რა დავალებით ჩამოვიდნენ და ვის ხვდებიან თბილისში გრუ-სა და ფსბ-ს თანამშრომლები
ინფორმაცია, რომელიც „ვერსიას“ სანდო წყარომ მოაწოდა, შესაძლოა, არ გამართლდეს, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუკი შესაბამისი სამსახურები გარკვეულ ყურადღებას დაუთმობენ და კონტროლზეც აიყვანენ, რადგან საქმე, მინიმუმ, ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეხება. ისე, იმაზე მეტი „ძირგამომთხრელი საქმიანობა“ რაღა უნდა იყოს, რისი მოწმენიც ბოლო დღეებში გავხდით - მხედველობაში ე.წ. ციანიდის საქმე მაქვს. სიტყვამ მოიტანა და ,,ვერსიის'' ინფორმატორი ეჭვობს, რომ მის ხელთ არსებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ბმა შესაძლოა, სწორედ საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებთნ ჰქონდეს. სხვათა შორის, „ბმა“, გარკვეულწილად სპეცსამსახურელების ტერმინია. ჰოდა, აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ, ივარაუდოთ, რომ კონფიდენტი სწორედ სპეცსამსახურთან დაახლოებული სუბიექტია, თუმცა „ვერსია“ წყაროს შესახებ მეტი დეტალის გამოაშკარავებას, ცხადია, არ აპირებს. ჩვენთვის რომ ვთქვათ, წყაროს „საპასპორტე მონაცემების“ ცოდნას, ამ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. მთავარია, რომ ინფორმატორი სანდოა და მის მიერ მოწოდებული ცნობები, როგორც წესი, ადრე თუ გვიან, მართლდება ხოლმე.
ახლა კი, რაც შეეხება თავად ინფორმაციას, „ვერსიასთან“ ოპერატიულ კავშირზე მყოფი პიროვნება ამბობს, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა თავიანთი მეკავშირეების სრული მობილიზაცია გამოაცხადეს.
„ზოგადად, როცა რუსულ სპეცსამსახურებზე ვსაუბრობ, მხედველობაში ფსბ და გრუ მაქვს. მართალია, ეს ორი სხვადასხვა უწყებაა, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში რუსული უშიშროების ორივე, ასე ვთქვათ, ქვედანაყოფი, ტრადიციულად, შეთანხმებულად მოქმედებს. ამჯერადაც ასეა. მათ რუსეთში მცხოვრები ის ქართველები, რომლებთანაც ურთერთობა წლების წინ დაამყარეს, სპეცდავალებით საქართველოში „გადმოისროლეს“. ისე არ გაიგოთ, რომ ეს ქართველები რიგითი ადამიანები არიან. ზოგიერთის ვინაობა პირადად ჩემთვის, ცნობილია, მაგრამ გარკვეული მოსაზრების გამო, ამჯერად გვარებს არ დავასახელებ და მხოლოდ იმ მინიშნებას გავაკეთებ, რომ ერთი-ორ მათგანს გენერლის ჩინიც აქვს. ერთ-ერთი კი, რომელიც მოსკოვიდან თბილისში, თურმე, სპეცდავალებით ჩამოვიდა, იგორ გიორგაძის „სასტავიდანაა“. თავის დროზე, 1995 წლის 29 აგვისტოს, აწ განსვენებულ ედუარდ შევარდნაძეზე მოწყობილი ტერაქტის შემდეგ, როცა გიორგაძემ საქართველო დატოვა, ავთო იოსელიანმა კონკრეტულად ეს პიროვნება, როგორც იტყვიან, პირად კონტროლზეც აიყვანა და წლების განმავლობაში აკვირდებოდა, თუმცა ეს დაკვირვება არაოფიციალური იყო და ამის შესახებ რამე დოკუმენტაცია არ შემდგარა... ისე, ამ პიროვნებას არც არასოდეს დაუმალავს, რომ რუსულ უშიშროებაში გავლენები აქვს“, - ამბობს კონფიდენტი, რომელიც „ვერსიის“ ჩაკითხვის მიუხედავად, იგორ გიორგაძის მეგობრის ვინაობას არ ამხელს და მხოლოდ იმ მინიშნებას აკეთებს, რომ ეს ადამიანი სამოცსაა გადაცილებული და წლებია, საქართველოში არ უცხოვრია.
ამასთან, „ვერსიის“ ინკოგნიტო რესპონდენტს თუ დავუჯერებთ, მოსკოვიდან თბილისში გადმოსროლილ ქართველებს ერთადერთი დავალება აქვთ - შეხვდნენ პოლიტიკური, ასევე, ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. მათვე, თურმე, ისიც ევალებათ, რომ კომუნიკაცია საზოგადოების ე.წ. ფეისებთანაც დაამყარონ.
