[გიორგი ბექაური]
2011 წელს საქართველოში 3 მილიონი ტურისტის მიღებაში ლომის წილი ზაფხულის სეზონმა უნდა დაიდოს. რადგანაც თეთრმა ტურიზმა წლეულს ვერ გაამართლა, ამიტომ ყველა იმედი საზღვაო კურორტებს უკავშირდება. თუმცა, ამ მხრივ უკვე გამოიკვეთა პრობლემები და იგი შორეული აღმოსავლეთიდან მომდინარეობს. რადიაციული ფონი საქართველოც შესამჩნევად მომატებულია.
11 ივნისს ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნება. ტურიზმის ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მაია სიდამონიძის თქმით, სეზონის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით, ბათუმში სიმბოლური ღონისძიებები გაიმართება.
„სეზონის გახსნასთან დაკავშირებით 11 ივნისს ბათუმში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ნაჩვენები იქნება ღვინოზე გადაღებული ფილმი, გაიმართება სხვა ღონისძიებები, რომელთა დეტალებს მოგვიანებით გავაჟღერებთ“, - განაცხადა სიდამონიძემ.
მისივე თქმით, მთელი საკურორტო სეზონის განმავლობაში, როგორც აჭარაში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში, ერთჯერადი და მრავალჯერადი ღონისძიებები გაიმართება.
„ვგეგმავთ რეგიონული პროექტების განხორციელებას და სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების შექმნას. აქცენტი, ძირითადად, კახეთზე, იმერეთსა და სამეგრელოზე გაკეთდება. ამასთან, მთელი საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო ცენტრების გახსნას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა სიდამონიძემ.
როგორც უკვე ცნობილია, წლევანდელი ზამთრის ტურიზმი საქართველოში ჩავარდა. მიზეზი - ამინდის და ბუნებაა. უჩვეულოდ თბილმა ზამთარმა ტურისტებს გეგმები შეაცვლევინა. ბუნება შეიძლება ჩაერიოს ზაფხულის ტურიზმშიც, უფრო სწორად კი, ბუნებაში მიმდინარე არაბუნებრივი ცვლილებები.
საქმე ეხება რადიაციული ფონის მომატებას, რომელიც იაპონიაში „ფუკუსიმა-1“-ზე მომხდარი აფეთქებით იყო გამოწვეული. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რადიაციის გაჟონვამ ძალიან დიდი არეალი მოიცვა, მათ შორის კავკასიაც. რა იქნება უშუალოდ ივლისსა და აგვისტოში ძნელი სათქმელია.
„მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე ზღვაზე დასვენების მსურველებს დაზუსტებით ჯერჯერობით ვერაფერს ურჩევს. როგორც გაჩეჩილაძემ განაცხადა, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიის 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ საქართველოში რადიაციული ფონის ცვლილება არ დაფიქსირებულა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის შედეგები განსხვავებულია.
„მწვანეთა პარტიამ“ რადიაციის დონესთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალურად მიმართა და მასალებში, რომელიც სამინისტრომ გამოგვიგზავნა, რადიაციული ფონის ცვლილების შესახებ არაფერია ნათქვამი. თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების შედეგების თანახმად, იაპონიის ატომური ელექტროსადგურებიდან რადიაციის გაჟონვამ ძალიან სერიოზული არეალი მოიცვა, მათ შორის - ევროპა, ამერიკა, რუსეთი და კავკასიაც. ვნახოთ, რა იქნება, ზუსტად არაფრის თქმა შეგვიძლია“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.