... და თან ერთთავად ცალი თვალი ბეკისკენ ეჭირა - მიცქერის თუ არაო, მაგრამ გოგონა არავითარ ყურადღებას არ აქცევდა და არც იყურებოდა მისკენ. ნუთუ მას არც კი ამჩნევს ბეკი? თავისი საგმირო მოქმედება ახლა ბეკის ახლოს გადაიტანა. მის გვერდით დარბოდა საომარი ყიჟინით, ერთ ბიჭს მოხადა ქუდი და სახურავზე აუგდო, გაარღვია ბიჭების გროვა, აქეთ-იქით მიმოფანტა ამხანაგები, თვითონაც გაიშხლართა მიწაზე სწორედ ბეკის ცხვირწინ და კინაღამ ისიც წააქცია, მაგრამ გოგონა ამაყად გასწორდა, ცხვირი აბზიკა და ტომმა კარგად გაიგონა, რაც თქვა:
- ჰმ! ზოგიერთებს დიდ რამედ მიაჩნიათ თავისი თავი... მაგრამ ისინი მხოლოდ მკვეხარები არიან...
(მარკ ტვენი, „ტომ სოიერის თავგადასავალი“)
რამდენ ამბავზე შეგვეძლო გვეთქვა, გასული კვირის მთავარი მოვლენა იყოო, რამდენი მოვლენა იყო მართლაც გამორჩეულად მნიშვნელოვანი, დამაფიქრებელი, გასააზრებელი, გასათავისებელი... მაგრამ ეს საქართველოა და აქ მთავარი ყოველთვის ის არის, რაც შუქდება და პიარდება, რადგან რაც შუქდება და პიარდება, ის ახასიათებს სახელმწიფოს და ხელისუფლებას, ხოლო „ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში“ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იწერება, რომ ერთად გავიაზროთ, სად ვცხოვრობთ... უფრო სწორად კი - ვინ არ გვაძლევს ცხოვრების საშუალებას.
რამდენიმე წუთის წინ ტელევიზორიდან (ფილმს აჩვენებდნენ - „პიერი - მილიციის თანამშრომელი“) ასეთ დიალოგს მოვკარი ყური:
- გამომყევით, მოქალაქევ!
- ვინ არის მოქალაქე?! მე ვარ მოქალაქე?!
ეს 60-იანი წლების საქართველოა, საბჭოთა საქართველო. მიმართვის ასეთი ფორმა - მოქალაქე - მუქარას შეიცავდა. დღეს, 21-ე საუკუნის დამოუკიდებელ საქართველოში, სანთლით რომ ეძებო (თუმცა, სანთელსაც გააჩნია), მოქალაქეს ვერ ნახავ და თუ მოქალაქეობაზე ჩამოვარდება საუბარი, პირველ რიგში ის გაგახსენდება, ოკუპირებული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპანტი რუსეთის პასპორტს გულის ჯიბით რომ ატარებდა.
გასული კვირის მთავარ მოვლენად შერონ სთოუნის ჩამოსვლა იქცა. „შერონ სთოუნის ჩამოსვლის დრო გასაიდუმლოებულია“, „შერონ სთოუნი ჩამოვიდა“, „შერონ სთოუნი სასტუმროში დაბინავდა“, „შერონ სთოუნმა იბანავა“, „ბალი ჭამა, კურკა ყარა“... - ვიღაც წერდა, ვიღაც ავრცელებდა, ვიღაც კითხულობდა დიდი ინტერესეით, ვიღაც-ვიღაცეები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. მოქალაქეები ასე არ იქცევიან. გასულ კვირაში კითხვა „როგორ მოხვდა ხელფეხშეკრული ადამიანის ცხედარი მაღაზიის სახურავზე?“ ჩაანაცვლა კითხვამ „რა ფერის ბიუსტჰალტერი ეკეთა შერონ სთოუნს?“
შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ ჰოლივუდის პენსიონერ ლამაზმანს ხინკალი მოსწონებია და ჩურჩხელაზე გადარეულა, ყველაზე გულჩვილებმა ალბათ ივარაუდეს, რომ საქართველოსადმი სოლიდარობის ნიშნად მსახიობი აუცილებლად თეთრ ლიფს გაიკეთებდა, წითელი წრეებით.
„ტომ სოიერის თავგადასავალი“ ტყუილად არ გამხსენებია... მიშამ ამერიკელი კონგრესმენები ბედის ანაბარა მიატოვა, რათა შერონ სთოუნისთვის პრეზიდენტის სასახლე ეჩვენებინა. მერედა, რა ამაყი იყო!!! ასეთი სიამაყით, ალბათ, მხოლოდ კახელი გლეხი თუ ათვალიერებინებს სტუმარს თავის მარანს, როდესაც უნდა, რომ საკუთარი გარჯითა და მარჯვენით თავი მოიწონოს.
