მინდია გულუას, მოძრაობა «საქართველოსთვის» პრეზიდენტს, მოსკოვში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს, მინსკში შევხვდით, რადგან იმ პირობების შესრულების დრო დადგა, რომელიც ჩვენს შორის «ვერსიის» წინააღმდეგ მის მიერ შეტანილი სარჩელის გამო დაიდო. თუმცა, ნოდარ დუმბაძის არ იყოს, ამ დღეებში «ვერსია»-გულუას შერიგება არავის გახსენებია, რადგან საზოგადოება მხოლოდ 26 მაისს დარბეულ აქციასა და ბიწაძე-ბურჯანაძის დაჭერა-არდაჭერაზე ლაპარაკობს, რომელსაც, ფაქტობრივად, მასობრივი რეპრესიები მოჰყვა. დაკავებულ-დაკითხულია უამრავი ადამიანი, დროებითი პატიმრობა მისჯილები სასტიკად არიან ნაცემი.
«ვერსიის» ინფორმაციით, ბადრი ბიწაძე ერევნის გავლით, სავარაუდოდ, მოსკოვში გაიქცა (საინტერესოა, ვინ მიაცილა საზღვრამდე - ალბათ, იმან, ვისთან ერთადაც, თავის დროზე, საზღვარს აკონტროლებდა და ვინც, პატარკაციშვილის დავალებით, ვალერი გელბახიანი სამსახურეობრივი მანქანით საზღვრამდე მიიყვანა!) ბურჯანაძე ერთი დღით «გაგვეთავისუფლა» - არ გეგონოთ გავრბივარ, მძევლად გიტოვებთ მოხუც მშობლებსა და ანზორიკოსო. ისე, დიდი ანზორ ბურჯანაძის მძევლად დატოვება, ბიწაძის დაჭერაზე სარფიანი კი იქნება, მე რომ მკითხოს კაცმა.
თუმცა, ეს ვრცელი გადახვევა იმისათვის დამჭირდა, რომ სწორედ ამ დიდი რეპრესიების ფონზე, ბადრი ბიწაძესთან ფინანსური კავშირის მოტივით, ხელისუფლებამ უკვე კარგა ხანია, სამიზნეში ამოღებულ მინდია გულუას რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად დაარტყა - დაუყადაღა საქველმოქმედო ფონდი, შეუჩერა ორი ეკლესიის მშენებლობა, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა დევნილთა კონგრესში, დააკავა და დაკითხა მისი ბევრი ნათესავი და თანამშრომელი, ასევე ის ადამიანები, ვისაც კი რაიმე შეხება ჰქონდა მასთან. იმ დღეს, როცა მინსკში მივემგზავრებოდით, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს და ღამის 4 საათზე აეროპორტიდან 14-საათიან დაკითხვაზე წაიყვანეს ყოფილი ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ გულუა, რომელიც მინდია გულუას საქველმოქმედო ფონდს კურირებს, თუმცა ეს ფაქტი, რატომღაც არ ხმაურდება.
იმდენად დიდია სახელისუფლებო წნეხი საზოგადოებისათვის უცნობი ადამიანის მიმართ, რომ ბუნებრივად ჩნდება კითხვები - ვინ არის მინდია გულუა და რატომ ეშინია ხელისუფლებას მისი? სად და ვისი ინტერესი გადაკვეთა სრულიად რუსეთის ქართველთა მოძრაობა «საქართველოსთვის» თავმჯდომარემ, რომელიც დაარსების დღესვე ღიად აცხადებდა, რომ «აპირებს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, მოაგვაროს რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ვითარება, რაც პრობლემებს უქმნის რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე ქართველს», სხვათა შორის, სწორედ საქართველოს პრეზიდენტთან თანამშრომლობის სურვილი არ აპატია მინდია გულუას ცნობილმა სააკაშვილმოძულე ხომერიკმა და ამის გამო გახდა საქმე სასამართლოში შესატანი? რა კავშირი აქვს გულუას ბადრი ბიწაძესთან და ნინო ბურჯანაძესთან... მოკლედ, კითხვა უამრავია, სახელისუფლებო მანქანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, «ვერსიას» საშუალება მიეცა, ყველა ამ და სხვა უხერხულ კითხვაზე ექსკლუზიურად მიეღო პასუხი, უშუალოდ, მინდია გულუასგან, რომელიც სკანდალურ და რადიკალურ განცხადებებს მინსკიდან აკეთებს.
საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, თქვენს შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, ვინ არის მინდია გულუა და რატომ გახდა მისი სახელი ასეთი აქტუალური?
- მინდია გულუა სოხუმელი კაცია. ომის ვეტერანი, რომელიც ბოლო დღემდე იცავდა საკუთარ ქალაქს, სახლს, ოჯახის ღირსებას. ამჟამად ბიზნესმენი, რომელიც საზოგადოებრივი მოღვაწეობითაა დაკავებული, ხელმძღვანელობს მოძრაობას «საქართველოსთვის» და სურვილი აქვს საკუთარი განათლება, ენერგია, მატერიალური საშუალებები სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას მოახმაროს, რადგან სწორედ ესაა მისი ცხოვრების აზრი და მიზანი. გაკმაყოფილებთ პასუხი?
