ეკონომიკური ზრდის პირველი თვის მაჩვენებელმა ყველა კმაყოფილი დატოვა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მშპ-ს ზრდამ 2017 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 5,2% შეადგინა.
ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და მხოლოდ 2014 წლის იანვარის მაჩვენებელს (7,8%) ჩამორჩება.
„თუ ეკონომიკურ ზრდას დარგობრივ ჭრილში შევხედავთ, ზრდა დაფიქსირდა ისეთ სექტორებში, როგორიც არის მეტალურგია, საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოება, ქიმიური მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები და ა.შ. როგორც ვიცით, 2017 წლის იანვარში ასევე ძალიან დიდი მატება იყო ექსპორტში, რაც საგარეო არხებით დადებითად გადაეცემა საქართველოს ეკონომიკას და ესეც ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.
მისით ქმით, ცალკე აღნიშვნის ღირსია ის შიდა ფაქტორები, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ ეკონომიკურ ზრდაზე. კერძოდ, გაზრდილია სახელმწიფოს კაპიტალური დანახარჯები, რაც დაკავშირებულია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში დაჩქარებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან. „რეგიონშიც უკვე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, რაც იმედის საფუძველს იძლევა“, - აღნიშნა ჯავახაძემ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი კი ამბობს, რომ წლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-იანი ნამდვილად იქნება.
„ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი, როგორც მთავრობის, ისე ფინანსთა სამინისტროსი, არის ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარება. ეს მიზანი იყო ასახული, როგორც მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში. სწორედ იმ სწორმა გადაწყვეტილებებმა, ზოგადად ეკონომიკურ პოლიტიკასა და საგადასახდო პოლიტიკაში განაპირობა მნიშვნელოვანი საფუძვლის შექმნა სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის“, - განაცხადა ყავლაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა დაწმუნებულია, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის აზრით, იანვრის მაჩვენებელი ადასტურებს, რომ დაგეგმილი ბიუჯეტი, რომელიც 4%-იან ზრდაზეა გათვალისწინებული, სწორია.
„საბიუჯეტო სფეროში კარგი სიტუაცია გვაქვს. საგადასახადო შემოსავლები 26%-ით მეტია, ვიდრე 2016 წლის იანვარში იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი 2017 წლის ბიუჯეტი და 4%-იანი ზრდა რეალურია. 2017 წლის იანვრის მაჩვენებელი ადასტურებს, რომ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც ეკონომიკურ, განათლების, ჯანმრთელობისა და სივრცითი მოწყობის რეფორმებს ითვალისწინებს, ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად რეალურია და სწორად არის დაგეგმილი. საქონლის ექსპორტი, შარშადელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 44%-ით არის გაზრდილი. ზრდა არის ფულად გზავნილებზე და ტურიზმის მიმართულებითაც“, - აღნიშნავს კოვზანაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს დიდი იმედი აქვს, რომ რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და ამას ხელს ის მსხვილი პროექტები შეუწყობს, რომელთა განხორციელებაც გაზაფხულზე დაიწყება.
„მოველით, რომ ტენდენცია შენარჩუნდება და ეკონომიკური განვითარების ტემპები არ შენელდება. ამისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი. ის დიდი მასშტაბის პროექტები, რომელთა განხორციელება უკვე გაზაფხულიდან დაიწყება, ხელს შეუწყობს ამ ტენდენციების კიდევ უფრო გაუმჯობესებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის ასეთი ტენდენცია მნიშვნელოვანი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში მსხვილი ინვესტიციების განსახორციელებლად.
„ცალსახად უნდა ითქვას, რომ ამ მონაცემებს აკვირდებიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ის ორგანიზაციები და ქვეყნები, რომლებიც ინვესტიციების განხორციელებით არიან დაინტერესებულნი. ბუნებრივია, მათთვის ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ საქართველო არის ძალიან ხელსაყრელი, საიმედო და სტაბილური ქვეყანა ინვესტიციების განსახორციელებლად“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
ეკონომისტები პოლიტიკოსებთან შედარებით გაიცლებით ფრთხილად აანალიზებენ მშპ-ს მაჩვენებელს. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის შეფასებით იანვარმა არ უნდა მოგვატყუოს, მაგრამ არის რამდენიმე დადებითი კომპონენტი, რომელიც ადრე თუ გვიან იმუშავებს. იგი იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი განაპირობა და აღნიშნავს, რომ გალარების პროგრამას ეკონომიკური ზრდის მონაცემებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
„გადახალისებული იყო მიდგომა მონეტარული პოლიტიკისა და საერთო სახელმწიფო ხარჯების მიმართ. გალარების პროცესს არანაირი კავშირი არ ჰქონდა. უფრო მნიშვნელოვანი, რამაც გავლენა იქონია, იყო რეფინანსირების განაკვეთის ზრდა. შემცირდა რეფინანსირების მოცულობა, შესაბამისად, შემცირდა ლარი მიმოქცევაში. კურსი შედარებით დასტაბილურდა და ეროვნული ვალუტა მკვეთრად გამყარდა. ამასთან, მთავრობამ გარკვეულწილად ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების პოლიტიკაც დაიწყო. მოგების გადასახადის რეფორმაც არაა გამოსაკლები, რომელმაც ბიზნესს უკეთესი პირობები შეუქმნა“, - განუცხადა „ბიპიენს“ შეშელიძემ.
თუმცა, ექსპერტის შეფასებით, იანვარმა არ უნდა მოგვატყუოს, რადგან ადამიანები ამ თვეში ყოველთვის ბევრს ხარჯავენ, ბევრ შენაძენს აკეთებენ და შეიძლება ესეც იყოს მიზეზი. თუკი მთავრობა აღნიშნულ პოლიტიკას გააგრძელებს, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება.