«აგვისტოს 5 დღის» პრემიერაზე ქართველი კინომცოდნეები არ მიიწვიეს

«აგვისტოს 5 დღის» პრემიერაზე ქართველი კინომცოდნეები არ მიიწვიეს

«ყველაფერი ძალიან სასაცილოა. სასცილოა, ის რომ ფილმის პრემიერის გამო, როგორი ღირსშესანიშნავიც არ უნდა იყოს, იკეტება ქალაქის მთავარი ქუჩა, არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ესწრებოდა ამ პრემიერას. არსად ასეთი რამე არ ხდება,» - აცხადებს კინომცოდნე არჩილ შუბაშვილი «აგვისტოს 5 დღის» პრემიერასთან დაკავშირებით.

როგორ აფასებთ ფილმ «აგვისტოს 5 დღეს» და იმ ფორმებს რა ფორმითაც ფილმის პრემიერა შედგა?

- ამ პროცესის მხოლოდ ტელევიზიით ვადევნებდი თვალს, რადგან არავითარი პროფესიული შეხება არ მქონდა ამ ღონისძიებასთან. ის, რაც ტელევიზიით ვნახე, უფრო სახელმწიფო დონეზე მომზადებულ იდეოლოგიზირებული პიარაქციის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე ფილმის პრემიერისას. აქ ნაკლებად იყო ყურადღება მიქცეული როგორც მაყურებლის, ასევე ხელისუფლების მხრიდან ფილმის მხატვრულ ღირსებებზე. სიმართლე გითხრათ, ვერაფერს გეტყვით, რადგან ისიც არ ვიცი წესიერად, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე ფილმმა, რადგან პრემიერაზე არც ერთი ჩემი ნაცნობი პროფესიონალი არ ყოფილა მიწვეული. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ელიტური საზოგადოების, თუ რა ვიცი რა საზოგადოება დავარქვა, მათი შეფასებებით შეიძლება ვიმსჯელო.

ყველაფერი ძალიან სასცილოა. სასაცილოა, ის რომ ფილმის პრემიერის გამო, როგორი ღირსშესანიშნავიც არ უნდა იყოს, იკეტება ქალაქის მთავარი ქუჩა, არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ესწრებოდა ამ პრემიერას. არსად ასეთი რამე არ ხდება, პირიქით სხვა ქვეყნებში წესრიგის დაცვის გარკვეული პირობაა, რომ მაქსიმალური შესაძლებლობა მიეცეს ხალხს დაინახონ მასხიობი, მიესალმონ და გარკვეული კომუნიკაცია დაამყარონ მასთან. ასეთი იზოლირებული და საგანგებო წესების შემოღება სხვაგან არ მინახავს, მითუმეტს ისეთი, რომ ქალაქის მთავარი არტერია გადაიკეტოს, ამგვარი რამე არსად არ ხდება.

ძალიან კარგია, რომ ჩამოვიდა შერონ სტოუნი, ენდი გარსია... რაც უფრო მეტი ჩამოვა მით უკეთესი, მაგრამ აქედან დღის და კვირის მთავარი ამბის შექმნა და ამის მთავარ მოვლენად გადაქცევა არასწორია. აქ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს ფილმი ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ მოვლენებს ეხებოდა, მაგრამ, პირველ რიგში, რასაც არ უნდა ეხებოდეს ფილმი, მისი შეფასება ხდება მხატვრული ღირსების მიხედვით, რაც ვერავის მხრიდან ვერ მოვისმინე. საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ ფილმი არის ძალიან ემოციური, რომ ძალიან დამთრგუნველია, რომ იმ მოვლენების გახსენება, რომელსაც 2008 წელის აგვისტოში ჰქონდა ადგილი ემოციების გარეშე ვერ ახერხებენ ა.შ.

ყველაფერი ემოციურია, მაგრამ სად არის ფილმის მხატვრული ღირებულება - არ ვიცი, ამაზე არავინ საუბრობს. ამის შესახებ არც კომპეტენტური და არც არაკომპეტენტური აზრი არ მომისმენია.

რატომ არ მიიწვიეს ქართველი კინომცოდნეები ფილმის პრემიერაზე?

- კინომცოდნეები არავის არ გახსენებია, ეს მოვლენა კინომცოდნის დონეზე არ იყო გათვალისწინებული. ჩვენი აზრი, და საერთოდ ფილმის მხატვრული ღირებულება, ყველაზე ნაკლებად აინტერესებდათ. აპიარებდნენ იმას, რომ ამერიკელებმა გააკეთეს ფილმი ქართული ტრაგედიის შესახებ, მაგრამ როგორია ეს ფილმი? ჩვენ ხომ უნდა მოგვეწონოს, არა? ჩვენი ბედკრული ქვეყნის კიდევ ერთი საშინელი ფურცელი როგორ გადაიღეს, არ უნდა ვიცოდეთ? ცოტა ეჭვი მეპარება, გამომდინარე იქედან, რომ ამ ხსნის განმავლობაში არცერთ სერიოზულ ან არასერიოზულ პირს ფილმის შესახებ აზრი არ გამოუთქვამს, საუბარი იყო მხოლოდ ფაქტზე და არა იმაზე, როგორია თავად ფილმი. ამიტომ, ეჭვი მეპარება, რომ ეს ფილმი რაღაც ღირებულს წარმოადგენდეს. ამას დავამატებდი კიდევ ერთ გარემოებას, რომ არც ერთ დიდი ფესტივალს ეს ფილმი არ უჩვენებია.

