მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის შემთხვევებმა იმატა და ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაციაც ვერ აღმოიფხვრა. პრობლემაა მედიკამენტების ხარისხიც. სპეციალისტები კარგა ხანია მიუთითებდნენ, რომ ამ მხრივ კონტროლი გასაძლიერებელია და მთავრობამაც გადაწყვიტა მედიკამენტების ხარისხის კონტროლით დაიწყოს.
სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2017 წლის პროგრამა უკვე დამტკიცებულია. ამ მიმართულებით მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყოფა.
ხარისხის კონტროლის პროცესში მაკონტროლებელი ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებისგან შეისყიდის სამკურნალო საშუალების ნიმუშს და დაადგენს შეფუთვა-მარკირების, ვარგისიანობის, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების, დისტრიბუციის უფლებისა და სხვა, კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მდგომარეობას. ფალსიფიკაციის მაღალი რისკის არსებობისას, სააგენტო უზრუნველყოფს სადისტრიბუციო რგოლში შესყიდული ნიმუშის შემდგომ ლაბორატორიულ კვლევას.
სამკურნალო საშუალებებს კონტროლს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო გაუწევს. ბიუჯეტიდან გამოყოფილი 100 ათასი ლარიდან 10 ათასი მედიკამენტების ნიმუშების შესყიდვისთვის დაიხარჯება, 10 ათასი მივლინების ხარჯებისთვის, ხოლო 80 ათასი ლაბორატორიული კვლევებისთვის.
პროგრამის მიზანია ფარმაცევტული ბაზრის დაცვა ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე სამკურნალო საშუალებისაგან.
ბოლო წლებში საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მუდმივად პრობლემებია. უფრო სწორად პრობლემა ყოველთვის იყო, მაგრამ არ ხორციელდებოდა მონიტორინგი და შემოწმება. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რეცეპტის სისტემა დაინერგა, თანდათან გამოვლინდა მრავალი დარღვევა. პირველ ხანებში აფთიაქები თავს არიდებდნენ ურეცეპტოდ წამლების გაყიდვას, მაგრამ თანდათან გათამამდნენ და ახლა თითქმის ყოველი მეორე ფარმაცევტული დაწესებულება მედიკამენტებს ნებისმიერ მსურველზე უპრობლემოდ გასცემს. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მხრივ კონტროლის გაძლიერებას აპირებს, მანამდე კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურობს.
მათი ინფორმაციით, დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 21 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვანებზე, სისტემატიურად გაიცემოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები რეცეპტის გარეშე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიას. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების ქვეყანაში ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, დანაშაული, სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით, 1 დან 3 წლამდე.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან აკრძალულია საძილე და სედატიური პრეპარატების (გარდა მცენარეულისა), ანტიდეპრესანტების, სისტემური გამოყენებისთვის კორტიკოსტეროიდების, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და იმუნომოდულატორების, ანტიმიკრობული (სისტემური გამოყენებისთვის), პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო, არითმიისა და ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო, დიაბეტისა და სხვა დაავადებების სამკურნალო წამლების ურეცეპტოდ გაყიდვა.