რატომ შეარქვა ჭყონდიდის მიტროპოლიტს „დონ პეტრე“ და რა ინფორმაცია მიაწოდა მეუფის შესახებ „ვერსიას“ კახა მიქაიამ
28 თებერვალს პროკურატურამ მარტვილის ეპისკოპოსი პეტრე ცაავა ,,ციანიდის საქმეზე'' დაკითხა. მეუფე პეტრე ერთ-ერთია, ვინც საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებას ფარდა ახადა და ,,ჩრდილოვან მმართველობაზე'' ღიად ისაუბრა. პარალელურად, არაერთგვაროვანი ინფორმაცია გავრცელდა თავად მარტვილის ეპისკოპოსსა და მის გავლენებზე სამეგრელოში. ,,ვერსია'' შეეცადა გაერკვია, რა ავტორიტეტით სარგებლობს სამეგრელოში მეუფე პეტრე. ინფორმაციის მისაღებად ზუგდიდის საკრებულოს ყოფილ დეპუტატსა და ორგანიზაცია ,,დაიცავი საქართველოს'' ლიდერს, კახა მიქაიას დავუკავშირდით, რომელმაც ზოგადად, ეკლესიაში მიმდინარე პროცესიც შეაფასა.
- საპატრიარქოში მიმდინარე პროცესი არახალია. კარგი იქნებოდა, საზოგადოებას არ ენახა, მაგრამ ხალხს აქვს უფლება, ყველაფერი იცოდეს. რაც მეტი დავმალეთ, არ ვილაპარაკეთ და მორალური ღირებულებების გამო თავი შევიკავეთ, უარესი მოხდა. ჭირმა თავი იჩინა. პატრიარქი ჩვენი სულიერი მამაა, მისი დამსახურებაა, რომ ეკლესია ერთიანია და არ დაიშალა. ეს არავინ დაიბრალოს. ძალიან კარგად ვიცი, შიგნით როგორი დაპირისპირება იყო, რა უნდოდა მიხეილ სააკაშვილს. ისიც ვიცი, ედუარდ შევარდნაძის დამოკიდებულება ილია მეორისადმი ვითომ კარგი რომ იყო. არასდროს დამავიწყდება შევარდნაძის წინაშე ირინა სარიშვილის ,,ბრძანებით'' რუსთაველზე დაჩოქილი თბილისი და საქართველო, ამ დროს ილია მეორე ედუარდ შევარდნაძის გვერდით იდგა, ეს ჩემთვის შოკი იყო, თუმცა დღეს ამაზე საუბარი ზედმეტია. მე ვიყავი და ვარ ზვიად გამსახურდიას იდეების მომხრე, მაგრამ ე.წ. ზვიადისტურ მხარეს იმიტომ დავუპირისპირდი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი პატრიარქის შეურაცხმყოფელი პლაკატებით მიტინგებზე სირბილის. მახსოვს პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ პუტჩი და ქაშვეთის გუმბათიდან მთავრობის სახლის მიმართულებით აკაკანებული ტყვიამფრქვევი ,,მაქსიმკა''.
- იმის თქმა გსურთ, რომ პატრიარქმა მაშინ ამ პროცესს ხელი არ შეუშალა?
- მის თვალწინ ხდებოდა ყველაფერი. მინდა ვივარაუდო, რომ პატრიარქი უძლური იყო. ეს ყველაფერი მახსოვს და მტკივა, ბევრი რამის თქმისგან თავს შევიკავებ... ეს არის ცოდვა, რომელიც ჩვენს თავს ტრიალებს და ამის გამოძახილია დღევანდელი პროცესები.
- ანუ, ეკლესია ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პოლიტიკურ პროცესებში?
- ქართულ პოლიტიკაში ეკლესიის გამოყენება არახალია. ზვიადი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა ეკლესია, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყო. ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის ოცნება კი, პირდაპირ ვიტყვი, პატრიარქის დისკრედიტაცია და ქართული ეკლესიის დაშლა იყო, მაგრამ სააკაშვილმა ვერ გაბედა, ეს ყველაფერი გარეთ გამოეტანა და ასე აშკარად დაეწყო ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ. დღეს კი რა ხდება?! რა ამბავია ჩვენს თავს?! მღვდლები რატომ საუბრობენ ერთმანეთთან ასეთი ჟესტიკულაციით, ტერმინოლოგიით, ტემბრით?! ზოგჯერ მეშინია საკუთარ დედაზე არ შეიგინონ, ეს დიდი სირცხვილია.
- გამოდის, მიხეილ სააკაშვილს ამას ვერ უბედავდნენ?
- მიშას დროს პატრიარქმა შეძლო ამ პროცესის შეჩერება და ისიც ვერ შეეწინააღმდეგა. ამ ხელისუფლების პირობებში კი ყველაფერი ამოტივტივდა, რა ტივტივებს, იმაზე საუბარი არ მინდა!
- ანუ ხელისუფლება...
- ბრიყვია. უბედურებაა, რომ ბოკერია და პეტრე ცაავა უფრო რესპექტაბელურად გამოიყურებიან, პატრიარქის და მართლმადიდებლობის დამცველად მოგვევლინნენ და ხელისუფლება თავისმართლების რეჟიმშია.
- პეტრე ცაავა ახსენეთ, კარგად იცით სამეგრელოში მიმდინარე პროცესები. ვინ არის სინამდვილეში მეუფე პეტრე?
- პირველად მე ვუწოდე მას ,,დონ პეტრე''. ვიცი, ასე არ უნდა მოვიქცე, მაგრამ სამეგრელოში პეტრე ცაავას როლმა მიხეილ სააკაშვილისა და როლანდ ახალაიას რეჟიმის გაძლიერებაში ეს გამაბედინა. იძულებული გავხდი, ეს მეთქვა. რთულია სასულიერო პირებზე ასე საუბარი, მაგრამ ისინი არ უნდა გვაძლევდნენ ამის თქმის საბაბს. პეტრე ცაავა ახალაიებსა და ქარდავას გვერდში ედგა ყველა საქმეში და დამარცხებულ ნაციონალურ მოძრაობას სალხინოში იფარავდა, პოლიტიკური მოსაზრების გამო ბერებს ეკლესიიდან ყრიდა. მიშისტი მეუფეა, ეს როგორ ჟღერს?! ეს სამეგრელოში ყველამ იცის!
- მეუფე პეტრე დღესაც ნაციონალების მხრდამჭერია?
- პეტრე ცაავა ინარჩუნებს გავლენას მარტვილისა და აბაშის ეპარქიაში. სამწუხაროდ, იმხელა ავტორიტეტი აქვს, ,,ქოცები'' გადაპორტირდნენ მასთან და მის გარეშე მარტვილში არჩევნები ვერ ტარდება. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზეც პეტრე იყო მთავარი მოქმედი პირი.
- ანუ სამეგრელოს დეპუტატმა ოთარ დანელიამ მეუფის სურვილით გაიმარჯვა?
- მასზე თანხმობა განაცხადა პეტრემ, რადგან თვითონ სამღვდელოება და ხელისუფლება არ ერიდება საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე საუბარს, მაშინ ვილაპარაკოთ! - დღეს კომიკური სიტუაციაა, პეტრე და ნაციონალები ხელისუფლებას ასწავლიან, როგორ დაიცვას პატრიარქი და ამას ,,რუსთავი 2'' აფიშირებს. ეს ხელისუფლების სირცხვილია! ლაზარედან მახსენდება ფრაზა: ,,მამაო ენუქ, შენი ღმერთი სასაცილოა!'' - ახლა უკვე ასეა.
- ანუ, ამ პროცესის მიზანი ხალხისრწმენის შერყევა იყო?
- მამა გაბრიელის საფლავთან მთელი საქართველო მივიდა. რწმენას ვერავინ შეგვირყევს. უბრალოდ, ამის მცდელობა იყო.
- კონკრეტულად ვისგან?
- ,,ოცნებისა'' და ნაციონალებისგან.
- მხოლოდ მათგან, თუ პროცესში გარეძალაც, მაგალითად რუსეთიც იყო ჩართული?
- რუსეთის იმპერიის ქმედებები საქართველოში არახალია. რაც უფრო დასუსტებული და არეულია საქართველო, მით უკეთესი რუსეთისთვის. მაგრამ ყველაფერი რუსეთს არ უნდა დავაბრალოთ. თუ ამ პროცესს წერტილი არ დაესვა, უბედურება გველის! შეიძლება, რუკაზე ტერიტორია შემოხაზული გვქონდეს, მაგრამ სახელმწიფო არ ვიყოთ.
- ვინ როგორ უნდა დაუსვას ამ ყველაფერს წერტილი?
- პატრიარქმა. მაგრამ ვკითხულობ, შესწევს კი ძალა ილია მეორეს ახლა, ეს შეძლოს? - არ ვიცი. საზოგადოებაშიც არ მეგულება ამის შემძლე და მსურველი ადამიანი ან ჯგუფი. ხელისუფლება ამას არ და ვერ შეძლებს.
