[ეკა ბაქრაძე]
რაც უფრო ახლოვდება ახალი სამაშრუტო ტაქსების შემოყვანის დრო, მით უფრო იძაბება ვითარება ყვითელი ავტობუსების ირგვლივ. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტობუსების რაოდენობა კიდევ შემცირდება. ამასთან, გაუქმდება კონტროლიორის შტატები და მგზავრებისგან თანხის ამოღება ისევ მძღოლებს დაეკისრებათ.
ასეთ ფონზე ჯერჯერობით, გაურკვეველია ყვითელ ავტობუსებში დამონტაჟებული საბილეთე აპარატების ბედი. არადა, მათი დამონტაჟებისთვის საქართველოს ბანკმა საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა და შესაბამისად გარკვეულ მოგებასაც ელოდა. თუმცა, მუნიციპალური ტრანსპორტიდან მოგება ჯერ არავის უნახავს. ის კი არა, „თბილისის ავტობუსი“ ხარჯებს ვერ აუდის.
ამიტომაც რჩება ერთადერთი იმედი, უბილეთო მგზავრების დაჯარიმება. აქ კი ცოტა რთულად არის საქმე. კონტროლიორები ცოტანი არიან, ბილეთიანი მგზარები კი ბოლო დროს მომრავლდნენ. სადღაც უბილეთოებიც დაძვრებიან, მაგრამ მათი გამოჭერა ძნელია. არადა, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს გეგმა-ვალდებულება აქვთ ნაკისრი მერიის წინაშე - თვეში განსაზღვრული რაოდენობის საჯარიმო ქვითარი. ვინც ამას ვერ ახერხებს მას ავტობუსის კარისკენ უთითებენ. ბოლო დღეებში 20-მდე ასეთი კონტროლიორი გაათავისუფლეს.
თბილისის ავტობუსში კონტროლიორების გათავისუფლებას ადასტურებს თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფრო აკაკი ჯოხაძე. თუმცა, სპეციალური გეგმის არსებობას, რომელიც კონტროლიორს ავალდებულებს საჯარიმო ქვითრების გამოწერას, კატეგორიულად უარყოფს.
„მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სამსახურიდან მონიტორინგის სამსახურის 17 თანამშრომლის გაშვება მოხდა, თუმცა მივიღეთ ახალი 17 ადამიანი. იცით, რომ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ორ ჯგუფად იყოფიან, ერთი ჯგუფი ბოლო გაჩერებებზე ახორციელებს მგზავრთა ინფორმირებას და მოუწოდებენ მათ, რომ ბილეთები აიღონ, მეორე ნაწილი კი შუა გაჩერებებზე დგანან და ამოწმებენ, აქვს თუ არა მგზავრს ბილეთი.
ბილეთის უქონლობის შემთხვევაში, მგზავრზე გამოიწერება საჯარიმო ქვითარი. გვქონდა ერთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთ კონტროლიორს მთელი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი ოქმი ჰქონდა შედგენილი. და როგორ ფიქრობთ, ამ 6 თვის განმავლობაში ის მხოლოდ ერთ უბილეთო მგზავრს იპოვიდა? ახსნა-განმარტებაში კი დაწერა, რომ არ შეეძლო ავტობუსში შესვლა და ბილეთების მოთხოვნა. შესაბამისად, მოხდა მისი სამსახურიდან გაშვება“, - განაცხადა ჯოხაძემ.
რაც შეეხება გეგმის არსებობას, ამას ჯოხაძე კატეგორიულად უარყოფს, თუმცა აქვე ამბობს, რომ თვეში მინიმუმ 10-20 საჯარიმო ქვითარი მაინც უნდა გამოიწეროს.
„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს არსებობს გეგმა თუ რამდენი საჯარიმო ოქმი უნდა გამოწეროს კონტროლიორმა, სიმართლეს არ შეესაბამება. თბილისში ავტობუსით დღეში, დაახლოებით, 200 ათასი ადამიანი მგზავრობს, აქედან, საშუალოდ, 100-150-ს ბილეთი არ აქვს, ამ დროს კი მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი მხოლოდ ერთ საჯარიმო ქვითარს წერს და თანაც, მთლიანი თვის განმავლობაში, მგონი, ეჭვის გაჩენის საფუძველი არსებობს. ასეთ სიტუაციაში თვეში 10-20 საჯარიმო ქვითრის გამოწერა მაინც უნდა ხდებოდეს“, -აღნიშნა ჯოხაძემ.
მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებისთვის სპეციალური გეგმის არსებობას ადასტურებს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა სამუშიაც.
„ვიცით, რომ არსებობს გარკვეული გეგმა და ის კონტროლიორმა უნდა შეასრულოს თუ არა და სამსახურიდან უშვებენ. ასეთი შემთხვევები ყოფილა და ჩვენც გვსმენია. არადა, კონტროლიორის მოვალეობაა გამოწეროს საჯარიმო ქვითარი თუკი აღმოაჩენს, რომ მგზავრს არ აქვს ბილეთი. მან ინფორმირება უნდა გასწიოს, რომ მგზავრმა ბილეთი აიღოს, მათთვის რაიმე გეგმის დაწესება არ უნდა ხდებოდეს“, - დასძინა სამუშიამ.
რაც შეეხება საჯარიმო ქვითრების ოდენობას, 2010 წლის განმავლობაში თბილისის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლების მიერ უბილეთოებზე მთლიანად 117 404 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა.