[ეკა ბაქრაძე]
ხორცის ბაზარზე სპეკულაცია მძვინვარებს. დედაქალაქში ხორცის ყიდვა თითქმის შეუძლებელია. ჯერ ერთი, რომ ფიზიკურად არ იშოვება და მეორეც იმიტომ, რომ 1 კგ საქონლის ხორცის ფასმა 18 ლარს მიაღწია. მოვაჭრეები ხელს ცეზარ ჩოჩელის მონოპოლიური ბიზნესისკენ იშვერენ.
ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხორცის გამყიდველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, უკვე ერთი კვირაა, რეგიონებიდან ვერ შემოაქვთ საქონლის ხორცი, ვინაიდან კანონის თანახმად, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით დამტკიცდა, თუ პროდუქტი არ იქნება შეძენილი თელეთისა და ნატახტრის სასაკლაოებზე, თბილისში პროდუქციის შემოტანის უფლება არა აქვთ. ნატახტრის და თელეთის სასაკლაოებზე კი, ხორცის ფასი მაღალია, შესაბამისად, მომხმარებელი ვერ შეძლებს ძვირი პროდუქციის შეძენას.
მომხმარებლებს და ხორცით მოვაჭრეებს სოლიდარობა გამოუცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საკრებულოს დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ. მისი განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა გადახედოს აღნიშნულ კანონს და მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, რათა თბილისის აგრარულ ბაზრებზე საქონლის ხორცის დეფიციტი არ გაგრძელდეს.
„სურსათის უვნებლობის სამსახურის გადაწყვეტილება, როგორც ხორცის მცირე ბიზნესით დაკავებულებს, ისე მომხმარებელს აზარალებს. უკვე რამდენიმე დღეა, „დეზერტირების ბაზარში“ ხორცის დეფიციტია და ფასმა 4-5 ლარით მოიმატა. მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხალხის ბედი ნაკლებად ანაღვლებს.
ახლა საქონლის ხორცით მოვაჭრე თბილისში, ანუ იქ, სადაც გასაღების ყველაზე დიდი ბაზარია, ხორცს ვერ შემოიტანს, თუ ის „ნატახტრის“ ან „თელეთის“ სასაკლაო კომპანიაში არ არის დაკლული, ეს კი საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება“, - განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ მთავრობამ ხორცის ბიზნესის მონოპოლიზაცია მოინდომა.
„როგორც მე მითხრეს, „ნატახტრის“ სასაკლაო კომპანია მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელის სახელთან არის დაკავშირებული და მას შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მფარველობს“, - დასძინა აბაშიძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტო კი ამტკიცებს, გარკვეული სპეკულაციური ჯგუფები საქონლის ხორცის დეფიციტის შექმნას ხელოვნურად ცდილობენ. მათი აზრით, ბოლო პერიოდში საქონლის ხორცზე ფასის ცვლილება სწორედ ამით არის განპირობებული. სააგენტოში არ აკონოკრეტენ გარკვეულ ჯგუფებში ვის მოიაზრებენ. თუ ეს ჯგუფი ჩოჩელს და მერაბიშვილს უკავშირდება, მაშინ სააგნეტოს მდუმარება გასაგებია.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი კანონის თანახმად, თუ პროდუქტი ნატახტარის და მუხრანის სასაკლაოებზე არაა შეძენილი, ხორცით მოვაჭრეებს თბილისში პროდუქციის შემოტანის უფლება არა აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მსგავსი კანონი არ არსებობს. საქონლის ხორცის მომწოდებელი სასაკლაოები ქალაქ თბილისის მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებენ და უახლოეს დღეებში ხორცის ფასი დასტაბილურდება“, - ამბობენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.
უკვე ერთი კვირაა, თბილისის აგრარულ ბაზრებსა და ხორცის მაღაზიებში საქონლის ხორცის დეფიციტია. მაღალი ხარისხის ხორცი 18 ლარი ღირს, ხოლო შედარებით დაბალი ხარისხისა - 12-15 ლარი.
სხვათა შორის, სურსათის სააგენტოს მსგავს კომენტარს აკეთებს კომპანია მთავარი ეჭვმიტანილი კომპანია „იბერმით ჯორჯიას“ ტექნიკური დირექტორი დავით ბარაბაძეც. იგი ამტკიცებს, რომ ხორცის გაძვირება კომპანიის საქმიანობასთან არაფერ კავშირშია.
„ეს ჩვენს საქმიანობას არ უკავშირდება. მიმაჩნია, რომ აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი. არსებობენ ადამიანები, რომელთა ინტერესშიც შედის ხორცზე ფასის აწევა. ჩვენს ქსელში რაც აქამდე იყო ხორცის ფასი, ახლაც იგივეა. ჩვენ ლეგალურად ვმუშაობთ, დაფარული არაფერი გვაქვს და გადასახადებსაც ვიხდით. მათ კი, ვინც ჩრდილოვან ეკონომიკაშია ჩართული, სურთ ასე გაგრძელდეს, ერიდებიან საკუთარი ბიზნესის გათეთრებას და გადასახადების გადახდას.
თუმცა, ეს საკმაოდ პატარა ჯგუფია და მათი ეს მცდელობა მათთვის სასურველ შედეგს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ გამოიღებს. ამდენად, ხორცზე ფასის მატებაც დროებითი მოვლენაა“, - ამბობს დავით ბარაბაძე.
მთავრობისა თუ მონოპოლისტობაში ეჭვმიტანილი კომპანიის წარმომადგენელთა ფუჭი განცხადებები მხოლოდ რეალური ვითარების მიჩუმათებას ემსახურება. ყველამ იცის, რომ ხორცის ბაზარზე ფასების ხელოვნური და კატასტროფული ზრდა, „იბერმით ჯორჯიას“ გამოჩენას უკავშირდება. ცეზარ ჩოჩელის სახელთან ასოცირებული კომპანიის ბაზარზე შემოსვლამდე, ხორცის ბიზნესით ბევრი წვრილი თუ საშუალო მეწარმე იყო დაკავებული და ფასების სპეკულაციური ზრდა არასდროს მომხდარა. „იბერმითის“ მონოპოლისტობის პერიოდში კი ხორცის ფასი რამდენიმე თვეში გაორმაგდა. და როგორც ჩანს, ეს არ არის ბოლო ზღვარი...