ჩვენი ინფორმაციით, თქვენი ოჯახი ომამდე სოხუმში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გამორჩეული იყო, რაც თქვენი მშობლების ამირან და ნელი გულუას დამსახურებად მიაჩნიათ, როგორც წესი, ასეთი ოჯახისშვილები ომში არ მიდიან-ხოლმე, თქვენ როგორ მოხვდით ფრონტისწინა ხაზზე?
- ჩვენს ოჯახს ღირსების პრობლემა არასდროს ჰქონდა. სკოლაც მედალზე და უმაღლესიც წარმატებით დავამთავრე. ომი რომ დაიწყო, გენერალ გენო ადამიას 23-ე ბრიგადაში წავედი და, ალბათ, მამაჩემის შვილს უფლებაც არ მქონდა, სხვაგვარად მოვქცეულიყავი.
როდის დატოვეთ სოხუმი და, რამდენად შეეფერება სინამდვილეს ის, რასაც დევნილთა ნაწილი ამბობს, გულუებმა მილიონები რუსეთში სოხუმის დაცემამდე გაიტანესო, ბევრი თქვენი დღევანდელი წარმატების საწყისს სწორედ აფხაზეთიდან წაღებულ ქონებაში ხედავს.
- სოხუმი 27-ში დაეცა და მე დავტოვე 28 სექტემბერს. გენერალი გენო ადამია, სამწუხაროდ, ამ ომს შეეწირა. ჩვენ მისივე ბრძანებით გამოვედით და გადავრჩით. თუმცა, მოგვიანებით, მისმა თანამებრძოლებმა აფხაზეთიდან ცხედარი თბილისში გადმოვასვენეთ, რა თქმა უნდა, გამოსასყიდის ფასად. ამით მე ჩემი მხედრული ვალი მოვიხადე არამხოლოდ ბიძია გენოს, არამედ ყველა იმ დაღუპული მეომრის წინაშე, რომლის საფლავიც აფხაზეთში უცრემლოდ დარჩა. რაც შეეხება აფხაზეთიდან წაღებულ ქონებას, სამწუხაროდ, ყველაფერი იქ დავტოვე, არაფერი წამიღია, ანდა ვის ეცალა ქონების გადარჩენაზე საფიქრად. იმ დევნილების გასაგონად კი გეტყვით, რომ აფხაზეთიდან წამოვიღე ყველაზე დიდი ქონება, რომელსაც ვერასდროს იყიდი - ჩემი სოხუმის, სახლის, მიწის სიყვარული, რომელიც დღემდე არ მასვენებს. სხვათა შორის, კრასნოდარში რომ ჩავედით მე, გენო ადამიას შვილი და კიდევ ერთი პიროვნება, არც არავის ვიცნობდი, არც სახლ-კარი მქონდა. მტვირთავად დავიწყე მუშაობა. აქაც არ გამიმართლა, ტვირთი არასწორად გადაიხარა და ზედ დამეცა, ტრამვა მივიღე. მერე, იმ ქარხნის დირექტორს, სადაც მტვირთავად ვიყავი, ვთხოვე და რამდენიმე ყუთი ძმარი ნისიად გამატანა, ჩავაბარეთ მაღაზიებში. შემდეგ კიდევ გავიტანეთ და ა.შ. მოგვიანებით, სწორედ ამ ქარხნიდან დაიწყო ჩემი წარმატებული ბიზნესი.
იქნებ, გაფანტოთ უამრავი ჭორი, რომელიც თქვენი ქონების შესახებ თბილისში ვრცელდება და გვითხრათ - რა ქონებას ფლობს მინდია გულუა?
- იცით, ასე ვერ ჩამოგითვლით, შეიძლება ბევრი რამე გამომრჩეს (იცინის) თუმცა, გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვარ საკმაოდ შეძლებული ადამიანი, რაც აბსოლუტურად ღია და დეკლარირებულია.
სხვათა შორის, მინდია გულუას პრობლემები მაშინ შეექმნა, როცა ბიზნესი მიატოვა და საზოგადოებრივი მოძრაობა დაიწყო, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რად გინდოდათ ზედმეტი თავისტკივილი?
- მე არ ვთვლი ასე - როცა წარმატებული ბიზნესმენი ხარ, დგება მომენტი, სანუკვარი ოცნების შესრულება რომ უნდა დაიწყო - ჩემი ოცნება კი ჩემი სოხუმი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მივიღე და 14 ნოემბერს ამირჩიეს კრასნოდარის ქართველთა სამხარეო ორგანიზაცია «ივერიის» თავმჯდომარედ. მოგეხსენებათ, როცა მატერიალურად შეძლებული ადამიანი ხარ, ყველა ქვეყნის ხელისუფლება ანგარიშს გიწევს და პატივს გცემს. იმ პერიოდში ძალიან ბევრს დავეხმარეთ, პრობლემები მოვუგვარეთ, ჩვენი კავშირების წყალობით, და მერე მივხვდი, რომ ფულის შოვნიდან, უხეშად რომ ვთქვა, უნდა გადავსულიყავი იმ ხალხის დახმარებაზე, რომელსაც აქ ყველაზე მეტად ვჭირდები და რომლებზეც უამრავი ოჯახია დამოკიდებული საქართველოშიც.
