მაისის თვეში, რუსთაველმა მძღოლებმა ოჯახებში იმაზე გაცილებით ნაკლები შემოსავალი შეიტანეს ვიდრე ადრე. ბევრს კი თანხის საკუთარი ჯიბიდან დახარჯვაც მოუწია.
რუსთაველი მძღოლების ტოტალური დაჯარიმებები ქალაქის საპატრულო პოლიციამ 9 მაისიდან დაიწყო. „10 მაისს დაიწყეს ჩვენი დაჯარიმება. 9-ში, დაგვიქირავეს და ხალხი ყვარელში, წვერებიანი კაცი რომაა რუსთავი-2-ის დამფუძნებელი, იმის აქციაზე მივიყვანეთ. მეორე დღესვე დააჯარმეს ყველა მანქანა, რომელიც ყვარელში იყო ჩასული. ზოგს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, ისეთ დარღვევაზე, რომელიც არ გაუკეთებია.
პირდაპირ არავის უთქვამს, რომ აქციაზე ხალხის მიყვანისთვის გვაჯარიმებდნენ, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მასეცაა. ჩვენი ხაზიდან, მხოლოდ ყვარელში ჩასული მანქანები დააჯარიმეს” – გვიყვება რუსთავი-თბილისის ერთ-ერთ ხაზზე მომუშავე მძღოლი. მისი ინფორმაციით ერთ რუსთაველ მძღოლს 21 მაისს ბათუმში აქციის მონაწილეების ჩაყვანისთვის 3 წლით მართვის მოწმობა ჩამოართვეს. „ამ ადამიანის ოჯახს ლუკმა გამოაცალეს პირიდან“ – საუბარში სხვა მძღოლიც გვერთვება.
პრესაგე.ტვ-ის რუსთავში მოქმედი ერთ-ერთი ავტოსერვისიდან ინფორმაცია მიიღო. შემოგვითვალეს, რომ სამარშუტო ტაქსების ბენზინის ავზებიდან ქვიშის და შაქრის ამოღებას „ვერ აუდიან”.
საქმეში გარკვევა კვლავ მძღოლებთან ვცადეთ. „ჩემი თვალით ვნახე, ჩვენი ხაზის მანქანების ბენზინის ბაკებიდან, როგორ გადმოყარეს შაქარი. ოთხ მანქანაზე ავზის ამოღების პროცესს პირადად ვესწრებოდი. თავიდან, გვეგონა, რომ ქვიშა იყო ჩაყრილი. ეს მანქანები წინა დღეს საპატრულო პოლიციამ ჩამოართვა მძღოლებს და საჯარიმოზე ყავდათ გადაყვანილი. ბიჭებმა მანქანები, რომ გამოიყვანეს, დაახლოებით ერთ საათში ყველას ძრავამ „დაუსტუკა”. შუა გზაში იყვნენ გაჩერებულები “ – გვიხსნის რუსთაველი მძღოლი.
მისი თქმით, რუსთავის პოლიციას ისინი არასოდეს დაუჯარიმებია ე.წ გადმოსაშლელი სკამებისთვის, რომელიც რუსთავი-თბილისის მონაკვეთზე მომუშავე ყველა მანქანას აქვს. ამის გაკეთება მათ მხოლოდ 9 მაისიდან დაიწყეს. დღეს კი, როცა აქციები დასრულებულია, გადმოსაშლელი სკამი პრობლემას აღარ წარმოადგენს და მძღოლების ამისთვის არავინ ართმევს მანქანას და არც საჯარიმოზე გადაყავთ.
„ყვარლის და ბათუმის აქციების შემდეგ ყველანი ვფრთხილობდით. არც ერთ დროშიანს მანქანაში არ ვისვამდით. აქციის მონაწილეებიც თბილისში ჩვენ არ გადაგვიყვანია, ყოველ შემთხვევაში, ვინც იმ დღეს იმგზავრა, დროშით და პლაკატით არავინ იყო. კარგად დავინახეთ, რომ მათთვის კანონი არ კანონობს. არაფრის გულისთვის გვაჯარიმებდნენ, გვართმევდნენ მანქანებს და ჩვენი მშველელი არავინ იყო ” - საუბრობენ რუსთაველი მძღოლები.
ჩვენ დავინტერესდით სხვა რეგიონებშიც ხომ არ ქონდა ადგილი მანქანების ბენზინის ავზებში შაქრის, ან ქვიშის ჩაყრის ფაქტს. მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ დედაქალაქთან დაკავშირებით მოვიძიეთ.
21 მაისს სახალხო კრების ლიდერები ავრცელებდნენ ინფორმაცისა, რომ მანქანას, რომელზეც სცენა იყო დამონტაჟებული პრობლემები შეექმნა. ჟურნალიტებთან გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნავდნენ, რომ ბენზინის ავზებში შაქარი და ქვიშა იყო ჩაყრილი.