პრეზიდენტის სასახლე მიშას მარანია, საქართველო - ნინიას ბაღი და ბოსტანი, რომელშიც, ვისაც არ ეზარება, ყველა რიყის ქვებს ისვრის.
„ისევ აგორდა თვითმოძრავი ჭური“ - სულ ეს სიტყვები მახსენდებოდა, ტელევიზორში კობა ნაყოფიას კმაყოფილ სახეს რომ ვხედავდი. ვის უნდა 20 ათასი? 20 ათასი უნდა შერონ სთოუნს. გადაიხადე და მიუჯექი. ნაყოფიამ გადაიხადა. ვის უნდა 100 ათასი? შერონ სთოუნს უნდა. გადაიხადე და მიუწექი. „ანეტა გეძახისო“ - მიშამ უთხრა შერონს, მაგრამ შერონი არ მოტყუვდა და მიშაც ხელის გადახვევით დაკმაყოფილდა.
აქ არ დადგე, ჩავარდებიო - მიშამ იანგლა, მერე მიითრია და ხელი გადახვია. იქვე გაახსენდა, როგორ უსმენდა მალულად კრის დე ბურგს და ისიც გაახსენდა, რას აკეთებდა მალულად „ძირითადი ინსტიქტის“ ცნობილი სცენის ნახვის შემდეგ.
ხოლო „აგვისტოს ხუთი დღის“ ნახვის შემდეგ რეჟისორმა განაცხადა, რომ ორჯერ იტირა. რურუამ თქვა, რომ ფილმი „მძიმე და დინამიურია“.
„კინოთეატრ „რუსთაველში“ „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერა დასრულდა. მსახიობებმა და ფილმის შემქმნელებმა კინოთეატრი თვალცერმლიანებმა დატოვეს. ფილმმა ჰოლივუდის მეგავარსკლავი შერონ სტოუნიც აატირა, თუმცა, ის ჟურნალისტებთან არ შეჩერებულა. როგორც ფილმის რეჟისორმა რენი ჰარლინმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას ფილმი უკვე ნანახი აქვს, დარბაზში ფილმის ყურებისას ცრემლები ორჯერ წამოუვიდა. მისი თქით, ეამაყება რომ გადაიღო ფილმი, რომელიც საქართველოსა და ქართველებზეა“ - ასეთი გახლდათ პირველი ნიუსი და წარმომიდგენია იმ ფოტოგრაფის სიამაყე, რომელმაც გორში მიწაზე მფორთხავი მიხეილ სააკაშვილი გადაიღო. „მეამაყება, რომ გადავიღე კადრი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტზე და მის გარემოცვაზეა“ - თქვა ალბათ მაშინ ფოტოგრაფმა. „მისი ძირითადი ინსტიქტი“ - ასე უნდა ერქვას იმ ფოტოს.
მოკლედ, ყველა კმაყოფილი იყო. რაც შეეხება კობა ნაყოფიას, ნაციონალური ნაყოფიერების ღმერთმა ასეთი სიხარული მან უკვე მეოთხედ განიცადა. პირველად, როცა „მაკენას ოქრო ნახა“; მეორედ, როცა მიხეილ სააკაშვილი ნახა; მესამედ, როცა აგვისტოს ომიდან ორიოდე კვირაში თურქეთში 120-დეპუტატიანი (120-კაციანს განგებ არ ვამბობ) ქორწილი გადაიხადა.
აი, რამდენი ვწერე შერონ სთოუნის ვიზიტის შესახებ. არადა, ერთი მცირე აბზაციც ეყოფოდა. აი, ის ერთი აბზაციც:
ჰოლივუდის ვარსკვლავი თბილისში მოსკოვიდან ჩამოფრინდა, სადაც რუსეთის პრემიერ მინისტრის თანდასწრებით და მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა: „მე მიყვარს რუსეთი და მიყვარს ყველაფერი რუსული“. ამის შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შერონ სთოუნს მიხეილ სააკაშვილი მოეწონა.