როგორც ვიცი, სწორედ მაშინ დაუკავშირდით მიხეილ ხუბუტიას, ალექსანდრე ებრალიძეს, ვლადიმერ ხომერიკს, რომლებთანაც დღეს ომი გაქვთ გამოცხადებული, ზოგს სასამართლოში უჩივით და ზოგსაც «კაცურად ურჩევთ» საქმეს, არა?
- იცით, ბატონი ვლადიმერ ხომერიკი და ალექსანდრე ებრალიძე 2009 წლის 15 სექტემბერს გავიცანი. ეს არის ზუსტად ის პერიოდი, როცა საზოგადოებრივი მოძრაობა წამოვიწყე. მე არ გამაჩნდა დიდი გამოცდილება ამ ასპარეზზე, არადა, სანახევროდ ჩართვა საქმიანობაში, ჩემი სტილი არ არის – მაინტერესებდა გამეგო, როგორი ხალხი უძღვებოდა ქართულ საზოგადოებრივ გაერთიანებას რუსეთში, მათი პოლიტიკური შეხედულებები, გავლენა და ავტორიტეტი რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ მილიონამდე ქართველის თვალში. კი, გიდასტურებთ, რომ შევხვდი არამარტო ხომერიკს, არამედ ალექსანდრე ებრალიძეს, მიხეილ ხუბუტიას და სხვებსაც. ამ შეხვედრების, საუბრებისა და კონტაქტების საფუძველზე მივხვდი, რომ ჩემი არჩეული გზა სხვა იყო და ამ პიროვნებებს ამ გზაზე ვერანაირად ვერ ვხედავდი. მალევე დავრწმუნდი, რომ მათ ჩვენი თანამემამულეების ბედი და მათთვის კონკრეტული დახმარების გაწევის სურვილი იმდენად არ აღელვებდათ, რამდენადაც საკუთარი ამბიციებისა და განზრახვების რეალიზაცია პოლიტიკასა და, მათ შორის, ბიზნეს სფეროში. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ისინი არ სარგებლობდნენ ავტორიტეტით ჩვენს დიასპორაში, ამიტომაც გადავწყვიტე, შემექმნა სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია «საქართველოსთვის». ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის 53 რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად, 2010 წლის 26 მარტის დამფუძნებელ ყრილობაზე, სადაც მაშინვე აღვნიშნე, რომ ჩემი სურვილია საზოგადოებრივი საქმიანობა (ხაზს ვუსვამ, საზოგადოებრივი და არა პოლიტიკური) და რომ მზად ვარ, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან ერთად, განვახორციელო ერთობლივი პროექტები, როგორც საქართველოში მცხოვრები ჩემი თანამემამულეებისთვის, ისე რუსეთში მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც ჩემი სამშობლოდან არის წასული.
ეს იყო ლიტონი სიტყვები, თუ ამას მოჰყვა შესაბამისი ქმედება და რა ფორმით დაუკავშირდით საქართველოს ხელისუფლებას ან რატომ არ შედგა ეს თანამშრომლობა, თუკი თავად ამის სურვილი გქონდათ, მით უმეტეს, მილიონერი გულუა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო მათთვის?
- ჩამოვაყალიბე ჩემი პოზიცია, მიზნები, გეგმები და ოფიციალური წერილით მივმართე მოსკოვში საქართველოს საკონსულოს. სხვათა შორის, დიდი აღფრთოვანებით შემხვდნენ, ძალიან გაიხარეს და დამპირდნენ, რომ აუცილებლად იქნებოდა შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. ამის შემდეგ ჩავედი საქართველოში და თბილისის აეროპორტში დამაკავეს. ამიფრიალეს რაღაც საბუთი, რის მიხედვითაც, თურმე არ მაქვს უფლება, ქვეყანაში შემოვიდე. როდესაც მიზეზის განმარტება მოვითხოვე, პირდაპირ მითხრეს - საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნითო. არ მინდა, ახლა უხეშად გამომივიდეს და ასე ვიტყოდი - ვისურვებდი, ამაზე კორექტულად მომქცეოდნენ. პასპორტიც კი ჩამომართვეს, რომელიც გადასცეს პილოტს, წარმოგიდგენიათ? მიუხედავად ამისა, მე საჯარო განცხადება არ გამიკეთებია და ჩავთვალე, რომ ეს არის რაღაც გაუგებრობა, ყველაფერი გაირკვევა და მოგვარდება. სხვათა შორის, აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც მიუხედავად არსებული ვითარებისა, არასდროს შეუქმნია პრობლემები საკონსულოში რუსეთში მცხოვრები იმ ჩვენი თანამემამულეებისთვის, ვისაც ვკურირებთ და ვეხმარებით, გარკვეული სახის დოკუმენტების გაფორმებისას.
როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებასთან თქვენი პრობლემები ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე 26 მაისის რეპრესიები იქნებოდა, როცა, ფაქტობრივად, ყველა თქვენი ნათესავი დააკავეს და დაკითხეს, რატომ აქამდე არ გააკეთეთ რადიკალური განცხადებები?
- რა თქმა უნდა, ბევრად ადრე, თუმცა ჩემი დუმილის მიზეზი ერთადერთია - მე ზუსტად ვიცი, ვინ მებრძვის და ვფიქრობდი, რომ ეს დაპირისპირება არ გავრცელდებოდა მთელ ხელისუფლებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სხვა მაღალჩინოსნები დაინახავდნენ და გაიაზრებდნენ იმ საქმეებისა და პროექტების მნიშვნელობას ქვეყნისთვის, რომლის განხორციელებასაც ვთავაზობდი. თუმცა, შევცდი და, ალბათ, უნდა საჯარო განცხადებები გამეკეთებინა მაშინ, როცა 2010 წლის 28 დეკემბერს, შსს-ს გუნდთან თამაშის წინა დღეს, საკალათბურთო კლუბ «სოხუმში» ჩხრეკა ჩაატარეს, როცა დაკითხვაზე წაიყვანეს დირექტორი და მთავარი ბუღალტერი, წაიღეს კომპიუტერები და ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც დღემდე არ არის დაბრუნებული. ყველას სათითაოდ ეკითხებოდნენ, რას აპირებს მინდია გულუა, მოდის თუ არა პოლიტიკაში...
შეგაწყვეტინებთ, რა იყო კლუბის ფინანსური ანგარიშებით სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესების მიზეზი, მათ რაიმე ინფორმაცია ჰქონდათ?
- აბსოლუტურად შემთხვევით ვიყიდე კალათბურთის გუნდი - ჩემთან მოვიდა სოხუმელი თენგიზ პაჭკორია, რომელმაც შემომჩივლა, რომ სოხუმის «სოხუმი» გაპარტახებულია, გუნდს ვალები აქვს, უჭირს და იქნებ, რაიმე მოვიფიქროთო. თანაც, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი არის თქვენი თანამებრძოლი ვაჟა კვარაცხელიაო. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს და მერე უკვე ხომ იცით, სპორტი აზარტია. იმდენი შევძელით, გუნდი მე-20 ეროვნული ჩემპიონატის ფავორიტად იქცა, ახლა, თუ უფლის ნება იქნება და იქაც პრობლემები არ შეგვიქმნეს, ევროტურნირზე სოხუმის «სოხუმი» საქართველოს დროშას ააფრიალებს. «ფლეი ოფ»-ში შსს-ს გუნდი დავამარცხეთ და გავედით ნახევარფინალში, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა თავდაცვის სამინისტროს გუნდთან წაგვაგებინეს მსაჯების დახმარებით, რაც მარტო ჩემი აზრი არ არის და პრესაში ამის გამო დიდი სკანდალი ატყდა.... მაგრამ გეკითხებით, რა არის ცუდი იმაში, რასაც ვაკეთებ, რა არის ანტისახელმწიფოებრივი, გამაგებინეთ, რატომ არის სპორტი პოლიტიკა, რატომ ერევა შსს სპორტული კლუბის საქმეებში, ფულს ათეთრებს ამ კლუბით, კალათბურთი სულ არ აინტერესებსო. გამაგებინეთ, როგორ ვათეთრებ ფულს - თანხა ირიცხება ჩემი პირადი ანგარიშიდან, რომელიც გადის სავალუტო კონტროლს, შემდეგ ეს თანხა შემოდის საქართველოს ბანკში და იქიდან ნაწილდება ჩვენს ანგარიშზე, რაც შავი ფულის მოძრაობას გამორიცხავს. რას ნიშნავს ფულის გათეთრება - ფული უნდა იყოს კრიმინალური გზით ნაშოვნი, რაც უნდა იყოს დამტკიცებული სასამართლოს მიერ და ამ სტატიით უნდა იყოს ნასამართლევი, შემდეგ ეს თანხა რაღაცის სახით უნდა ბრუნდებოდეს უკან. ახლა მითხარით, რა უნდა დამიბრუნდეს უკან, ასეული ათასობით დოლარი გადავრიცხე ამ გუნდში, სად არის აქ ფულის გათეთრება? თუ არადა, რვა თვეა საქმე აღძრულია, არც იმას გვეუბნებიან, ვის წინააღმდეგაა საქმე აღძრული, მარტო გვეუბნებიან, რომ აღძრულია ფულის გათეთრების მუხლით.... ამიხსენით, რა დავაშავე და პასუხს ვაგებ, თუ არადა, რაიმე ნორმა, პროცედურა არ არსებობს? თავად რატომ არღვევენ კანონს, როცა სხვას სთხოვენ მის შესრულებას?
