„არარომანტიკული მამაკაცი“

„არარომანტიკული მამაკაცი“

ჩვენი სტუმარი ყველაზე "მძიმეწონიანი" პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის მშვენიერი მეუღლე, ირმა შუბლაძე საუცხოო მოსაუბრე გამოდგა. მისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო მოსაგონარია ისტორიკოს და მწერალ მამამთილთან, ბატონ ლევან სანიკიძესთან ერთად გატარებული 5 წელი. 17 წლის ქუთაისელი გოგონა სულ რაღაც ნახევარ საათში მიხვდა, რომ გუბაზი სწორედ ის კაცი იყო, რომლის გვერდითაც მთელი სიცოცხლე მშვიდად, საინტერესოდ და იმედიანად იცხოვრებდა...

- გუბაზი ქუთაისში დაიბადა და რვა კლასი იქ დაამთავრა, მაგრამ ჩემზე 13 წლით უფროსი გახლდათ და არ ვიცნობდი. მისი ოჯახი თბილისში კი გადმოსახლდა, მაგრამ ქუთაისთან ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ. მე და გუბაზის დისშვილი, თამთა ვმეგობრობდით. ერთხელ, გუბაზის დედა, ლილი გოგია, ქუთაისში ჩამოვიდა, ნათესავები და მეგობრები მოინახულა, მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი. შევატყვე, მოვეწონე სარძლოდ, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიღია. ერთი წელი ისე გავიდა, დედამისი არ გამოჩენილა. თურმე, ამ ხნის მანძილზე გუბაზს ჩემზე ელაპარაკებოდა. მეათე კლასში მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაზე ჩამოვედი თბილისში. იმ დროს გუბაზი 30 წლის იყო, დოცენტი გახლდათ და ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში, მე კი სკოლის მოსწავლე ვიყავი... ჩვენ ერთმანეთს თამთას ხელშეწყობით შევხვდით, მთაწმინდაზე ავედით. გუბაზი საუცხოო მოსაუბრეა და მაშინვე მომხიბლა. მივხვდი, მის გვერდით ცხოვრება ძალიან საინტერესო იქნებოდა. ერთი კვირის შემდეგ ანანურში წავედით და იქ მთხოვა ცოლობა. დავთანხმდი. იმავე საღამოს შინ წამიყვანა და მამამისი გამაცნო. მახსოვს, ჩემს დანახვაზე როგორ წამოდგა ბატონი ლევან სანიკიძე, კარგა ხანს მიყურა, მერე კი დაგვლოცა.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები ჯერ არ მქონდა ჩაბარებული, როცა ნიშნობა გადავიხადეთ. თუმცა ჯვრისწერა და ქორწილი ერთი წლით გადავწიეთ, რადგან ჩემი მაზლი, გორდა, ამერიკაში გახლდათ და გუბაზს არ უნდოდა ძმის გარეშე გადაეხადა ქორწილი. მომდევნო წელს კი, 30 ივლისს, გორდას დაბადების დღეს დავამთხვიეთ ჯვრისწერა.

როგორც ვიციგუბაზის და-ძმა დღესაც ამერიკაში ცხოვრობს...

- არა მარტო და-ძმა, დისშვილიც თავისი ოჯახით ამერიკაშია, მაგრამ ხშირად ჩამოდიან საქართველოში.

თქვენ რატომ არ მუშაობთ?

- ამჯერად ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს ვაკეთებ - ორ შვილს ვზრდი. გუბაზის ოჯახშიც ასეთი ტრადიცია დამხვდა - ლილი დედაბურჯი იყო, ოთხ შვილსა (ერთი შვილი, კახაბერი 5 წლის ასაკში გარდაეცვალათ) და ოჯახზე გადაგებული, მეუღლესაც ძალიან უწყობდა ხელს. მეც ეს ტრადიცია გავაგრძელე. 17 წლის გოგოს იმხელა სითბო და სიყვარული დამხვდა. დედამთილსაც მაშინვე დედა დავუძახე და მამამთილსაც - მამა. როცა დავფეხმძიმდი, მაშინვე ექიმთან წავედი და ექოსკოპია გავიკეთე, ვიცოდი, ძალიან უნდოდა, პირველი ვაჟი მყოლოდა. ექიმმა რომ მითხრა, ბიჭიაო, ბედნიერებისგან აღარ ვიცოდი, რა მექნა. მინდოდა, მამამთილისთვის პირველს მე მეხარებინა. შინ გვიან დაბრუნდა. შესასვლელშივე შევეგებე და ვუთხარი: - მამა, ძალიან მალე პატარა ლევან სანიკიძე გვეყოლება-მეთქი. სიხარულის ცრემლები წამოუვიდა...

