[მერაბ ბრეგაძე]
როგორც ჩანს, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებას საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია. ამაზე მინიშნებას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირებიც აკეთებენ. პოლიტიკური ოპოზიცია კი კრემლთან მორიგ კაპიტულაციაზე ამახვილებს ყურადღებას.
გადადებული ქართულ-რუსული მოლაპარაკებების ფონზე, რომელიც ვმო–ში რუსეთის გაწევრიანებას უკავშირდება, საქართველოს პირველი პირი საყურადღებო განცხადებას აკეთებს. The News York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილი ღიად აცხადებს, რომ საქართველო არ აპირებს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხარჯზე საკუთარი პრობლემების მოგვარებას. სააკაშვილის განცხადებითვე, არსებობს კომპრომისული ვარიანტები და ის უნდა გამოინახოს.
ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაურკვეველი მიზეზებით გადაიდო. როდისთვის გაიმართება მორიგი შეხვედრა, უცნობია. საქართველო რუსეთისგან საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივ გაკონტროლებას ითხოვს და რუსულ მხარეს ამის განხორციელების სხვადასხვა ფორმას სთავაზობს. ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებს შუამავლობას შვეიცარია უწევს. ბოლო რაუნდი სწორედ შვეიცარიული მხარის თხოვნით, მოლაპარაკებებზე დასაყენებლი წინადადებების მომზადების მიზნით გადაიდო.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილის, ექსპერტ გიორგი ვოლსკის აზრით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით შვეიცარია მოლაპარაკებების სადავეებს საკუთარ ხელში იღებს.
როგორც „პირWელს“ ვოლსკიმ განუცხადა, შვეიცარია, რომელიც ნეიტრალური ქვეყანაა, ამ პირობებში კარგი მოთამაშეა და როგორც ჩანს, სწორედ მას დაევალა, ყველა მხარესთან კონსულტაციები ჩაატაროს და ახალი წინადადებები შეიმუშავოს:
„როგორც ჩანს, შვეიცარია აპირებს, საფუძვლიანი მოლაპარაკებები აწარმოოს ყველა მხარესთან, მათ შორის - ამერიკასთან. მართალია, აშშ ოფიციალურად აცხადებს, რომ მსო-ში გაწევრიანების საკითხი რუსეთმა საქართველოსთან თავად უნდა მოაგვაროს, მაგრამ გამორიცხულია, ბაიდენს სააკაშვილთან შეხვედრაზე ამაზე სერიოზული საუბარი არ ჰქონოდა. ფაქტია, რომ რუსეთისთვის გაცემულია 100%-იანი გარანტია იმისა, რომ ის 2011 წლის ბოლომდე მსო-ის წევრი გახდება. ახლა მთავარია, მოიძებნოს ის კომპრომისი, რომელიც შიდა მოხმარების პიარისთვის დივიდენდებს საქართველოსაც მისცემს. არცერთი მხარე მოლაპარაკებებიდან 100%-ით კმაყოფილი არ გამოდის“.
ვოლსკის აზრით, შესაძლოა, დასავლეთისთვის და საქართველოსთვისაც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება უკეთესი იყოს, ვიდრე თავად ამ უკანასკნელისთვის:
„დასავლეთი ცდილობს, რუსეთი „შეათრიოს“ იმ სივრცეში, სადაც კანონი კანონობს. თავად რუს ბიზნესმენებს ეს ნაკლებად აწყობთ, თუმცა პოლიტიკურად მსო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის მომგებიანი იქნება, ვინაიდან ამით ის დემონსტრირებას მოახდენს იმისა, რომ დემოკრატიული ფასეულობები პირადმა ინტერესებმა ვერ გადაწონა. რაც შეეხება საქართველოს, თუ ის რუსეთის მსო-ში გაწევიანებას მაინც არ დათანხმდება, კრემლი საქართველოზე გაბრაზების მეტ არგუმენტს დააგროვებს“.
ამასთან, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ფსოუსა და როკის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ნეიტრალური სტატუსის დამკვირვებლების დაშვებას მსო-ში გაწევრიანების შემდეგ დათანხმდეს, როცა იგი ორგანიზაციის წესდების შესრულების ვალდებულებას აიღებს, რომლისგანაც ახლა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ საქართველო რუსეთის მსო-ში გაწევრიანების გზაზე ერთადერთ წინაღობად რჩება. ქართული მხარე აცხადებს, რომ რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, თუმცა რიგი პირობების შესრულებას მოითხოვს, რომელიც, ოფიციალური თბილისის განცხადებით, თავად მსო-ის წესდებიდან გამომდინარეობს. საუბარია, კერძოდ, როკის გვირაბსა და ფსოუს საზღვრის ერთობლივ კონტროლზე.
