გალარების პროგრამა ვერ ამართლებს

გალარების პროგრამა ვერ ამართლებს

დოლარში აღებული სესხების ეროვნულ ვალუტაში გადატანის პროგრამა ძალიან ცუდად მუშაობს. თუკი ვადა არ გაგრძელდა ან პირობები არ შეიცვალა, მისი სანახევროდ განხორციელებაც კი ვერ მოხერხდება. ჯერჯერობით პოტენციური მსურველებიდან მხოლოდ 3% დაინტერესდა მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი პროგრამით.

ბოლო მონაცემებით, სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეობა 800 ადამიანს (3%) აქვს მიღებული. ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ცუცქირიძის ინფორმაციით, გალარებული სესხების ჯამური მოცულობა დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს. ეს 11 მილიონ დოლარს ცოტათი აღემატება, არადა მოლოდინი გაცილებით მეტი იყო.

„ტემპი არის ნორმალური და რაც უფრო მოახლოვდება ვადის ამოწურვის პერიოდი, მოსახლეობა კიდევ უფრო გააქტიურდება. პროგრამა დაახლოებით 27 ათას ადამიანს ეხება და შეიძლება ამ დროისთვის გალარებული სესხების მოცულობა არ არის მაღალი. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანების ნაწილს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ფულადი გზავნილების სახით და შესაძლოა, მათთვის აღნიშნული შეთავაზება ნაკლებად საინტერესოა“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გიორგი ცუცქირიძემ.

ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, გალარების პროგრამა ლარიზაციის გეგმასთან ერთად ლარის კურსზე დადებითად უკვე აისახა.

ლარში დაკონვერტებული სესხების რაოდენობა 25 იანვრიდან (პირველი ეტაპის ინფორმაციის წარმოდგენიდან) 9 თებერვლამდე გასამმაგებულია და 220-დან 863-მდეა გაზრდილი. ამას ხელი შეუწყო საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულმა შეხვედრამ. მარეგულირებლისგან დამატებითი ინსტრუქციის მიღების შემდეგ, ყველა კომერციულმა ბანკმა პროგრამაში მონაწილე პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია გაზარდა.

ბანკის მენეჯერები არასაკმარის აქტივობას ქართული ხასიათით ხსნიან და მსესხებლების გააქტიურებას პროგრამის მიწურულს ელიან, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელს გიორგი კეპულაძეს. იგი არ გამორიცხავს, რომ ლარში სესხების 30% გადავიდეს, რისი მოლოდინიც ჰქონდა ორგანიზაციას პროექტის დასაწყისშივე.

„მსესხებლების პასიურობას ხელი შეუწყო ნეგატიურმა კამპანიამ და ეჭვებმა, რაც გამოითქვა სესხის დოლარიდან ლარში გადატანასთან და საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ წლის პირველ ნახევარში 7%-მდე მოიმატებს. ამის გამო ბევრმა არ გამოიჩინა ინიციატივა და ლარიზაციის პროცესში არ ჩაერთო.

დრო კიდევ არის და არ გამოვრიცხავ, ბოლო მომენტში მომხმარებლებმა გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ ვვარადობდით კიდეც, რომ დიდი აქტიურობა არ იქნებოდა და სესხების მხოლოდ 30% გადავიდოდა ეროვნულ ვალუტაში.

არ ვიცი, რა მოლოდინი ჰქონდა მთავრობას, როცა 65 მლნ ლარი სუბსიდია გამოყო, ცხადია, ეს თანხა არ დასჭირდება. საჭირო იყო მეტი საინფორმაცია კამპანია. უფრო ყურადსაღები მსესხებლებისთვის ნეგატიური ინფორმაცია აღმოჩნდა, ამან მეტად იმოქმედა, რამაც განსაზღვრა ადამიანების გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, დრო ჯერ კიდევ აქვთ“, - ამბობს კეპულაძე.

სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს ამოქმედდა. პროგრამა ორთვიანია და 17 მარტამდე გაგრძელდება.