„იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის გაერთიანების კულუარული დეტალები

„იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის გაერთიანების კულუარული დეტალები

მაესტრომაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონს არღვევს?!

რამდენიმე დღეა, ტელეკომპანია GDS-ის საინფორმაციო გამოშვება 20/30 დაიხურა. 27 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც GDS ტელეკომპანია ,,იმედმა'' შეიძინა და ერთ ჰოლდინგში გაერთიანდა, 20/30-ის თანამშრომლებს ხელშეკრულებები ოფიციალურად შეუწყდათ. საინფორმაციო გამოშვება GDS-ზე აღარ აღდგება, რადგან ტელეკომპანია გასართობ არხად გადაკეთდება. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 27 იანვრიდან, GDS- შპსჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპიფლობს, რომელიც ტელეკომპანია ,,იმედის'' მესაკუთრეა. ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძეა. ჰოლდინგში, რომელსაც ,,იმედი'' ქმნის, GDS-ის გარდა, ტელეკომპანია ,,მაესტროც'' შედის, მაგრამ ამ არხზე საინფორმაციო გამოშვება ახლაც გრძელდება.
ახალი ჰოლდინგი მედიაბაზარზე 
ტელეკომპანიების ,,მაესტროსა'' და GDS-ის შესყიდვასთან დაკავშირებით, ,,იმედის'' წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები 2016 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ,,მაესტროს'' ერთ-ერთი დამფუძნებელი და 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე (,,უცნობი''), თავიდანვე თანახმა იყო, კუთვნილი წილი ,,იმედის'' მფლობელისთვის მიეყიდა. მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და იანვრის დასაწყისში, ,,იმედმა'' ,,მაესტრო'' იყიდა. პარალელურად, ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის'' წარმომადგენლები მოლაპარაკებებს GDS-ის მფლობელებთანაც მართავდნენ. 27 იანვარს, ეს გარიგებაც წარმატებით დასრულდა. 
„იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის ერთ ჰოლდინგად გაერთიანების შემდეგ, ორ არხზე საინფორმაციო მაუწყებლობა უნდა შეჩერებულიყო. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ,,პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად, ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად, თითო მომსახურების ზონაში, არაუმეტეს ერთ საერთო საეთერო სატელევიზიო არხსა და ერთ საერთო საეთერო რადიოარხს ფლობდეს''. კანონით, საინფორმაციო გამოშვება 20/30 ტელეკომპანია GDS-ზე აღარ გადის, მაგრამ ტელეკომპანია ,,მაესტროზე'' კვლავ გრძელდება. 
მედიაში ტელეკომპანია „იმედის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძის განცხადება გავრცელდა. მისი თქმით, „მაესტროზე“ საინფორმაციო გამოშვება და პოლიტიკური თოქშოუები არ შეწყდება: ეს კანონი ბადრი პატარკაციშვილის საწინააღმდეგოდ მიიღეს, რომ მას ტელევიზია არ ჰქონოდა. მისი მიზანია, ქვეყანაში 50-60 დაქუცმაცებული ტელევიზია არსებობდეს და დღეს ეს კანონი არ მოქმედებს. არ ვაპირებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას, აქეთ გვიჩივლოს ვინმემ. მარეგულირებელ კომისიაში არ განუმარტავთ, რომ კანონი ამ შეზღუდვას აწესებს, თუ არადა, მაშინ მარეგულირებელმა მიჩივლოს. კანონი ამბობს, რომ შესაძლოაიმედიდამაესტროერთსა და იმავე ადამიანის მფლობელობაში იყოს, მაგრამ ორივეს ჰქონდეს საინფორმაციო გამოშვება. GDS- კი საინფორმაციო გამოშვება არ ექნება“. 
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ,,ვერსიას'' განუმარტეს, რომ თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, კომისია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კონცენტრაციის აკრძალვის საკითხზე იმსჯელებს. საინტერესოა, რა პირობით შეიძინა ,,იმედმა'' ტელეკომპანიები - ,,მაესტრო'' და GDS? არღვევს თუ არა ,,იმედი'' კონკურენციის შესახებ კანონს, რადგან მედიაბაზარზე საკმაოდ დიდ წილს, სამ ტელეკომპანიას ფლობს? ,,ვერსიას'' მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხატია ყურაშვილი ესაუბრება. 
- ხატია, ,,იმედის'' წარმომადგენლებმა ,,მაესტროსა'' და GDS-ის წილების შესყიდვასთან დაკავშირებით მოგმართათ? 
- ორივე ტელეკომპანიამ - ,,იმედმა'' და GDS-მა, კომისიაში წარადგინა განახლებული შესაბამისობის დეკლარაციები, სადაც ეს ცვლილება აღნიშნულია. ახალი დეკლარაციით, GDS-ის 100%-იანი წილის მფლობელი და დამფუძნებელი ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი'' გახდა, რომელიც ,,იმედის'' დამფუძნებელიცაა. ,,მაესტროს'' ცვლილების შესახებ დოკუმენტაცია კი წარმოდგენილი არ არის. 
თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ ,,მაესტროს'' ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ, კუთვნილი წილი გადასცა გუდავაძეს. ,,იმედი'' ,,მაესტროსა'' და GDS-ის მფლობელია და ამით კონკურენციის კანონს ხომ არ არღვევს? 
- მაუწყებლობის სფეროში მხოლოდ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი მოქმედებს, რომელიც ადგენს კონცენტრაციის აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ ერთი მფლობელის ხელში, ერთზე მეტი საერთო საეთერო ტელემაუწყებლობა და საერთო საეთერო რადიომაუწყებლობა არ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ეს საკითხი კომისიის შესწავლის საგანი გახდეს! 
- რა პირობით შეისყიდა ,,იმედმა'' ტელეკომპანია GDS? 
- მაუწყებლობის შესახებ კანონით, ორ კერძო სუბიექტს შორის შეთანხმების საფუძველი და პირობები, კომისიის რეგულირების სფერო არ არის. შესაბამისად, მათ არ აქვთ ვალდებულება, ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინონ. ადრე, როდესაც ტელემაუწყებელი იმავდროულად, ლიცენზიისა და რადიოსიხშირული სპექტრის მფლობელიც იყო, კომისიიდან წინასწარი თანხმობა უნდა მიეღო. მას შემდეგ, რაც საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა და ტელემაუწყებლობა დაექვემდებარე ავტორიზაციას. ეს ნიშნავს, რომ ყველა ტელეკომპანია კონტენტის დამამზადებელი სტუდიაა, ხოლო გავრცელებას მესამე სუბიექტი ახორციელებს ამ შემთხვევაში, ციფრული ქსელის მფლობელი მულტიპლექს-ოპერატორი ,,სტერეო პლუსი''. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, წინასწარი თანხმობა საჭირო აღარ არის და შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია, ცვლილების შესახებ კომისიას 7 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს. 
გარიგების კულუარული დეტალები 
მართალია, ,,მაესტროს'' ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ, საკუთარი წილის გაყიდვის გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მაგრამ ამ ტელეკომპანიის მფლობელებად ისევ რჩებიან მაკა ასათიანი (25%-იანი წილით), მამუკა ღლონტი (15%) და ეკატერინე აკობია (5%). მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე განთავსებული შესაბამისობის დეკლარაციის მიხედვით, ,,მაესტროს'' 55%-იან წილს ისევ გია გაჩეჩილაძე ფლობს, ეს ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ,,მაესტრო'' მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონს არღვევს. 
რეალურად, დოკუმენტების მიხედვით, ,,მაესტროზე'' თითქოს არაფერი შეცვლილა, თუმცა მარეგულირებელი კომისია ამ ფაქტს უყურადღებოდ არ დატოვებს. მით უმეტეს მაშინ, როცა ახალ ჰოლდინგში გაერთიანებულ ორ არხზე საინფორმაციო გამოშვება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. თუმცა ფაქტია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონი ამ ნაწილშიც ირღვევა და შესაბამისად, ,,მაესტროს'' ჟურნალისტებისა და პროდიუსერების ბედი გაურკვეველია. ყოველ შემთხვევაში, მარეგულირებელ კომისიას ამ საკითხის განხილვაც მოუწევს. 
,,მაესტროსა'' და ,,იმედის'' ფინანსური პარტნიორობა 2016 წლის დასაწყისიდან დაიწყო. ,,ვერსიაში'' ვწერდით, რომ 2016 წლის თებერვალში, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ორ თანაბარ ნაწილად გაიყო. ,,იმედმა'' ,,მაესტროს'' სარეკლამო დრო იყიდა და ამ გარიგებაში 4 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. ,,მაესტროს'' სარეკლამო დროის შეძენა ,,რუსთავი 2''-საც სურდა, მაგრამ მათ შორის გარიგება არ შედგა. შარშან ,,იმედმა'' GDS-ის სარეკლამო დროც შეიძინა. ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნისას, ყველა ტელევიზიის სარეკლამო დრო მხოლოდ ერთი კომპანიის ხელში იყო, 2016 წლიდან კი სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე ორი მსხვილი მოთამაშე ჩამოყალიბდა. ,,რუსთავი 2''-ის, ,,მარაოსა'' და ,,კომედი არხის'' კომერციული წილი ბაზარზე, დაახლოებით, 45%-ია, უკვე გაერთიანებული ,,მაესტროს'', TV 11-ის, ,,იმედისა'' და GDS-ის წილი კი დაახლოებით - 42%. 
