რუსული „ჟუჩოკი“ თეთრ სახლში და III მსოფლიო ომის ხუთი სცენარი

რუსული „ჟუჩოკი“ თეთრ სახლში და III მსოფლიო ომის ხუთი სცენარი

საქართველო განწირულია?!

ობამას შეუძლია, ხელშეკრულება გააფორმოს მსოფლიოს #1 ტერორისტთან - ირანთან. ეს პრობლემად არ ითვლება. ხოლო მე რადგან პუტინს არ ვაგინებ, ეს ტრაგედიად იქცა“, - ასე იმართლებს თავს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ,,ტვიტერის'' მეშვეობით. თუმცა განცხადებები, ბრალდებები და შეფასებები, რომ რუსეთი მართლა ჩაერია შტატების არჩევნებში, უკვე არა ყოველდღიურად, არამედ საათობრივად მატულობს. ამის შიშით, ევროგაერთიანებამ (IMF) მილიონობით ევრო გამოყო, რადგან 2017 წელს არჩევნებია დაგეგმილი გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში. რა ხდება? ობამა სუსტი იყო? ტრამპი ან გარიგებულია, ან მოატყუეს? რუსეთი გაძლიერდა? დემოკრატია კრიზისშია? საქართველო განწირულია? 2017-ში მესამე მსოფლიო ომი იწყება?
ობამა სუსტი იყო? 
ობამას მიერ ირანთან ბირთვული შეთანხმების შემდეგ ირანსა და რუსეთს შორის მიღწეული ინფრასტრუქტურული პროექტებით მოტანილი სარგებელი 40 მილიარდი დოლარია. ერდოღანმა რუსეთის გარეშე სირიის კრიზისის მოგვარება წარმოუდგენლად შეაფასა. სირიაში რუსული სამხედრო ოპერაციების ღირებულება დღიურად 4 მილიონი დოლარია. ეგვიპტის ლიდერმა რუსეთი სტრატეგიულ პარტნიორად სცნო. მარტო 2015 წლის სექტემბრის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი პუტინს სამჯერ ეწვია მოსკოვში. ობამას მმართველობის პერიოდში პუტინმა 25-ჯერ მიიღო შუა აზიის სახელმწიფოების ლიდერები. ხუთჯერ ნაკლები შეხვედრა გამართა ობამამ. შესაბამისად, ვაშინგტონმა გავლენა ამ ზონაში დაკარგა. ახალი კომისიონერი დღეს ვლადიმერ პუტინია. 
გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთი გავლენებს ან არ, ან ძალიან რთულად კარგავს. ჩრდილოეთ კავკასიაში გავლენის შენარჩუნებისთვის მოსკოვმა დამანგერეველი ომების სერია 90-იანებში დაიწყო; 2008-ში საქართველოში შეიჭრა; 2014-ში კი ყირიმის ანექსია მოახდინა. იმ დროს, როცა დასავლეთში ISIS-ის ტერორი ძლიერდებოდა, რუსეთი სწორედ ,,ისლამურ სახელმწიფოსთან'' ბრძოლის საფარქვეშ იკრებდა ძალას და გავლენებს აფართოებდა. შედეგიც სახეზეა. დღეს, როცა ტრამპი ISIS-ის განადგურებით იმუქრება, ფაქტია ერთი რამ: ყოველ ჯერზე, როცა სამხედრო ოპერაციას დაგეგმავს ან ტერორიზმის ზონებში აპარატს ააფრენს, მოუწევს წინდაწინ დაფიქრება - რას გააკეთებს პუტინი? რადგან იქ, სადაც ჯიჰადი მძვინვარებს, ხმელეთზე ყველგან რუსის ჯარი ან მისი მოკავშირეა უკვე. არც ერთი ამერიკელი პრეზიდენტი ყოფილა მსგავს სიტუაციაში ოდესმე, - ასკვნიან ანალიტიკოსები ოუენ მეთიუსი, ჯეკ მური და დემიენ შარკოვი (BUSINESS WEEK EU). 
