პურპროდუქტების მწარმოებლები კვლავ გაძვირებაზე ალაპრაკდნენ. ისინი მთავრობას აფრთხილებენ, რომ ლარის კურსს მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება, რადგან მორიგ მერყეობას საცხობები ვეღარ გაუძლებენ.
„პურის მეწარმეები მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ არსებული ფასი პროდუქტზე, თუმცა თუ ვალუტის კურსი კვლავ შეიცვლება, მაშინ იძულებულები ვიქნებით პურის ფასმაც მოიმატოს“, - ამბობენ მეპურეები.
კომპანია „იფქლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ბაქარ ბაკურაძე აღნიშნავს, რომ პურის საწარმოებლად საჭირო ინგრედიენტების იმპორტი ხდება, ფასი დამოკიდებულია ლარის კურსის მიმართებაში დოლართან, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ პურის ფასმა მოიმატოს იმ შემთხვევაში, თუკი ლარი კვლავ გაუფასურდება. ბაკურაძეს უჭირს სამომავლო პროგნოზის გაკეთება.
„პურის ტარიფი დამოკიდებულია ნედლეულის ფასზე დოლარის კურსის მატებასთან შესაბამისად. ყველა ინგრედიენტზე, რაც პურის წარმოებაში გამოიყენებოდა, მომატებულია ფასი. პურის მეწარმეები მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ არსებული ფასი.
არსებობს გარკვეული მარაგი და ვცდილობთ, მარაგების ხარჯზე შევინარჩუნოთ ფასი. იმ შემთხვევაში, თუ არსებული სიტუაცია დასტაბილურდება ამ ნიშნულზე, როგორც დღეს ვიმყოფებით, სავარაუდოდ, შენარჩუნდება პურზე არსებული ფასი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის კურსი კვლავ შეიცვლება, მაშინ იძულებულები ვიქნებით პურის ფასმაც მოიმატოს“, - განუცხადა „ბიპიენს“ ბაკურაძემ.
პარალელურად პროდუქცია, შესაძლოა, მცირე საცხობებმა და თონეებმაც გააძვირონ. თონის მეპატრონეები ხაზს უსვამენ, რომ ხორბლის ფასი გაიზარდა, ხოლო მარაგი, რომლითაც დღემდე პურის ფასს ინარჩუნებდნენ, ამოიწურა:
„პურის გაძვირება არ იგეგმებოდა, თუმცა ლარის კურსის ცვლილებამ ფქვილზე ზეგავლენა იქონია, რადგან ნედლეულს დოლარში ვყიდულობთ და ადგილზე ლარებშია ანგარიშსწორება. ამას ემატება საწვავზე ფასის ზრდაც“.
პურ-პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძის თქით, არსებობს მექანიზმები, რომლის შედეგადაც შესაძლებელია, რომ ამ სახის პროდუქტზე ფასები არ გაიზარდოს. ერთ–ერთ ასეთ მაგალითად ის დღგ–ს გადასახადის შეჩერებას ასახელებს.
მეპურეებს 2017 წლის იანვრიდან ხარჯი სხვა მიმართულებითაც გაეზარდა. ძალაში შევიდა ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პურის ხარისხზე კონტროლს გაამკაცრა.
უკვე ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება 376, რომელიც 2015 წლის 27 ივნისს დამტკიცდა - ეს არის ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი. პირველი იანვრიდან შეძენილ ფქვილზე უნდა იყოს ეტიკეტი განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეეძლება იხილოს რა ფქვილს ყიდულობს, როგორია მისი ხარისხი - არის ექსტრაფქვილი, უმაღლესი ხარისხის, მეორე ხარისხის, პირველი ხარისხის თუ სხვა.
სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტექნიკური რეგლამენტის შემოღებამ ფასების მატება არ უნდა გამოიწვიოს. პურის მწარმოებლებს არ ექნებათ პურის შეფუთვის ან მასზე ეტიკეტის დატანის ვალდებულება. როდესაც საწარმოდან გამოდის პური, უნდა მოყვებოდეს დოკუმენტი, სადაც პროდუქტის მახასიათებლები იქნება მითითებული, ხოლო პურის მაღაზიები, დახლზე მისი დადების შემდეგ ვალდებული იქნებიან მიუთითონ, თუ რომელი რა პურია, რას შეიცავს. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობენ თავად მეწარმეები, რომელთა აზრით, დამატებითი ვალდებულება ყოველთვის გარკვეულ ხარჯთან არის ასოცირებული.