელი საბოლოოდ კომერციული ბანკების კლიენტები არიან. ე.ი. ინფლაციის მაღალ მაჩვენებელში კომერციული ბანკების როლი არც ისე უმნიშვნელოა. მეტიც, გამოდის რომ კომერციული ბანკების გადასარჩენად არა მხოლოდ მისი კლიენტები იხდიან მაღალ ფასს, არამედ მთელი ქვეყანა -გაძვირებული ფასებით.

ეროვნული ბანკი რომ საბანკო ოლიგოპოლიას ხელს არ უწყობდეს, წესით, მას მაქსიმალურად უნდა შეეზღუდა რეფინანსირების სესხების გაცემა. სწორედ ამ გზით შეძლებდა მონეტარული ხელისუფლაბა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, რაც ეროვნული ბანკის კონსტიტუციით განსაზღვრული უპირველესი მიზანია და რასაც მან ვერ მიაღწია“, - აცხადებს ასლანიშვილი.

საკუთრივ ეროვნულ ბანკში ჯერჯერობით ყურადსაღებ კომენტარს არ აკეთებენ. როგორც სებ-ის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული, ფასების საგრძნობი მატება უმთავრესად თამბაქოსა და საწვავზე აქციზის მატებით არის გამოწვეული.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის მერსედეს ვერა მარტინი კი აქედანვე დარწმუნებულია, რომ 2017 წელს საქართველოში ინფლაცია გადააჭარბებს ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს.

„ეს აიხსენება მსოფლიოში სასაქონოლო ფასების მატებით და აქციზის ზრდით. ინფლაცია 2018 წელს დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს. სავალუტო ფონდი მიესალმება ლარის ლიკვიდურობის ინსტრუმენტების გაუმჯობესებას“, - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.