კვეზერელი სოფლის მეურნეობის აღორძინებას პრემიებით აპირებს

კვეზერელი სოფლის მეურნეობის აღორძინებას პრემიებით აპირებს

[გიორგი ბექაური]

2010 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშში, რომელიც საქართველომ ევროპასთან სამეზობლო ურთიერთობის პოლიტიკის ფარგლებში შეიმუშავა, ნათქვამია, რომ შარშან, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოცულობა კვლავ შემცირდა. ამის გამომწვევ ფაქტორებად ევროკავშირი სექტორის პოლიტიკაში თანმიმდევრობის არარსებობას, ცუდად განვითარებულ საჯარო მომსახურეობას, კრედიტის შეზღუდულ ხელმისაწვდომობას, მოძველებულ ტექნიკას და სხვა მიზეზებს ასახელებს.

„ფერმერებისთვის კრედიტის აღება უფრო ხელმისაწვდომი რომ გაეხადა, ამისთვის ხელისუფლებას არც ერთი მნიშვნელოვანი ზომა არ მიუღია“, - ნათქვამია მოხსენებაში. შეზღუდული დაფინანსება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელს უშლის ამ სექტორისთვის მხარის დასაჭერად ისეთი ტრადიციული ღონისძიებები ჩაატაროს, როგორიცაა მექანიზაციის ფინანსირების პროგრამა, გლეხებისთვის სასუქის უფასოდ დარიგება და ყურძნის მოსავლის სუბსიდირება.

ის, რაზეც წლების განმავლობაში ექსპერტები განუწყვეტლივ საუბრობდნენ, უკვე ევროპელმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს - საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ არის დაიეტერესებული, რომ ქვეყანაში თუნდაც რაიმე ტიპის მეურნეობა აღორძინდეს.

თუკი კონტროლის პალატის დასკვნას თვალს გადავავლებთ, ეს მოსაზრება კიდევ უფრო გამყარდება. პალატის დასკვნაში ნაჩვენებია თუ საით მიემართება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარჯები. აქ თვალნათლივ ნაჩვენებია, რომ მწირი დაფინანსების პირობებშიც კი სამინისტრო კონკრეტულ პროგრამებს თანხებს არ ახმარს და მხოლოდ პრემიების გაცემით არის დაკავებული. მაგალითად, 2010 წელს კვეზერელის უწყებამ დაგემილი ხარჯების მხოლოდ 79,9% დახარჯა, ანუ ამ სამინისტრომ ბიუჯეტიდან ძლივს გამეტებული ორიოდ გროშიც კი არ მოახმარა პროგარამების განხორციელებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამაზე „ღვინის ლაბორატორიული კვლევა“ 2010 წელს გამოყოფილი 100,0 ათასი ლარიდან ათვისებულია მხოლოდ 2,8 ათასი ლარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2009 წელს არ იქნა ათვისებული ამავე პროგრამით გამოყოფილი 150 ათასი ლარი. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციაში შემავალი პროგრამებიდან („სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაცია“ და „სოფლის მეურნეობის დარგის გამოფენების მოწყობის ღონისძიებები“) აუთვისებელი თანხები, შესაბამისად, 27,0 ათასი ლარი და 50,0 ათასი ლარი გადატანილია სამინისტროს აპარატის კოდში თანამშრომელთა წახალისების (პრემიებისთვის) მიზნით.

ასეთი ფაქტების შემდეგ, რა გასაკვირია, რომ ქვეყანაში ყველა ტიპის მეურნეობა სულს ღაფავს. როგორც ექსპერტები აცხადებენ, მომავალში ვითარება უფრო გართულდება.

„საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოცულობის შემცირების მიზეზია სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა არათანმიმდევრობა, ცუდად განვითარებულ საჯარო მომსახურეობა, კრედიტის შეზღუდულ ხელმისაწვდომობა, მოძველებულ ტექნიკა და ა.შ. ასეთი პოლიტიკის შედეგად, საქართველოში სოფლის მეურნეობის მიწების მესამედზე ნაკლები მუშავდება. თუ 90-იანი წლების დასაწყისში 803 ათასი ჰექტარი მიწა მუშავდებოდა, ამჯერად ქვეყანა 300 ათას ჰექტარს ვეღარ ამუშავებს“, - აცხადებს ექსპერტი პაატა კოღუაშვილი.

მისი თქმით, მიწების დაუმუშავებლობის უმთავრესი მიზეზი გაძვირებული საწვავი და მინერალური სასუქებია.  მექანიზაციის პრორგამის არაწორად განხორციელების გამო, გლეხების უდიდესი ნაწილისთვის ტრაქტორები მიუწვდომელია. მოსავლიანობას ისიც ამცირებს, რომ ნიადაგები გამოფიტულია. აგრარული წარმოება არ არის უზრუნველყოფილი სხვა საბრუნავი საშუალებებითაც (კომბინირებული საკვები, საწვავ-საცხები მასალები ა.შ.), აქედან გამომდინარე, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მოსავლიანობა 1 ჰა-ზე კიდევ უფრო შემცირდება.