რუსთავში „აზოტის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა ვითარება უკიდურესად დაძაბულია. საწარმოდან გათავისუფლებულები სამსახურში აღდგენის მოთხოვნით აქციებს მართავენ. ხუთშაბათს ისინი ჯერ ადმინისტრაციულ შენობაში, შემდეგ კი საწარმოს ეზოში შეიჭრნენ.
„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლები სამუშაოზე აღდგენას ითხოვენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეები პოლიციას არ დაემორჩილნენ და შენობაში შეიჭრნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
რამდენიმე დღის წინ „აზოტის“ ქარხნიდან 350-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს - სამსახურში მისულებს საშვები გაუქმებული დახვდათ. ისინი დღემდე უშედეგოდ მართავენ აქციებს სამსახურში აღდგენის მოთხოვნით. ჯერჯერობით უშედეგოა ქარხნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება, რომელშიც პროფკავშირიც მონაწილეობს.
გათავისუფლებული მუშები აცხადებენ, რომ მათ უკან მათი ოჯახები დგანან, თითქმის ყველას ბანკის ვალი აქვს, რუსთავში კი, მათი განცხადებით, სამუშაოს შოვნის არანაირი შანსი არ არსებობს.
გათავისუფლებული მუშების მხარდამჭერი აქციის მონაწილე გელა ბიჭიაშვილი ამბობს, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეებს სცემა, ხოლო თავად ქარხნის დაცვასთან დაპირისპირების დროს მიიღო დაზიანება. აქციის მონაწილეებს მოთხოვნებზე ადმინისტრაციისგან პასუხის მიღება უნდოდათ, რისთვისაც დირექტორის კაბინეტში შევიდნენ, რა დროსაც დაცვასთან შეხლა-შემოხლა მოხდა.
ბიჭიაშვილის თქმით, ქარხნის დირექტორის კაბინეტში აღმასრულებელი დირექტორი დახვდათ, რომელმაც უთხრა, რომ დამსაქმებლის, „იუ ინვესთმენტის“ წარმომადგენლის გარეშე ვერაფერს გადაწყვეტდა.
„აზოტის ქარხანაში ეს უკანონობა ძალიან დიდი ხანია დაკანონებულია. სინამდვილეში, აქ არაფერი შეცვლილა მენეჯმენტის კუთხით. ადრინდელ კომპანიას ერქვა შპს „რუსთავის აზოტი“ ახლა გახდა სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“. მინდა ვუთხრა ამ ხალხს, რომ ამით არაფერი იცვლება, მენეჯმენტში იგივე ხალხი დარჩა და არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, ათამაშებენ და აპამპულავებენ ადამიანებს. ადამიანებს წინასწარ არაფერს ეუბნებიან, არ აფრთხილებენ, გეგმებს არ უმხელენ, მერე უკვირთ, ხალხი რატომ არის დაძაბული“, - აცხადებს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია.
„კომპანია „იუ ინვესთმენთის“ დირექტორი ეფრემ ურუმაშვილი კი ამბობს, რომ ბოლო ერთი კვირაა აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი. იმ თანამშრომლებს, ვისთანაც ამ დროისთვის შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, 500-ლარიანი კომპენსაცია დაენიშნება 3 თვის განმავლობაში, ქარხნის სრულად ამუშავების შემდგომ კი მათი დასაქმება პრიორიტეტული იქნება.
„მათთან ჩემს წარმომადგენლებს ყოველდღიური მუშაობა აქვთ. დღეს დილიდან მობილიზებული იყვნენ პროფკავშირების წარმომადგენლები, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებიც, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები.
ბოლო ერთი კვირის განმვლობაში, ფაქტობრივად ვერ ხორციელდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება ქარხნის ამუშავებაზე. იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს მიტინგები, საკმაოდ გვიჭირს მოლაპარაკების წარმოება, მაგალითად, კომპანია „სოკართან“.
ის პროცესები, რაც ხდება ქარხნის გარშემო ამძიმებს მოლაპარაკებების პროცესს კრედიტორებთან, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ქარხნის ამუშავებაზე. თუ საწარმო არ ამუშავდა, საკმაოდ რთული და შეუძლებელი იქნება ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ნუ აწყობენ პროვოკაციებს, რომელიც შინაარს მოკლებულია“, - განუცხადა „ბიზნესკონტრაქტს“ ურუმაშვილმა.
ჯერჯერობით გათავისუფლებულ მუშებს და ქარხნის ადმინისტრაციას შორის შეთანხმება ვერაფრით ხერხდება. უკან დახევას არც ერთი მხარე არ აპირებს. ამიტომ დაპირისპირება კიდევ გაგრძელდება.
„აზოტის“ გათავისუფლებულები მომდევნო საპროტესტო აქციას რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან გეგმავენ. ასევე მსვლელობას მოაწყობენ ქალაქის ქუჩებში და ამ ფრომით კიდევ ერთხელ მოითხოვენ სამსახურში აღდგენას.