ერთიც - რენი ჰარლინი ხომ მაგარი გოიმია, მაგრამ ჩვენ უფრო მაგარი გოიმები ვართ - ფილმი ტრაგედიას ასახავს, რეჟისორი კი პრემიერის წინ კობა ხაბაზივით დახტის და კობა ბექაურივით იტყლარჭება. ყველაზე მაგარი გოიმი კი ის ნაღები (ერთი ნიჭიერის თქმისა არ იყოს - ნარწყევი) საზოგადოებაა, ტაშს რომ უკრავს. მოქალაქე არა ისა, კიდევ - ნიკა ჩიტიძე და ანდრო ბარნოვი! ისიც - გია-პადოშა თორთლაძე, ნაწყენი რომ იყო, რატომ არ დამპატიჟეთ, მეც მინდოდა ახლოდან მენახა შერონ სთოუნიო. ვინც გადაიხადა, ჰოლივუდის მწვერვალიც იმან ნახა. ვისაც ბანკის ვალები გადაუხადეს, ის საბაზო ბანაკში დარჩა და ტუალეტი მორეცხა.
კი, შემდეგ იყო დამცინავი სიტყვები და ცინიკური გამომეტყველებები, მაგრამ ეს იყო შემდეგ. მხოლოდ თხუთმეტიოდე სტუდენტმა და ორიოდე ბათიაშვილმა გამოხატა პროტესტი სწორედ იქ და სწორედ მაშინ, როცა სათქმელი ხმამაღლა უნდა თქმულიყო. პადოშა უკვე ხმამაღლა ტიროდა, სოფო ნიჟარაძე ხმამაღლა მღეროდა. იმ დღეს გეგმაში ხმამაღალი სიმღერა ჰქონდა. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ გაოცებისას პირდაღებული უფრო ლამაზია ვიდრე სიმღერისას პირდაღებული.
აი, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა კი მართლა პირდაღებული დატოვა ნახევარი საქართველო: „სამწუხაროდ, წინასწარ განზრახულ ძალადობას ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა და წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი დაღუპულის ხსოვნას“. და სანამ დანარჩენი საქართველო პირს დააღებდა, თავად მაჭავარიანმა დააღო პირი და ბოდიში მოიხადა - არც ძალადობა იყოო და, მით უმეტეს, არც წინასწარ განზრახულიო, მაპატიეთ - წამოვროშეო. ვაპატიოთ.
გასულ კვირაში ნინო ბურჯანაძემაც წამოროშა: „26 მაისს ევროპამ მიხეილ სააკაშვილის სახით ახალი დიქტატორი მიიღო“. მეწისქვილის ქალიშვილისგან ბევრი წამონაროში გვახსოვს, მაგრამ ეს განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს - ახლა გახდა სააკაშვილი დიქტატორი? კონსტიტუცია რომ მიჭრა-მოჭრა? ხმები რომ მიყარ-მოყარა? კერძო საკუთრება რომ მიანგრ-მოანგრია?.. მიშას მაშინ დიქტატორობამდე ერთი ნაბიჯი აკლდა, ეს ერთი ნაბიჯი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იყო. ნინო ბურჯანაძე იყო წყალგამყოფი დიქტატურასა და დემოკრატიას შორის.
ახლა, პარლამენტს დავით ბაქრაძე თავმჯდომარეობს და კვირა არ გაივლის, რამე ისეთი არ თქვას, მერე შვილიშვილები ბოდიშს რომ მოიხდიან. „საქართველო თემურ ხაჩიშვილის ეპოქაში დაბრუნებას გადაურჩა“ - თქვა ბაქრაძემ. გემოვნების საქმეა... ზოგს „რურუას ეპოქა“ მოწონს, ზოგს „ხაჩიშვილის ეპოქა“ ენატრება. იმ ეპოქაში ბაქრაძე გოგლი-მოგლს პატარა კოვზით ჭამდა, ახლა დიდი კოვზით ჭამს და ქართველ ხალხს ოკუპანტებთან პატარა კოვზებით ბრძოლისკენ მოუწოდებს. დიდი კოვზი დაკავებულია. დიდი კოვზით დავით ბაქრაძე მიირთმევს.
„ჯერ ვაპირებ, რომ რუკაზე ვანუატუ ვიპოვო და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს“, - ამ სიტყვებს რომ ამბობდა, პალიკო კუბლაშვილს ზუსტად ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, როგორც დავით ბაქრაძეს დიდი კოვზით მირთმევისას. ამ სიტყვების შემდეგ რამდენიმე დღემ განვლო, კუბლაშვილის განცხადებას კი ამაოდ ველით. ეტყობა, ვანუატუ ჯერ კიდევ ვერ მოძებნა. რას იზამ, დიდი კაცია - ვანუატუს ვინ ჩივის, რუკაზე ტყიბულსაც ვეღარ პოულობს.
