საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართელოს“ თავმჯდომარის, მურმან დუმბაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ “ობიექტივს“ დუმბაძის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა მედეა ვასაძემ უთხრა, რომელმაც დაკავებული მურმან დუმბაძე 7 ივნისს მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ მურმან დუმბაძე 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი აქციის დარბევისას დააკავეს, შემდეგ, თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობაში სასტიკად სცემეს, ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს და თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
“მურმან დუმბაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. რა თქმა უნდა, ტკივილის ნარჩენები აქვს, მაგრამ ფიზიკურად გაცილებით უკეთესად გამოიყურება. ვიმედოვნებთ, რომ მისი გათავისუფლების მომენტისთვის ჯანმრთელი იქნება, რათა გააგრძელოს შრომა და ბრძოლა, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. გულითად მადლობასთან ერთად, აი, ეს დამაბარა მის კეთილისმსურველებთან, იმ ადამიანებთან, ვინც წუხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იმ წერილის შინაარსი გაგაცნოთ, რომელიც ხელთ მაქვს - ბატონი მურმანის ძმამ, აჭარაში ცნობილმა ექიმმა, გურამ დუმბაძემ მთხოვა მისი შინაარსი ბატონი მურმანისთვის გამეცნო. ძალიან ლამაზი წერილია, ქართული ხასიათითა და იმ პრინციპებით გაჟღენთილი, რომელზეც ორიენტირებულია ბატონი მურმანი.
”ჩემს ძმას, მურმანს! 26 მაისი, წერილი ციხეში - 26 მაისს საქართველო შეიცვალა, ახალი საქართველო დაიბადა. მშობიარობა ყოველთვის მტკივნეულია. თქვენ ერეკლე მეფესთან ერთად იბრძოდით, ახალი კრწანისის ომში. ბედნიერი ვარ რომ 300 არაგველთან ერთად 300 აჭარელიც იბრძოდა. ეს იყო ქართველთა ბრძოლა ქართველობისთვის. თქვენ აგრძელებთ ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ხასან თხილაიშვილის, მემედ აბაშიძის, ყადირ შერვაშიძის, ლევან გოთუას სიცოცხლეს.
მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ძმა მურმან დუმბაძე ერთ რიგით ჯარისკაცად ემსახურებოდა საქართველოს. შენ გაიმარჯვე ჩემო მურმან! ამაღლებისა და გამარჯვების გზა ეკლებზე და ჯვარცმაზე გადის. განსაცდელის გარეშე სულიერი ამაღლება შეუძლებელია. ღმერთმა დაგლოცოს.
შენი ძმა გურამ დუმბაძე”.