ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 – მედია–მონიტორინგი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 – მედია–მონიტორინგი

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო საზოგადოება – ევროპული არჩევანმა“ დაასრულა მედია–კვლევა, რომლის მიზანი იყო, არჩევნების პერიოდში მედია–მონიტორინგის გზით განესაზღვრა, რამდენად იცავდა პრესა ობიექტურობის პრინციპს და პროექტში მონაწილე ექსპერტების დახმარებით შემუშავებულიყო დასკვნა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, შეიქმნილიყო ზოგადი სურათი მედიასაშუალებების აქტიურობისა არჩევნების პერიოდში.

ამავე დროს, პროექტის მიზანს წარმოადგენდა არა მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური პროცესისადმი მედიის ყურადღების ხარისხის განსაზღვრა, არამედ უშუალოდ იმის დადგენა, თუ რა ადგილს უთმობდა ბეჭდური მედია თავად თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესს, პოლიტიკური სუბიექტებისა და ამომრჩევლის ურთიერთობას, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში საკუთარ როლს და ადგილს, საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობას, მათ მიღწევებს თუ მათ ქმედებებში აღმოჩენილ დარღვევებს.

ამჟამად პროექტში დაკავებული ექსპერტები მთელ ამ საკითხებზე საკუთარ დასკვნებს შემოგთავაზებენ. შეგახსენებთ, რომ პროექტში დაკავებული იყვნენ შემდეგი ექსპეტები: ზვიად ქორიძე, ნანა დევდარიანი, ხათუნა ლაგაზიძე, ალექსანდრე რუსეცკი, მაია ურუშაძე, როზი ჯღამაია. ყოველკვირეულად ისინი თვალყურს ადევნებდნენ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებს. მათ დასკვნებზე შემუშავებულ რეკომენდაციებს მაია ურუშაძე (დღეს) და ხათუნა ლაგაზიძე (ხვალ) გთავაზობენ.

აქვე დავძენთ, რომ დამოუკიდებელი ბეჭდური მედია თავად წყვეტს, რომელ მოვლენას ან პოლიტიკურ სუბიექტს რა ადგილი დაუთმოს საკუთარი გაზეთის ფურცლებზე. თუმცა, ამავე დროს, არსებობს ზოგადი კრიტერიუმები, რომელთა დაცვაც მედიისთვის აუცილებელია პოლიტიკურ მოვლენათა ობიექტური გამშუქებლის ფუნქციის შესასრულებლად.

კიდევ ერთხელ სტატისტიკის შესახებ
გასულ კვირას გამოვაქვეყნეთ შუალედური დასკვნა, რომელიც, ძირითადად, მედიაში არჩევნებისადმი მიძღვნილი სტატიების რაოდენობას და ზოგად ტენდენციებს ეხებოდა. მაშ ასე: საერთო სურათი ასე გამოიყურება: მონიტორებისა და ექსპერტების მიერ მთლიანად გაანალიზდა 1165 სტატია, რომლებიც 12 აპრილიდან 6 ივნისის ჩათვლით გამოქვეყნდა შემდეგ გაზეთებში: „ალია“, „ვერსია“, „რეზონანსი“, „ახალი თაობა“, „24 საათი“, „კვირის პალიტრა“, „ქრონიკა“, „ასავალ–დასავალი“, „პრაიმ–ტაიმი“.

გაზეთების მიხედვით არჩევნებისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების რაოდენობა ასე გამოიყურება:

ყოველკვირეული გაზეთები:
„ქრონიკა“ – 43 პუბლიკაცია
„კვირის პალიტრა“ – 77 პუბლიკაცია
„პრაიმ–თაიმი“ – 101 პუბლიკაცია
„ასავალ–დასავალი“ – 53 პუბლიკაცია
„ჯორჯიან თაიმსი“ – 58 პუბლიკაცია

ყოველდღიური გაზეთები:
”24 საათი” – 106 პუბლიკაცია
„ახალი თაობა“ – 229 პუბლიკაცია
„ალია“ – 131 პუბლიკაცია
„რეზონანსი“ – 284 პუბლიკაცია
„ვერსია“ – 83 პუბლიკაცია

მაშ ასე: გთავაზობთ ექსპერტთა დასკვნებს, რომლებიც მათ რეკომენდაციების სახით ჩამოაყალიბეს. მათი გათვალისწინება, ექსპერტთა აზრით, პირველ რიგში საარჩევნო ადმინსიტრაციებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის არის მნიშვნელოვანი, რათა პრესამ სრულად მიიტანოს ინფორმაცია მკითხველამდე (ამომრჩევლამდე) არა პოლიტიკური ინტრიგების, არამედ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ან მოვლენების შესახებ.

ქართულ ბეჭდურ მედიას არჩევნების პროფესიონალურად გაშუქება უჭირს

[მაია ურუშაძე – “ეკონომიკური კორუფციის მონიტორინგის ცენტრის” ექსპერტი]
დღევანდელ მიმოხილვას შორიდან დავიწყებ და სტანისლავ ეჟი ლეცის სიტყვებს გავიხსენებ: ამქვეყნად ბევრი რამ იმიტომ არ არსებობს, რომ მისთვის სახელი არ დაურქმევიათო. ეს ფრაზა გასული არჩევნების პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მიერ ჩატარებული (და მათ მიერ მედიისთვის “ნაკარნახევი”) აქტივობების მიმართ ზედგამოჭრილად მეჩვენება: გაიმარჯვა იმან, ვინც საკუთარი გამარჯვებისთვის სახელის დარქმევა წინასწარ მოახერხა. გაიმარჯვა იმიტომ, რომ პოლიტიკური სცენარების განვითარების ალბათობაც იმავე პრინციპს ემყარება: რაც უფრო დამაჯერებლად გამოიყურება სცენარი, მით მეტია ალბათობა, ხორცი შეესხას მას. რადიკალურმა ოპოზიციამ კი ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად მესიანისტური თემატიკა აირჩია. შესაბამისად – წააგო კიდეც.

ეს პროცესი ზედმიწევნით აისახა ქართულმა ბეჭდურმა მედიამ, რომელიც 30 მაისის არჩევნებში საზოგადოებაში არსებული განწყობების ნაცვლად, პოლიტიკურ სპექტრში არსებული განწყობების ლაკმუსად მოგვევლინა.

საერთოდ, არჩევნები უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ყოველი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ბუნებრივია, პროცესი, რომელზეც ქვეყნის მომავალია დამოკიდებული, საზოგადოებისა და, შესაბამისად, მედიის ძლიერ დაინტერესებას უნდა იწვევდეს. 2010 წლის 30 მაისის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ კი ადგილობრივ ბეჭდურ მედიას სათანადო ყურადღება არც წინასაარჩევნო და არც პოსტსაარჩევნო პერიოდში არ გამოუხატავს.

მედიის ასეთი ინდიფერენტულობა ერთის მხრივ თავად პოლიტიკურ სპექტრში არსებული განწყობით აიხსნებოდა: საქართველოში ბეჭდური მედიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მისი იოლი “პროვოცირებადობაა”. მანამდე, სანამ ოპოზიცია ბრძოლის რეჟიმში იყო, გაზეთები “დუღდა” ნეგატივით, მესიანიზმითა და სისხლიანი სცენარებით. როგორც კი პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნების შედეგების მიმართ შემგუებლური პოზიცია დაიკავეს და ბრძოლის ახალი გზების ძიების რეჟიმზე “გადაერთნენ”, ეს ბეჭდურ პრესასაც უცებ დაეტყო და საარჩევნო თემატიკა სარეკორდო დროში გადაფარა სხვა ინფორმაციულმა ნაკადებმა.

წინასაარჩევნო პრესის ზოგადი სურათი
წინასაარჩევნო პერიოდში პრესა ყურადღებას ძირითადად საარჩევნო სუბიექტების ურთიერთბრალდებებს უთმობდა. მწირი იყო კონკრეტიკა. სტატიები, ძირითადად, ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მთავარი სლოგანების ფსიქოლოგიურ გამყარებას ემსახურებოდა. ავტორები, როგორც წესი, კანდიდატთა ან მათ მხარდამჭერთა მიერ კონკურენტების შესახებ მიწოდებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ეყრდნობოდნენ, რის გამოც დაბალი იყო სანდოობის დონე. ამ ვითარებაში, გამოცემის სანდოობის ხარისხის შენარჩუნების მიზნით, ჟურნალისტები უპირატესად ინტერვიუს ჟანრს მიმართავდნენ, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახებოდა ინფორმაციულობის ხარისხზე – ვერ ხერხდებოდა განსახილველი საკითხის ირგვლივ ყოველმხრივ დაბალანსებული სურათის შექმნა. საარჩევნო თემატიკისადმი მიძღვნილი ის მცირერიცხოვანი სტატიებიც კი, სადაც ანალიზის მცდელობა შეინიშნებოდა, ინფორმატორთა წრის მიზანმიმართული შერჩევის შედეგად, დაუბალანსებელი და ტენდენციური გამოდიოდა.

