საფინანსო ზედამხედველობა მთავრობას ოდნავადაც აღარ აინტერესებს

საფინანსო ზედამხედველობა მთავრობას ოდნავადაც აღარ აინტერესებს

საფინანსო სექტორის ზედამხედველობას მთავრობა ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნებს. ეს ნიშნავს, რომ სებ-ის საბჭოს შემადგენლობა ამჟამინდელი მთავრობისთვის მისაღებია. გამოდის, რომ გადაწყვეტილებები ქვეყანაში კონკრეტული პიროვნებების თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნით მიიღება.

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე წარდგენილია 17 კანონისგან შემდგარი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნებას.

„როგორც ცნობილია, 2015 წელს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტებში ცვლილება, რომლის მიხედვით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა გადასულიყო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთან. ამის შემდეგ საკონსტიტიუციო სასამართლოში მოხდა აღნიშნული კანონპროექტების გასაჩივრება.

ჩვენ რამდენიმეჯერ განვაცხადეთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, აღარ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ პირვანდელი სახით იმ კანონპროექტებს, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ეხება.

ვაწარმოებთ ძალიან აქტიურ მოლაპარკებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელთათვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი მოვლენაა აღნიშნული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის ინიციტორი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ მაშინ მთავრობაში შესაბამის კანონპროექტს ყველა მხარს უჭერდა, ამიტომ მათი პოზიციის შეცვლა უცნაურია.

მისი მტკიცებით, ისეთი ფორმით ზედამხედველობის ყოფნა ეროვნულ ბანკში აფერხებდა გამჭვირვალობას, იყო საფრთხის შემცველი. რეალურად, ეროვნული ბანკი ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ კონტროლდებოდა, დანარჩენ შტოებისთვის კი დახურული იყო.

„დღეს შეიძლება ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელობიდან საფრთხეს ვერ ხედავენ, მაგრამ ეს კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებული არ უნდა იყოს. თუ ყველაფერი ერთ პიროვნებაზე იქნება მორგებული, შესაძლოა, ეროვნული ბანკი პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. ამის საფრთხე არსებობს.

მაშინ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა მე და ნოდარ ებანოიძემ გავახმოვანეთ, ამას ხელისუფლებაში ყველა ეთანხმებოდა. მაშინ კანონპროექტის მომზადება მთავრობაში ხდებოდა. ის ადამიანები, ვინც ამას ამზადებდა, დღეს ისევ ხელისუფლებაში არიან და უფრო მეტ ბერკეტებს ფლობენ“, - აცხადებს მეჭიაური.

ფინანსური ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის საკითხი თავის დროზე დაპირისპირების საგანი გახდა. სებ-ის მაშინდელი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ასევე საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული ცვლილების წინააღმდეგი იყო.

2015 წელს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ მომზადებული კანონის მეშვეობით გამოეყო. იმავე წლის 31 ივლისს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ვეტო დაძლია. პრეზიდენტმა მეჭიაურის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი 10 სექტემბერს მოაწერა.

ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეიტანეს, რის გამოც 2015 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2015 წლის 3 სექტემბრის საქართველოს ორგანული კანონის ნორმების მოქმედება.