უვიზო მიმოსვლა ავიაბილეთებს და ტურისტულ პაკეტებს გააძვირებს

უვიზო მიმოსვლა ავიაბილეთებს და ტურისტულ პაკეტებს გააძვირებს

საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო და მალე ევროპაში უვიზო მიმოსვლა პრაქტიკულადაც შესაძლებელი იქნება. ტურისტული კომპანიები და ავიაბილეთების რეალიზაციით დაკავებული ორგანიზაციები განსაკუთრებულად ელოდებიან მის ამოქმედებას. უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, ავიაბილეთების ფასი მოიმატებს. 

საქართველოდან უცხოეთში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა ისედაც მზარდია და უვიზო მიმოსვლის პირობებში კიდევ უფრო მოიმატებს. მოთხოვნის ზრდა კი ყოველთვის განაპირობების მომსახურების გაძვირებას. შესაბამისად, ავიაბილეთებზე ფასის მატება საკმაოდ რეალურია. ამ მოსაზრებას ტურისტული კომპანიებიც ადასტურებენ.

„რეისი რაც უფრო დატვირთულია, მეტად იზრდება ბილეთის ფასიც. ამიტომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, თუკი მოთხოვნამ მოიმატა, ვვარაუდობთ, რომ შეიძლება ბილეთებიც გაძვირდეს. ჩვენ ველოდებით მოთხოვნის ზრდას, რადგან გვქონია ბევრი შემთხვევა, როცა მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობა უნდოდათ და ვიზის პრობლემის გამო ამას ვერ ახერხებდნენ. აქ მეორე მხარეც არის გასათვალისწინებელი. თუ მოთხოვნა იქნება, რეისები დაემატება და ამან შეიძლება ავიაბილეთების ფასი დააბალანსოს“, - აცხადებს „გუდ თრეველის“ მენეჯერი მარიამ დანელია.

„ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საინფორმაციო ზარებმა იმატა. რეალურად ევროპის მიმართულებით ბილეთებზე მოთხოვნა თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება, დასაშვებია, რომ ბილეთების ფასმაც მოიმატოს. აქ გასათვალიწინებელია, რომ ბილეთების გაყიდვის მატება მხოლოდ ტურისტულ სეზონზე ფიქსირდება ხოლმე. ვიზალიბერალიზაცია წინგადადგმული დიდი ნაბიჯია, მაგრამ მხოლოდ ამას მოთხოვნის მკვეთრად ზრდა არ შეუძლია, რადგან ბევრი რამ მოქალაქეების ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული“, - ამბობს „ფლაი.გე“-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინგა კურცხალია „ოლნიუსთან“ საუბრისას.
ტურისტულ კომპანია „აი ემ ჯორჯიაში“ ადასტურებენ, რომ უკვე დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ. ამაზე გავლენას, სხვა პირობებთან ერთად, ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის დაწესებაც ახდენს. ბილეთის ღირებულებისა და ტურისტების ნაკადის ზრდას „აი ემ ჯორჯიაშიც“ ელოდებიან.

„მოთხოვნა უკვე გაზრდილია, აქტიურად იგეგმება ზაფხულისა და შემოდგომის ტურები. ვიზალიბერალიზაცია დატვირთვას ნამდვილად გაგვიზრდის. რაც შეეხება ტარიფებს, ველოდებით ფასის ზრდას დატვირთულობიდან გამომდინარე. ზაფხულის ტურები უკვე გაძვირებულია და სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძვირდება. ფასის კლებას არ ველოდებით, თუმცა შემდეგ ეტაპზე ავიაკომპანიების მხრიდან, შესაძლოა, დარეგულირდეს, რაც ღირებულებაზეც აისახება.

ყველაზე მთავარია სიტუაცია არ იყოს ისეთი, როგორიც არის ისრაელის შემთხვევაში. საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ შესვლა და აეროპორტიდან ხშირად უკან აბრუნებენ. პროცედურას ველოდებით. დეტალური ინფორმაციისთვის აუცილებელია ვიცნობდეთ სტრუქტურას, როგორი მდგომარეობა იქნება საზღვარზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ფასიც და მსურველთა ნაკადიც აუცილებლად მოიმატებს“, - აცხადებენ „აი ემ ჯორჯიაში“.