ახალი წლიდან მოყოლებული საწვავი ყოველ კვირა ძვირდება. თითქოს ბენზინისა და დიზელის ღირებულება მივიდა იმ ნიშნულამდე, როცა ფასის ზრდა უნდა შეჩერდეს, მაგრამ ახალი სტაბილური წერტილი ვერაფრით მოიძებნა. ამიტომ სპეციალისტების ერთ ნაწილს გაიჩნდა აზრი, რომ ნავთობკომპანიები აქციზის გაზრდით მანიპულირებენ.
ორშაბათიდან მოყოლებული ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავი კიდევ გაძვირდა. ამჯერად ფასი დაახლოებით 5-7 თეთრით არის გაზრდილი. „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე „სუპერის“ მარკის ბენზინის ღირებულება 2.44 ლარიდან 2.49 ლარამდე გაიზარდა, „რეგულარის“ ფასმა 5 თებერვლის შემდეგ 7 თეთრით მოიმატა და 2.16 ლარი გახდა, ხოლო „პრემიუმის“ მარკის ბენზინი 2.29 ლარიდან 2.36 ლარამდე გაძვირდა; ასევე 7 თეთრით გაძვირდა „ევრო რეგულარი“, რომლის ფასმა 2.21 ლარს მიაღწია.
რაც შეეხება დიზელს, „ევრო დიზელი“ 2.27 ლარი ღირს, როცა 5 თებერვლის მდგომარეობით, მისი ფასი 2.20 ლარი იყო. „დიზელის“ ფასი კი 2.02 ლარიდან 2.09 ლარამდე გაიზარდა.
28 იანვრის შემდეგ ბენზინის ფასმა 5-7 თეთრით მოიმატა „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზეც, დიზელის ფასი კი უცვლელია. კერძოდ, „ეკო სუპერის“ მარკის ბენზინი 2.44 ლარიდან 2.49 ლარამდე გაძვირდა. „ეკო პრემიუმის“ ფასმა კი 2.29 ლარიდან 2.36 ლარამდე მოიმატა; 7 თეთრით - 2.16 ლარამდე გაძვირდა „ევრო რეგულარი“.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის გაძვირება 2017 წლის 1 იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება. ის, თუ რომელი ოპერატორი კომპანია როდის ან რა დოზით მოუმატებს ფასს, უშუალოდ კომპანიების გადასაწყვეტია.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ კი საწვავი დაახლოებით 40-დან 60 თეთრამდე გაძვირდა.
მიუხედავად ფასის ზრდისა, საწვავის იმპორტი მუდმივად მატულობს. მაგალითად, შარშან საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტი 19 პროცენტით გაიზარდა. გასულ წელს სულ ქვეყანაში მილიონ 230 ათასი ტონა თხევადი საწვავის იმპორტი განხორციელდა. აქედან 30%-ით გაიზარდა ბენზინის იმპორტი მაშინ, როცა დიზელის საწვავის იმპორტი ერთ წელში მხოლოდ 10%-ით არის მომატებული. ქვეყნების მიხედვით, იმპორტის მესამედი რუმინეთზე მოდის, შემდეგ არის აზერბაიჯანი, რუსეთი, ბულგარეთი და თურქმენეთი.
აღსანიშანვია, რომ აქციზის ზრდამდე კომპანიებმა მარაგები გაზარდეს, რაზეც დეკემბრის სტატისტიკაც მეტყველებს. წლის ბოლო თვეს 80%-ით გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი, რამაც 89,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საწვავის მუდმივ რეჟიმში გაძვირებამ ეჭვები გაუჩინა ეკონომისტებს. ისინი ვარაუდობენ, რომ იმპორტიორები აქციზის გაზრდით მანიპულირებენ და ცდილობენ ზედმეტი მოგება მიითვალონ.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარის აზრით, ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორების გაანალიზებისას ნათლად ჩანს, რომ კომპანიებმა იმაზე გაცილებით მეტად გაზარდეს საწვავის ფასი, ვიდერე ამას აქციზის გადასახადი და სხვა ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა.
„დღეს ნავთობკომპანიები უსამართლოდ გაბერილი ტარიფებით ოპერირებენ, რასაც სახელმწიფო ვერაფერს უპირისპირებს და ზიანდება ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი მომხმარებელი. მსგავს სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ ნავთობკომპანიებმა იგრძნონ ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც მათ საზოგადოების წინაშე გააჩნიათ და არ ისარგებლონ ბოროტად ყველა სიტუაციაში“, - აცხადებს ბაირახტარი.