სავაჭრო ქსელ „ფრესკოს“ თანამშრომელთა ნაწილი „აუჯანყდა“. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საქმეში ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერთო. „ფრესკოში“ დასაქმებულებმა გაუსაძლისი პირობების თაობაზე სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადეს:
„დღევანდელ საქართველოში სამსახურეობრივი ანაზღაურება შრომის ხარისხსა და კოეფიციენტს რეალურად რომ არ შეესაბამება ეს ყველასთვის ნაცნობი და სამწუხარო ფაქტია, რაც ნამდვილად აღარავის უკვირს, თუმცა ის, რაც „ფრესკოში“ ხდება ყოველგვარ საზღვარს სცდება, არაადამიანურობის უმაღლესი გამოხატულებაა და თავისუფლად შეგვიძლია „თანამედროვე მონობის“ გამოვლინებაც ვუწოდოთ. ეს ჩამონათვალი კი ნათლად დაგანახებთ აღნიშნულს:
1. სამუშაო საათები განისაზღვრება 12 საათით, კვირაში 5 დღე. როგორც ვიცით, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სამუშაო საათების რაოდენობა არის კვირაში 48 საათი, რაც ზეგანაკვეთურ სამუშაოს წარმოდგენს და უნდა ანაზღაურდეს შესაბამისად. „ფრესკოს“ თანამშრომლების სამუშაო საათები კი კვირაში შეადგენს 60 საათს, ხოლო ანაზღაურება არის მინიმალური - 400 ლარამდე.
2. სამუშაო დღეს შესვენების დრო განისაზღვრება 1-1.5 საათით. ამ პერიოდის განმავლობაში, თანამშრომლებს აუკრძალეს მობილური ტელეფონებით სარგებლობა, რითაც ისინი, ფაქტობრივად, მოწყვიტეს გარე სამყაროს, ვინაიდან მათ ჰყავთ შვილები, ქმრები, ცოლები, მშობლები, რომელთაც ვერანაირი საშუალებით ვერ დაუკავშირდებიან 12 საათის განმავლობაში.
3. ინვენტარიზაციის შემდეგ გათვალისწინებული იყო, რომ თანამშრომლებს დააკლდებოდათ ხელფასის 20%, რეალურად, თანამშრომლებს ხელფასიდან დაექვითათ 50% და ზოგიერთს მეტიც. მაგ. ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ზედმეტად ნამუშევარი საათების სანაცვლოდ 404 ლარი უნდა დარიცხვოდა ანაზღაურების სახით, ინვენტარიზაციის შემდგომ დაურიცხეს 185 ლარი.
4. თანამშრომლებს ვერავინ გასცა პასუხი თუ რატომ დაერიცხათ ზემოთ ნახსენები მცირე ოდენობის ხელფასი, სავარაუდო მიზეზად მათ მიმართ არსებული ჯარიმები დასახელდა, თუმცაღა მათ ვერ შეძლეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ან რაიმე საბუთის წარდგენა. ფილიალის მენეჯერის საბოლოო პასუხი კი „არ ვიცი“ და კაბინეტის კარის „მიჯახუნება“ იყო.
5. ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება, მაგ. სალაროზე ტარდება ყველანაირი შტრიხ-კოდი, არარსებული, მიუთვლელი, რაც იწვევს არასწორ ფასებში პროდუქციის გატარებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.
6. ვადაგასული პროდუქციის უმეტესობას უკან არ/ვერ აბრუნებენ და ამ დანაკლისის ანაზღაურება თანამშრომელთა ხელფასებიდან გარკვეული თანხის ჩამოჭრით ხორციელდება
7. საახალწლო დღეებში თანამშრომლები აიძულეს ემუშავათ 12 დღე დასვენების გარეშე, დღეში 12 საათი, რისი ანაზღაურებაც დამატებით 40 ლარის ნაცვლად, მოხდა 18 ლარით.
8. პერსონალის მიმართ ჯარიმების რაოდენობა არის არაადეკვატური, 10 ლარიდან 100 ლარამდე. მაგ, თანამშრომელი, რომელიც ე.წ გასახდელში ქურთუკს დაკიდებს საკიდზე და არა კარადაში ჯარიმდება 20 ლარით. მოლარეები, რომელთაც სალაროზე ექნებათ „მეტობა“, ჯარიმდებიან ამ თანხის გაორმაგებული ოდენობით.