ტრამპი გარიგებულია ან მოატყუეს? 
ტრამპი, რომელიც ხმაურით მოვიდა პრეზიდენტის პოსტზე, დღეს უკვე აცნობიერებს მძიმე რეალობასა და მემკვიდრეობას. გასულ დღეებში მან გადადგა ნაბიჯები, რომლებიც რადიკალურად ემიჯნება იმ პოზიციებსაც კი, რასაც თავადვე აფიქსირებდა არცთუ შორეულ წარსულში. ტრამპმა 45 წუთი ისაუბრა რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან სამომავლო თანამშრომლობაზე. როგორც ცნობილია, შტატებისა და ნატო-სგან უყურადღებოდ მიტოვებული ანკარა ფაქტობრივად იძულებით მიუჯდა მოსკოვთან სასაუბრო მაგიდას. ტრამპმა ჩინეთის ლიდერს გაუგზავნა მისალოცი და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების სურვილის შესახებ წერილი. ეს მაშინ, როცა ორიოდ კვირის წინ ჩინეთისვე გასაწბილებლად წერილი ჩინეთისგან განდგომილი ტაივანის პირველ პირს მისწერა. იყო დრო, როცა ტრამპი ყირიმის ანექსიასაც საორჭოფოდ თვლიდა. თუმცა ორიოდ დღის წინ ის პოროშენკოს ესაუბრა და პირობა გასცა, რომ უყურადღებოდ უკრაინას არ დატოვებს. წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული ტრამპი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას აანონსებდა, 12 თებერვალს კი თეთრი სახლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სანქციების გაუქმება ან შემსუბუქება არ განიხილება და შესაბამისად, საკითხის დასმა - სენატი მხარს დაუჭერს თუ არა - უადგილო ხდება. არც ერთი ამერიკელი პრეზიდენტი ყოფილა მსგავს სიტუაციაში ოდესმე. 
ჯერ კიდევ არჩევნების დასრულებამდე, შტატების სპეცსამსახურების რიგებიდან არაერთხელ გაკეთდა მინიშნება, რომ არჩევნების პროცესში რუსული ჰაკერული ჯგუფები უხეშად ერეოდნენ. შედეგების გამოცხადებისთანავე ტრამპმა აუგად მოიხსენია ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის სარდლობა. ინაუგურაციიდან მეორე დღეს იქ ახალი შეფი წარადგინა და სამსახურის 400 თანამშრომელს BRILLIANT უწოდა. ინაუგურაციიდან მალევე განცხადებებმა რუსული გავლენების შესახებ იმატა. ტრამპმა წამყვან სამხედრო და სადაზვერვო პოზიციებზე ისეთი კანდიდატები მოიხმო, რომლებსაც შეხება ჰქონიათ რუსეთთან ან რუსულ კომპანიებთან, მაგრამ მათი ,,აგენტობა'' უბრალოდ ფობიად შერაცხა ექსპერტთა წრემ. რუსული კავშირები ურთიერთობების დასარეგულირებლად უფრო საჭიროდ ჩაითვალა. რეალურად კი ცოტა სხვა რამ მოხდა. 
ამერიკული სპეცსამსახურები, სტანდარტული პროცედურების მიხედვით, პრეზიდენტს ანგარიშს წარუდგენენ სისტემატურ რეჟიმში. მათგან ყველაზე ,,საიდუმლოდ'', ყველაზე ,,ფასეულად'' და ყველაზე ,,მნიშვნელოვნად'' მიიჩნევა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ანგარიშები. ამ ანგარიშებს ყოველდღიური ხასიათი აქვს. ყოველდღიური ბრიფინგებისთვის სააგენტო მხოლოდ პრეზიდენტისთვის ამზადებს ანგარიშს. ამ გვერდებს დედამიწაზე მეტი ვერავინ კითხულობს. მაგრამ რა მოხდა 2016 წლის დეკემბრიდან? ტრამპი ბრიფინგებს აღარ იწვევს - ნაკლები ენთუზიამით უსმენს სააგენტოს. შეხვედრები ნაკლები ინტენსივობით იმართება, რასაც ადასტურებს ჯონ შინდლერი, ყოფილი სპეცსამსახურელი. ეს უკვე სკანდალია (IBT UK) გასარჩევი მხოლოდ ორი ასპექტია. სააგენტო აღარ აწვდის ინფორმაციას იმიტომ, რომ აღარ უსმენს შტატების პრეზიდენტი და ენთუზიაზმი დაიკარგა თუ იმიტომ, რომ ოვალურ კაბინეტში რუსული ,,ყური'' შეიპარა? მეორე ვარიანტს ჯონ შინდლერი იმიტომ ახსენებს, რომ მას ცნობა ინკოგნიტო პენტაგონელმა მიაწოდა. ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ბრიფინგების იგნორირება?! - არც ერთი ამერიკელი პრეზიდენტი მოქცეულა აქამდე ასე. 
THE ART OF THE DEAL MEETS THE TSAR OF THE STEAL - ასეთია THE EKONOMIST ერთ-ერთი ჰიპოთეზა ტრამპი-პუტინის მომავალზე. ეს ნიშნავს, რომ ერთმანეთს სიყალბის მეფე და ვაჭრობის ხელოვანი ხვდებიან. რა შედგება ამ შეხვედრისგან უცნობია. რუსები პუტინს მოუწოდებენ - ნუ იქნები მეოცე სკამზე და ნუ დაელაპარაკები ტრამპსო. ამერიკელები კი ტრამპს უყიჟინებენ, შენით თუ უშენოდ, პუტინი მაინც ძლიერდებაო. 
რუსეთი ძალიან გაძლიერდა? 
რუსეთი ეკონომიკური კრიზისიდან გამოდის - აცხადებს მსოფლიო ბანკი. მაგრამ ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ კრიზისის გადალახვა საბიუჯეტო დეფიციტის დაძლევის ხარჯზე ხდება. ამას კი იმით მიაღწია, რომ მოსკოვმა ბიუროკრატიული ხარჯები შეამცირა. თუ გავითვალისწინებთ, რა ფული დარჩათ კრემლის კენწეროს ჩინოვნიკებსა და ბიუროკრატებს სირიასა თუ ირანთან გარიგებიდან, სახელმწიფოს ყვლეფა რომ დროებით შეჩერდეს, არავის გაუკვირდება. მაგრამ იმავე მსოფლიო ბანკმა ექსპერტების მეშვეობით ისიც თქვა, რომ კარდინალურად განსხვავებული ვითარებაა რუსეთის რეგიონებში. ეს თქმულება ყოველთვის აქტუალური იყო - ,,გასცდები მოსკოვს და იქაური სიდუხჭირე განახებს რუსეთის ეკონომიკის რეალურ სახეს''. ამდენად, რუსეთი შეიძლება არა, მაგრამ პუტინი ნამდვილად გაძლიერდა (იხ. პირველი და მეორე აბზაცი). 