სააკაშვილმა, ამჯერად, რუკაზე რომი იპოვნა. იქ სამხედრო აღლუმი გაიმართა და მიშა დაესწრო. ჩვენში დარჩეს და, თავს ცოტა არ იყოს, უხერხულად გრძნობდა - მიშა ხომ ალღუმებს მხოლოდ იქ ესწრება, სადაც წინა დღით უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ ხოლმე. „შემდეგში, ჯერ ხალხი დახოცეთ და აღლუმი მერე ჩაატარეთ. ვერ წარმოიდგენთ როგორი ჰიჩკოკი და რამხელა ადრენალინია“ - უთხრა მიშამ რომაელებს. გიგა ბოკერია თავს უქნევდა. არ ვიცი, კიდევ ვინ ახლდა მიშას, სხვებიც იქნებოდნენ, რადგან ჯგუფ-ჯგუფად უყვართ და ჯგუფურზე გიჟდებიან, მაგრამ მიშა მთავარია, მიშა მაგარია, მიშა ერთადერთია!
არ ვიცი, დაემთხვა თუ როგორ, მაგრამ იმ დროს, როცა მიშა რომში იყო, ანუ არ იყო თბილისში, ჩემმა მეგობარმა სააგენტომ ასეთი ნიუსი გაავრცელა: „თბილისში მანიაკის არსებობას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია თბილისში მანიაკის არსებობის შესახებ“.
ჰოდა, მერე, როცა სააკაშვილი თბილისში დაბრუნდა, მოუთმენლად ველოდი ასეთ ნიუსს: „თბილისში მანიაკის არსებობას შინაგან საქმეთა სამინისტროში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ“. ველოდი, მაგრამ... ეტყობა, გამომრჩა.
ტრაგიკულმა დღეებმა ლეიბორისტებს გეგმები აურია - რამდენიმე აღშფოთების გამოხატვა გამორჩათ, მაგრამ გასულ კვირაში ძველებურს ახალი ენერგიით შეუდგნენ: „ლეიბორისტები იმ ადამიანებს, რომლებმაც 26 მაისს აღლუმზე საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენები მიიღეს, ამ ჯილდოების პრეზიდენტისთვის უკან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ“.
კაცო... ფეტვიაშვილმა „ვეფხისტყაოსანი“ მოხატა, საბონისმა რუსებს ბურთი თავზე გადაატენა... ვერავინ ვერ იტყვის, რომ ამ ადამიანებს არაფერი გაუკეთებიათ და ორდენებს არ იმსახურებენ. სხვა საქმეა, რომ იმ ვითარებაში და თან - მიშასგან, ორდენების მიღება მართლა უზნეობა იყო, მაგრამ... სოსო შატბერაშვილს პარლამენტში ფეხი რომ არ შეუდგამს და ხელფასს რომ იღებს, რამე რო იყოს, დააბრუნებს ბიუჯეტში? დააბრუნებს არა, ის კიდევ... შალვა-ნათელა და ჯიბლა-პაატა.
ეგ კი არა, პადოშასი არ იყოს, ალბათ კახა ძაგანიაც აღშფოთდა, შერონ სთოუნი ახლოდან რომ არ აჩვენეს. მოვა დრო და, ყველა მოქმედ და ყოფილ ლეიბორისტს აუცილებლად აჩვენებენ ახლოდან იმას, რასაც იმსახურებენ. ცუდი არ იფიქროთ, უარესს ვგულისხმობდი - პროფკავშირებს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება IRI-ს კვლევას გამოეხმაურ განცხადება გაავრცელა: „...საქართველოს პროფკავშირების გასწვრივ დასმული 26% ნიშნავს იმას, რომ ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს ნდობა პროფკავშირებისადმი. ეს მაჩვენებლი მნიშნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პროფკავშირების, როგორც ინსტიტუტის მიმართ, ქვეყანაში დაუფარავი და აგრესიული ბრძოლა მიმდინარეობს“.
პაჰ-პაჰ-პაჰ!!! ნუ... ვაჰ... სიტყვები არ მყოფნის. ერთი ის იყო, ვანომ რომ თქვა, პოლიციას და ეკლესიას ერთნაირად ენდობა ხალხიო და მეორე კიდევ - ეს. ერთი პეტრიაშვილი იყო და - მოგელანდებითო, მეორე პეტრიაშვილია და - არ გელანდებითო, ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთო. „საბოლოო ციფრები სრულად არ ასახავს რეალობას“ - განცხადებაში იყო. ნაგლებზე იკაიფე!!! ისე, ამ კვლევის თანახმად, სააკაშვილს 78 პროცენტი ენდობა და იმასაც ეცოტავება. მიშაზე არ იკაიფოთ, რაც არ უნდა იყოს, შერონ სთოუნი და კობა ნაყოფია ერთად და თან, ახლოდან ჰყავს ნანახი.
