როგორ გაითხარა გია თორთლაძემ საკუთარი ხელით სამარე და როდის დაიწყება მასობრივი დაჭერების ახალი ტალღა

როგორ გაითხარა გია თორთლაძემ საკუთარი ხელით სამარე და როდის დაიწყება მასობრივი დაჭერების ახალი ტალღა

საქართველომ დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილე სისხლით აღნიშნა. 26 მაისის დარბევას კი, «აგენტების თემის» გააქტიურება მოჰყვა. საერთოდ, მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან, ანუ დამოუკდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ბრალს კრემლისა და სუკ-ის აგენტობაში სდებს... «ნაციონალები» «აგენტებზე ნადირობას» «თავისუფლების ქარტიით» აპირებენ, რომელიც ლუსტრაციის კანონსა და «პატრიოტულ აქტს» აერთიანებს...

ცნობისათვის: „თავისუფლების ქარტია“, რომელიც დეპუტატ გია თორთლაძის აზროვნების «შედევრია», საბჭოთა წარსულის აკრძალვასა და კანონგარეშედ გამოცხადებასაც გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა სიმბოლიკისა და კომუნისტური იდეოლოგიის ნიშნების გამოყენებისთვის ადამიანებს «გააციმბირებენ»...

გია თორთლაძემ „ლუსტრაციის კანონის“პარლამენტში ინიცირება 2009 წლის 1 სექტემბერს მოახდინა. ნიშანდობლივია, რომ თითქმის ანალოგიური კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 2007 წელს კახა კუკავამაც შეიტანა, მაგრამ დეპუტატებმა კუკავას ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს და განაცხადეს, დღეს ლუსტრაციის საჭიროება არ არსებობსო... თორთლაძისეული „ლუსტრაციის კანონი“ სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობაზე იმ პირთა შეზღუდვებს ითვალისწინებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს უშიშროების სამსახურში მუშაობდნენ. შეზღუდვა, ასევე, ეხებათ კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის ჩინოსნებს.

„თავისუფლების ქარტია“ სპეციალური კომისიის შექმნასაც ითვალისწინებს, რომელიც ყოფილი სსრკ-ის სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშომლებისა და კანონპროექტით დადგენილი თანამდებობის პირების რეესტრს აწარმოებს. კანონის მიხედვით, პირთა სიები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუკი ისინი კომისიასთან არ ითანამშრომლებენ და არ აღიარებენ საკუთარ საქმიანობას.

გია თორთლაძის თქმით, ლუსტრაციის კანონი ეხება მხოლოდ საბჭოთა კავშირის უშიშროების საბჭოში მომუშავე პირებს და არა - სხვა ქვეყნის აგენტებს. მისივე თქმით, შეზღუდვები შეეხებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ თანამშრომლობდნენ კა-გე-ბე-სთან. კანონით, მამის «ნაჭამი ტყემლის გამო», პასუხი შვილს არ მოეთხოვება, ანუ აგენტთა შთამომავლების მასობრივი რეპრესები არ დაიწყება?!

«ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც პროფესიონალ სახელმწიფო გადამტრიალებლებად ჩამოყალიბდნენ. ამიტომ დროა, ყველას და ყველაფერს შეფასება მიეცეს და თავისი სახელი დაერქვას... არანაირ პოლიტიკურ რეფორმებსა და ცვლილებებს აზრი არ ექნება, თუკი ქვეყანა ლუსტრაციის კანონს არ მიიღებს», - ამბობს გია თორთლაძე. სხვათა შორის, პოლიტიკურ წრეებში ითვლება, რომ თორთლაძე «ნაცების» აპეკუნი ოპოზიციონერია. ისე, ბატონი თორთლაძე შესაძლოა, იმ მავრსაც შევადაროთ, რომელმაც საქმე გააკეთა და ჩრდილში უნდა გადავიდეს. ამის თქმის საფუძველს კი, სხვა თუ არაფერი, «აგვისტოს 5 დღის» პრემიერაზე მომხდარი ერთი ინცინდენტიც მოწმობს - «ნაცებმა» პატივცემული თორთლაძე პრემიერაზე არ დაპატიჟეს და ამის გამო დეპუტატმა «ქოში» სულ «უკუღმა ჰყარა».