პრესა საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების დასაბუთებულად გაანალიზებას ერიდებოდა. სამაგიეროდ, საარჩევნო სუბიექტთა პროვოკაციებზე იოლად “ეგებოდა”: ვინაიდან ბეჭდური მედიის ინფორმაციის ძირითად წყაროდ საარჩევნო სუბიექტთა მიერ გამართული ბრიფინგები და პრეს-კონფერენციები დარჩა, ჭარბობდა ურთიერთბრალდებები და მასალების უმეტესობა სარკაზმითა და ცინიზმით იყო გაჟღენთილი. პრესის ყურადღების ცენტრში პირველ პოზიციაზე კულუარული ინფორმაცია და ოპონენტთა მიერ კონკურენტების შესახებ გავრცელებული ჭორები იდგა.

შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც აშკარად ემჩნეოდა ქართულ პრესას: წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო კვირამდე ადგილი ჰქონდა საარჩევნო სუბიექტთა პლატფორმებისამი სრულ უყურადღებობას.

ნაკლები ყურადღება ეთმობოდა საარჩევნო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს და იშვიათი იყო ამ ხარვეზების დასაბუთებულად გაანალიზების მცდელობა. თითქმის იგნორირებული იყო რეგიონებში არსებული ვითარება და, მით უმეტეს, ამ ვითარების ანალიზი.

პრესის ყურადღების ცენტრში პირველ პოზიციაზე იყო კულუარული ჭორები. ბუნებრივია, ამ თემატიკაზე გამოქვეყნებული მასალები მხოლოდ რესპონდენტთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე იყო აგებული.

საარჩევნო ადმინისტრირების სფეროში პრესა ყურადღებას მხოლოდ იმ თემებს უთმობდა, რომლებსაც საარჩევნო სუბიექტები ერთმანეთთან კამათის პროცესში, მოწინააღმდეგე მხარის უკომპრომისობის წარმოსაჩენად იყენებდნენ. შედეგად, სახეზე იყო ვარაუდებსა და სუბიექტთა შინაგან რწმენაზე აგებული, სუსტად არგუმენტირებული (ზოგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სრულიად უარგუმენტოც) მასალები, სადაც საუბარი მხოლოდ წინასაარჩევნო პროცედურებს ეხებოდა. ამ მასალებზე დაყრდნობით კი სტატიების უმეტესობა ქმნიდა წინასწარ ურყევ განწყობას, რომ ხელისუფლება არჩევნებს აუცილებლად გააყალბებდა. ეს უკვე ჟურნალისტიკა კი არა, შეუნიღბავი მანიპულაციაა.

რესპონდენტთა შეგრძნებებსა და შინაგან რწმენაზე დაყრდნობის გარდა, პრესაში მრავლად იყო მოვლენათა სიმბოლურობის აქცენტირების შემთხვევები. ბუნებრივია, ყველაზე ხშირად სიმბოლურობა რელიგიურ კონტექსტში გვხვდებოდა. რადგან ამ თემას შევეხეთ, აქვე უნდა ითქვას, რომ ბეჭდური პრესა, პრაქტიკულად, უდანაკარგოდ ატარებდა იმ რესპონდენტთა რადიკალიზმს, რომლებიც ამა თუ იმ მოვლენის შეფასების დროს თავშეკავებულობით არ გამოირჩეოდნენ. პოზიტივისა და ნეიტრალიტეტის მწვავე დეფიციტის პირობებში გამოვიდა, რომ ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებული მასალების აბსოლუტურმა უმეტესობამ საარჩევნო სუბიექტებს ოპონენტთა ლანძღვის ჟინი დააკმაყოფილებინა და, ნებსით თუ უნებლიედ, გამოცემები პრიმიტიული “შავი პიარის” უდანაკარგო გამტარებად აქცია.