რატომ შერბილდა ბოლო ხანს ქართული მხარის პოზიციები და მოსკოვთან რა „კომპრომისულ ვარიანტებზე“ შეიძლება იყოს საუბარი, ამაზე პოლიტიკოსებს ვესაუბრეთ.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით უსუფაშვილისთვის ინფორმაციის სიმწირის გამო უცნობია, ამ საკითხში ხელისუფლება რა ტიპის თამაშს აწარმოებს. მისი თქმით, დაუშვებელია ერთ–ერთი სერიოზული ბერკეტი ქვეყნის სასიკეთოდ არ იყოს გამოყენებული.
„სწორედ მთავრობამ უნდა გაგვცეს პასუხი, რას თამაშობს და ვაჭრობს ხალხის ზურგს უკან. ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, რას რაში ცვლის. ვერ გეტყვით, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი რა შეიძლება იყოს. არ გვაქვს ინფორმაცია, რა შესაძლო ვერსიები არსებობდა ხელისუფლების წინაშე. სიბნელეში საუბარი კი ძალიან რთული საქმეა.
ვიცი, ეს თემა ქვეყნის ხელისუფლების ხელში ჯერ კიდევ სერიოზულ ბერკეტად რჩება. მაგრამ ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო ხდება, თუ ამით მხოლოდ სააკაშვილი და მისი გუნდი პოლიტიკური კეთილდღეობისთვის ვინმესთან პირადი პრობლებემის მოგვარებას ცდილობს, ეს ჩემთვის უცნობია. ამ თემაზე დღმდე მინიმალური ინფორმაცია ვრცელდება“.
„ხალხის პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერის, ალეკო შალამბერიძის შეფასებით, ამ პრობლემატიკიდანაც კარგად ჩანს, რომ სააკაშვილის ერთადერთ მიზანს სკამის შენარჩუნება წარმოადგენს. მისივე თქმით, საუბრები „კომპრომისზე“, სიტყვების რახარუხია და რეალურად მორიგ კაპიტულაციასთან გვაქვს საქმე.
„საკითხის არსი ჩემთვის სრულიად ნათელია. სააკაშვილს ქვეყნის ინტერესები არ აინტერესებს და მთავარი მიზანი სკამის შენარჩუნებაა. მეტსაც გეტყვით, 26 მაისის გამო რომ არ გაჯორონ, სწორედ ამ თემაზე გაცვალა ყველაფერი. დანარჩენი, სააკაშვილის მიერ გაცხადებული თემა, ე.წ კომპრომისული ვარიანტების შესახებ, სიტყვების რახარუხია, მეტი არაფერი. პირდაპირ ხომ არ იტყოდა, დავნებდიო. ამიტომ მორიგ პიარსვლასთან გვაქვს საქმე, რომელიც უკვე გაუცვდა და ისე აღარ მუშაობს, როგორც სამი–ოთხი წლის წინ მუშაობდა.
რა კომპრომისზე შეიძლება იყოს აქ საუბარი? საბაჟო კონტროლი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განხორციელებულიყო. მათ შორის, ეს ფსოუზე და როკის გვირაბზე უნდა მომხდარიყო. რაში გაიცვალა ეს კონკრეტული მოთხოვნები და კიდევ რა კომპრომისზე შეიძლება იყოს საუბარი? რეალურად, ხალხის ზურგს უკან მორიგ სამარცხვინო კაპიტულაციას აქვს ადგილი“.
ეროვნული მოძრაობის ვეტერანი ნოდარ ნათაძე აცხადებს, რომ თავმოყვარე ხელისუფლებას მოსკოვის წინაშე ერთადერთი მოთხოვნა უნდა დაეყენებინა – „გაეთრიეთ საქართველოს ტერიტორიებიდან“. მისი თქმით, ქართული მხარე საკუთარ პოზიციებზე ბოლომდე მტკიცედ რომ მდგარიყო, დასავლეთი მიაღწევდა, რომ რუსეთი პირობებზე დაეთანხმებინა.
„პირველ რიგში, სააკაშვილი არ არის მხარე. ის რუსეთის ადგილობრივი აგენტურაა საქართველოში. მეორეც, რუსეთს ვმო–ში შესვლა უფრო პრესტიჟისთვის სჭირდება, ვიდრე საქმისთვის. მისთვის ეს ნაბიჯი ნაკლებმომგებიანია, ვიდრე დასავლეთისთვის. ამით მსოფლიოს გზა გაეხსნება რუსული ეკონომიკისკენ, როგორც ეს რევოლუციამდე იყო.
ჩვენთვის ერთადერთი სწორი გზა, საქართველოს ერთგული ხელისუფლების პოზიციაზე გადის. ხმამაღლა უნდა ითქვას, სანამ არ გაეთრევი ჩემი ტერიტორიიდან, მანამდე სხვა თემაზე ნუ მელაპარაკები. მართალია, ვმო–ს რუსეთის მიღება ჩვენს ნებაზე გადახტომითაც შუძლია. მაგრამ ამის გაკეთება ძალიან არ უნდათ. ამიტომ, ჩვენს მოთხოვნებში მტკიცედ რომ ვიდგეთ, დასავლეთი რუსეთის პირობებზე დათანხმებას მიაღწევდა. რაც სამწუხაროდ არ ხდება“.