თუმცა, როგორც ვიცი, მაისის ბოლოს სოხუმის «სოხუმის» გარდა, პრობლემები შეიქმნა საქველმოქმედო ფონდში «მზე შინა და მზე გარეთა, რომლის თანადამფუძნებელიც თქვენთან ერთად საპატრიარქოც გახლავთ. გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ საპატრიარქომ დატოვა ფონდი, აქ რა ხდება, ანდა რატომ შეჩერდა ეკლესიების მშენებლობა?
- ეს ფონდი შეიქმნა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცა-კურთხევით და გარდა ორი ეკლესიისა (სამების ეზოში სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი აფხაზეთში დაღუპული მეომრების სახელზე და ჩხოროწყუს ეკლესია) საქართველოში უნდა ეწარმოებინა საქველმოქმედო საქმიანობა. უკვე კარგა ხანია, ჩხოროწყუში მშენებლობა დაწყებულია, რადგან პროექტი მზად გვქონდა, სვიმონ კანანელის სახელობის ეკლესიის პროექტი კი სულ ახლახან დამტკიცდა, ამიტომაც ივნისის პირველ რიცხვებში ვაპირებდით დაწყებას. თუმცა, ამ ეტაპზე ფონდის საქმიანობა შეჩერებულია და ანგარიშები დაყადაღებული, დაკითხეს და დააკავეს ყველა, ვისაც კი რაიმე შეხება ჰქონდა ამ ფონდთან და ჩემს სახელთან. მოგეხსენებათ, ბევრია იქ ჩემი ნათესავიც. უფლის სახლის აშენება თუ საქართველოში დანაშაულია, არ ვიცი. რაც შეეხება საპატრიარქოს ფონდიდან გასვლას, თავის დროზე, უწმინდესის სურვილით, ფონდის წარმომადგენლად დაინიშნა მეუფე შიო, რომელმაც ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ თურმე, ფონდი ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას და ამიტომაც საპატრიარქო წყვეტს მასთან კავშირს. მეუფე შიომ ჩემთან, ანუ ერთ-ერთ თანადამფუძნებელთან შეთანხმებისა და მისი ნებართვის გარეშე, საჯარო რეესტრში გაატარა ცვლილება და საპატრიარქომ დატოვა პროექტი. თუმცა, მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი, რაში გამოიხატება ფონდის პოლიტიზირება, ეკლესიების მშენებლობაში, იმაში, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით ღატაკ მოსახლეობას პროდუქტებს ვურიგებთ, თუ რაში, ამიხსენით? რა ინტერესი ჰქონდა მეუფე შიოს, ჩემი ვარაუდები, რა თქმა უნდა, მაქვს და ინფორმაციაც, მაგრამ უწმინდესთან შეხვედრამდე და პირადად მასთან ამ გაუგებრობის გარკვევამდე, საუბრისგან თავს შევიკავებდი. სამაგიეროდ, თავს არ შევიკავებ და ვიკითხავ - როგორ მოახერხა მეუფე შიომ საჯარო რეესტრში გაეტარებინა ცვლილება მინდია გულუას ნებართვის გარეშე, რა ხდება, რატომ და ვინ დაარღვევინა კანონი და რა მიზნით? ამ კითხვაზე პასუხს, იმედია, სულ მალე მივიღებ, როცა ისიც გაირკვევა, რატომ შეაჩერეს ორივე ეკლესიის მშენებლობა «ეკლესია მოიცდისო», რატომ დააყადაღეს ანგარიშები, წაიღეს კომპიუტერები, ჩაატარეს უკანონო ჩხრეკა თემურ ჩილაჩავას, დავით გულუას ბინებში, რატომ დამიწიოკეს ნათესავები, რატომ არ გადმოუშვეს საზღვარზე ბიძაჩემი ბაკურ გულუა, რომელიც საქველმოქმედო ფონდის საქმეებს კურირებს და ჩემთან შესახვედრად მოდიოდა მშენებარე ეკლესიების საკითხზე? რა ხდება ამ ქვეყანაში? თუმცა, შს სამინისტროს პასუხები ამ კითხვებზე - ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ თითქოსდა, მინდია გულუა აფინანსებდა ბადრი ბიწაძეს, არის დიდი ზღაპარი...
დავით გულუა ახსენეთ და აქვე მინდა გკითხოთ, ბევრი სხვა საქმისგან განსხვავებით, დევნილთა კონგრესის საქმეში, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი თქვენს წინააღმდეგ ინფორმაციებს აქვეყნებს და აცხადეს, რომ გენერალ დავით გულუას ხელით ბადრი ბიწაძესა და ნინო ბურჯანაძეს აფინანსებთ...