უკიდურესი რადიკალიზმი ახასიათებდა ოპოზიციურად განწყობილი სუბიექტების გეგმებისა და მოლოდინების შესახებ მომზადებულ მასალებს: წინასაარჩევნო პერიოდში აგორებულმა სხვადასხვა სკანდალებმა რიტორიკა გაამძაფრა, რის გამოც ამ მასალების უმეტესობა საზოგადოებას მუდმივად დაძაბული გარემოს შეგრძნებას უქმნიდა და სისხლიანი სცენარის, არეულობების, ქაოსის მოლოდინის რეჟიმში ტოვებდა.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კი ბეჭდურმა მედიამ არჩევნების მიმართ ინტერესი საერთოდ დაკარგა და საინფორმაციო საბაბს სხვა მიმართულებით დაუწყო ძებნა, რაც ორმაგად სამწუხარო იყო: არჩევნების თემატიკისადმი გულგრილობით პრესა, ძალაუნებურად, პოლიტიკოსებს საზოგადოებით მანიპულირებაში უწყობდა ხელს. ეს მაშინ, როცა რეგიონებში საზოგადოებამ წესიერად არც კი იცოდა, ვის ირჩევდა და რა მნიშვნელობა ჰქონდა არჩევნებში აქტიურობას.

მასალათა საინფორმაციო საბაბი, უმეტეს შემთხვევაში, ამა თუ იმ პოლიტიკოსის მოსაზრებები იყო და არა კონკრეტული საქმე. გაზეთების უმეტესობა ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ კონკურენტები ერთმანეთს საქმის კეთებაში კი არა, საუბარში და, შესაბამისად, ერთმანეთის ლანძღვაში ეპაექრებოდნენ. არადა, უდავო ფაქტია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი პოლიტიკოსების საქმიანი აქტიურობისთვის ყველაზე შესაფერისი დროა. მედიის მხრიდან პოლიტიკოსთა მიერ ნაკეთები საქმისადმი მეტ ყურადღებას კი ამ საქმიანობის სტიმულირება არცთუ ურიგოდ შეუძლია ხოლმე.

ვითარება ცალკეულ გამოცემებში
ცალკეული გამოცემები სხვადასხვა კანდიდატს (კანდიდატებს) უთანაგრძნობდნენ. ეს გამოქვეყნებული მასალების შინაარსსა და ამა თუ იმ კანდიდატის დადებით/უარყოფით კონტექსტში მოხსენიებით გამოიხატა. ამასთან, თავად საარჩევნო სუბიექტების მიერ საკუთარი თავის წარმოსაჩენად შერჩეული იყო ოპონენტთა დაკნინების მეთოდიკა (ე.წ. “შავი პიარი”).

ბუნებრივია, გამოცემები იმეორებდნენ თავიანთ ფავორიტთა მეთოდს, რის შედეგადაც ვიღებდით საერთო სურათს, სადაც, ერთმანეთის ლანძღვისა და შეურაცხყოფის ფონზე, საღი ანალიზის მწვავე დეფიციტი იგრძნობოდა. კანდიდატთა მიმართ ლოიალობის თვალსაზრისით, სხვა გაზეთებთან შედარებით დაბალანსებული იყო “კვირის პალიტრა”.

ერთსა და იმავე ინფორმაციას სხვადასხვა გამოცემები სხვადასხვაგვარად აწვდიდნენ მკითხველს: მაგალითად, ერთი გამოცემის ავტორები ქმნიდნენ წინასწარ განწყობას, რომ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებს; სხვა გამოცემები კი ამ განწყობის ინვერსირებას ცდილობდნენ.

პუბლიკაციათა უმეტესობას ლაიტმოტივად გასდევდა რუსეთთან ლოიალობის თემა. ამასთან, რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულების შეფასებაში დისბალანსი იყო: თუ ერთი გამოცემა ამ ლოიალობას ნეგატიური პოზიციიდან განიხილავდა, სხვა გამოცემები პირიქით, საზოგადოების პოლიტიკურ დაკვეთად წარმოაჩენდა.

საარჩევნო თემებისადმი მიძღვნილ სტატიებში ეთიკურობით გამოირჩეოდნენ “კვირის პალიტრა” და “24 საათი”. კორექტული იყო “ქრონიკა”.

საარჩევნო თემატიკა, მასალების რაოდენობრივი თვალსაზრისით, საკმაოდ შთამბეჭდავად გააშუქეს “რეზონანსის” სპეციალურმა დამატებამ “რეგიონის არჩევანი” და “24 საათის” დამატებამ “რეგიონის დროით”: პირველმა მათგანმა წინ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხი წამოწია და რეგიონებში გამოვლენილი დარღვევების კონკრეტული ფაქტების თაობაზე გამოაქვეყნა მასალები, მეორემ კი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო მზადების პროცესზე გაამახვილა, მის მიერ გაწეული საქმიანობა გააშუქა და სახელისუფლო ფრთის სლოგანთან თავსებადი პოზიტიური აქცენტები დასვა.

თუმცა, ერთადერთი გაზეთი, რომელმაც საარჩევნო თემასა და რეგიონებს სათანადო ყურადღება დაუთმო, მაინც “რეზონანსი” იყო. სპეციალური საარჩევნო პროექტის – “რეგიონის არჩევანის” წყალობით, გაზეთმა არჩევნებთან დაკავშირებულ თემატიკაზე რაოდენობრივად მართლაც ყველაზე მეტი მასალა გამოაქვეყნა. ამასთან, “რეზონანსი” ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ყურადღება საარჩევნო პროცედურებზე, დარღვევებსა და კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო წყაროდ კვლავ ოპონენტთა ურთიერთბრალდებები დარჩა, “რეზონანსმა”, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო თემატიკისადმი მიძღვნილი მასალები კონკრეტიკით გაამდიდრა და ეს ურთიერთბრალდებები ციფრებითა და ზუსტი მონაცემებით გაამყარა. სამაგიეროდ, ამავე გაზეთმა, “პრაიმ-თაიმთან”, “ჯორჯიან თაიმსთან”, “ასავალ-დასავალთან”, “ალიასა” და “ახალ თაობასთან” ერთად, მონიტორების ყურადღება ნეგატივით დატვირთული სტატიების სიჭარბით დაიმსახურა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “რეგიონის არჩევანი”, როგორც გაზეთის სატიტულო გვერდიდან ჩანს, არასამთავრობო სექტორის ძალისხმევითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სპეციალურად საარჩევნო თემატიკის გასაშუქებლად გამოვიდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ გამოცემის სამიზნე თემატიკად სწორედ არჩევნები იქცა. ამასთან, იმ ფაქტმა, რომ დამატება “რეზონანსის” ბაზაზე გამოიცა, გააუმჯობესა თავად ძირითადი გაზეთის მიდგომა არჩევნების თემატიკისადმი და, შედეგად, “რეზონანსის” მიერ საარჩევნო თემატიკაზე მომზადებული მასალები მრავალფეროვნებითა და ინფორმაციულობით გამოარჩია.

სააარჩევნო პროცესების გაშუქებაში ასეთი ჩართულობა მისასალმებელია. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ეს, პრაქტიკულად, ერთადერთი გაზეთი აღმოჩნდა, რომელმაც ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მოვლენის მიმართ სათანადო დაინტერესება გამოიჩინა და ისიც, მიზნობრივი დაფინანსების შედეგად.

საარჩევნო პროცესის ოფიციალური მხარის გაშუქებისას ყველაზე ინფორმაციული “24 საათი” იყო. პოსტსაარჩევნო პერიოდში გაზეთმა საინტერესო ანალიტიკური მასალებიც გამოაქვეყნა.

ერთმანეთის საპირისპირო ტენდენცია გამოავლინეს “ალიამ” და “24 საათმა”: პირველი ადგილს საერთოდ არ უთმობდა პოზიტიურ წინასაარჩევნო მასალას, მეორე კი – ნეგატიურს. ამასთან, ორივე გაზეთში აშკარად იყო გამოკვეთილი კონკრეტული კანდიდატების მიმართ კონტრ- და პრო- პოზიციები.

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, ექსპერტებმა ყურადღება შემდეგ დეტალებზე გაამახვილეს:

ზვიად ქორიძე: “საქართველოში ჯანსაღი საარჩევნო გარემო იმიტომ კი არ არსებობს, რომ მხოლოდ რომელიმე მედიასაშუალება არღვევს ბალანსის პირობას, ან რომელიმე პარტიის საარჩევნო პროგრამას სათანადოდ არ აცნობენ საზოგადოებას, ან საარჩევნო რეკლამები არათანაბრად ნაწილდება. საქართველოში ჯანსაღი საარჩევნო გარემო არ არსებობს იმიტომ, რომ პოლიტიკური სუბიექტების უმრავლესობა და ჟურნალ-გაზეთების უმრავლესობაც გამოირჩევა ქსენოფობიით, რომლის ფონზეც ჯანსაღი საარჩევნო რეფლექსიები არ მუშაობს.

ქართული მედია არ ერიდება პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა ემოციური, მესიანისტური დასკვნებით სახიფათო თამაშს. ეროვნული ინტერესების დაცვის მოტივით, მედიაში აქტიურად მკვიდრდება სიძულვილის ენა, ანუ სტერეოტიპებით გაჯერებული მსჯელობა, რასაც საზოგადოებრივი განწყობის რეგულირება და მისი არასასურველი მიმართულებით წარმართვა შეუძლია. ჟურნალისტები ხშირად გაურბიან სიძულვილის ენას და ცდილობენ, რომ არც რესპონდენტებს მისცენ მისი განვითარების საშუალება. თუმცა, ეს მცდელობა ქართულ ბეჭდურ მედიაში ჯერჯერობით ნორმად ვერ ყალიბდება.

გაზეთები არ ერიდებიან მომავლის მოდელირებულ სცენარებს. ყველა სცენარი ფატალურია და იგი, უმთავრესად, სისხლისღვრას უკავშირდება. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ასეთი პათოსი არ შეუწყობს ხელს მოქალაქეთა ინფორმირებულობისა და, შესაბამისად, მათი აქტივობის ზრდას. იგი უფრო მეტად ზრდის აპათიას”.

ხათუნა ლაგაზიძე: “პრესის ანალიზმა კიდევ ერთხელ ცხადყო ის განწყობა, რომ 30 მაისს პოლიტიკური სპექტრიცა და საზოგადოებაც რეალურად ემზადებოდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის და არა ადგილობრივი არჩევნებისთვის. დამაფიქრებელი იყო საანალიზო პერიოდის პრესაში ხაზგასმით აქცენტირებული სისხლიანი სცენარის ალბათობის თემა. მოლოდინები დიდად გასცდა ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების არჩევნების დატვირთვას და მას ლამის ხელისუფლების ცვლილების, სულ მცირე, მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატის გამოვლენის ფუნქცია დაეკისრა.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს იმედი სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და თვალსაჩინო ხდებოდა, რომ ჩვენ რეალურად ვირჩევთ არც მეტი, არც ნაკლები, ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოებს, რომლის მიმართაც ინტერესი დაკარგა პოლიტიკური სპექტრის დიდმა ნაწილმა და მათ კვალდაკვალ პრესამაც. ეს დამოკიდებულება ზუსტად ასახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ზოგადად და კერძოდ, მათი არჩევნების მნიშვნელობის გაუცნობიერებლობას პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილის მიერ, რაშიც მათი წარუმატებელი პოლიტიკური კარიერის ერთ-ერთი მიზეზიც შეიძლება ვეძებოთ”.

ნანა დევდარიანი: “არც მედიას და არც პოლიტიკურ პარტიებს არა აქვთ შესისხლხორცებული სამართლებრივი მექანიზმებით უკანონობაზე რეაგირების ინსტინქტი. პრესა არ ინტერესდება წმინდა საარჩევნო ადმინისტრირების საკითხებით”.

ალექსანდრე რუსეცკი: “ხდება საინფორმაციო სივრცის დაბინძურება ისეთი გამონათქვამებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანს და მის გარემოს. პოლიტიკურ ოპონენტებზე დარტყმის მიყენების ერთ ერთი გამოცდილი ელემენტია მათი გენდერული ან სექსუალური დამცირება. ეს მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში შეიქმნას ოპონენტის უარყოფითი ისეთი ეროტიკული ან სექსუალური წარმოდგენა - „ხატი”, - რომელიც არ არის თავსებადი მოსახლეობის უმრავლესობის ფასეულობებთან”.

