სტომატოლოგიურ კლინიკებში ფასები არ იცვლება

სტომატოლოგიურ კლინიკებში ფასები არ იცვლება

სტომატოლოგიური კლინიკების სიმცირე თბილისში ნამდვილად არ შეიმჩნევა. მიუხედავად ამისა, მსურველი მაინც ბევრია და უმეტეს კლინიკებში რიგი და წინასწარ ჩაწერა ჩვეული პრაქტიკაა. მკურნალობის ფასები კი, შეიძლება ითქვას, უბნების მიხედვით განისაზღვრება. პრესტიჟულ უბანში მკურნალობა, გარეუბანთან შედარებით, ძვირი ღირს.

განსაკუთრებული „სტომატოლოგიური სიუხვე“ აღმაშენებლის გამზირზეა. რითაა ეს განპირობებული, ძნელი სათქმელია. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოილიკლინიკა სწორედ „პლეხანოვზეა“.

ცენტრალურ უბნებში სტომატოლოგიური მომსახურების ფასებში დიდი სხვაობა არაა. როგორც წესი, ერთი კბილის დაბჟენა (დაპლომბვა) 10 ლარიდან 70 ლარამდე მერყეობს. ფასიანია, ასევე, ნერვის მოკვლა. მისი ფასი 10 ლარიდან 15 ლარამდეა. არც ანესთეზიაა უფასო. უმტკივნეულო სტომატოლოგიური მკურნალობა 3-5 ლარი დაგიჯდებათ. რაც შეეხება კბილის ჩასმას, მისი ფასი 20 დოლარიდან 50 დოლარამდე მერყეობს. ყველაზე ძვირადღირებული მეტალოკერამიკაა. მისი ფასი სხვადასხვა კლინიკებში განსხვავებულია და 40 დოლარიდან 50 დოლარამდეა. 40 ლარიდან 50 ლარამდე ფასობს მეტალოპლასტმასაც, რომელიც ხარისხით საკმაოდ ჩამოუვარდება მეტალოკერამიკას, რადგან, მეტალოპლასტმასის კბილების საიმედოობა საკმაოდ დაბალია „ფაიფურთან“ შედარებით.

სხვათა შორის ზოგიერთ კლინიკაში ჩასმულ კბილებზე გარანტიებსაც გასცემენ. მეტალოპლასტმასაზე გარანტია 2 წელია, ხოლო „ფაიფურზე“ ეს ვადა 5 წლამდე იზრდება. როგორც წესი, მეტალოკერამიკა წინა კბილებზე გამოიყენება, რადგან „ფაიფურის“ კბილები გაცილებით ნაზია და ვიზუალურად უკეთესი, ვიდრე მეტალოპლასტმასა. მეტალოპლასტმასა უფრო მეტად საღეჭი კბილების მოვალეობას ასრულებს ხოლმე.

უნდა აღინიშნოს, რომ კბილების ჩასმა გარეუბნებშიც იგივე ფასებში ხდება, ხოლო სტომატოლოგიური მკურნალობა გაცილებით იაფი ღირს. კბილის დაბჟენის ფასი 10-15 ლარის ფარგლებშია. სხვათა შორის, ამ ფასშივე შედის როგორც დაპლომბვა, ასევე ნერვის მოკვლა და ანესთეზია.

სტომატოლოგიური კლინიკა „უნიდენტი“, რომელიც რესპუბლიკური პოლიკლინიკის შენობაში მდებარეობს, კლიენტურის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ფასები პრესტიჟული უბნის შესაბამისია. აქ კბილის დაპლომბვა 12-დან 45 ლარამდე ღირს. ყველაზე ძვირი ე. წ. ჰელიობჟენია. ფასიანია ასევე, ე. წ. ნერვის მოკვლა, რომლის ფასი 15 ლარს აღწევს.

თუკი მეტალოკერამიკის, ე. წ. ფაიფურის კბილის ჩასმას მოინდომებთ, მაშინ ეს პროცედურა „უნიდენტში“ 100 ლარი დაგიჯდებათ. ხოლო მეტალოპლასტმასის საფასური 50 ლარს აღწევს.

აღმაშენებელზე მდებარე სტომატოლოგიური კლინიკა „დენტ ეფექტი“ დაახლოებით ერთი წელია, რაც ფუნქციონირებს. აქ დაპლომბვა 15-დან 70 ლარამდე ფასობს. ფასიანია ანესთეზიაც - 5 ლარი. ნერვის მკურნალობა კი 15-20 ლარი ჯდება.

ჩასმის ღირებულება „დენტ ეფექტში“ 25 და 50 დოლარია. მეტალოპლასტმასა დაბალფასიანია, ხოლო ფაიფურის ჩასმის საფასური 50 დოლარის ექვივალენტია ლარებში. სხვათა შორის, ამ კლინიკაში ნამკურნალებ თუ ჩასმულ კბილებზე გარანტიებს არ გასცემენ.

„თბილქალაქპროექტის“ შენობაში პირველ სართულზე მდებარეობს სტომატოლოგიური კლინიკა „კერამიკო“. აქ ნამკურნალებ კბილებზე გარანტიას იძლევიან. დაბჟენის შემთხვევაში, რაც 10-დან 30 ლარამდე ჯდება, გარანტია 1 წელია. როგორც ყველგან, აქაც ყველაზე ძვირადღირებული ჰელიობჟენია. რა თქმა უნდა, აქაც ფასიანია ნერვის მკურნალობაც და ანესთეზიაც, მათი ღირებულება, შესაბამისად, 15 ლარი და 5 ლარი ღირს.

თუკი ფაიფურის ჩასმას გადაწყვეტთ, 40 დოლარამდე დაგიჯდებათ. ამასთან ერთად, კლინიკა მეტალოკერამიკაზე 5 წლიან გარანტიას იძლევა. მეტალოპლასტმასის ჩასმა 20 დოლარი ღირს და 2 წელი მასზე პასუხისმგებლობას კლინიკა იღებს.

სტომატოლოგიური მკურნალობა გარეუბნებში გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ცენტრში. თუმცა, ეს მხოლოდ ბჟენებს შეეხება. თემქის ბავშვთა საავადმყოფოს შენობაში განლაგებულია სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც კბილის ბჟენის საფასური 10-15 ლარია. 15 ლარი ღირს ჰელიობჟენი. ამ საფასურში შედის როგორც ანესთეზია, ასევე ნერვის მკურნალობაც.