- მე ვაფინანსებ დევნილთა კონგრესს. რაც შეეხება ლომიას, რომელმაც თურმე, ზუსტად იცის, როგორ ვაფინანსებ კონგრესს და ოფისში საკუთარი თვალით ნახა იქ მისული ბიწაძე და ბურჯანაძე... ამ საკითხზე ექსკლუზიურად გაცნობებთ, რომ მე შევხვდი ლომიას, მეომრების, ვეტერანების თანდასწრებით და რამდენიმე კითხვა დავუსვი. თავს არ შეგაწყენთ დეტალებით, მაგრამ მან აღიარა, რომ აჩვენეს ფოტოები, სადაც თურმე, პუტინთან ერთად ვარ გადაღებული და ამიტომაც დარწმუნდა, რომ რუსეთის კაცი ვარ. ასევე აცხადებს, რომ არ უნდა რუსული ფულით აშენებული ეკლესია, რომელიც სამების ეზოში შენდება აფხაზეთში დაღუპული მეომრების სახელზე... ამ ყველაფერს კი მას შემდეგ მიხვდა, რაც პარლამენტში დეპუტატობას დაჰპირდნენ.
ვინ დაჰპირდა, ვინ აჩვენა პუტინის ფოტოები, გამოდის, რომ გამოძიებას აქვს ლომიას ჩვენება თქვენს წინააღმდეგ, ვინ არის ის, ვისზეც მთელი ინტერვიუ მინიშნებით საუბრობთ?
- კონკრეტულად, მისცა თუ არა ჩვენება, არ ვიცი, პრესაში გააკეთა განცხადებები და ის მარტო რომ არ არის დევნილთა კონგრესში, ესეც ვიცი. ვიცი, რომ დავით გულუა ნადვილად არის ბადრი ბიწაძის მეგობარი და მისი ყოფილი მოადგილე, მაგრამ ამიხსენით, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ამ გზით ვაფინანსებდი ბიწაძეს და სახალხო კრებას? ნინო ბურჯანაძის მიმართ ჩემი დამოკიდებულება უკვე გამოვხატე არაერთხელ - ქალბატონი ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და წლების მანძილზე პარლამენტის თავმჯდომარე და სიტყვა არ დასცდენია ჩემი აფხაზეთის დაბრუნების საკითხზე. მე პატივს ვცემ მას, როგორც ქალბატონს, როგორც ოპოზიციის ლიდერს, რომელიც ბევრ მამაკაცზე ვაჟკაცი აღმოჩნდა, რაც ამ დღეებშიც დავინახეთ, მაგრამ ვერ გავიზიარებ მის პოლიტიკურ პოზიციას, ამიტომაც მიუღებელია ჩემთვის თავად ბურჯანაძეც და საერთოდ, ყველა რადიკალური მეთოდი, რომელიც ხელისუფლების პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით მოგვარებას უჭერს მხარს.
მეკითხებით, ბადრი ბიწაძესთან რა კავშირი გაქვთო - არავითარი. ერთმანეთს შევხვედრივართ საჯარო თავყრილობებზე, პირადად არასდროს არანაირი კავშირი არ მქონია. ახლა ვამბობ, დაანებონ თავი ჩემი ნათესავების დევნას, თუ სადმე რაიმე კანონი დავარღვიე, დამიდონ ფაქტები, გამოაქვეყნონ ჩანაწერები ჩემი და ბიწაძის შეხვედრისა ანდა იმ ადამიანებთან საუბრისა, ვისაც ვეუბნები, რომ ეს ხელისუფლება უნდა დავამხოთ, გადავატრიალოთ და ამისთვის გაძლევთ ფულს, მაგრამ თუ გამოაქვეყნებენ, მოვითხოვ ექსპერტიზას რომელიმე დასავლურ ქვეყანაში, რადგან ეს იქნება ყველაფერი ყალბი, ასეთი საუბრები ბუნებაში არ არსებობს. ეს არ არის ჩემი პოზიცია და არც ამის მთქმელსა და გამკეთებელს კატეგორიულად არ ვეთანხმები ისევე, როგორც არ ვეთანხმები და კატეგორიულად ვემიჯნები ჯგუფს, რომელიც ახლა მოსკოვშია და რევანშისტულ გეგმებს აწყობდა - გელბახიანს, ხაჩიშვილს, ხომერიკს, დუმბაძესა და სხვებს ვგულისხმობ.
აბა, ვის ეთანხმებით და რატომ გებრძვით ეს ხელისუფლება მაინც ვერ გავიგე, არ მითხრათ ახლა, ეგენი ბოროტები არიან და მე სიკეთის კეთებისთვის მებრძვიანო...
- (იცინის) არა, საქმე უფრო მარტივადაა, ვიდრე ბოროტისა და კეთილის მარადიული ბრძოლაა - მე, როგორც ომის ვეტერანი, ქართველი, ჩემი სამშობლოს შვილი, კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ერთხელ მაინც, ჩემს ქვეყანაში ხელისუფალი წავიდეს მხოლოდ მაშინ, როცა მას ვადა ამოეწურება. საამისოდ, უნდა ჩატარდეს არჩევნები. მე მივმართავ პოლიტიკურ რვიანს, რომელიც, რატომღაც, გაყუჩებულია და არ რეაგირებს იმ უკანონობაზე, რომელიც 26 მაისის შემდეგ საქართველოში ხდება, იმ მასობრივ დაპატიმრებებზე, რეპრესიებზე, არ იცავს ათასობით ნაცემი, დაპატიმრებული და შეურაცხყოფილი ადმიანის უფლებას. ამის გამო უნდა გამოვიდეთ ქუჩაში საპროტესტოდ და მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა იმ კანონიერი პრეზიდენტისგან, იმ მთავრობისგან,Gვისაც ხელფასებს ვუხდით და ჩვენი გადასახადებით ვინახავთ (სხვათა შორის, ამაში ჩემი წვლილიცაა შეტანილი)... ასევე, უნდა დავიცვათ ჩვენი საარჩევნო უფლებები და ეს არის თემა, სადაც ხალხის ძალა უნდა ვუჩვენოთ ხელისუფლებას და ვაიძულოთ, ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. ამ საკითხებში საზოგადოება აუცილებლად იაქტიურებს და, დარწმუნებული ვარ, ისეთივე შედეგით არ დასრულდება, როგორც კრების 21 მაისის აქცია.
თქვენ თავად თუ პოლიტიკაში არ აპირებთ ჩაბმას, თუ ამდენ სასიკეთო საქმეს აკეთებთ, თუ დანაშაული არ ჩაგიდენიათ და გადასახადებს იხდით, რატომ გერჩიან, მაინც ვერ გავიგე?
- მე, როგორც რუსეთის მოქალაქე, ვერ მივიღებ მონაწილეობას ვერც საპარლამენტო და, მით უმეტეს, ვერც საპრეზიდენტო არჩევნებში. ასე რომ, ყველანი იყვნენ მშვიდად. ისე ჩამაცივდით, რომ მაშინ აქვე გეტყვით და ეს თემა დავხუროთ, მე არ მებრძვის მთლიანად საქართველოს ხელისუფლება, მე მებრძვის ერთი უწყების კონკრეტული ჩინოვნიკი, რომელსაც საკუთარი თავისა და საკუთარი ბიზნესის გადარჩენის წყურვილი ამოძრავებს. ეს გახლავთ კუდის უფროსი დათა ახალაია. სხვათა შორის, ეს ის ადამიანია, რომელსაც რომელი ხელისუფლებაც უნდა მოვიდეს საქართველოს სათავეში, ვერც ერთი ვერ მისცემს ხელშეუხებლობის გარანტიას, იმდენი სისატიკე და სიბინძურე აქვს ჩადენილი. როგორც ჩანს, მას სწორედ ამის ეშინია. აქ არ არის საქმე პიროვნულად მოვალ თუ არა ხელისუფლებაში, მისთვის მთავარია, ჩანასახშივე ჩაკლას ყველა ახალი პოლიტიკური აქტიურობა, რათა სამომავლოდ, საფრთხე არ შეექმნას.
დათა ახალაია გებრძვით თქვენ, რატომ, სად გადაკვეთეთ მისი გზები, რა შეხება გაქვთ მათთან, სამეგრელოში გაჩერებული პროექტები ახალაიების მოქმედების შედეგია?
- არამხოლოდ სამეგრელოში, თუმცა ესეც ერთი ღია საკითხია, რომელზე პასუხიც არ გვაქვს - მოვითხოვე, ჩხოროწყუში ჩავდებ-მეთქი ინვესტიციას, ვაკეთებდი ფერმას, ვიყიდე 500 ჰოლანდიური ძროხა თავისი აპარატურით, გვინდოდა აგვეშენებინა ჩაის ფაბრიკა, საკონსერვო ქარხნა, ყველა ოჯახს აქვს ხილი და ხალხს შემოსავალი ექნებოდა, დასაქმდებოდა, ასევე ვყიდულობდი სტადიონს და ვაკეთებდი ფეხბურთის გუნდს... ჯერ დამთანხმდნენ და მერე ყველაფერზე კატეგორიული უარი მითხრეს, ამიხსენით, ეს არის ქვეყანა, რომლის პრიორიტეტია სოფლის მეურნეობაა? ეს არის სახელმწიფო, რომელიც ინვესტიციებს ყველა ქვეყანაში მათხოვრობს და საკუთარ ბიზნესმენებს უარს ეუბნება თანხის ჩადებაზე? მიპასუხოს, თუკი ვინმეს აქვს პასუხი, რატომ? კი, მაგრამ მე რომ ჩხოროწყუს მივხედავდი, ხალს დავასაქმებდი და ამას ხომ ნახავდა ბევრი ჩემნაირი და სურვილი გაუჩნდებოდა საკუთარ რაიონებს დაეხმარონ, ჩადონ ფული და ააღორძინონ? თურმე, არ მაქვს უფლება, რადგან პოლიტიკაში შეიძლება წავიდე... კი, მაგრამ ისიც ამიხსნას ვინმემ, თუ დავარღვიე კანონი, გადასახადი დავმალე, ან რაიმე დავაშავე, შემამოწმონ და დამსაჯონ, მაგრამ რა კუდის და დათა ახალაიას საქმეა მივდივარ თუ არა პოლიტიკაში? ყველა ჩემი დაკითხული ნათესავი, ჩემი ახლობელი, თუ რაიმე კავშირში მყოფი ადამიანი ერთი და იგივე კითხვით გააბრუეს - რას აპირებს მინდია, მიდის თუ არა პოლიტიკაში, რა ჩანაფიქრი აქვს, როცა 200 დოლარს გიგზავნით თვეში (ეს უმწეოების დახმარებაა, რომელსაც ჩემი ფონდიდან ვრიცხავ)... წარმოგიდგენიათ? რა ჰქვია ამას და ასეც რომ იყოს, რა არის ამაში ქვეყნის დასაქცევი, საქართველო ხომ დემოკრატიული ქვეყანაა?
გასაგებია, ბატონო მინდია, მაგრამ საინტერესოა, ახლა რას აპირებთ, თუმცა მე დიდად არ მჯერა, რომ დათა ახალაია მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო ამდენს ბედავდეს, მაგრამ ფაქტია, გამოწვევა მიიღეთ, რა იქნება თქვენი საპასუხო სვლა?
- რა და, დღეს ვაცხადებ, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად, უახლოეს დღეებში გავაკეთებ ოფიციალურ განცხადებას და მივმართავ ევროსაბჭოს, დიპლომატიურ კორპუსსა და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას და კონკრეტული ფაქტებით ვაცნობებ, რა ქმედებები ხორციელდება ჩემს მიმართ. ეს იქნება პრევენცია იმისა, რომ უარესი თავხედობა აღარ გაგრძელდეს. აქვე მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას და განსაკუთრებით რვიანში შემავალ პარტიებს - ბოლომდე დაიცვან ის პრინციპი, რის ირგვლივაც გაერთიანდნენ და მოითხოვონ პასუხი ხელისუფლებისგან, რას სთავაზობს საზოგადოებას მომავალ 2012 წლის არჩევნებში. ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ არ შეიცვალა საარჩევნო გარემო, სწორედ ამ უფლებისთვის ბრძოლა მოგვიწევს. ყველა ადამიანმა საკუთარი უფლება, ღირსება უნდა დავიცვათ და დარწმუნებული ვარ, ამ ფაქტების გახმაურებით, ერთხელ და სამუდამოდ, დაესმება წერტილი თავგასულ ჩინოვნიკთა თავხედობას, რომელთაც შეცდომაში შეჰყავთ პრეზიდენტი და ქვეყანასაც ამხელა ზიანს აყენებენ. მე მებრძოლი კაცი ვარ, ვეტერანი, რაც მაქვს, ყველაფერი ბრძოლით მაქვს ნაშოვნი და იმ დიდი მიზნისთვის, რასაც აფხაზეთის დაბრუნება ჰქვია, კიდევ გავაგრძელებ ბრძოლას.
მე, როგორც რუსეთის ფედერაციის სრულიად ქართველთა საზოგადოება «საქართველოსთვის» თავმჯდომარე, ვითხოვ შეხვედრას ყველა პოლიტიკურ ძალასთან და განსაკუთრებით რვიანში შემავალ პარტიებთან!
შეხვედრას მოვითხოვ უახლოეს დღეებში არც საქართველოში და არც რუსეთში, ნებისმიერ მესამე ქვეყანაში - მთავარი საკითხის გადასაწყვეტად, როგორ ვაიძულოთ საქართველოს ხელისუფლება, ჩაატაროს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ჩემი ელექტრონული მისამართია -კაჰა17@რამბლერ.რუ
ისე, ბატონო მინდია, სოხუმში რამდენი ხანია არ ყოფილხართ?
- 1993 წლის შემდეგ და არც დავბრუნდები ასე, მალულად. ეს ღირსების საქმეა. არც საქართველოს კანონს დავარღვევ, თორემ რა არის ჩემთვის იქ შესვლა. უამრავი მეგობარი მყავს...
პუტინი კი განსაკუთრებული მეგობარია თქვენი, მართლა არსებობს ის ფოტოები, რომელიც ლომიას აჩვენეს, თუ მონტაჟი იყო?
- (იცინის) მაინც პუტინამდე მიხვედით, არა? პუტინს ვიცნობ, შევხვედრივარ და შეიძლება ფოტოებიც არსებობს, მაგრამ ამიხსენით, რა იცვლება ამით? მან ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია, იმ დროს, როცა რუსეთში მცხოვრებ ზოგიერთ «პატრიოტს» ხმის ამოღების ეშინოდა, მე ღიად დავაფიქსირე, რომ რადგან საქართველო-რუსეთს შორის არ არსებობს ოფიციალური ხელშეკრულება სამხედრო ბაზების განლაგების შესახებ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს. რუსეთის ხელისუფლებამ იცის ჩემი პოზიცია და ისიც იცის, რომ ჩემი ცხოვრების მიზანი სოხუმის დაბრუნებაა. იციან და ანგარიშს მიწევენ... არ მესმის, რატომ არ შეუძლია ეს ყველაფერი გაიგოს საქართველოს ხელისუფლებამაც?