დასკვნა: საერთო ჯამში, წინასაარჩევნო ქართულ პრესაში საარჩევნო თემატიკაზე გამოქვეყნებული მასალების საერთო დონე სანდოობის თვალსაზრისით არადამაკმაყოფილებელი იყო, ინფორმაციულობის თვალსაზრისით – საშუალოდ დამაკმაყოფილებელი, მრავალფეროვნების თვალსაზრისით კი – საკმაოდ კარგი. აშკარად და დამაჯერებლად ჭარბობდა ნეგატიური სახის მასალები (ოპონენტთა შეურაცხყოფა და ბრალდებები), იშვიათი იყო პოზიტივი (საკუთარი საქმიანობის რეკლამირება ან სამომავლო გეგმები), ნეიტრალური მასალებიდან კი აბსოლუტურ უმრავლესობას სააგენტოების მიერ გავრცელებული მშრალი ინფორმაციები წარმოადგენდა. ყოველივე ეს, ბუნებრივია, საარჩევნო პროცესში ჩართული მედიის საქმიანობის დადებითი შეფასების საშუალებას არ იძლევა. სამაგიეროდ, პრესამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ადეკვატურობის მხრივ: ანუ ზუსტად ასახა წინასაარჩევნოდ ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში არსებული სურათი.

რეკომენდაციები
ცესკოს:
პრობლემატურ თემად რჩება ჟურნალისტების დაბალი პროფესიონალიზმი. მიუხედავად იმისა, რომ დონორებმა გასულ წლებში შთანბეჭდავი რაოდენობის ტრენინგები ატარეს, დღევანდელ პრესას ეს ნაკლებად ეტყობა. სავარაუდოდ, პრობლემა თაობის დაბერებაში და ჟურნალისტური კადრების ოფიციალურ სტრუქტურებში გადინებაშია. მაღალკვლიფიციური კადრების დეფიციტმა განაპირობა, რომ ტრენინგგავლილი ჟურნალისტები თანამდებობებზე წავიდნენ და მედიაში ვაკუუმი შეიქმნა. ამიტომაც დღევანდელი მედიის ახალი კადრების უმეტესობა მოუმზადებელი აღმოჩნდა ამ არჩევნებისთვის.
გამოსავალი: ჟურნალისტებსთვის პერმანენტული ფართომასშტაბიანი ტრენინგების ორგანიზება და მათი მაქსიმალური ჩართვა სხვა ქვეყნებში მიმდინარე არჩევნების გაშუქების პროცესში.

პარტიებს: პრობლემად რჩება ოპონირების პროცესის თანმდევი შეურაცხმყოფელი გამონათქვამების სიჭარბე, ამიტომ ურიგო არ იქნებოდა ოპონირების მეთოდიკის დაწმენდა ეპატაჟისგან. ეფექტური იქნებოდა პოლიტიკური ბრძოლისთვის საზოგადოების ეთიკურ მოთხოვნებთან თავსებადი ხერხების უფრო მეტად გამოყენებაც. იმ შემთხვევაში, როდესაც ოპონენტებს სწორად აქვთ იდენტიფიცირებული საზოგადოების მოთხოვნები, მეთოდი “ასე კი არა, სხვანაირად” შეიძლება ჩანაცვლდეს მეთოდით: “ასე, მაგრამ უკეთესად”. პრობლემური თემაა პოლიტიკური პლატფორმებისა და პროგრამების ბუნდოვანებაც.
გამოსავალი: მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს საკუთარი პლატფორმებისა და პროგრამების შემუშავებას, დახვეწას და ამ ინფორმაციის საზოგადოებამდე მისატანად საჭირო ფორმების შერჩევას.

მედიას: რაც არ უნდა მოყირჭებული ჩანდეს საარჩევნო თემატიკა, ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებას მუდმივად ესაჭიროება იმ ელემენტარული ინფორმაციის მიწოდება, რომელზე დაყრდნობითაც თავად განსაზღვრავს, რამდენად მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებში მისი ჩართულობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საკითხია ობიექტურობის დაცვაც. საჭიროა სიფრთხილე, რათა მედია ძალაუნებურად საეჭვო კომპეტენტურობის მქონე ძალების ხელში სამანიპულაციო ინსტრუმენტად არ იქცეს.
გამოსავალი: მეტი დრო და ყურადღება დაეთმოს პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიწოდებული მასალების გადამოწმებას; მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ჟურნალისტურ ეთიკას და, რასაკვირველია, პროფესიონალიზმს. აუცილებელია ანალიტიკური ჩვევების გამომუშავებაზე მეტი ყურადღების გამახვილებაც.