ნაციონალურ არხებზე ამბობდნენ, რომ კანის კინოფესტივალზე მოხდა ჩვენება, თუმცა მერე გავრცელდა ცნობა, თითქოს ჩვენება მხოლოდ ბაზრობაზე გაიმართა. თქვენ კანში იყავით და იქნებ უფრო ზუსტად გვითხრათ, სად აჩვენეს ეს ფილმი?

- დიახ, აჩვენეს მხოლოდ ბაზრობაზე, სადაც ნებისმიერი ფილმის ჩვენება შეგიძლია თუ ფულს გადაიხდი. ეს ფილმი არც ერთ პროგრამაში, არც ძირითადში და არც დამატებითში, არ იყო შეტანილი. კანის ორგანიზატორების მიერ შერჩეული ფილმი ეს არავითარ შემთხვევაში არ არის და ამისი თქმა ტყუილია. თავისი სახელი უნდა დავარქვათ ყველაფერს. ძალიან კარგია, რომ გაკეთდა ფილმი ამ თემაზე, კარგია, რომ ჩამოვიდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ყოველთვის გვინდა, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს, მაგრამ გამოდის როგორც ყოველთვის, ანუ ცუდად. მხოლოდ ემოციებზე გათვლილი ნაწარმოები არავიზე გავლენას არ მოახდენს - ემოციის დონეზე დღეს არავინ არაფერს არ აფასებს.

რაც შეეხება თავად ფილმის რეჟისორს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მისი ფილმები არ ყოფილა არასდროს რაიმე პრიზზე წარდგენილი, გარდა «ჟოლოსი», რითაც წლის ყველაზე ცუდ ფილმებს აჯილდოებენ. თუმცა გარკვეული კომერციული წარმატებებიც ჰქონია. რენი ჰარლინზე, როგორც რეჟისორზე, რას იტყვით?

- ჰარლინი არ არის ჰოლივუდის რეჟისორების პირველ ეშელონში და არც მეორე ეშელონში. ეს საიდუმლო არ არის და ამას ვერ დამალავ, ფაქტი ფაქტად რჩება. ესეც ჩემში დიდი პროტესტს არ იწვევს, შეიძლება არც თუ ისე ცნობილმა და კარგმა რეჟისორმა გადაიღოს კარგი ფილმი, არ არის ეს გასაკვირი. ჩვენი საუბარი უფრო საგნობრივი იქნებოდა, რომ მქონდეს ფილმი ნანახი.

რაც შეეხება შერონ სტოუნს, ცნობილია, რომ ის საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა, ასევე საუბარი იყო, რომ მას საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადეს იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოსულიყო, თქვენ რა ინფორმცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

- კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როგორც წესი ნებისმიერი ვარსკვლავის გადაადგილება და ჩასვლა რომელიმე ქვეყანაში დაკავშირებულია თანხებთან. აგენტის საშუალებით, რომელიც ყველა ვარსკვლვს ჰყავს, ამ საკითხის მოგვარება რთული არ არის. ფულის გადახდაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ, რადგან ეს მიღებული პრაქტიკაა. აქვე ავღნიშნავ, რომ ასეთ ვიზიტებს თანხმდებიან ისეთი ვრასკვლავები, რომლებზეც არც თუ ისე დიდი მოთხოვნაა, რომლებიც მაინცდამაინც დაკავებულები არ არიან. ვინც დაკავებულია, მან შეიძლება საერთოდ ვერ გამონახოს 2-3 დღე იმისთვის, რომ რომელიმე ქვეყანში ჩავიდეს ასეთი ვიზიტით. რაც შეეხება რუსეთიდან ჩამოსვლას, შესაძლოა ის მოქმედებდა როგორიც კეთილი ნების ელჩი და ეს ჩვენმა საინფორმაციებმა სართოდ არ გააშუქეს. კარგი იქნება თუ ამაზე ისაუბრებდნენ. რაც შეეხება თანხას, ამას ვერასოდეს გავიგებთ, რადგან კონფიდენციალური საკითხია.

მთელ ამ პროცესში არ მაქვს მიღებული მონაწილეობა, ჩემი საუბარი არის მხოლოდ ტელევიზით ნანახი შთაბეჭდილებები. თავად უნდა ეცადონ ხოლმე ასეთ დროს ორგანიზატორები, რომ პროფესიონალები იყვნენ მიწევული ჩვენებაზე, რომ უფრო კომპეტენტური აზრი გამოითქვას, რომ პროცესი იყო ბუნებრივი და ცოცხალი და არა ხელოვნური და იმისთვის გათვალისწინებული, რომ ამ პიარმა გადაფაროს ფილმის ღირებულება და მნიშვნელობა.»

რადიო «თავისუფლების» ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე ამბობს, რომ ფილმის პრემიერის დროს ხელისუფლების წარმომადგენლებს მეტისმეტი მოუვიდათ.

«ის, რომ სამი დღის განმავლობაში მეტი არაფერი არ უჩვენებინათ ქართულ არხებს, ცოტა მეტისმეტი იყო. შერონ სტოუნი მართლაც დიდი ვარსკვლავია, მაგრამ ის არ არის ქალღმერთი, რომ 3 დღის განმავლობაში ქართული საზოგადოების ყურადღებას იპყრობდეს. მოდი, შემეხე, შერონ - ეს დამოკიდებულება ძალიან არასწორი მგონია. უზომოდ მოხდა ის, რაც მოხდა, ზომიერების ფარგლებში ყველაფერი მისაღებია. ეს აჟიოტაჟი ყალბად მიმაჩნია. ისე გამოიყვანეს, რომ დღეს შერონ სტოუნის ვიზიტი ყველაფერია ქართველი ერისთვის. ასეთი ამბავი ბუშის ვიზიტს არ მოჰყოლია.»