მკვეთრად გაზრდილი ფასებისა და ინფლაციი ფონზე საარსებო მინიმუმის მაჩვენებლი ძალიან არასერიოზულად გამოიყურება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ მთავრობას მწირი რესურსებიდან გამომდინარე ხელს არ აძლევს მეთოდოლოგიის შეცვლა და რეალური მინიმუმის გამოანგარიშება.
საარსებო მინიმუმი "საქსტატის" უნფორმაციით, იანვარში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 147 ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 2,1 ლარით, წინა თვესთან შედარებით კი 4,2 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 166,3 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 1,9 ლარით, ხოლო წინა თვესთან შედარებით, 4,9 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი იანვარში 278 ლარი იყო. რაც შეეხება ოჯახის ტიპებს: ორსულიანი ოჯახის საშუალო საარსებო მინიმუმი 235 ლარს და 60 თეთრს შეადგენს, სამსულიანისა - 265 ლარს, ოთხსულიანის - 294 ლარს, ხუთსულიანის - 331 ლარს, ექვს და მეტსულიანი ოჯახის კი - 391 ლარს.
ქართველი ეკონომისტები უკვე წლებია მსჯელობენ და საარსებო მინიმუმის სიმცირეს არასწორი მეთოდოლოგიით ხსნიან, რომელიც 2003 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
როგორც „ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ქეთევან კრიალაშვილი აღნიშნავს, მეთოდები, რომლის მიხედვითაც საქართველოში საარსებო მინიმუმს ითვლიან, გადასახედია.
„სწორედ მეთოდოლოგიაში უნდა ვეძებოთ ის, თუ რატომ ვერ ასახავს რეალობას აღნიშნული მაჩვენებელი. საარსებო მინიმუმის ცნება სხვა ქვეყნებშიც არსებობს, მაგრამ მეთოდოლოგია ყველგან განსხვავებულია. მაგალითად, კალორაჟის მიხედვით ჩვენ უფრო წინ ვართ, ვიდრე აზერბაიჯანი და სომხეთი, მაგრამ წილობრივი მაჩვენებლები ამ ქვეყნებში ჩვენგან განსხვავებულია.
სახელმწიფო სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ საქართველოში პენსია და სოციალური დახმარება საარსებო მინიმუმთან არის გათანაბრებული, თუ საარსებო მინიმუმი დღევანდელზე ორჯერ მეტი იქნება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოქალაქის მინიმალურ სოციალურ დაცვასაც კი, ამიტომ, მისი დათვლის მეთოდოლოგია არ იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მეთოდოლოგია უკვე შეთავაზებულია სამინისტროსთვის, ამ მიმართულებით ძვრები არ იგრძნობა“, - აღნიშნავს კრიალაშვილი.
სტატისტიკოს სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ იანვრის მონაცემი რეალობისგან ძალიან შორსაა, რადგან შრომისუნარიან მამაკაცს გაცილებით მეტი თანხა სჭირდება. ასევე საშუალო მომხმარებლის არსებობისთვის 147 ლარი საკმარისი არ არის.
"სწორი იქნებოდა, გაგვეზარდა ცხოველური წარმოშობის კვების წილი და შეგვემცირებინა მცენარეული წარმოშობის კვების წილი. ეს საშუალებას მოგვცემდა, რომ მიგვეღო არა მარტო დაბალანსებული კვების რაციონი, არამედ ღირებულებითაც გაგვეზარდა იგი და რეალურ მაჩვენებელთან მიგვეახლოვებინა. ეს სპეციალისტებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად უნდა მოხდეს.
ჩემი აზრით, 166 ლარი, რომელიც იანვრის მაჩვენებელშია, სულ ცოტა 70%-ით უნდა გაეზარდათ. ასე გამოდის მინიმალური თანხა, რომელიც ადამიანს ფიზიოლოგიური არსებობისთვის სჭირდება და იმისთვისაც, რომ მან მარტივი სოციალური ფუნქციის შესრულება შეძლოს. ყველაზე მინიმუმი, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 280-დან 300 ლარამდე უნდა იყოს. სტატისტიკა ამ მხრივ აშკარად სცოდავს", - აცხადებს სოსო არჩვაძე.
პროფესორი დავით ასლანიშვილი ასეთ დაბალ მაჩვენებელს პირდაპირ უკავშირებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.
"საარსებო მინიმუმიც ისეთივე გვაქვს, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. თუ საქართველო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას არ მიაღწევს, თუ მთლიანი შიდა პროდუქტი და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა არ გაიზრდება, საარსებო მინიმუმის ზრდაც ნაკლებად მოსალოდნელია. ჩვენ არა გვაქვს ძლიერი ეკონომიკა, ის რესურსი და შემოსავლების ის რაოდენობა, რაც გვაქვს, მკვეთრი ცვლილებების საშუალებას არ იძლევა.
ჩვენი ბიუჯეტის 30% ისედაც სოციალურ დახმარებებზე მიდის - ვგულისხმობ პენსიებს, საყოველთაო დაზღვევას, საბიუჯეტო სექტორს... დაახლეობით 10% განკუთვნილია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, არანაკლები ტვირთია ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალები, ამიტომ საარსებო მინიმუმის სიმცირეს თავისი ობიექტური, მნიშვნელოვანი მიზეზები აქვს. ასე რომ, საარსებო მინიმუმის ოდენობა ჩვენი მდგომარეობის ანარეკლია“, - განუცხადა `ბიპიენს~ დავით ასლანიშვილმა.