რესპუბლიკური პარტია „ქვებს აგროვებს“. ლიდერები შესაბამის დროს ელიან უფრო მწვავე კრიტიკისა და წერტილოვანი დარტყმებისთვის. მანამდე კი, ზოგად განცხადებებს სჯერდებიან. რატომ არ მიიღეს მაისის აქციაზე გასვლის გადაწყვეტილება და როგორ წარმოუდგენიათ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მშვიდ რეჟიმში გაგრძელება - ამ და სხვა კითხვებს თინა ხიდაშელი პასუხობს, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბევრი სხვა პარტიის წევრისგან განსხვავებით, ერთადერთი იყო, ვისაც გულმა ვერ მოუთმინა და აქციის თვითმხილველი კეპსა და სპორტულ ფეხსაცმელში გახდა:
- მე და ჩემი პარტია 25 მაისის აქციის მონაწილეები არ ვიყავით, არც მის დროსა და ფორმას ვიზიარებდით. იმ ღამეს ქუჩაში პოლიტიკური მოტივაციით არ გავსულვარ. უბრალოდ, საკრებულოს წევრი თუ ხარ, მიმაჩნია, როცა შენი უფლებამოსილების ტერიტორიაზე ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, იქ მინიმუმ, იმისთვის უნდა იყო, რომ ხვალ, ან ზეგ ვიღაცამ რამე არ მოგატყუოს და ცრუ პროპაგანდის მსხვერპლი არ გახდე. სხვათა შორის, მე სასტუმრო „მერიოტთან“ ვიდექი და არავინ შემხებია. საკრებულოს მანქანით ვიყავი და, ეტყობა, ჩათვალეს, ჩვენიანიო. თუმცა, ჩემი შეფასებით, მიტინგზე 500-600 კაცი იდგა და სწორედ ეს არის ყველზე მძიმე. „სადამსჯელო ოპერაციაც“ ასე მძიმედ ამიტომაც ჩატარდა. 7 ნოემბერს კი ასეთი სისასტიკე სწორედ ხალხის რაოდენობის გამო არ იყო. იურისტებს სხვა ტერმინი არ გვაქვს და ამიტომაც ვამბობთ, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენაო, თორემ ეს ზეარაპროპორციული ძალა იყო. 7 ნოემბერს მომიტინგეთა რაოდენობა იყო სპეცნაზზე 10-ჯერ და 20-ჯერ მეტი, 25 მაისს - პირიქით.
7 ნოემბერს თქვენც აქციის ერთ-ერთი ლიდერი იყავით, 25 მაისს კი, უბრალოდ, თვითმხილველი, ხოლო როცა ბურჯანაძესთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიხვედით და არაერთი ემოციური კადრი ვნახეთ, როგორ გთხოვდათ იგი დამხარებას. იქ ერთად როგორღა აღმოჩნდით?
- ბურჯანაძესთან ერთად არსად მივსულვარ, ის ჩემს შემდეგ მოვიდა საავადმყოფოს ტერიტორიაზე. იცით, არის მომენტი, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისზე, რას ფიქრობს. ახლაც ვადასტურებ - ჩემი ქვეყნის უკეთეს მომავალს ნინო ბურჯანაძესთან ერთად ვერ ვხედავ. თუმცა, არის მომენტი, როცა ამ ყველაფერს მნიშვნელობა ეკარგება. საავადმყოფოდან გამოვდიოდი, როცა დავინახე, რომ ბურჯანაძე დარჩა სრულიად მარტო. ასეთ დროს, რაღაც ადამიანური ვალდებულებებიც გაქვს. ბურჯანაძე იყო დედა, რომელსაც იმ წამს შვილი თვალწინ დაუპატიმრეს და არა პარტიის თავჯდომარე, ან - პოლიტიკური ლიდერი.
მთხოვა გამერკვია, საავადმყოფოს ტერიტორიაზე რატომ აღარ უშვებდნენ, მაგრამ პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მისი ვაჟი დააპატიმრეს. მანამდე იქ ისევე იდგა, როგორც თითოეული ჩვენთაგანი. ჩემი საავადმყოფოში მისვლის მიზეზი კი იყო, ჩემი თვალით მენახა, რა მდგომარეობაში და საიდან მოჰყავდათ დაზარალებული ადამიანები და, რაც მთავარია, რა პოზიცია ჰქონდა საავადმყოფოს. ეს პოზიცია ყოვლად დაუშვებელი აღმოჩნდა: გარეთ მდგომ ახლობლებს ისიც კი არ გააგებინეს, მათი ნათესავები იქ მიიყვანეს თუ არა. ხალხს ჯერ საავადმყოფოდან საავადმყოფოში ეძებდნენ, მერე ციხიდან - ციხეში და როცა გაირკვა, რომ ბიძინა გეგიძე სასაფლაოზე დატოვეს, ზოგიერთმა თავის ახლობელს დიდუბის სასაფლაოზეც კი მიაგნო.
საერთოდ, 25 მაისის მოვლენებზე თუ ვინმეა პასუხისმგებელი, ეს ჯანდაცვის მინისტრია. ეს იყო ყველაზე მდაბალი დანაშაული, რაც მან მინისტრობისას ჩაიდინა - მოვიდა და წავიდა, რაც სამსახურეობრივი გულგრილობაა და სხვა არაფერი. 9 აპრილს თუ რამე მახსოვს, სწორედ მენაღარიშვილის შეშლილი სახეა, რომელიც სამ საათში ერთხელ ტელევიზიით დეტალურად გვამცნობდა დაშავებულთა მდგომარეობას.
მაშინ, საკითხს ბოლომდე იურიდიულად მივუდგეთ - ფასადურად, ხელისუფლებამ დარბევამდე ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით გააკეთა: მერიის გაფრთხილება, აქციის გასაგრძელებლად სხვა ადგილის შეთავაზება, დარბევა მხოლოდ 12 საათის შემდეგ. ანუ, დგება თუ არა ლიდერების პასუხისმგებლობის მომენტიც, როცა თავიდან მსხვერპლის აცილება შეეძლოთ?
- გულწრფელად ვამბობ, 25 მაისის აქციის ლიდერებთან ერთი მთავარი პრეტენზია მაქვს - 7 ნოემბრისგან განსხვავებით, 25 მაისს ხელისუფლებამ ძალადობის ლეგიტიმაცია მიიღო. 7 ნოემბერს კი ეს ძალადობის დელეგიტიმაცია იყო, რადგან პირველად რომ გვცემეს, 60-70 კაცი ვიყავით, ცოტა ხანში გარეთ ნახევარი, ხოლო საღამოს კი მთელი თბილისი გამოვიდა.
მაგრამ ეს ლეგიტიმაცია ხელისუფლებას არა კრების ლიდერებმა, არამედ ხალხმა მისცა, რომელიც ტელევიზიასთან ორი დარბევის შემდეგაც არ გავიდა აქციაზე.
- სწორედ ამას ვამბობ. როგორც ჩანს, ბურჯანაძეს ეგონა, რომ ხალხს საქართველოში ისტორიულ-პოლიტიკური მეხსიერება არა აქვს. არ ვიცი, ეს ყალბი რწმენა რამ გაუჩინა, მაგრამ, ფაქტია, ასეა. არც ის ვიცი, ვინ რა გარანტია მისცა. ჩემი ინფორმაციით, არც ერთი სერიოზული ოპოზიციური მოთამაშისგან ბურჯანაძეს გარეთ გასვლის არანაირი გარანტია არ ჰქონია. რაც შეეხება ხელისუფლებას, 12 საათამდე ლეგიტიმურად მოქმედებდნენ და სიმართლე გითხრათ, ჩვენც ვფიქრობდით, რომ ფორმალურად ყველაფერი სწორად მიდიოდა.
აქ ერთი მთავარი დეტალია - ხელისუფლებამ უნდა თქვას, მიტინგი აღლუმის გამო დაშალა, თუ იმიტომ, რომ რუსეთი გადატრიალებას გეგმავდა. ორივე ამბავი ერთად არ გამოდის. აქ იგი საკუთარ მახეში გაება და ბოლოს, აბსურდამდე მივიდა.
მთავარ მიზეზად იმეორებენ, რუსი შემოდიოდა, ტანკზე ამხედრებული ბურჯანაძითა და წითელი დროშით, რომელიც პარლამენტის თავზე უნდა აეფრიალებინათო. მაშინ, ვეკითხები ხელისუფლებას, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-14-ე მუხლი ამბობს, თუ პოლიციისთვის ცნობილია, რომ დაგეგმილი მანიფესტაცია მიზნად ისახავს კონსტიტუციური წესრიგის შეცვლას, მოქალაქეებისთვის საფრთხის შექმნას და ა.შ. მაშინ რატომ გასცეს ნებართვა, როცა სახალხო კრებამ თბილისის მერიაში შეტყობინება გაგზავნა, ბურჯანაძეს რატომ არ დაუძახეს და უთხრეს - იცი რა, ჩემო საყვარელო ნინო, ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რის გამოც ამ აქციას არ ჩაგატარებინებ და ქვეყანას არ გადაგატრიალებინებთო. ხელისუფლებას სრულად ვეთანხმები იმ ნაწილში, როცა ამბობს, რომ ბურჯანაძემ დარბევის პროვიცირება მოახდინა. პირობითად, მან თქვა, კარგია, დარბევაო. კი ბატონო, თანახმა ვარ, ეს სწორი შეფასებაა, მაგრამ კითხვა ნომერი ორი ამ ხელისუფლებას - მინიმუმ, 24 მაისიდან, ანუ როცა ოქრუაშვილმა თავისი ჩამოსვლა დააანონსა, მათ იცოდნენ, რომ კრება რუსთაველის გამზირზე მიდიოდა, მაშინ რატომ არ ჩააყენეს სპეცნაზი თუნდაც ფილარმონიასთან და რატომ მიუშვეს ეს ხალხი პარლამენტამდე?
როგორ ფიქრობთ, რატომ?
- იმიტომ, რომ დასაჯეს და არამხოლოდ ეს ხალხი, არამედ ყველა, მთელი ქვეყანა. ეს იყო არამარტო ლიდერებისა და მომიტინგეების, არამედ ყველას დასანახად ჩატარებული ოპერაცია ლოზუნგით: იცოდეთ, ჩვენ ბარიერები არ გვაქვსო.
საკრებულოს კი, რომელიც ამავე ხალხმა აირჩია, ოფიციალური პოზიცია მომხდარზე საერთოდ არ ჰქონია. სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, კახა გურული გავლითაც არ გამოჩენილა და ესაა ხალხის მიერ არჩეული ორგანო?
- დარბევის მერე ჩატარებულ სხდომაზე იმის გარკვევას არც მე ვითხოვდი, ვინ რუსული ტანკით მოდიოდა, ვინ - ქართულით. ეს არაა საკრებულოს კომპეტენცია, მაგრამ იცით, 28 მაისის სხდომა როგორ დაიწყო? ზაალ სამადაშვილმა თქვა, მოდით, კენჭი ვუყაროთ დღის წესრიგსო, სადაც 26 მაისზე სიტყვაც არ იყო ნახსენები, მაგრამ გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ. ე.ი. რაღაც მომხდარა ამ ქალაქში, თორემ საკრებულოს სხდომებს ასე ნამდვილად არ ვიწყებთ, გუშინ თბილისში ვიღაც დაიღუპა და ხსოვნას პატივი მივაგოთო. როცა მოვითხოვეთ, იქნებ, ამ თემაზე ვიმსჯელოთო, გვითხრეს, ეს საინტერესო არ არის, სამსჯელოც არაფერი გვაქვსო. კახა გურულს რაც შეეხება, ქალაქში 10 კაციდან 10-ივე გეტყვით, საერთოდ არ ვიცი, ვინააო. მისი კომისია სუსტი კი არაა, ზოგადად, არ არსებობს. მხოლოდ ქაღალდზეა დაფიქსირებული და ქუჩებისთვის სახელების გადარქმევის საკითხს იხილავს. ისე, საკრებულოს ამ შემადგენლობას მადლობაც გადავუხადე, რადგან წინა მოწვევის საკრებულოს მსგავსად, 7 ნოემბერივით, რუსთაველის გამზირზე „მიშა, მიშას“ ძახილით არ გამოცვივდნენ. ან ეს რა იყო, რაც 5 ივნისს მოხდა, როცა რამდენიმე მშვიდობიანი დემონსტრანტი დაიჭირეს! კანონში გარკვევით წერია, რომ, როცა 5 და 10 კაცი დგას, როგორც 5 ივნისს იყო პირველ სკოლასთან, არც ქუჩას კეტავ და შენთვის ყვირი რაღაცას, ანუ იმას აპროტესტებ, რასაც ყველა ზეიმობს, პოლიცია თავს არ უნდა დაგესხას.
მაშინ, ასე შევხედოთ - ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და საქართველო ზუსტად ისევე მოექცა მსფლიოს ყურადღების ცენტრში, როგორც აგვისტოს ომის დროს. ამიტომ ბევრისთვის ეს 5-კაციანი აქცია და შუა რუსთაველზე რაღაცების ყვირილი ანტისახელმწიფოებრივი საქციელი იყო.
- მერე რა, ამას მე და თქვენ არ ვსაზღვრათ, იქნება თუ არა ყველა ბედნიერი, ან სახლში დაჯდება, თუ გარეთ გამოვა და ისე გააპროტესტებს. ჩემდა სამარცხვინოდ, ჩემი პროტესტი მხოლოდ «ფეისბუქით» გამოვხატე, ვიღაცამ კი გადაწყვიტა, ხელისუფლებისთვის უფრო აქტიურად დაეცინა და გარეთ გავიდა. მრცხვენია ისიც, რომ ჩემი ქვეყნის სახელწიფო მინისტრი, გია ბარამიძე შერონ სთოუნს უკან გიდივით დაჰყვებოდა. ეს არის კაცი, რომელიც ეროვნული მოძრაობისა და 9 აპრილის ერთ-ერთი მონაწილეა. ბოდიშს ვიხდი, რა - დღეს იგი ევროინტეგრაციის მინისტრია და რას დასდევდა კუდში ამ ქალს? დიდი ამბავი, მიშას თუ მიარტყა მკერდზე ხელი, მასეთებს მიურტყამთ? ხან ისინი მიარტყამენ, ხანაც - ეს, ამიტომ ამაზე არ მაქვს ლაპარაკი. ამერიკელ კონგრესმენს ხვდებოდა პრეზიდენტი და როცა სთოუნი მივიდა, კაცი შუა შეხვედრიდან გამოიქცა და ნახევარი საათის განმავლობაში მისი გიდი გახდა. ჩვენ რა, ამ ქვეყანაში გიდი არ გვყავს, რომელიც ამ ქალს აბანოთუბანში დახვეწილი ინგლისურით ჩურჩხელაზე დაპატიჟებდა? ის, რაც მაშინ გია ბარამიძემ გააკეთა, ბაბანის რესპუბლიკა იყო. დიახ, საქართველო ბანანის რესპუბლიკაა!
ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როცა საკრებულოს პოზიციურ გაუმართლებლობაზე ვსაუბრობდით, იქვე „რვიანიც“ უნდა გვეხსენებინა, რომლის განცხადება დიდი პრინციპულობით არ გამოირჩეოდა. ცნობილია, რომ კომპრომისზე წავიდა „ფორუმი“, „მემარჯვენეებიც“. თქვენი აქციაზე გასვლაც ამასვე ადასტურებს. მაშინ ვინღამ დაუჭირა მხარი იმ ტექსტს, რომელიც 26 მაისის მოვლენებს ეხმაურებოდა?
- ეს იყო განცხადება, რაც «რვიანში» შეთანხმდა. არ ვიცი, ვინ რა თქვა და საერთოდ, მგონია, ამის და იმის თქმა მინდოდა და ვერ ვთქვიო, ეგ პოზიცია არასწორია. ეს არ ზღუდავდა პარტიებს, რომ მერე ინდივიდუალური განცხადებები ეკეთებინათ, თუ ვინმეს დაუკმაყოფილებლობის განცდა დარჩა. ისიც ძალიან კარგია, „რვიანმა“ საერთოდ რომ გააკეთა განცხადება სხვა თემაზე, რადგან ის ამისთვის არ შექმნილა და არც საარჩევნო ბლოკია.
ეგრე თუ გააგრძელებთ, რეალურად, მართლა საარჩევნო ბლოკისკენ მიდიხართ.
- მოვლენებს ვერ გავუსწრებ და ჯერ ასეთ დასკვნებს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება მოლაპარაკების გაგრძელებას, ტერორისტებსაც ელაპარაკებიან. ზუსტად ვიცი, ბევრს გაუხარდებოდა, 27 მაისს ქუჩაში გამოვვარდნილვიყავით და ხალხისთვის დაგვეძახა, აი, მორჩა, ახლა კი ვამთავრებთ ამ ხელისუფლებასო. მაგრამ აქ მეორე მომენტია: როცა პოლიტიკური პარტია ხარ, რაც ტოლობის ნიშანია ხელისუფლებაში მოსვლის სურვლისა, ორი ნაბიჯით წინ უნდა გაიხედო, ემოციებს არ აჰყვე, არ გადაირიო და წუთიერად გამართლებული გადაწვეტილება არ უნდა მიიღო. ეგ თუ არ შეგიძლია, ლიდერობის პრეტენზია ვერ გექნება, რადგან არის დრო, ქვების შეგროვებისა და არის დრო, ქვების სროლის!