«საქართველოს ოკუპაცია ისევე აწუხებს ოპოზიციას, როგორც - ხელისუფლებას, თუმცა იმ დელეგაციაში, რომელიც ფილმის ჩვენებას ესწრებოდა, ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ იყო მიწვეული. ეს შეიძლება აღიქმებოდეს შეურაცხყოფად, რადგან ოკუპაციის წინააღმდეგ არანაკლებ ვმუშაობთ, ვიდრე - უმრავლესობის ზოგიერთი წევრი», - განაცხადა ნაცებისგან «თავლაფდასხმულმა» თორთლაძემ პარლამენტის ბიუროზე.

მანამდე კი, ვიდრე «ვარდოსნები» «მესამე ხარისხის» პოლიტიკოსად ჩათვლიდნენ, თორთლაძე და «მიშას რაზმი» ზემოხსენებული კანონის სიკეთეებზე სულ ერთ ხმაში «ჟღურტულებდნენ».

მოკლედ, ახლადმიღებული კანონის თანახმად, შსს-მ უნდა დადგას სათვალთვალო კამერები აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, რკინიგზის სადგურებში, მეტროებში, სტრატეგიულ ხიდებზე, ელექტროსადგურებსა და სხვა მნიშვნელოვან ადგილებში.
ლუსტრაციის კანონი, თავის მხრივ, ადგენს იმ თანამდებობების სიას, სადაც ვეღარ დაინიშნება ადამიანი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს მუშაობდა კომპარტიის ლიდერად, კომკავშირში, ან სსრკ-ს უსაფრთხოების სამსახურში, ანუ ნაკომუნისტარებს ეკრძალებათ მუშაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტის აპარატში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში, სტატისტიკის დეპარტამენტსა და სახელმწიფო ტელეარხებსა და რადიოებში.

გია თორთლაძის „თავისუფლების ქარტიას“ განსხვავებული შეფასებები მოჰყვა პოლიტიკური ოპონენტების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან. მათი აზრით, მსგავსი კანონები სამართალდამცავ ორგანოებს უსაზღვრო ძალაუფლებას ანიჭებს და შესაძლოა, ისინი რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგაც იქნას გამოყენებული. კანონპროექტის პათოსს არ იზიარებს თორთლაძის თანაფრაქციელი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ამბობს:

«არ შეიძლება, კანონი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქცეს იმ ოპოზიციური ძალებისთვის, რომლებიც რეალურ უხერხულობას წარმოადგენენ არსებული ხელისუფლებისთვის. ამიტომ, როდესაც „პატრიოტის აქტის“ ინიციატორად ოპოზიციონერი გვევლინება, მას უფრო მეტი დაფიქრება მართებს. „პატრიოტის აქტში“ იყო გარკვეული ხარვეზები, რაზეც ყურადღება გავამახვილე. ელექტრონული ფოსტის გამჭვირვალობა და სატელეფონო მოსმენები რომ გამოიყენოს შინაგან საქმეთა ორგანოებმა თუ სპეცსამსახურებმა, ამას ოპოზიციონერის მხრდიდან არ სჭირდება მხარდაჭერა, ისედაც მშვენივრად ახერხებენ. რაც შეეხება „ლუსტრაციის შესახებ“ კანონს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ იმ პირობის გათვალისწინებით, რომ დღეს არსებული პოლიტიკური კონიუქტურიდან  გამომდინარე, არ უნდა მოხდეს ზეწოლა იმ პირებზე, რომლებიც გარკვეულ პარტიულ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი. ამის შემდეგ, ავტორმა ორივე კანონპროექტი ერთად შეკრიბა. მოკლედ,  გარკვეულწილად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს აღნიშნულ კანონთან და ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღე.»

ირაკლი სესიაშვილი, სამხედრო ექსპერტი: «ხელისუფლებამ ეს „თავისუფლების აქტი“ აიტაცა და სურდა, რომ ის გარკვეულწილად არგუმენტი გამხდარიყო რუსული აგრესიის თავიდან ასაცილებლად, თუმცა ვიცით რა ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური მეთოდოლოგია, ამ აქტს სავარაუდოდ, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების უზრუნველსაყოფად გამოიყენებენ. ხელისუფლება გია თორთლაძის მეშვეობით ცდილობს, ეს ინიციატივა წამოვიდეს ე.წ. ოპოზიციური ძალებისგან და არა - ხელისუფლებისგან. პირობითად, საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ რომ ვიყოთ დემოკრატიული სახელწიფო, შეიძლება, რაღაც დოზით ასეთი უფლებების შეზღუდვა დაგვეშვა, მაგრამ რამდენადაც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია უცხო ხილია, ხელისუფლება მას პოლიტიკური ნიშნით დევნისთვის გამოიყენებს, რაც ჩემთვის მიუღებელია.