ჩინეთი, რომელიც ეკონომიკური ზრდით უკვე შტატებს გადაუსწრებს, ისევ განზეა. რუსეთისთვის გაკეთებული შეთავაზება, აღიაროს იუანი, ძალაში ვერ შედის. ჩინეთის ასეთ გაძლიერებას მოსკოვი ვერ დაუშვებს. თუმცა ჩინეთზე გაბუტული ტრამპი (როგორც აღვნიშნეთ) ისევ ჩინეთთან მეგობრობას არჩევს. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორის ტანდემი ეკონომიკური იარაღი იქნება; რა თქმა უნდა, თუ შედგა თანხმობა. მაგრამ დიდი ალბათობით - შედგება, რადგან ცენტრალურ აზიაზე, სამხრეთ ამერიკაზე, აშშ-ს არჩევნებზე, ევროპის ზოგ სახელმწიფოს არჩევნებზე, ყირიმის ანექსიაზე, საქართველოსთან 20%-ის ოკუპაციაზე, ყარაბაღის კონფლიქტზე გავლენის მქონე ,,მეგობარი'' ნაკლებად უნდათ ხოლმე. მაგრამ რუსეთს ახალი მეგობრები ჰყავს - სირია და ირანი. სირია, რომელშიც ობამამ უკან დაიხია და ირანი, რომელთანაც ობამამ გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც უკვე შეფასდა როგორც ფსევდოხელშეკრულება, სადაც ირანმა ეშმაკურად ისარგებლა. რა ხდება? ვინაა მოღალატე? რეალურად ორივე - ობამა და ტრამპი - სუსტი აღმოჩნდა. სუსტი არა იმაში, რომ ,,რბილები'' ან უმეცრები არიან, არამედ იმის ამოცნობა-პროგნოზირებაში, რომ რუსეთის დაზვერვა და სპეცსამსახურები საგრძნობლად გაძლიერდა. ისტორიიდან ცნობილია, რომ 60-იან წლებში შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა დიდი პარტია წააგო KGB-სთან და სწორედ ამიტომაც კუბაზე კონტროლი დაკარგა. მაშინ ვაშინგტონმა შეცდომა აღიარა და ტაქტიკა შეცვალა. მას მერე შტატები მხოლოდ ძლიერდებოდა. როგორც ამბობენ, მეორე წყება შეცდომების კასკადი სნოუდენით დაიწყო. 
დემოკრატია კრიზისშია? 
სნოუდენის ფაქტორმა, რომელმაც ასე ვთქვათ ,,ამერიკული დემოკრატია'' ამხილა, ბევრი სხვა მოვლენაც განაპირობა. მაგალითად, ბრექსიტი - ბრიტანეთის ევროგაერთიანებიდან გასვლა. ბრიტანელებმა ეს იმით ახსნეს, რომ ევროგაერთიანება ტვირთად იქცა და ბრიტანეთს კენტად უფრო მეტი დოვლათის შექმნა შეუძლია. ფაქტია ისიც, რომ 2016-ში, ანუ ყველაზე სკანდალურ წელს, ბრიტანეთმა მიუხედავად ფუნტის დევალვაციისა, მიუხედავად პანიკისა საფონდო ბირჟებზე, ფისკალური წელი ოპტიმისტურ პროგნოზებზე 0.6%-იანი ნამატით დახურა. როგორც ამბობენ - ისინი მართლები იყვნენ. თუმცა თუ ასეა, ევროპის რღვევა გარდაუვალია. რასაც არ ეთანხმებიან გლობალისტი-ეკონომისტები, რადგან მათი პროგნოზით ბრიტანეთისთვის ევროგაერთიანებიდან გასვლა უკვე 2017-დან გამოჩნდება, რომ უკუსვლის სტარტია. 
ბრექსიტის ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს ის, რომ ბრიტანეთს აღარ სურს მერკელის მსგავსად, ლოიალური იყოს საიმიგრაციო პოლიტიკაში. მათ არც ობამას ლოიალობა მოეწონათ. თუმცა ბრიტანელებისთვის ტრამპის მარგინალიზმიც მიუღებელია საიმიგრაციო პოლიტიკაში. ეს რას ნიშნავს? არაფერი მოსწონთ? რა თქმა უნდა, ასე მარტივად არაა საქმე.
ამერიკელი მეცნიერი ედვარდ ჰოლი, როცა ბიზნესკულტურებისა და საზოგადოებების კლასიფიკაციას ახდენს, ქვეყნებს ორ კატეგორიად ჰყოფს - მაღალი და დაბალი კონტექსტის ქვეყნებად. მაღალი კონტექსტის კულტურებში მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვინ თქვა (რაღაც), სად ითქვა, როგორ ითქვა ან/და იქ აქტუალურია არავერბალური კომუნიკაციის ფორმები. ხოლო დაბალი კონტექსტის კულტურებში მნიშვნელობა ენიჭება ვერბალურ კომუნიკაციებს. 
