„მარტოხელა“ მაჟორიტარებისთვის ნადირობის სეზონი მალე გაიხსნება

„მარტოხელა“ მაჟორიტარებისთვის ნადირობის სეზონი მალე გაიხსნება

დედაქალაქში მოსალოდნელია დამოუკიდებელი კანდიდატების მოძალება. ისინი არც ერთ პარტიას არ ეკუთვნიან, რაც სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ კანდიდატს მხარს პოლიტიკური ორგანიზაცია თუ ცალკეული პოლიტიკური ფიგურა არ უჭერს. გარდა ამისა, ასეთი პიროვნებების ზურგს უკან ძლიერი ფინანსური ჯგუფები დგანან. დამოუკიდებელი კანდიდატები გასაყვანად არიან „გამზადებულნი“. როგორც ირკვევა, „მარტოხელა“ კანდიდატთა მნიშვნელოვან ნაწილს ერთმანეთთან ყველაზე დაპირისპირებული პარტიებიც კი მხარს დაუჭერენ.

მთაწმინდაზე კალმებით ბრძოლაა მოსალოდნელი. სოციალისტი ნანა დევდარიანი, რომელიც თავის დროზე ტელეკომპანია „დრონის“ ხელმძღვანელი იყო, ამავე დასახელების გაზეთის მთავარ რედაქტორსა და ერთ-ერთ დამფუძნებელს, არჩილ გოგელიას შეერკინება.

პირველი ბათუმური ალიანსის კანდიდატია, მეორე კი - მოქალაქეთა კავშირის რჩეული. მათ შორის საკმაოდ მძაფრი ბრძოლაა მოსალოდნელი, რადგან ორივე კანდიდატს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ.

ჟურნალისტებს ედეპემ მეტოქედ ირაკლი ქადაგიშვილი ჩაუსვა, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს საბაჟოს ყოფილი უფროსი დევდარიანისა და გოგელიას დამარცხებას. ასე რომ, მთაწმინდაზე ბრძოლა შლაგბაუმით, რაპირითა და კალმებით გაიმართება.

კრწანისის რაიონში ამჟამინდელი მაჟორიტარი, სახალხო პარტიის წევრი თამაზ დაუშვილი ბენზინის მსხვილი იმპორტიორი ფირმის, „არტკომპანის“ პრეზიდენტს, გოგი ლიპარტელიანს „დაეჯახა“. თამაზ დაუშვილის მეტოქის მხარდაჭერის სურვილი უკვე გამოთქვეს როგორც „მოქალაქეებმა“, ისე „ეროვნულ-დემოკრატებმა“.

„არტკომპანი“, ბენზინის რამდენიმე მსხვილ შემომმტანთან ერთად, იმპორტიორთა კავშირშია გაერთიანებული, რომელთაც აქტივში უთვლიან იმას, რომ მათ დაიწყეს სერიოზული მოქმედებები ბენზინში მოძრავი „შავი ფულის“ გათეთრებისაკენ.

თუმცა მათი მოწინააღმდეგენი ამ კომპანიებს, რატომღაც პასივში უთვლიან, რომ მათ საკმაოდ თბილი ურთიერთობა აქვთ პრეზიდენტის მძახალთან, გურამ ახვლედიანთან.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გოგი ლიპარტელიანს სიურპრიზს უმზადებს. მან ჯერჯერობით არ ჩათვალა საჭიროდ საკუთარი კანდიდატისთვის ვუალის ჩამოხსნა და დასძინა, რომ მას რამდენიმე დღეში წარუდგენს საზოგადოებას.

სანამ ლიპარტელიანი და დაუშვილი მრისხანე ლეიბორისტ მეტოქეს ელიან, დიდუბის რაიონში ორი გიო ერთმანეთს თვალით ზომავს. ბათუმურ ალიანსს აწ უკვე დახურული ტელეკომპანია „იბერვიზიის“ ყოფილი პოპულარული წამყვანი, ამჟამად კი ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი და აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი გიორგი თარგამაძე წარმოადგენს. შევარდნაძის ბანაკი აჭარის ხელისუფლების მიერ მტრად შერაცხული გიორგი ბარამიძის იმედზეა.

სხვათა შორის, ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც ბარამიძე შარშან ზაფხულში ცოდნის მისაღებად ამერიკის გზას გაუყენეს, მისი განცხადება იყო აჭარის სტატუსთან დაკავშირებით. „მოქალაქე“ ბარამიძემ ამ ავტონომიის მიზანშეწონილობის საკითხი დააყენა, რასაც ოფიციალური ბათუმი მწვავედ გამოეხმაურა.

რაც შეეხება მეორე გიოს, მასაც, როგორც ამბობენ, ბევრი ოფლი აქვს დაღვრილი დასავლეთევროპული უნივერსიტეტების მერხებზე. ეტყობა, მასაც მიუძღვის წვლილი ევროპის დიდი ფანჯრის პატარა აჭარის მიერ შეღებვაში.

ორივე გიოს დამარცხების იმედი აქვს მეწარმეთა პარტიის ლიდერს, ბესო ჯუღელს, რომელიც „ეროვნულ-დემოკრატიულ ალიანსს“ წარმოადგენს. მას, მართალია, არ გააჩნია იმპორტული დიპლომი, სამაგიეროდ, ამბობენ, რომ აქვს ბევრი ფული, მათ შორის იმპორტული.

ბარამიძის თანაპარტიელს, გია ჯაყელს, რომელსაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა და აფხაზეთის პრობლემატიკით იყო დაკავებული, სამგორის რაიონში სოციალისტური პარტიის ლიდერის მეუღლის, მაია რჩეულიშვილის მეტოქეობა მოუწევს.

საბურთალოზე კი ბათუმური ალიანსი სახალხოელი გია კობახიძის გაყვანაზე იმუშავებს, სადაც მისი კონკურენტი რესპუბლიკელი ივლიანე ხაინდრავა იქნება. „მოქალაქეებს“ ჯერჯერობით არ ჰყავთ საკუთარი კანდიდატი, რომელიც პარტიის ღირსებას საბურთალოზე დაიცავს. გამორიცხული არაა, რომ „მოქალაქეებმა“ წაგებული თამაში არ ითამაშონ და „ნაფრონტალ“ ივლიანე ხაინდრავას არავინ დაუპირისპირონ.

„მოქალაქეები“ ასევე ვერ ჩამოყალიბდნენ, თუ ვინ იქნება მათი მაჟორიტარი კანდიდატი ვაკის რაიონში. როგორც ცნობილია, უაღრესად სპეციფიკური უბნის, ვაკის ხელში „ჩასაგდებად“ ყოფილი ომბუდსმენი დავით სალარიძე იბრძვის. კულუარული ინფორმაციით, „მოქალაქეებმა“ მის კანდიდატურას შესაძლოა, სასამართლო რეფორმის „მამა“ მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირონ.

სალარიძე კენჭს როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ისე იყრის. მისი მხარდაჭერის სურვილი უკვე გამოთქვეს ბათუმური ალიანსის ლიდერებმა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ის „მოქალაქეთა“ მიერ არ იქნება დასახელებული. ვაკეში ბედს „აღორძინების“ რჩეულიც ცდის. სალარიძე, თუ ის პარლამენტარად აირჩიეს, ერთ-ერთი რეალური კანდიდატია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.