როგორც მოსალოდნელი იყო, 2017 წლიდან ავტომობილების ბიზნესის მასშტაბმა ერთბაშად იკლო. ახალმა რეგულაციამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო. სპეციალისტების ვარაუდით, ტენდენცია დაახლოებით ერთი წელი არ შეიცვლება.
2017 წლის იანვარში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში მკვეთრად შემცირდა. "საქსტატის" მონაცემებით, იანვარში აღნიშნული პროდუქციის წილი მთელ იმპორტში 2.1%-ით არის შემცირებული. წინა თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 27 მილიონი დოლარი იყო მაშინ, როცა 2016 წლის იანვარში იმპორტმა 32 მილიონი დოლარი შეადგინა.
2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი - შემცირდა.
რუსთავის ავტობაზრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ავტომობილები 15-20%-ით უკვე გაძვირდა. ავტობაზრობის გენერალურმა დირექტორმა ის სქემაც წარმოადგინა, რომელსაც უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გაივლის საავტომობილო ბაზარი. იგივე პროცესი ამ სფეროში უკრაინამ რამდენიმე წლის წინ გაიარა.
„დასაწყისში სახეზე გვექნება ე.წ. ბაზრის გაყინვა. აქტივობა შეჩერდება, რადგან ხალხი დაბნეულია, არ იცის რა ქნას. შემდეგ დაიწყება მოთხოვნის ვარდნა. სიძვირის გამო ხალხი თავს შეიკავებს ყიდვისგან, თუმცა ვისაც 2-3 ათასი დოლარის ფარგლებში მანქანის შეძენა სურს, ის მაინც შეიძენს და თუ რომელ მანქანაზე შეაჩერებს ის არჩევანს, დამოკიდებული იქნება დილერების აქტიურობისა და პროდუქტის მიწოდების ხარისხზე. მომხმარებელი იყიდის იმას, რასაც დილერები შესთავაზებენ", - განუცხადა "ბიპიენს" ევგენი უსტინოვმა.
კომპანია "რობანი მოტორსის" თანადამფუძნებელი, ელგუჯა ჯამაგიძე გარკვეულწილად იგივეს ამბობს. მისი თქმით, ავტობიზნესში ახლა ის დროა, როცა ყველა გაჩერებულია და ახალ რეალობასთან შეგუებას ცდილობს.
"ეს არ არის მარტივი პროცესი. ძალიან რთული გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. ავტობიზნესში ტენდენცია თანდათან გამოიკვეთება და რაღაც შესაძლებლობა გაჩნდება. ჯერჯერობით არაფერია ისეთი, რაც ბიზნესს გამოაცოცხლებს. ნელ-ნელა მატულობს ფასი. ძალიან მალე საშუალო ფენა მანქანის ყიდვას ვერც კი მოახერხებს. ჩვენ მყიდველთა საკმაოდ დიდი კატეგორია მოგვაკლდება. აქციზზე რომ არაფერი ვთქვა, დოლარის კურსიც მოქმედებს. შიდა ბაზარზე ჩვენ არანაირი ალტერნატივა არ გვაქვს", - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.
მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე გასამმაგებული ტარიფი, მათი საქართველოში შემოყვანა უკვე არარენტაბელურია გახდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ა,ბობს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხი დეკემბერში მიღებული საგადასახადო კანონმდებლობით უკვე დარეგულირდა და მათ ასაკრძალად რაიმე ახალ რეგულაციაზე მუშაობა საჭირო აღარ არის.
„მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხი უკვე დარეგულირდა საგადასახადო კანონმდებლობით, რომელიც დეკემბერში მივიღეთ. მიღებული ცვლილებებით, განბაჟების გადასახადი გასამმაგდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, რაც მათ შემოყვანას არარენტაბელურს ხდის. შესაბამისად, დამატებითი რეგულაციები მათ ასაკრძალად აღარ არის საჭირო", - განაცხადა თალაკვაძემ.