რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის განცხადება

რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის განცხადება

ჩვენ 2010 წლის ნოემბერში ხელისუფლებას წარვუდგინეთ ჩვენი წინადადებები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ცვლილებების შესახებ და შევთავაზეთ მოლაპარაკებების გზით მიგვეღწია შეთანხმებისათვის. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებასა და არჩევნების ჩატარებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარებაზეც. ხელისუფლებამ დღემდე არ მოისურვა ურთიერთკომპრომისებისა და შეთანხმებების გზით სიარული.

ამ ვითარებაში, ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამართლიანი არჩევნების მოპოვებისათვის ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკური პროცესების მთავარი მონაწილის - ხალხის - უფრო აქტიურად და უშუალოდ ჩართვას. სამართლიანი აჩევნებისათვის მშვიდობიანი, კონსტიტუციური და მასშტაბური სამოქალაქო მოძრაობა წარიმართება სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით და მოქალაქეების თანამონაწილეობით. ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე საზოგადოების მხრადაჭერას დავაფიქსირებთ საერთო-სახალხო გამოკითხვის ჩატარებითაც.

ჩვენი ამოცანაა ხალხს მივცეთ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებლობა, რაც უნდა განხორციელდეს თავისუფალი არჩევნების ჩატარების ან, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების არცნობის გზით.  ეს ამოცანები მიიღწევა:

ა) საკუთარი უფლებების დასაცავად მობილიზებული საქართველოს მოქალაქეების აქტიურობით არა ერთ რომელიმე ადგილზე, არამედ 3 500 საარჩევნო უბანში;

ბ) საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის მხარდაჭერით.

ამასთანავე, ხელისუფლებასთან ურთიერთობაში რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ვრჩებით ერთიანი პოზიციების მქონე მხარედ და თუ იგი მზად იქნება მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები კონკრეტულ საკითხებზე, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ამგვარი გადაწყვეტილებების მომზადებისა და განხორციელების პროცესში.

ახალი მემარჯვენეები                                           

რესპუბლიკური პარტია

ეროვნული ფორუმი                                              

საქართველოს გზა

თავისუფალი დემოკრატები                                

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

კონსერვატიული პარტია                                      

ხალხის პარტია

7 ივნისი, 2011