- ბატონო კახა, მეუფე პეტრეს სამეგრელოში მართლა აქვს ბიზნესი და ქონება?
- აქვს, პროკურატურის როლს ვერ ვიკისრებ, მაგრამ პეტრეს გავლენა სამეგრელოში ყველასთვისაა ცნობილი. ნაციონალების დროსაც და ახლაც, თუმცა ვერ შევალ ამ სიღრმეებში.
- შესაძლებელია, მეუფე პეტრეს ახალაიები რაიმე კომპრომატით აშანტაჟებდნენ?
- ახლა ხდება ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა.
- ე.ი ყველა თავისთვის იბრძვის?
- ასე რომ არ იყოს, ვინმე ხომ იტყოდა - გავჩერდეთ, ბიჭებო სირცხვილიაო?!
- ამ თემის ,,გაშიშვლება'' დემოკრატიული პროცესია?
- სადავეები უკვე მიშვებულია. დემოკრატიის სახელით ებრძვიან ეკლესიას, ერთმანეთს, ანგრევენ ქართული სახელმწიფოს საფუძველს. ეკლესიას პრობლემები შიგნით უნდა მოეგვარებინა, მაგრამ პატრიარქის ტახტისთვის ილია მეორის წინააღმდეგ ბრძოლამ აქამდე მიგვიყვანა.
- როგორ ფიქრობთ, მეუფე პეტრეც იბრძვის პატრიარქობისთვის?
- რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. ღმერთმა არ ქნას, გაიმარჯვოს. ამ ბრძოლამ ეს ყველაფერი გარეთ გამოიტანა. დემოკრატიის სახელით ზოგჯერ ნაძირლებიც სარგებლობენ და ხელისუფლებაში მოდიან.
- მეუფე პეტრეს პირადად იცნობთ?
- არა, მასთან შეხვედრას თავი ავარიდე, რადგან მისი სურვილიც არ იყო. სააკაშვილსაც არ შევხვედრილვარ, მაგრამ რასაც ვამბობდი, ყველაფერი მართალი აღმოჩნდა. როდესაც როლანდ ახალაიას პატრიარქმა ღირსების ორდენი გადასცა, ვთქვი, პატრიარქისთვის ყველა ღვთისშვილია-მეთქი. ეს ალბათ მცდელობა იყო, შემოებრუნებინა ახალაია. პატრიარქმა ნაციონალებისგან შევარდნები, ყვირილი მოითმინა, ამიტომ მწყინს, რომ ეს ყველაფერი ნაციონალების კი არა, იმ ხელისუფლების დროს მოხდა, რომელსაც მხარს ვუჭერდი.
- ,,ოცნება'' ,,რბილი'' ხელისუფლება გამოდგა?
- არა, ბრიყვი! არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი ხელისუფლებაა. მაგრამ ხუთჯერ ბრიყვიც რომ იყოს, ნაციონალებს მაინც აჯობებს.
- მიგაჩნიათ, რომ ,,ციანიდის სკანდალის'' აგორება რაიმეს გადასაფარად მოხდა?
- შეიძლება, მაგრამ
საზოგადოება, მომავალი თაობა რომ ამ ყველაფერს უყურებს, შემაძრწუნებელია. ეს ვინმემ უნდა დაამთავროს. რაც დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდში თავს გადაგვხდა, ისაა სათავე ჩვენი უბედურებისა. გადატრიალების ცოდვამ თავი ახლა იჩინა! არანორმალური კი ისაა, რომ პატრიარქის ავადმყოფობა გამოიყენეს პატრიარქობისთვის ბრძოლისთვის. ილია მეორემ სასწაული ძალით შეაჩერა რუსეთის, შევარდნაძის, ნაციონალების ზეწოლა. თავად ეკლესია უნდა იყოს ძლიერი და ჩვენ უნდა ვიყოთ რწმენაში ძლიერი, რომ ასეთი რამ არ ხდებოდეს. ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს კომპეტენტურმა, მიუკერძოებელმა სასამართლომ, მაგრამ სასამართლო დღეს ასეთია?
- ისე, სასამართლო 2 მარტს ,,რუსთავი 2''-ის ბედს გადაწყვეტს...
- მე მხოლოდ ნეგატიურად წარმომაჩენს ეს ტელევიზია. არ მიმაჩნია ის თავისუფლების სიმბოლოდ, მაგრამ ,,რუსთავი 2'' უნდა არსებობდეს ამ სარედაქციო პოლიტიკით, რათა საზოგადოებამ დაინახოს, როგორი არ უნდა იყოს ტელევიზია.