ინფლაცია დაგეგმილზე მაღალი იქნება

ინფლაცია დაგეგმილზე მაღალი იქნება

წლის პირველივე თვეში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ავიდა. წინ საკმაოდ რთული თვეებია და აქციზის გაძვირების ეფექტიც მოგვიანებით უფრო საგრძნობი გახდება. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები წელს მაღალ ინფლაციას ვარაუდობენ და მთავრობას აქედანვე აფრთხილებენ.

„საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 2,9 პროცენტი შეადგინა, ხოლო შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9 პროცენტით გაიზარდა. 2010 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით კი ინდექსი გაზრდილია 22,5 პროცენტით.

„საქსტატის“ ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასის ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათსა და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა 4,2 პროცენტით, ფასმა მოიმატა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (22,4 პროცენტი), ხილსა და ყურძენზე (8,9 პროცენტი), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (3,1 პროცენტი), ზეთსა და ცხიმზე (3,1 პროცენტი), თევზეულზე (2,8 პროცენტი) და ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (2,5 პროცენტი).

ასევე წლიურ ჭრილში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (40,2 პროცენტი). საკმაოდ გაძვირდა შაქარი, ჯემი, თაფლი, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი (16,0 პროცენტი).

მრავალი წელია ასეთი ინფლაციური იანვარი აღარ ყოფილა. ამიტომ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2017 წელს ინფლაციამ შესაძლოა, მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბოს. როგორც „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის უფროსი გიორგი მჟავანაძე აცხადებს, ეს სრულებით შესაძლებელია და ასეთი სცენარი არც ეროვნულმა ბანკმა გამორიცხა. ამიტომ გამორიცხული არ არის წელს მინიმუმ 5%-იანი ინფლაცია გვქონდეს.

„ის, რომ წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბებს, ეროვნული ბანკის ანგარიშშიცაა აღნიშნული. რაც შეეხება არსებულ ინფორმაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებეში ძირითადი წვლილი ფასების ზრდაში ზუსტად იმ სამმა პროდუქციამ შეიტანა, რაზეც აქციზი გაიზარდა.

მიზნობრივი მაჩვენებელი ასახავს ოპტიმალურ მაჩვენებელს ინფლაციისთვის, რომელიც იქნება საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის ოპტიმალური. ეს იყო დაგეგმილი უკვე 2012 წლიდან და გრძელვადიან პერიოდში ოპტიმალური მაჩვენებელი იქნება 3%. რაც შეეხება წინა წელს, შარშან ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მიღწევა იმიტომ ვერ მოხდა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო დაბალი“, - განუცხადა „კომერსანტს“ მჟავანაძემ.

კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს ელოდება სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე. იგი არ გამორიცხავს, რომ წელს ქვეყანა ორნიშნა ინფლაციას მიუახლოვდეს.

„ამჟამინდელი 3,9%-იანი ინფლაცია, ჩემი აზრით, რეალობისგან ძალიან შორს არაა. იანვარი მაღალი აქტიურობით მაინც და მაინც არ გამოირჩევა და გარკვეული მარაგი არის, მათ შორის, სავაჭრო ქსელში. გაზრდილი აქციზი, რაც ახალი წლიდან შევიდა ძალაში, სამომხმარებლო ბაზარზე 2-3 თვის შემდეგ მოახდენს გავლენას. ვფიქრობ, წელს ჩვენ ახლოს ვიქნებით ორნიშნა ინფლაციასთან და 4%-იანი მიზნობრივი დონე დიდი გადაჭარბებით „შესრულდება“, - აცხადებს არჩვაძე.