„ქართული აკადემიის“ 26 მაისის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციის მიერ დემონსტრანტთა სასტიკი მეთოდებით დარბევის გამოუძიებლობას შეუძლია გამოიწვიოს ახალი დანაშაულის წახალისება და პოლიტიკურ ნიადაგზე ტოტალური და ფართომასშტაბიანი რეპრესიებისათვის საფუძვლის შექმნა.
მოვლენათა განვითარება მიუთითებს ასეთი ვარაუდის სისწორეზე. კერძოდ, უკანასკნელ დღეებში თეონა ქარდავას დაკავება, ლაშა ჩხარტიშვილისათვის ათდღიანი ადმინისტრაციული სასჯელის შეფარდება, უკანონოდ დაკავებული და სასტიკად ნაცემი ცნობილი სპორტსმენისა და მსახიობის, ამჟამად მოშიმშილე სოსო ჯაჭვლიანის საავადმყოფოდან ისევ მცხეთის იზოლატორში გადაყვანა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დაპატიმრებები, თვით ჩვენი რეპრესიული გარემოსთვისაც კი უჩვეულო „ნოვაცია“ - უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი მთელი ოჯახს დაკავება (მხედველობაში გვყავს ირინა, მაია და ირაკლი ბათიაშვილები), 7 ივნისს შემოსავლების სამსახურის მიერ „მედიაპალიტრის“ სტრუქტურების არაგეგმიური შემოწმება და სტამბებისა და პოლიგრაფიული საწყობების დალუქვა მეტყველებს, რომ საქმე გვაქვს არა გამოხატვისა თუ სხვა უფლებების ცალკეულ დარღვევებთან, არამედ ზემოხსენებულ ტოტალურ ტერორსა და ფართომასშტაბიან რეპრესიებთან.
პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული, საკუთარ ხალხთან ბრძოლაში დამარცხებული სააკაშვილის ავტოკრატიული ხელისუფლება დაადგა ნეობოლშევიკური ტოტალიტარიზმის შეუქცევად გზას. ქართველი ხალხი დგას უაღრესად საშიში გამოწვევის წინაშე, ქვეყანას კი ემუქრება დემოკრატიული სამყაროსაგან იზოლაციის საფრთხე.
მოვუწოდებთ ქართულ საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ ძალებს მაქსიმალური კონსოლიდაციისაკენ, რათა სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ქვეყანა არ გადაჩეხოს ტერორისა და სახელმწიფოებრივი უპერსპექტივობის უფსკრულში. ამასთან, მოვუწოდებთ მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათს ხელთ არსებული ბერკეტები, შეაჩერონ წონასწორობადაკარგული ხელისუფლება, რათა არ მოხდეს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების საბოლოო დასამარება, რაც საშიშია როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი, ისე რეგიონალური უსაფრთხოებისათვის.