ტერაქტებიდან ტერაქტებამდე...

ტერაქტებიდან ტერაქტებამდე...

[ნანა მაისაშვილი]

დღეს მცხეთის რაიონში სამართალდამცველებმა ბადრი გოგიაშვილი დააკავეს, რომელსაც შსს-ს ცნობით თან, ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა. ამასთან, სამინისტრო ავრცელებს დაკავებულის ჩვენებას, რომლითაც ირკვევა, რომ დაკავებულ ბადრი გოგიაშვილს ახალგორში დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილემ, ალექსეი სოკოლოვმა, ახალგორის სამმართველოს მილიციის უფროსმა ვლადიმერ ფუხაევმა და ახალგორის სამმართველოს მილიციის თანამშრომლმა, ვოვა კიბილოვმა დავალება მისცა მოეძებნა თბილისში ისეთი შენობა, რომელზეც განთავსებული იქნებოდა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების დროშა.

ბადრი გოგიაშვილმა მათ გადასცა შენობების სია, დამკვეთებმა კი ასაფეთქებლად შეარჩიეს თბილისში განთავსებული ნატოს სამეკავშირეო ოფისი და ბადრი გოგიაშვილს მოსთხოვეს, ახალგორში მისთვის გადაცემული ბომბი ამ ოფისთან აფეთქებინა. შსს-ს ცნობით, დაკავებულის ჩვენებით ირკვევა, რომ აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის მას 2 000 აშშ დოლარს გადაუხდიდნენ. ბოლო 5 დღის განმავლობაში, ეს არის რიგირთ მეორე ტერაქტი ზუგდიდის შემდეგ, რომლის აღკვეთაც პოლიციამ შესძლო.

პრესაგე.ტვ შეეცადა დეტალები გაერკვია. დაკავებული ბადრი გოგიაშვილის დამ პრესაგე.ტვ-სთან საუბარი არ ისურვა, ოჯახის ახლობელმა მაკამ გვითხრა: „ჩვენ არაფერი ვიცით, შოკში ვართ და ჟურნალისტებისათვის არ გვაცალია“.

პრესაგე.ტვ დაუკავშირდა ახალგორის პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც ასეთი რამ თქვა: „ტელევიზიით გავიგეთ ეს ამბავი. ალექსეი სოკოლოვი არ ვიცით ვინ არის, რაც შეეხება პოლიციის უფროსს ვლადიმერ ფუხაევს, ძალიან კარგი ადამიანია და მისთვის ოსი და ქართველი არ არსებობს, მისთვის კანონია მთავარი. კარგით, შეიძლება ჩემი ეს ნათქვამი ცუდად გაიგოს ვინმემ და თქვას აბა სხვა რა უნდა თქვას ფუხაევზე მისმა თანამშრომელმაო, მაგრამ ვოვა კიბილოვის ნათესავები წეროვანში არიან და შეგიძლიათ მათ კითხოთ, გადამოწმების მიზნით - კიბილოვი ერთი გასაცოდავებული, უპატრონო ბიჭია, რომელმაც წერა-კითხვაც კი არ იცის წესიერად. 8 კლასი ძლივს დაამთავრა და მილიციაში იმიტომ მუშაობს, პურის ფული მაინც, რომ ქონდეს. დედა ყავს, დები თბილისშია გათხოვილი, თუ რუსეთი ასეთი „ტერორისტების“ იმედად ებრძვის სააკაშვილის ხელისუფლებას, რაღა უნდა ვთქვა. შსს ავრცელებს ინფორმაციას და რა უფლება მაქვს რამე ვთქვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა ახალგორის ჯერი დადგა, გალში „აღმოაჩინეს“ ბომბი და ახლა ტერორისტებს ჩვენთან ეძებენ, კოჭოიას ახალი ოფისი აქ გაიხსნა“.

პრესაგე.ტვ-სთან ვოვა კიბილოვის ბიძაშვილმა, მაკა კიბილოვმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა: „რაც წეროვანში გადმოვედით მას შემდეგ ვოვა არ მინახავს, ეგ ახალგორში დარჩა და იქ ცხოვრობს დედასთან ერთად. მისი დები თბილისში არიან გათხოვილები. ობოლია მამა არა ყავს, მართალია, წერა-კითხვა თითქმის, არც იცის, სუსტი გონებისაა, მაგრამ მე კარგად არ ვიცნობ...“

ზოგადად, შსს-ს მიერ, საქართველოში ტერორისტების „აღმოჩენა-განეიტრალების“ საქმეს, ბევრი უკვე ეჭვის თვალით უყურებს. ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი მიმდინარე მოვლენებს უარყოფითად აფასებს და პრესაგე.ტვ-სთან აცხადებს:

- იმის მიუხედავად, რომ მე პირადად, როგორც რიგით მოქალაქეს არა მაქვს ჩვენი სამართალდამცავებისადმი ნდობა, დავუშვათ, რომ მათ აღკვეთეს ეს ტერაქტები, მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ თუ ჩვენ საქმე გვაქვს იმასთან, რომ 2 ათას დოლარად შეძლება ტერორისტების გამოგზავნა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ობიექტების აფეთქება ისე, რომ ჩვენი მოქალაქეები გახდნენ ტერაქტის მსხვერპლი, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმარისია ერთი ტერაქტი განხორციელდეს და ტრაგედიასთან გვექნება საქმე.

რამდენი ტერაქტი შეიძლება აღკვეთონ? ჩვენ თუ ვამბობთ, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს ტერაქტების მოწყობას, ერთი მაინც გამოუვა. თუ რუსეთი ტერაქტებს გეგმავს, მაშინ უნდა გავიგოთ რა მიზანი აქვს ამ ტერაქტებს.

თან ასე ცუდად დაგეგმილს...

- დიახ, მარტო არეულობა და იმიჯის შელახვა არ არის საკმარისი, სხვა მიზეზებიც არსებობს, მაგალითად - პოლიტიკური. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ქვეყანამ უნდა გაარკვიოს მიზეზი. თუ ასე გაგრძელდება და ჩვენ მუდმივად ტერორისტული აქტების შიში გვექნება არც ტურიზმი განვითარდება ჩვენს ქვეყანაში და არც ინვესტორი შემოვა. ხელისუფლება სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. თუ არის სადავო საკითხები ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ამაზე უნდა ისაუბროს. ჩვენ ვერ ვთანხმდებით რუსეთთან პოლიტიკურ საკითხებში, მაგრამ მინიმუმ უნდა მოხდეს შეთახმება ისეთ საკითხზე, რომელიც ძალადობის გარეშე მოქმედებას გულისხმობს. თუ ესეც არ შეუძლია საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას, მაშინ ეს უნდა ითქვას - ჩვენ ადამიანების უსაფრთხოებაზეც კი ვერ ვთანხმდებით!

რას შეცვლის ეს?

- ეს იქნება კარგი არგუმენტი, უფრო აქტიურად ჩავრთოთ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ რატომღაც მეჩვენება, რომ ჩვენი ხელისუფლება, ერთ მხრივ ამაყობს ასეთი კარგი სამართალდამცველები რომ გვყავს და მეორე მხრივ, რუსეთი რა ცუდია, მაგრამ ამით ინვესტორებს რომ ვაფრთხობთ და ტურიზმი იღუპება ამაზე არავინ ფიქრობს.

ერთ-ერთი გახსნილი ტერაქტის შემდეგ ასაკოვანი ქალბატონი დააკავეს, რამდენად დამაჯერებელი იყო თქვენთვის ეს ფაქტი?

- დეტალები არ ვიცი და კომენტარს ვერ გავაკეთებ.