ყველის ფალსიფიკაციის მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა

ყველის ფალსიფიკაციის მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა

ბოლო პერიოდში ყველის ფალსიფიკაციაზე უამრავი ადამიანი საუბრობს. რაც მთავარია, ნატურალური და სუროგატული პროდუქტის ერთმანეთისგან გარჩევა სულ უფრო ჭირს. სურსათის ეროვნული სააგენტო ვითარების ნორმალიზებას სავაჭრო ობიეტებიდან ცდილობს.

სააგენტოში მსხვილი სუპერმარკეტების წარმომადგენლებს რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტირებისა და რეალიზაციის სავალდებულო მოთხოვნები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყველზე, რომელიც ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და, ამავე დროს, მაღალი რისკის შემცველი სურსათია.

„მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ყველა ის ნორმა, რასაც რძის ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს. დაუშვებელია, „ყველის“ სახელწოდებით იყიდებოდეს პროდუქტი, რომელიც მცენარეულ ცხიმს შეიცავს. ამ საკითხს სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და მკაცრად გააკონტროლებს ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეს“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ბოლო დროს ყველის ფალსიფიკაციის მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა. ბაზარზე სოიოს ყველი ნატურალურის გვერდით იყიდება და მათი ერთმანეთისგან გარჩევა არც ისე ადვილია. არათუ უბრალო მომხმარებელი, ხანდახან სპეციალისტებსაც უჭირთ არჩევანის გაკეთება.

„ამდენი წელია ამ სფეროში ვმუშაობ და მეც კი გამიჭირდება სოიოს ყველის ნამდვილისგან გარჩევა. სოიოს ყველს, ძირითადად, მარხვაში მიირთმევენ, როცა ადამიანს რძის პროდუქტი ენატრება. მისი ხშირად მიღება არ არის სასურველი. ამის მიზეზია ის, რომ სოიო რთულად ასათვისებელ ცხიმებს შეიცავს, განსხვავებით ჩვეულებრივი რძისგან, რომელშიც გაცილებით იოლად ასათვისებელი ცხიმები შედის.

თავისთავად სოიო ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროდუქტია, თუმცა ადამიანის ორგანიზმი მას საკმაოდ რთულად ითვისებს. ამიტომ მისგან დამზადებული ყველი ვერასდროს შეცვლის ნატურალურ ყველს, ის ვერ იქნება იმ ხარისხისა, როგორიც ჩვეულებრივი რძისგან მიღებული ყველია“, - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სურსათის ექსპერტმა ეთერ სარჯველაძემ.

ცნობილია, რომ ჩვეულებრივი ყველის მიღებისას ადამიანი კალციუმის საკმაოდ დიდ დოზას იღებს, სოიოს ყველში კი, კალციუმი არ არის, ამიტომ მისი კვებითი ღირებულება გაცილებით დაბალია. შესაბამისად, ორგანიზმი დროთა განმავლობაში საფრთხის წინაშე დგება.

„სოიოსგან დამზადებული ყველის გამოყენება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან სოიოს ზეთის გამოყენება სასარგებლო არ არის ორგანიზმისთვის - ღვიძლზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. თუ მას ერთჯერადად გამოვიყენებთ რაღაც პროდუქტში, ეს დასაშვებია, მაგრამ სოიოს ზეთისგან მომზადებული პროდუქტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ.

განსხვავება მხოლოდ გემოშია. ვისაც ყველი უყვარს, ამას ნამდვილად შეატყობს, მაგრამ ხანდახან სპეკულირება ხდება, რომ მარხვის პერიოდში სოიოს ყველის გამოყენება თურმე მისაღებია. ფერში განსხვავება არ არის და მყიდველი ვერ მიხვდება, რომელია სოიოს ყველი“, - აცხადებს ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა.

შესაბამისად სურსათის სააგენტოს წარმომადგენლები ცდილობენ ბაზარზე ფალსიფიკაციას ებრძოლონ. მათ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს ეტიკეტზე დასატანი ინფორმაცია, კერძოდ, პროდუქტის დასახელებასთან ერთად მითითებული უნდა იყოს მწარმოებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, პროდუქციის შემადგენლობა, სტანდარტის ნომერი, დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა, შენახვის პირობები, ენერგეტიკული ღირებულება 100 გრ პროდუქტში და მასა. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის მეწარმეები დაჯარიმდებიან.