მაღალი კონტექსტის ქვეყნები, როგორც წესი იზოლაციონისტები არიან. დაბალი კონტექსტის ქვეყნები კი უფრო კოსმოპოლიტიზმისკენ იხრებიან. ყველაზე მაღალი კონტექსტის კულტურად ითვლება იაპონია. ხოლო ყველაზე დაბალი - შვეიცარია. ისტორიიდან ცნობილია, რომ იაპონელებზე სასტიკად ქრისტიანი მისიონერები არავის უწამებია იმისთვის, რომ ტრადიციული შეხედულებები დაეცვათ. შვეიცარია კი ქვეყანაა, სადაც რამდენიმე სახელმწიფო ენაა აღიარებული თან ისე, რომ სახელმწიფოს ტერიტორია ზონებადაა დაყოფილი ენობრივი პრიორიტეტის მიხედვით. ნურავის გაუკვირდება, თუ პროფესორ ჰოლის შკალაში ბრიტანეთი ცენტრშია მოხვედრილი. არავის დაავიწყდეს - გაერთიანებული სამეფო კონსტიტუციური მონარქიაა; 21-ე საუკუნისა და იდუსტიალიზაციამდე ხანის მმართველობის სინთეზი. სინთეზი რომელიც არა 21-ე საუკუნეში, არამედ მე-17 საუკუნეში იქნა მიღწეული და დღემდე მუშაობს. 
ესე იგი რა გამოდის? დემოკრატია კრიზისშია? თუ შტატებსა და მექსიკას შორის კედელს ააგებენ და შტატები იზოლაციონისტური გახდება, სადამდე მივა მსოფლიო? მინიმუმ 51%-იანი ალბათობით - მესამე მსოფლიო ომამდე. მართალია მექსიკის კედლის აშენება არაა საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანას იზოლაციონისტური უწოდო, მაგრამ შტატები თუ იზოლაციას აირჩევს, თეთრი სახლის პირველი მტერი ამერიკელი მილიარდერების სია, ჰარვარდელები, სტენფორდელები და მსგავსთა არმია გახდება. ეს არ მოხდება.…თუ ეს არ მოხდება ნიშნავს, რომ ჰარვარდელები თავად დადგებიან იმ გზაზე, რომ ჯერ ამერიკა დაიცვან, შემდეგ კი გლობალიზაცია აღადგინონ. ჰარვარდელები ამბობენ (HARVARD BUSINESS REVIEW): ამერიკის წარმატება და ბიზნესწარმატება ერთმანეთზეა დამოკიდებული და ამიტომ ბიზნესლიდერები ტრამპის გვერდით უნდა დადგნენო. ჰარვარდელებს, როგორც წესი, უჯერებენ. 
ლირიკული გადახვევა: წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკამ, რომელიც ფაქტობრივად დედამიწის ასლს - ინტერნეტს - ინახავს სერვერებში, გადაწყვიტა, დასაჯოს ისლამური სამყარო, რუსეთი და სხვები…შეზღუდა ან დაბლოკა ინტერნეტგლობალიზაცია. რა დაიწყება? - ა) ტოტალური ქაოსი; ბ) გლობალური ბრენდების (მათ შორის მადონაც და ეფლიც) ტოტალური დეპოპულარიზაცია და შემოსავლების კარგვა; გ) შიდა და გარე მერკანტილური კონფლიქტები და დიდი დეპრესიისთვის მახასიათებელი სუიციდურ-მანიაკური სერიების გახშირება. ამერიკა თუ იზოლაციონისტური გახდა, ეს ნიშნავს, რომ კომუნისტებისა და ავტორიტარების პროვოკაცია წარმატებული აღმოჩნდა. ისინი ამას დიდი ხანია აკეთებენ. რუსეთმა LINKEDIN დაბლოკა, აზიაში კი, იმთავითვე ცნობილია, სოციო-აქტივიზაცია მაინცდამაინც ,,დიდ სიამოვნებას'' ისედაც არ წარმოადგენდა. 
საქართველო განწირულია? 
დღეს ბევრი ამბობს საქართველო რუსულ ორბიტაზე დაბრუნდაო. არადა ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის შიგნით როგორც მინიმუმ სამი დინება ექაჩება სისტემას თავისკენ. ამას არა სტატიის ავტორი, არამედ ბიძინა ივანიშვილთან და ოცნებასთან ძალიან დაახლოებული გია ხუხაშვილი და არჩილ გამზარდია ამბობენ. და ეს ნათელიცაა…სახელისუფლო ვერტიკალის შედარებით ევროპული ძალა ჩუმადაა და გაძლიერებული რუსეთის თვალში შეჩხერას ერიდება - მორჩილად ელოდა ვიზალიბერალიზაციას და ასევე განაგრძობს დასავლეთისკენ ცქერას. მეორე ძალა რევანშისტულია და ამ განცდის გავლენის ქვეშ რუსეთს კი არა, ისლამურ სახელმწიფოსაც გაურიგდებოდა სიამოვნებით. მესამე კი ფინანსებს დახარბებული ძალაა - შედარებით ახალგაზრდა და ისეთი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ნიფხავზე ,,დოლჩე გაბანას'' ლოგო იქნება თუ ხელვაჩაურის ფაბრიკის. ფასში სხვაობა დიდია. ამიტომაც ფულისთვის ბიძინას, მიშას, რუსს, არაბს, ამერიკელს, ევროპელს, ეშმაკს, ქრისტეს - ყველას გაურიგდება, ვინც საფულეს დაანახებს. სწორედ ამიტომაა მესამე სეგმენტში ყველაზე მეტი პორტირებული, გაპრანჭული, ახალგამომცხვარი, ახლადჩამოსული და მრავალწახნაგოვანი. სამი ძალიდან არც ერთი ცდილობს რუსეთის კრიტიკას (თუ არ ჩავთლით კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც რუსეთი იქნა გაკრიტიკებული სამაჩაბლოს ,,ალანიად'' გადაკეთების თაობაზე). ადამიანის უფლებები ხსენებული სამი ძალიდან მხოლოდ ერთისთვისაა პრიორიტეტული. შესაბამისად საქართველოც, მსოფლიოს მსგავსად, ანარქიის ზღვარზეა. 
ბიძინა? ის ზუსტად ისეთივე ამაყი და ეპატაჟური განწყობით მოვიდა, როგორც დონალდი. მასაც მილიარდები აქვს ნაშოვნი და მიაჩნია, რომ ნებისმიერ საქმეს გაჩარხავს. ხეების ისტერიული გადარგვა-გადმორგვაც სწორედ იმის მანიშნებელია, რომ მისი ინიციატორი (ბიძინა) ზომაზე მეტად თავდაჯერებული სუბიექტია. მაგრამ ორივეს - ბიძინასა და დონალდს - გამორჩა ერთი რამ - სტრუქტურა. ბიზნესის შენების პროცესთან კორელაცია მინიმალური აქვს მედიასა და სამოქალაქო სექტორს. ასევე სოციალურ ცვლადებს. სახელმწიფოს მართვაში კი სხვა ვითარებაა. დონალდმა CNN-ს FAKE NEWS ანუ ცრუპენტელა უწოდა. უფრო ადრე იგივე ბიძინამ არაერთ ქართულ მედიასაშუალებას უძღვნა. ეს ყველაზე ნათელი მაგალითია მსგავსების (სხვაც ბევრია). მაგრამ ყველაზე მძიმე ისაა, რომ ორივეს აქვს ფულის იმედი. მათ უნდა ახსოვდეთ ასეთი თქმულებაც - ,,ვაინა ვსიო სპიშეტ''... დონალდსა და ბიძინას შეიძლება ფული ბიზნესით აქვთ ნაშოვნი, მაგრამ ვლადიმერსა და ბაშარს - არა. ვლადიმერი და ბაშარი ფულს ომით შოულობენ და თან ამით საკუთარ ხარვეზებსაც მალავენ. მათ უკვე დაიწყეს ფულის შოვნა! 