„ჩემი საპრეზიდენტო ვადა ორ წელიწადნახევარში სრულდება. ჩვენთვის ეს ლამის მარადიულობაა. ყველაზე ნაკლებად მინდა „კოჭლ იხვად“ აღმიქვამდნენ“ – „ევრონიუსის“ ჟურნალისტთან საუბრისას თქვა მიხეილ მაღალმა. კოჭლი იხვიო... ეგღა გვაკლდა. არავითარი კოჭლი იხვი!!! შენი სახელია ჩოყლაყი!
ადრე ვიღაცამ იკითხა, კუკავა გვარია თუ პროცესიო... ეგრე არ შეიძლება! გასულ კვირაში კახა კუკავამ ლევან გაჩეჩილაძესთან და კოკა გუნცაძესთან თანამშრომლობის მზაობის შესახებ განაცხადა. მესიამოვნა. გაჩეჩილაძე იქით იყოს, მაგრამ თუ კუკავა, ნათელაშვილი, ბაღათურია და სხვა ეგეთები გუნცაძესთან ითანამშრომლებენ, საქართველო ამით მხოლოდ მოიგებს - ძალიან ბევრი პარტიაა და რაც მეტი დაიშლება, მით უკეთსი.
რადგან ლეიბორისტები და კუკავა ერთ აბზაცში მოხვდნენ, შემდეგი ამბავი არის ეს: „ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელი მდივნის, პაატა ჯიბლაძის განცხადებით, 6 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბბინის წინ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას და ლეიბორისტული პარტიის მომხრეები მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავენ“. ანეკდოტია, რა...
აი, მეორე ამბავ-ანეკდოტი: „ქართული დასის“ ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურიას აზრით, IRI-ს კვლევების თანახმად, მის პარტიას საარჩევნოდ სერიოზული წარმატების მიღწევა შეუძლია. როგორც ბაღათურიამ დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კვლევებში კითხვაზე, თუ რომელი პარტიის საპარლამენტო მოღვაწეობა მოსწონთ, გამოკითხულთა 8% -მა „ქართულ დასს“ მაღალი შეფასება მისცა, ხოლო 1% მიიჩნევს, რომ მისი პარტიის კანონშემოქმედება საუკეთესოა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც იმას ნიშმავს, რომ მისი პარტიის მუშაობას მაღალ შეფასებას მოსახლოების 9 % აძლევს“.
ჯონდი, ძმურად, პირდაპირ თქვი, რა გინდა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის ინფორმაციით, საქართველოსთვის ავტომობილები პირველი საექსპორტო პროდუქტია. როგორც გილაურმა დღეს რუსთავში, „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ ავტობაზრობის პრეზენტაციაზე განაცხადა, თუ საქართველოს ექსპორტის მთავარი სეგმენტი ჯართი იყო, დღეს ვითარება შეიცვალა და საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო პროდუქტი ავტომობილებია“ - როგორც ხედავთ, ნიკა გილაური ტოლს არ უდებს ჯონდი ბაღათურიას. მაგათ, ორივეს, მოკლე ფეხები აქვთ. მაგათთვის, ორივესთვის, აუცილებლად მოგვიწევს რაღაც-რაღაცეების ახლოდან ჩვენება.
ესეც - ეკონომიკა. კულტურაზე უკვე ვისაუბრეთ - შერონ სთოუნი ბალს ჭამდა, კობა ნაყოფია ტყემალზე ფიქრობდა. ოპერის სახურავის ხუთი კვადრატული მეტრი ამდენი უკულტურობით აღშფოთდა და დაიწვა.
ვერც ოპერის სახურავმა დაძლია შვიდპროცენტიანი ბარიერი...
არადა, როდესაც სააკაშვილის ფორთხვის ამბავი გაიგო, მთელი ოპერა სირცხვილით იწვოდა - სახურავი, სცენა, ფარდა, სკამები... პუანტები ტიროდნენ. ერთ დროს ოპერა გვქონდა. ახლა ოპერის მხოლოდ ხუთი პროცენტი დაგვრჩა - ის ხუთი პროცენტი, რომელიც სირცხვილით დაიწვა.
მ.ა.მ. (მოშორდი აქედან, მიშა) მოშორდი აქედან, ტომ, თორემ ისევ გავჯავრდები. ერთხელ მაინც მოიქეცი წესიერად და აღარ დაგჭირდება არავითარი წამლის მიღება.
(მარკ ტვენი, „ტომ სოიერის თავგადასავალი“)