„როგორც გავიგე, რამდენიმე ასეთი კომუნიკაცია უკვე შედგა. საუბარი შეიძლება, სხვადასხვა თემასაც შეეხო, მაგრამ ფსბ-სა და გრუ-ს დავალებაა, რომ სამშობლოში დაბრუნებულმა ქართველებმა, რომლებიც თბილისში თითქოს დიდი ხნის უნახავი ახლობლების სანახავად ჩამოვიდნენ, ყურადღება რამდენიმე მიმართულებით გაამახვილონ ანუ ამ შეხვედრებზე აქცენტი, ჩემი ინფორმაციით, პანკისზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ასევე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე უნდა გაკეთდეს. ყველაფერ ამის მიზანი შესაძლოა, გარკვეული ინფორმაციის მოპოვება-მოძიებაა, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ იგივე პანკისისა თუ აჭარის კუთხით ერთგვარი დატესტვა ხდებოდეს ანუ კრემლს, ალბათ, იმის გაგება უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი ავტონომიურ რესპუბლიკაში ან, სულაც, პანკისში სიტუაცია დაიძაბება, ყველაფერ ამას მოსახლეობა როგორ შეხვდება.
ზოგადად, ეს რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა. ამ შემთხვევაში კი, საქმე უფრო სერიოზულად უნდა იყოს, რადგან ის ქართველი „კაგებეშნიკი“, რომელზეც წეღან გელაპარაკებოდით, პატრუშევის მეგობარია. მოგეხსენებათ, პატრუშევი, თავის მხრივ, ბორტნიკოვის გარემოცვის წევრია. ბორტნიკოვი კი „ფსბ“-ს შეფია. ერთი სიტყვით, შეიძლება, სანერვიულო არაფერია, მაგრამ ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციებს თუ გავაანალიზებთ და ყველაფერ ამას ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების, იგივე „ციანიდის საქმის“ კონტექსტში განვიხილავთ, მაშინ პირადად მე, ვუშვებ ალბათობას, რომ ჩრდილოელმა მეზობელმა ჩვენს წინააღმდეგ რაღაც სერიოზული პროვოკაციის მოწყობა ჩაიფიქრა და თუ ყველაფერ ამას ჩვენი უშიშროების სამსახურები ყურადღებას არ მიაქცევენ, შესაძლოა, ქვეყანა დიდ უბედურებას, მართლაც, ვერ გადაურჩეს“, - აღნიშნავს „ვერსიასთან“ საუბრისას წყარო, რომელიც თავის დროზე უშიშროების ორგანოებში მუშაობდა და, როგორც აღნიშნავს, ნაციონალებმა სამსახურიდან იმ მოტივით დაითხოვეს, რომ ცალკეული თანამდებობის პირების შესაძლო რუსულ კავშირებზე ღიად ალაპარაკდა.
„მართალია, იმ ადამიანების ნაწილი, რომლებზეც თავის დროზე მინიშნებებს ვაკეთებდი, დღეს სახელმწიფო სამსახურებში აღარ მოღვაწეობს, მაგრამ ეს იმას როდის ნიშნავს, რომ ამ ხალხს თავის მფარველებთან კავშირი აღარ აქვს. ზოგადად, სპეცსამსახური ისეთი ინსტიტუტია, რომელიც მეკავშირებს არასოდეს კარგავს ანუ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ესა თუ ის პიროვნება წლების განმავლობაში არც გაახსენდეს, მაგრამ საჭირო დროს საჭირო ადგილას სპეცდავალებით მიავლენს და საქმეს გააკეთებინებს. ისინიც, რომლებიც, ჩემი ინფორმაციით, ახლახან მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდნენ, ასეთი ე.წ. დაკონსერვებული აგენტები“ არიან, რომელთაც დიდი ხანია არაფერი გაუკეთებიათ. შესაბამისად, საზოგადოებას მათზე წარმოდგენაც არ აქვს. როცა რამე ოპერაცია იგეგმება, უშიშროება სწორედ ასეთ ადამიანებს იყენებს, თორემ „გაშიფრულ“ აგენტს ანუ მას, ვისაც საქმე ერთხელ უკვე გააკეთებინა, სერიოზულ დავალებას მეორედ აღარ აძლევს“, - განმარტავს „ვერსიის“ კონფიდენტი, რომელიც კონფიდენციალური საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციები გადაუმოწმებელი, ესე იგი, ოპერატიულია: „ოპერატიული იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია შეიძლება, არ დადასტურდეს, მაგრამ რაკი ხმა და ჭორი ჩნდება, ეს იმის საფუძველი უნდა გახდეს, რომ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა ამ კუთხით გარკვეული პრევენცია გაატარონ, თორემ მერე, რამე მართლა რომ მოხდეს, გამოსავლის ძიება უკვე დაგვიანებული იქნება.
ისე, არც იმას გამოვრიცხავ, ყველაფერი, რასაც გიყვებით, ცრუ ინფორმაცია იყოს და ამაზე აქცენტის გაკეთებით, ყურადღების მიღმა უფრო მნიშვნელოვანი ამბავი დაგვრჩეს, მაგრამ თავისთავად ერთი გარემოება მაფიქრებს - მოსკოვიდან ჩამოსულები, რომლებმაც ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ვიწრო შეხვედრა გამართეს, აჭარასა და პანკისზე რატომ აქცენტირებენ? დღეს უშიშროებაში რომ ვმუშაობდე, პრევენციას უფრო პანკისის კუთხით გავატარებდი, რადგან ბოლო წლებში, თუ გახსოვთ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხან ღიად და ხან გადაკვრით, მიანიშნეს, რომ პანკისში თითქოს რაღაც ხდება. ასე რომ, ამ კუთხით, მინიმუმ, დაკვირვება, აუცილებელია“.