9. თანამშრომლების მიმართ ხორციელდება ზეწოლა. მაგ. ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომლების უმეტესობამ ნოემბრის თვეში გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა, შესაბამისი განცხადების დაწერის საფუძველზე, თუმცაღა საოპერაციოს დირექტორმა ამის საშუალება არ მისცა მათ და დაემუქრა, რომ წასვლის შემთხვევაში დაუკავშირდებოდა სხვადასხვა კომპანიებს და ცუდ სტატუსს მიანიჭებდა მათ CV-ს.
ეს არის იმ დარღვევების და არაადამიანური მოპყრობის მცირე ჩამონათვალი, რაც ხდებოდა და დღესაც ხდება „ფრესკოში“.
ჩვენი, ყოფილი თანამშრომლების დიდი სურვილი და მიზანია, რომ ამ პოსტს მოყვეს გამოხმაურება და სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რათა შემდგომში სხვა ადამიანები არ აღმოჩნდნენ ასეთი ზეწოლისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი“, - აცხადებენ სავაჭრო ქსელის თანამშრომლები.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ნაწილში შეამოწმებს.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით დეპარტამენტიდან ჯგუფი „ფრესკოს“ ერთ-ერთ ობიექტში შევა და ვითარებას მოკვლევას დაიწყებს. სამინისტროს თანამშრომლები შეხვდებიან როგორც ობიექტის თანამშრომლებს, ასევე მენეჯმენტის წარმომადგენლებს. ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცეს.
„გავრცელებული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. ჩვენი მანდატის პირობებში შესაძლებელია შემოწმება იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ფარგლებში. მაგალითად, საუბარი იყო, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს არ უშვებდნენ სამსახურიდან, შანტაჟის ერთ-ერთ ფორმად იყენებდნენ, რომ სხვა დამსაქმებლებთან დააგზავნიდნენ მის გაფუჭებულ რეზიუმეს მომავალი დასაქმებისთვის პირობების გასაუარესებლად. ეს ჩვენთვის სიგნალია, რომ შემთხვევა განსაკუთრებით მოვიკვლიოთ, რადგან ჩვენს მანდატში ჯდება. ამ ეტაპზე, მთლიანად შრომით უფლებების სფეროს ზედამხედველობას ვერ ვუწევთ, თუმცა თუკი იქ იქნება იძულებითი შრომის ექსპლოატაციის ნიშნები, შემდგომში აუცილებლად გადავცემთ შსს-ს გამოსაძიებლად“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე ინფორმაციით, თუკი უფლებრივ ნაწილში, რაც შეეხება - სამუშაო საათებს, ხელფასსა და სხვა საკითხებს, მართლაც აღმოჩნდება წარმოჩენილი მდგომარეობა, დეპარტამენტი ეცდება დამსაქმებელსა და დასაქმებულს გააგებინოს რა წერია კანონში და როგორ უნდა აღსრულდეს შრომის კოდექსი.
ამასობაში „ფრესკოს“ სოციალური ქსელის მეშვეობით დაპირისპირებულ თანამშრომლებს პასუხობს:
1) ქურდი - ციხეში!
2) უნიათო, უსაქმური და მუქთახორა - „ფრესკოს“ გარეთ!
3) ფაქტია, თქვენი პოსტის დამკვეთი ძალიან დაბალი კვალიფიკაციისაა. მზად ვართ, ჩვენი სახსრებით, დაგიქირავოთ მაღალკვალიფიციური კონსულტანტები.
4) ცილისწამება ოდნავ მაინც უნდა იყოს დაახლოვებული სიმართლესთან: „ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს, რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება, მაგ. სალაროზე ტარდება ყველანაირი შტრიხ-კოდი, არ არსებული, მიუთვლელი, რაც იწვევს არასწორ ფასებში პროდუქციის გატარებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას“.
ეს პუნქტი უბრალოდ სისულელეა და არავითარ აზრს არ შეიცავს, არც ლოგიკურს და არც არალოგიკურს.
5) პირველ და მეორე პუნქტში ნახსენები ტიპის თანამშრომლების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის აყოლა ნიშნავს - თქვენი ჯიბეების, საფულეების და შემოსავლის ბოიკოტს.
6) „ფრესკო“, კანონის ფარგლებში, ყოველთვის მზად არის ნებისმიერი შემოწმებისათვის და თავის საქმიანობაში ეყრდნობა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას.
7) და ბოლოს, „ფრესკოს“ თავისი ბინძური ხელებით ნურავინ ნუ შეეხება! „ფრესკო“ ლუზერების გარეშე!“