მდიდარი ხელისუფლება და უკმაყოფილო მოხელეები

მდიდარი ხელისუფლება და უკმაყოფილო მოხელეები

საქართველოს მთავრობაში 6 მილიონერი მინისტრია, ხოლო პარლამენტში 41 მილიონერი დეპუტატია. ასეთი „მდიდარი“ ხელისუფლება საქართველოს არასდრო ჰყოლია. ამ დროს გაირკვა, რომ საჯარო მოხელეთა საშუალო და ქვედა რგოლი თავისი ანაზღაურებით კმაყოფილი არ არის. ყოველ მეორე მათგანს თანამდებობრივი სარგო ეცოტავება.

მილიონერი დეპუტატებისა და მთავრობის წევრთა შესახებ ინფორმაცია ქონებრივი დეკლარაციების დამუშავების შემდეგ მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ და პარტია „ახალმა საქართველომ“ წარადგინა.

კვლევის შედეგების მიხედვით, მილიონობით ლარის დეკლარირებულ ქონებას ფლობენ მინისტრები: კახი კალაძე (36 604 500 ლარი); ტარიელ ხეჩიკაშვილი (11 253 00) ქეთევან ციხელაშვილი (9 748000), გიორგი გახარია (5 019 000), ზურაბ ალავიძე (2 442 000), დიმიტრი ქუმსიშვილი (1 965 000).

გარდა ამისა, კვლევის ავტორების თქმით, მმართველი პარტიის 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია.

„ეს არის საბაზრო ღირებულებება იმ ქონების, რომელსაც დეპუტატები ფლობენ, ცდომილება მაქსიმუმ შეიძლება 10%. უმრავლესობამ თანხა თავად მიუთითა, მაგრამ ვისაც არ აქვს მითითებული, ის საბაზრო ღირებულებით გამოვითვალეთ“, - აცხადებს კვლევის ავტორი ლევან ხაბეიშვილი და დასძენს, რომ კვლევისას გამოიკვეთა ერთი რამ - დეკლარაციის შემავსებელთა ნაწილს გონივრულ ფასზე ნაკლები ფასი ეწერა.

გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების 35%, ანუ ყოველი მესამე დეკლარირებული მილიონერია. მათი ხუთეული ასე გამოიყურება: შოთა შალელაშვილი (34 907 760 ლარი), იოსებ მაკრახიძე (13 მლ ლარი), ბექა ოდიშარია (12 414 270 ლარი), ლევან კობიაშვილი (10 მლნ ლარი), კობა ნარჩემაშვილი (7 672 000 ლარი).

მონიტორინგის ცენტრ „მედიატორისა“ და „ახალი საქართველოს“ კვლევაში მოექცნენ ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მილიონერთა ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ნატო ჩხეიძე. მის გვერდიგვერდ არიან ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა ნაყოფია და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე.

ხელისუფლების ზედა რგოლი მდიდარი ადამიანებით არის დაკომპლექტებული და მათ საწუწუნო არაფერი აქვთ, მაგრამ საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული საშუალო და დაბალი რანგის მოხელეები თავიანთ ანაზღაურებას უჩივიან.

საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში, ასე ეწოდება UNDP-ის და ACT-ის სპეციალური კვლევას, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 2400 საქართველოს მოქალაქე, 29 სახელმწიფო უწყების 831 საჯარო მოხელე.

აღმოჩნდა, რომ შესრულებული სამუშაოსთვის მიღებული ანაზღაურებით კმაყოფილება საჯარო სამსახურებში დაბალია. გამოკითხულ საჯარო მოხელეთა მხოლოდ 28% ამბობს, რომ კმაყოფილია თავისი ანაზღაურებით მაშინ, როდესაც რესპონდენტთა ნახევარი (51%) აღნიშნულ დებულებას არ ეთანხმება. მათ შორის, განსაკუთრებით კრიტიკულად განწყობილთა წილი 21%-ს შეადგენს.

გამოკითხული საჯარო მოხელეები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ მიღებულ ანაზღაურებას მათ კვალიფიკაციასთან და შესრულებული სამუშაოს ხარისხთან შესაბამისობის კუთხითაც - ამ შემთხვევაშიც გამოკითხულთა ნახევარი (51%) არსებულ ანაზღაურებას მათი სამუშაოსთვის შეუსაბამოდ მიიჩნევს და მხოლოდ 29% თვლის, რომ ხელფასი მის კვალიფიკაციას შეესაბამება.

ამასთან გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარი (46%) თვლის, რომ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის შესაბამის აღიარებას იღებს, მათ შორის, მხოლოდ 14% ეთანხმება აღნიშნულ დებულებას სრულად, 29% კი თვლის, რომ სამსახურში აღიარებას ვერ ჰპოვებს. მიუხედავად ამისა, გამოკითხულ საჯარო მოხელეთა დიდი უმრავლესობა (78%) ამაყობს იმ სამუშაოთი, რომელსაც ასრულებს. რესპონდენტთა მხოლოდ 7% ამბობს, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო არ იწვევს მასში სიამაყის შეგრძნებას.

კვლევის ავტორთა დასკვნით, საჯარო სექტორში დასაქმებული თანამშრომლების დიდ ნაწილს (76%) მოსწონს თავისი სამუშაო და მხოლოდ 6% მიიჩნევს არამიმზიდველად იმ სამუშაოს, რომელსაც ასრულებს. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველი მეორე ანაზღაურებით უკმაყოფილოა.