ომი იწყება? 
THE NATIONAL INTEREST-ის ანალიტიკოსი, რობერტ ფერლი მიიჩნევს, რომ არსებობს ხუთი წერტილი, საიდანაც 2017 წელს, მესამე მსოფლიო ომი შეიძლება დაიწყოს. 1. კორეის ნახევარკუნძული. ფხენიანი გაუთავებლად იმუქრება ბირთვული ტესტებით და აკეთებს კიდეც, რის გამოც დასავლეთ ცივილიზაცია ისტერიკას ვერ მალავს უკვე. 2. სირია. აქ როგორც ვთქვით, რუსეთმა უკვე შეძლო გავლენის მოპოვება და 4-მილიონიანი (დღიურად) საქმის გაჩარხვა. გავლენებს ამით ასადის რეჟიმიც აძლიერებს. 3. კიბერსამყარო. სამთა ომი - ჩინეთი, რუსეთი, შტატები - ფაქტობრივად დაწყებულია. ამის დასტურია ჰაკერული შეტევების სერიები, ვირუსები და მზარდი საარჩევნო-პოლიტიკური სკანდალები. 4. სამხრეთ აზია. ტრამპი არ ცვლის ბუშისა და ობამას კურსს ინდუსებთან მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე, რაც ავსებს მოთმინების ფიალას პაკისტანში გაძლიერებულ ტერორისტულ ძალებში. 5. ბალტიის ზღვა. რუსეთი ნატო- ღია კარის პოლიტიკას საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან ემუქრება. საქართველოს, მოლდოვის, ყარაბაღის, და ბოლოს ყირიმის კონფლიქტების ინიცირება სწორედ ამას ემსახურება. ბალტიის ზონის თავზე კი რუსული აპარატები, პროვოკაციის მიზნით, უკვე არაერთხელ გამოჩნდა. სწორედ ამის შიშით განათავსა ნატო- ჯარები პოლონეთსა და ბალტიის ზონაში. 
ხუთი ვარიანტიდან, ყველა შემთხვევაში, ასანთს უკვე გაჰკრა ვიღაცამ და ამის ფაქტობრივი დასტური არსებობს, თუმცა ყველაზე ახლოს რეალობასთან სირიის ვარიანტია, რომელიც გულისხმობს ISIS-სა და ტერორიზმთან ბრძოლას. ეს ომი ითრევს არა მხოლოდ სირიას, არამედ ირანსაც, რადგან ისიც ISIS-ის სავანეა და თურქეთსაც - ფაქტობრივად, ერთადერთ დიდ მუსულმანურ სახელმწიფოს, რომელიც რადიკალურ ისლამს გმობს. ასე რომ, პროგნოზი ან მოლოდინი, რომ ომი იქნება ქრისტიანულ-მუსულმანურ ნიადაგზე, რა თქმა უნდა, მცდარია. ომი ან ქალის, ან ფულის (გავლენის) გამო იწყებოდა ყოველთვის და ასეა ახლაც. თუ რომელიმე სცენარით ომი დაიწყო, თუ საქართველო არ დაარღვევს ადამიანის უფლებებს და კორუფციაში არ დააბრუნებს ქვეყანას, თუ ქართული დიპლომატია მიმართავს ლავირების პრინციპებს მინიმუმ დროებით, ყველა ლოგიკით, საქართველო და, ზოგადად, კავკასიის ქვეყნები არა მხოლოდ გადარჩებიან ომს, არამედ ამ ომით დიდ ფულსაც იშოვიან. ცხელი ზაფხული წინაა!