როცა ლევანიკო გაჩნდა, პირველად ჩემმა მამამთილმა ნახა. ვუთხარი: - მეორე ლევან სანიკიძე ოცდამეერთე საუკუნეში გაჩნდა-მეთქი. გამიღიმა, - აბა, რა გეგონა, ერთი საუკუნე ორ ლევან სანიკიძეს როგორ დაიტევდაო. დიდ ლევანს რაჭაში დღემდე ჟაკის ეძახიან. თურმე ჩემი მამამთილი რომ დაიბადა, მამიდამისი ფრანგული რომანის გმირზე ყოფილა შეყვარებული, რომელსაც ჟაკი ერქვა. ახალშობილის ნათლობის დროს მღვდელს უკითხავს, - რას არქმევთო. ჟაკისო, - უპასუხია მამიდას. ჟაკი რა სახელია, მე ლევანს ვარქმევო, - უთქვამს მოძღვარს და ამ სახელით მოუნათლავს, თუმცა, იქაურები მოფერებით მაინც ჟაკის ეძახდნენ. ერთხელ, მე და გუბაზი სოფლის ორღობეში მივდივართ და რაჭველი ქალები გამოგველაპარაკნენ, - ჟაკუნიკას რძალი ხარ, ბოშო, შეენ? - მკითხეს. დიახ-მეთქი. ქვე რამხელა ქალი მოუყვანიაო. ამაზე ბევრი ვიხალისეთ მე და გუბაზმა.

გუბაზი ძალიან თბილი მეუღლე და მამაა. ლევანთან მეგობრობს, თავის უმცროს ძმაკაცს ეძახის, ნუციკოს კი განსაკუთრებულად ანებივრებს.

რომანტიკულია?

- გუბაზი და რომანტიკა შორი-შორს არიან. ჩვენი ურთიერთობის პირველსავე დღეებში გამომიტყდა: - რა ვქნა, არ შემიძლია ყვავილებით ხელში სიარულიო. არადა, ძალიან მიყვარს ყვავილები, განსაკუთრებით მინდვრის. გუბაზს იმდენი დადებითი თვისება აქვს, რომ ეს ერთი "უარყოფითი" შევუნდე. გუბაზს დიდი სამეგობრო ჰყავს და თუკი ვინმესთან სუფრა იშლება, შეუცვლელი თამადაა. სიმღერაც ჩინებული იცის. ჩემი მამამთილი, გორდა და გუბაზი სიმღერას რომ დაიწყებდნენ, მათ მოსმენას არაფერი სჯობდა.

გუბაზს შესაშური ცოდნა და განათლება აქვს. ხშირად შევსწრებივარ, ჩემი მამამთილი როგორ სთხოვდა, აზრი გამოეთქვა მის ამა თუ იმ ნაწარმოებზე. გუბაზის რჩევასაც ხშირად ითვალისწინებდა. ჩემთან არაერთხელ უთქვამს მამამთილს: - ჩემი შვილია და მეც კი მაკვირვებს, ამდენს სად და როდის კითხულობსო. გუბაზის მშობლები ყოველთვის ამაყობდნენ, რომ იგი პირველი ეროვნული მთავრობის პარლამენტში, ჯერ კიდევ 23 წლისა, ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აქვს მოწერილი. შეუმცდარი არავინაა და თუკი რამეში შეცდა ან კარგად არ გამოუვიდა, ბოდიშის მოხდაც შეუძლია. ვფიქრობ, ეს მისი საუკეთესო თვისებაა.

ყვავილები არ ჰყვარებიასაჩუქრებით თუ განებივრებთ ხოლმე?

- იცის, ყვავილების გარდა, სუნამოც რომ მიყვარს და ამით ყოველთვის მანებივრებს.

ახერხებთ ერთად დასვენებას?

- ჩვენი საყვარელი დასასვენებელი ადგილი რაჭაა. ზღვა, სოხუმის მერე, აღარ უყვარს. აფხაზეთში იბრძოდა და, იქიდან გულდამძიმებული დაბრუნდა... მოგზაურობას ერთად ვერ ვახერხებთ. ჯერ ერთი, ფინანსური საშუალება არ გვაქვს, მეორეც, არ შემიძლია ბავშვების დიდი ხნით დატოვება.

გუბაზ სანიკიძე უდავოდ გურმანი უნდა იყოსრა არის თქვენი მეუღლის საყვარელი საჭმელი?

- ხაშლამა, თანაც ფენა-ფენად ჩალაგებული. ძალიან უყვარს ღორის მწვადი და იმერული, ნიგვზიანი საჭმელები. გაგიკვირდებათ და, ტკბილეულობას არ ეკარება.

ოპოზიციური ძალების შესუსტებაზე ოჯახში გულისტკივილს არ გამოთქვამს?

- დუმილს ამჯობინებს. მხოლოდ ის თქვა, მალე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევაო. საერთოდ, იმედიანი ადამიანია, სჯერა, რომ საქართველო ფეხზე დადგება და გაბრწყინდება. გუბაზი სულით ხორცამდე ქართველია და მეც "დამაავადა" ქართველობით. მინდა, ჩვენს მთავრობაში რაც შეიძლება ბევრი იყოს ერისა და ქვეყნის მისნაირი გულშემატკივარი.