საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების უმრავლესობა (62%) ფინანსურად მშობლებზეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ სრულფასოვანი სამსახური და მუშაობის შესაძლებლობა. ახალგაზრდების შემოსავალი მიზერულია. ეკონომიკის მამოძრავებელი სამუშაო რესურსი კი უქმად იკარგება.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის - „თაობა გარდამავალ პერიოდში“ - თანახმად, ახალგაზრდების 27%-სთვის შემოსავლის წყაროს პირადი ანაზღაურება წარმოადგენს, მათ შორის, ხელფასი. გამოკიხულთა 14% აცხადებს, რომ მას პარტნიორი (მეუღლე, პარტნიორი გოგონა/ბიჭი) არჩენს. გამოკითხული ახალგაზრდების 8% აცხადებს, რომ მათ ფინანსურ შემოსავალს მშობლებისგან ან ნათესავებისგან მიღებული თანხა წარმოადგენს. 7%-ის თქმით, მისი შემოსავალი ოჯახის პენსიაა.
„ახალგაზრდების 20% მიმდინარე კრედიტს იხდის, რომლის საშუალო თვიური ხარჯი 190 ლარს შეადგენს. ასეთი ხარჯი განსაკუთრებით მაღალია თბილისის გარდა, სხვა ქალაქებში მცხოვრები რესპონდენტებისთვის. საშუალოდ, 110 ლარი თვეში მოგზაურობაზე მოდის, ხოლო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საყიდლად და სიგარეტისთვის ყველა კატეგორიის ხარჯი თვეში 80 ლარია. ახალგაზრდები გართობაზე თვეში, საშუალოდ, 60 ლარს ხარჯავენ და ეს ხარჯი მოიცავს, როგორც კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებას, ასევე მეგობრების შეკრებებსაც. მათი ყოველდღიური სატრანსპორტო ხარჯი თვეში დაახლოებით 55 ლარია.
სახლის გარეთ კვება თვეში, საშუალოდ, 42 ლარს შეადგენს. წიგნების შესაძენად, მობილურისა და სილამაზის სალონის ხარჯებისთვის ახალგაზრდები თავიანთი ბიუჯეტის ყველაზე მცირე წილს ხარჯავენ“, - ნათქვამია კვლევაში.
შედარებით მაღალი შემოსავლიდან გამომდინარე, ტრანსპორტზე, გართობაზე, გარეთ ჭამასა და სიგარეტზე ახალგაზრდა მამაკაცები უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე ქალები.
კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 70% თავის მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მშობლებზე დამოკიდებულების ხარისხი, ასაკის ზრდასთან ერთად იკლებს. 14-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ახალგაზრდების 90% ცხოვრობს მშობლებთან ერთად. საშუალო ასაკობრივ კატეგორიაში (19-24 წელი), ეს მაჩვენებელი 67%-ია, ხოლო 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში რესპონდენტების მხოლოდ 52% ცხოვრობს მშობლებთან ერთად.
რასაკვირველია ახალგაზრდების ხელმოკლეობის მიზეზი უმუშევრობაა. ქვეყანაში ეს პრობლემა მრავალის წლის განმავლობაში მოუგვარებელია და სოციალურ საკითხთაგან ყველაზე დაუძლეველიც. ამას დეპუტატი გუგული მაღრაძეც არ უარყოფს, რომელიც ადასტურებს, რომ ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა მწვავედ დგას საქართველოშიც.
მისი თქმით, ამ ვითარების გასაუმჯობესებლად ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. კერძოდ, დაწყებულია ახალგაზრდებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიების შესასწავლად ფართო პროგრამის განხორციელება, ხდება პროფესიული განათლების ქსელის განახლება და გაფართოება და მათი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა. ჯერჯერობით ამ ნაბიჯებს სათანადო შედეგი არ მოჰყვება.
საქართველოში უმუშევრების მესამედზე მეტი ახალგაზრდებზე მოდის. 20-დან 29 წლამდე ახალგაზრდები უმუშევართა დიდ არმიას ქმნიან.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში 242 000 უმუშევარი იყო, რაც სამუშაო ძალის (მუშაობის უნარის და სურვილის მქონე 15 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა) 12%-ს შეადგენდა. „საქსტატი“ უმუშევართა რაოდენობას ასაკობრივ ჭრილშიც აქვეყნებს. უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე (32%) 20-24 წლის ასაკის მოსახლეობაშია, შემდეგ 15-19 (26.2%) და 25-29 (20.7%) წლის ასაკის მოსახლეობა მოდის.
საქართველოში დასაქმებულთა 58% თვითდასაქმებულია (სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები, გარევაჭრობით დაკავებულები და სხვა). 20-დან 39 წლამდე მოსახლეობაში დაქირავებით დასაქმებული უფრო მეტია, ვიდრე თვითდასაქმებული, ხოლო 40 წლიდან სიტუაცია იცვლება და თვითდასაქმებულთა წილი იზრდება. თვითდასაქმებულთა ყველაზე მაღალი წილი 65 წელს და ზემოთ ასაკის მოსახლეობაშია.