,,ვერსიაში'' ვწერდით, რომ „მაესტროსა“ და „რუსთავი 2“-ის სარეკლამო სივრცის გაერთიანების იდეა პირველად, დღის წესრიგში 2014 წელს დადგა. პროექტის ავტორი მაშინ ირაკლი ბურძგლა იყო. თავის დროზე, ბურძგლა დავით კეზერაშვილის სარეკლამო სახლ „ჯორჯიან მედიას“ ხელმძღვანელობდა, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფუნქციონირება შეწყვიტა. წინა ხელისუფლების დროს, საქართველოს სარეკლამო ბაზრის დიდ ნაწილს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ახლო მეგობრებისა და ნათესავების ქსელი აკონტროლებდა. შესაბამისად, ამ ბაზარზე დომინანტური პოზიციები სწორედ „ჯენერალ მედიასა“ და „აუთდორ.ჯის'' ჰქონდა. ,,ჯენერალ მედია'' ექსკლუზიურად ანთავსებდა რეკლამებს ნაციონალურ არხებზე, მათ შორის, ,,რუსთავი 2''-ზე, ,,იმედსა'' და ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე''. საჯარო რეესტრის ამონაწერით, ,,ჯენერალ მედია'' ბაზრის მონოპოლისტი იყო, რადგან რეკლამის დიდ წილს სწორედ ეს კომპანია ყიდდა. ანალოგიური ვითარება იყო ,,აუთდორ.ჯის'' შემთხვევაშიც, რომელიც თბილისში გარერეკლამის განთავსებაზე იყო ორიენტირებული. 
,,ვერსიაში'' იმასაც ვწერდით, რომ შარშან, ,,იმედის'' სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ, დაახლოებით, 2 500 000 აშშ დოლარი ასესხა გია გაჩეჩილაძეს, რომლითაც ,,უცნობმა'' ,,მაესტროში'' კუთვნილი წილი 25%-დან 55%-მდე გაზარდა. ამას დიდი დაპირისპირება, არხის გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძისა და ჟურნალისტების ნაწილის გაფიცვა მოჰყვა. გადაბაძე შიშობდა, რომ სარეკლამო დროის შეძენით, ,,იმედი'' საბოლოოდ, ,,მაესტროს'' ჩაიგდებდა ხელთ, რაც დადასტურდა კიდეც. 
სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ,,მონსტრი'' კომპანია ,,იმედი'', მედიაბაზრის მონოპოლისტადაც იქცა. მედიაექსპერტები შიშობენ, რომ ბაზარზე მდგომარეობა უფრო გაუარესდება. ეჭვს ისიც ამყარებს, რომ მსხვილ კომპანიებს, მათ შორის, კომერციულ ბანკებს, სარეკლამო დროის შეძენის მიზნით, 2017 წლის ბიუჯეტი ჯერ არც კი გაუსაჯაროებიათ. მსხვილი კომერციული სტრუქტურების ასეთი დამოკიდებულება მედიაბაზარზე არსებული გაურკვეველი ვითარებით იხსნება, თუმცა შესაძლოა, ეს ყველაფერი ლარის კურსის შესაძლო ცვლილების მოლოდინსაც უკავშირდებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ მედიაბაზარზე არასახარბიელო ვითარებაა, რასაც ჩვენი კოლეგების გათავისუფლება ან სავარაუდო გათავისუფლება ამძიმებს. 
სად გაქრა 20/30? 
ვრცელდება ინფორმაცია, რომ GDS-ის საინფორმაციო სამსახურის 20/30-ის თანამშრომლები ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე'' გააგრძელებენ მუშაობას. სხვათა შორის, 6 თებერვალს, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის'' გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს, პრესკონფერენციაზე ჰკითხეს კიდეც, ვინ არის ის ოთხი თანამშრომელი, რომლებიც ამ არხზე GDS-დან მიიღეს. მან განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია, რადგან GDS-დან არავინ გადასულა, თუ არ ჩავთვლით ია ანთაძესა და ნოდარ ჭიჭინაძეს, რომლებიც გენდირექტორის მრჩევლები არიან და ასევე პაატა ქურდაძეს, რომელიც მალე პარიზიდან ჩამოვა და სტრატეგიული განვითარების მიმართულებას უხელმძღვანელებს. 
როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს. ამიტომ დრო გვიჩვენებს, GDS-ის საინფორმაციო სამსახურის რომელი თანამშრომელი გააგრძელებს მუშაობას ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე''. მანამდე, სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, ,,ვერსიას'' 20/30-ის ყოფილი პროდიუსერი, მაია ჭუჭულაშვილი ესაუბრება: 
- მაია, ,,იმედსა'' და GDS- შორის მოლაპარაკება 2016 წლის დეკემბერში დაიწყო, თავიდანვე იცოდით, რომ ამ არხზე საინფორმაციო სამსახური დაიხურებოდა? 
- ჩემი აზრით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. კანონის თანახმად, ჰოლდინგში შემავალ ყველა ტელევიზიას საინფორმაციო გამოშვება ვერ ექნებოდა. თუმცა ცივილურად დაგვემშვიდობნენ, წინასწარ გაგვაფრთხილეს და კომპენსაციაც მოგვცეს. ასეთი მაგარი სამსახური მეორე არ ვიცი, სადაც დასაქმებულს ადამიანურად ექცევიან. რა თქმა უნდა, უმუშევრად ყოფნა არავის გვიხარია, მაგრამ იმდენად ცივილურად მოგვექცნენ, წყენის საფუძველი არ მაქვს. 
- საინფორმაციო სამსახური 20/30, ამ ფორმით აღარ იარსებებს? 
- არა. 
- თანამშრომლები სად წავიდნენ? 
- არ ვიცი, თუმცა უკვე ყველა დაიწყებს ახალი სამსახურის ძებნას. 
- ვრცელდება ინფორმაცია, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე'' გადადიანო, ასეა? 
- არ ვიცი, ჯერ არაფერი შემოუთავაზებიათ. 
*** 
2016 წლის მაისში, ,,მაესტროს'' გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა, არხის სამი მაღალრეიტინგული გადაცემის - ,,საქმიანი დილის'', ,,ბიზნესკონტაქტისა'' და ,,ანალიტიკის'' ავტორი და წამყვანი, გიორგი ისაკაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზი მართლაც ოდიოზური იყო, რადგან წინა დღეს, ისაკაძე და მისი სამი თანამშრომელი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ის გადაცემა ,,არჩევანს'' სტუმრობდნენ. ისაკაძის გარდა, ხელშეკრულება მის 32-ვე თანამშრომელსაც შეუწყვიტეს. 
ამის შემდეგ, ისაკაძე და მისი გუნდი ტელეკომპანია ,,პირველმა'' შეიფარა. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, გიორგი ისაკაძემ GDS-ის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები გაამხნევა და წარმატება უსურვა. ,,ვერსია'' დაინტერესდა, 20/30-ის აწ უკვე ყოფილ თანამშრომლებსა და პროდიუსერებს მის რომელიმე გადაცემაში თუ ვიხილავთ და გიორგი ისაკაძეს დაუკავშირდა: ,,არა, თანამშრომლების დამატებას არ ვგეგმავ, მაგრამ მალე, საკმაოდ სერიოზულ ცვლილებას განავახორციელებ. ,,მაესტროსთან'' ბრენდის სახელწოდების გამო (,,მაესტროზე'' გრძელდება გადაცემა ,,ბიზნესკონტაქტი'', ხოლო ისაკაძის გადაცემა ,,პირველზე'' - ,,ბიზნესკონტრაქტის'' სახელით მაუწყებლობს, - ავტ.) ისევ სასამართლო დავის რეჟიმში ვარ. საქმის განხილვას საშველი არ დაადგა. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მალე ,,ბიზნესკონტრაქტის'' ნაცვლად, ,,პირველზე'' იხილავთ სრულიად ახალ გადაცემას ,,საქმის კურსი''. სასამართლო ჯერ არც კი დაწყებულა, მაგრამ სამწუხაროდ, სახელწოდებას შეველევი. ,,საქმის კურსი'' ,,პირველის'' ეთერში დღეში ორჯერ გავა. ამას დაემატება სრულიად ახალი გადაცემა ,,საქმიანი ქალბატონი'', რომელსაც გვანცა ლაღიძე წარუძღვება. ჯამში, ბიზნესმედიის მიერ წარმოებული პროდუქტები, რომელსაც ვხელმძღვანელობ, ტელეკომპანია ,,პირველზე'' ყოველდღიურად, 6 საათს იკავებს, რაც სერიოზული შედეგია''.