ამერიკაში ამ აქტმა სერიოზული დისკუსია გამოიწვია და, როგორც ვიცი, რამდენიმე საპროტესტო გამოსვლაც მოჰყვა. ჩვენს ხელისუფლებას სურს, მოძებნოს ასეთი დრაკონული კანონები და შემდეგ გვითხრას, ეს დასავლური გამოცდილებააო. გია თორთლაძეს მოუწევს, გაიხსენოს საკუთარი წარსული, როდესაც ოპოზიციაში იყო... ლუსტრაციის კანონი კი, ვფიქრობ, ადრე უნდა მიღებულიყო, ვინაიდან ხშირად უმაღლესი თანამდებობის პირები არიან ადამიანები, რომელთა წარსული საზოგადოებაში ბევრ კითხვას აჩენს.»

ლუსტრაციის კანონის მიღებას მეტად დაგვიანებულად მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი და გია თორთლაძის ყოფილი თანამოაზრე გია ცაგარეიშვილი, თუმცა მისი პრეტენზიები «თავისუფლების ქარტიის» სხვა ნაწილსაც უკავშირდება. ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ თორთლაძის ინიციატივა ქვეყანას ვერც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში წაადგება.

«თუ უსაფრთხოების ახალი ზომებია დასამკვიდრებელი, ამას კანონპროექტის ავტორი უფრო გრძნობს, ვიდრე - შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები?!» - რიტორიკულად კითხულობს ცაგარეიშვილი.
კანონპროექტის ინიციატორი თორთლაძე ზემოთმოყვანილ შეშფოთებას, ცხადია, არ იზიარებს და თვლის, რომ ეს მხოლოდ ოპონენტების ფანტაზიის ნაყოფია. ხსენებული კანონი, რომელიც პარლამენტმა 31 მაისს 81 ხმით მიიღო, ძალაში 2012 წლის 1 დეკემბრიდან შევა...

ცოდნა თავისუფლების პირველწყაროა. ადამიანმა საკუთარი ისტორია და წარსული კარგად უნდა იცოდეს, რომ შეცდომებზე ისწავლოს, ცუდი დაივიწყოს, კარგი კი, თაობებს გადასცეს. თუ წარსული არ იცი, ვერც მომავალს ააშენებ. იმას, ვისაც წარსულის დამალვა უნდა, მხოლოდ ერთი აზრი შეიძლება ამოძრავებდეს - საკუთარი ძველი ახალი მიზნებისთვის ისე გამოიყენოს, რომ ხალხი ვერაფერს მიხვდეს. აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი საბჭოთა წარსული იმიტომ დამალოს, რომ სწორედ საბჭოთა იდეოლოგიითა და მმართველობის წესით მართავს ქვეყანას. ძველი თაობა ნელ-ნელა მიდის, ახალს კი, აღარ ეცოდინება ის საშინელებები, რასაც კომუნისტური ხელისუფლება ჩადიოდა, ანუ საზოგადოებას არ ეცოდინება წარსული და, აქედან გამომდინარე, ვერც მომავლის განჭვრეტას მოახერხებს. ალბათ, სწორედ ესაა ამ ინიციატივის ნამდვლი მიზანი და არა - ნამგალი და უროს აკრძალვა, ან საბჭოთა სიმბოლიკიანი ძეგლების ნგრევა. ისე, კანონპროექტის წერისას, თორთლაძეს, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილიც «საბჭოთა პირმშოა» - კა-გე-ბე-ს ჯარში სამსახურზე რომ აღარაფერი ვთქვათ, როგორც ამბობენ, სააკაშვილი თავის დროზე, თურმე, კომკავშირის მდივანიც ყოფილა. ასე რომ, «თავისუფლების ქარტიით», მას მხოლოდ პრეზიდენტობა კი არა, უბრალო ჩინოვნიკობაც ეკრძალება. ამ «იაღლიშისთვის» თორთლაძე «ნაციონალებმა» შესაძლოა, ჯვარზე გააკრან! ქართული ანდაზაა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო...